ცეცხლში გახვეული ფრონტის ხაზი კოსმოსიდანაც კი ჩანს - კვირის პალიტრა

ცეცხლში გახვეული ფრონტის ხაზი კოსმოსიდანაც კი ჩანს

ინტერნეტრესურზე NASA FIRMS ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს, იმ მომენტში რა ხდება უკრაინის ფრონტზე, სად გიზგიზებს საბრძოლო მოქმედებების დროს რაკეტების, ჭურვებისა და ბომბების აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი, ხანძრების კერების წარმოსახვითი შეერთებით კი მიიღება 2000 კმ-მდე გადაჭიმული ფრონტის ხაზი, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ ღამით გადაღებულ თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს.

ინტერნეტსაიტი NASA FIRMS იმისთვის შეიქმნა, რომ კოსმოსიდან დროულად აღმოეჩინათ ტყის ძლიერი ხანძრის კერები და ოპერატიულად შეეტყობინებინათ იმ ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომლის ტერიტორიის რთულად მისადგომ ადგილებშიც ჩნდებოდა და ძლიერდებოდა ეს ხანძრები, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე დამონტაჟებული ძალზე მგრძნობიარე სპექტრორადიომეტრები და ინფრაწითელი რადიომეტრები ასევე კარგად აფიქსირებს მსხვილკალიბრიანი ჭურვებისა და რაკეტების მძლავრ აფეთქებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ 500 კგ და მეტი კალიბრის საავიაციო ბომბების აფეთქებაზე, ამ აფეთქებების შედეგად გაჩენილი ხანძრების კერები კი იძლევა მეტ ინფორმაციას, იმ მომენტში უკრაინის ფრონტის რომელ მონაკვეთში მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები.

ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, "ჰაიმარსების", რუსეთ-უკრაინის ომში გამოჩენის დღიდან NASA FIRMS-ის თანამგზავრულ რუკაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გაჩნდა.

ჯერ ერთი, გამოჩნდა "ჰაიმარსების" მართვადი რაკეტების ზუსტი დარტყმის შედეგად აგიზგიზებული რუს ოკუპანტთა იარაღის საწყობები ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში, მანამდე ოკუპირებულ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში.

და მეორეც: ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვნად იკლო ხანძრის კერების რიცხვმა, რადგან აფეთქებული საწყობების გამო რუს არტილერისტებს ფრონტზე უკრაინული პოზიციების სისტემატური ფართომასშტაბიანი დაბომბვებისთვის ჭურვები და რაკეტები შემოაკლდათ.

ეს ინტერნეტსაიტი საუკეთესო საშუალებაა იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც აქამდე მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო დაზვერვისთვის იყო ხელმისაწვდომი, ანუ იმის დასადგენად, მოხვდა თუ არა მიზანს ჭურვები, რაკეტები და საავიაციო ბომბები, განადგურდა თუ არა სამიზნე და გაჩნდა თუ არა იქ მნიშვნელოვანი ხანძრის კერა.

P.S. ამ საიტზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ხანძრების ნახვაც შეიძლება.სტატიის დაწერის დროს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების მაღალმგრძნობიარე აპარატურა საქართველოს ტერიტორიაზე 12 ხანძრის კერას აფიქსირებდა. მათგან ერთს, შედარებით სუსტს, რუისთან, ავტომაგისტრალის სიახლოვეს, მეორეს - თელავთან, ათ შედარებით დიდ ხანძარს კი - სიღნაღის რაიონში, აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს.