უკრაინული ქალაქების გამიზნულად დაბომბვა მოსახლეობის დემორალიზაციისა და პუტინისთვის ხელსაყრელი დაზავების პირობებით?! - კვირის პალიტრა

უკრაინული ქალაქების გამიზნულად დაბომბვა მოსახლეობის დემორალიზაციისა და პუტინისთვის ხელსაყრელი დაზავების პირობებით?!

უკრაინულ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე რუსული რაკეტის მოხვედრისა და დიდი ტრაგედიის დატრიალების შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ ეს მოძველებული საბჭოთა რაკეტის გამოყენების გამო მოხდა, რომელსაც არასრულყოფილი დამიზნების სისტემა აქვს, ამიტომ თავდაპირველ მიზანს 200-300 მ-ით ასცდა და სამოქალაქო ობიექტს მოხვდა, მაგრამ ქალაქ ვინიცის ცენტრში სამი რუსული რაკეტის აფეთქება, რამაც ოფიცერთა სახლის საკონცერტო დარბაზი, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლი და კერძო სამედიცინო ცენტრი შეიწირა, ვეღარ გამართლდება რაკეტის სიძველით, რადგან ამ შემთხვევაში რუსმა ოკუპანტებმა თანამედროვე და ზუსტი "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. რა გამოდის - რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ვინიცაში დასაბომბი ობიექტების ზუსტი კოორდინატები განზრახ შეარჩია ისე, რომ სამოქალაქო დაწესებულებები გაენადგურებინა?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და რუსმა პროპაგანდისტებმა ვინიცაზე საჰაერო ტერორისტული თავდასხმის გამართლება იმით სცადეს, რომ სამიზნე ოფიცერთა სახლი იყო, რომელშიც თითქოს თავს აფარებდნენ უკრაინელი "ნაციონალისტები", არადა, იქ რამდენიმე საათში კონცერტი უნდა ჩატარებულიყო და ბილეთებიც გაყიდული გახლდათ.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე უკვე იმდენი თავდასხმა "დაუგროვდათ", რომ გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის ფარტომასშტაბიან გენოციდზე უნდა ლაპარაკობდეს და სხდომას სხდომაზე იწვევდეს, მაგრამ...

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსული საჰაერო თავდასხმის სამიზნეების 30% სამოქალაქო ობიექტია.

ომის დროს, სამწუხაროდ, ყოველთვის ხდება შეცდომები, მით უმეტეს, დასახლებულ პუნქტებში ბრძოლისას, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობაც ზიანდება, მაგრამ როდესაც ლაპარაკია ფრონტის ხაზის ღრმა ზურგში მდებარე მშვიდობიან ქალაქებზე, მათ ცენტრალურ უბნებში სავაჭრო ცენტრებისა თუ საკონცერტო დარბაზების აფეთქებაზე, რა სამხედრო აუცილებლობა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ამ შემთხვევაში შეიძლება სამი ძირითადი მიზეზი განვიხილოთ. პირველი: რუსული სამხედრო ტექნიკის არასრულყოფილება და მომსახურე ოპერატორების არაპროფესიონალიზმი, რის გამოც სამხედრო სამიზნის ნაცვლად სამოქალაქო ობიექტი ნადგურდება. მეორე: რუსული სადაზვერვო ორგანოების არაპროფესიონალზმი, რომლებიც სარაკეტო და საავიაციო დანაყოფებს მცდარ კოორდინატებს გადასცემენ. მესამე: სამოქალაქო ობიექტების მიზანმიმართულად არჩევა სამიზნეებად.

სწორედ ეს მესამე მიზეზი ხდება თანდათანობით უფრო აშკარა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი გარემოებით: უკრაინელები ამერიკული "ჰაიმარსების" გამოყენებით ყოველღამე თითო-ოროლა იარაღის საწყობს, სამეთაურო პუნქტს თუ სხვა სამხედრო ობიექტს უფეთქებენ რუს ოკუპანტებს. რუს გენერლებს არ შეუძლიათ "ჰაიმარსებს" რამე დაუპირისპირონ - ვერც მის გაშვებულ მართვად რაკეტას აგდებენ და ვერც რაკეტის გამშვებ მობილურ დანადგარს პოულობენ, ამიტომ რუსეთის გენშტაბი ჯავრს... უკრაინული ქალაქების მოსახლეობაზე იყრის!

რუსეთის გენშტაბი უკრაინულ ქალაქებზე საჰაერო დარტყმებს კრემლის მთავარ ბინადართან შეთანხმების გარეშე ვერ გაბედავს, ასე რომ, პუტინი კიდევ ერთხელ ასოცირდება ჰიტლერთან, რომლის ბრძანებით ფრთოსანი "ფაუ-1"-ითა და ბალისტიკური "ფაუ-2"-ით ლონდონის საცხოვრებელ უბნებს უტევდნენ.

მაშინ ჰიტლერის გათვლა ცხადი იყო: ასეთი სარაკეტო დარტყმებით ლონდონელებისა და მთელი დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის სულიერი დემორალიზაცია გამოეწვია, რათა მათ პრემიერ-მინისტრ ჩერჩილისთვის მოეთხოვათ გერმანიასთან სასწრაფო დაზავება ჰიტლერისთვის ხელსაყრელი პირობებით.პუტინის ფარული ბრძანებაც, რომ რუსულმა რაკეტებმა იერიში მიიტანონ უკრაინულ ქალაქებზე (მათ შორის - ღრმა ზურგში), რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი მოჰყვება, სავარაუდოდ, ანალოგიურ მიზანს ისახავს: ქალაქების სისტემატური დაბომბვით შეშინებულმა მოსახლეობამ უკრაინის ხელისუფლებას მოსთხოვოს ოკუპანტ რუსეთთან სასწრაფო დაზავება, ცხადია, პუტინის პირობებით.