ქართველმა რეინჯერებმა ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინებით" წაივარჯიშეს... - კვირის პალიტრა

ქართველმა რეინჯერებმა ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინებით" წაივარჯიშეს...

რამდენიმე დღის წინ, გააფთრებული ბრძოლის დროს, უკრაინის არმიის ქართველმა მებრძოლებმა "ჯაველინით" რუსული ტანკი ააფეთქეს.

იმავე დროს უკრაინის ფრონტის ამ მონაკვეთიდან ზუსტად 1000 კმ-ის მოშორებით სხვა ქვეყნის არმიის მებრძოლებიც ისროდნენ "ჯაველინებიდან" "ჭკვიან" რაკეტებს - საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებისა და რეინჯერთა ბატალიონის მებრძოლები ვაზიანის პოლიგონზე პირობითი მოწინააღმდეგის წარმოსახვით ტანკებს აფეთქებდნენ.

ნებისმიერი ვარჯიში ჯარისთვის სასარგებლოა, მთავარია, ის ყაზარმებში არ იყოს გამოკეტილი და საველე მომზადება არ დააკლდეს.

სპეციალური ოპერაციების ძალები ქართული არმიის ელიტური შენაერთია და სწორედ მის სპეცრაზმელებსა და რეინჯერებს დაევალება ყველაზე რთული საბრძოლო ამოცანების შესრულება, თუკი ჩვენი ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება.

ამერიკულმა მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსმა "ჯაველინმა" რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან დაამტკიცა თავისი მაღალი საბრძოლო ეფექტიანობა და მისასალმებელია, რომ "ჯაველინის" რამდენიმე ათეული გასაშვები დანადგარი და რამდენიმე ასეული "ჭკვიანი" რაკეტა ქართული არმიის არსენალშიც მოიძებნება, თუმცა მათი რაოდენობის საგრძნობლად გაზრდა სასურველი იქნებოდა.

"ჯაველინის" ძვირად ღირებული რაკეტების სასწავლო მიზნით გამოყენება მავანმა შეიძლება ძალზე დიდ ფუფუნებად ჩათვალოს, მაგრამ მებრძოლებს მომზადება ხომ სჭირდებათ? მართალია, არსებობს სავარჯიშო რაკეტებიც, მაგრამ ხანდახან საბრძოლო რაკეტის გაშვებაც საჭიროა მის სიზუსტესა და სიძლიერეში მსროლელის დასარწმუნებლად, რათა რეალურ საბრძოლო სიტუაციაში არ დაიბნეს და მისკენ წამოსულ მტრის 45-ტონიან ჯავშანმონსტრს არ შეუშინდეს.

საგულისხმოა, რომ ვაზიანის პოლიგონზე ვარჯიშში ქართველ სპეცრაზმელებთან ერთად მოაწილეობდნენ მათი ბრიტანელი კოლეგებიც - დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები.

სწავლება სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების გაცნობასა და მათი ეფექტიანად გამოყენების მეთოდების შესწავლას დაეთმო, ხოლო მეორე ფაზის დროს დღისა და ღამის განმავლობაში საბრძოლო სროლები მიმდინარეობდა. სწავლების მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.

დასკვნით საველე სწავლებაში ჯგუფებმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა აღმოაჩინეს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინის" მეშვეობით გაანადგურეს.

რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომიდან საჭირო დასკვნების გამოტანა ბრიტანელი სპეცრაზმელებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ასეთი საბრძოლო მოქმედებები არ გამართულა.

ამ ომმა ნატოს დაანახა რუსეთის არმიის რეალური სახე - რაღაცაში ძლიერი, უმეტესწილად კი უფრო სუსტი, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერლები მოელოდნენ.პენტაგონში, ისევე როგორც ალიანსის სხვა ქვეყნების გენერალურ შტაბებში, აანალიზებენ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველ დღეს და კონკრეტულ საბრძოლო ოპერაციებს. იმედია, ამ მხრივ არც საქართველოს გენშტაბში მოიკოჭლებენ და აკეთბენ საჭირო დასკვნებს, რა შეცვალონ ქართული არმიის ტოტალური თავდაცვის ტაქტიკის ნიუანსებში, რაც უკეთ მოერგება ჩვენზე გაცილებით ძლიერი სავარაუდო (უფრო სწორედ კი - რეალური) მოწინააღმდეგის სხვადასხვა მიმართულებიდან ერთდროულად დაწყებული შეტევის წარმატებით მოგერიებას, დროებით მაინც, სანამ...