"მიატოვებს თუ არა აშშ-ის რესპუბლიკური პარტია უკრაინას?" - WSJ - კვირის პალიტრა

"მიატოვებს თუ არა აშშ-ის რესპუბლიკური პარტია უკრაინას?" - WSJ

ამერიკულ გაზეთ "უოლ სთრით ჯორნელში" (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "მიატოვებს თუ არა აშშ-ის რესპუბლიკური პარტია უკრაინას?" (ავტორი - მაიკლ ალენი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მტკიცებით, იგი უკრაინას "მხარს იმდენ ხანს დაუჭერს, რამდენიც საჭირო იქნება". მაგრამ იბადება კითხვა - თუ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაიბრუნებს, მისცემენ თუ არა რესპუბლიკელი კანონმდებლები დემოკრატ ჯო ბაიდენს უკრაინისადმი [ასეთი მასშტაბით] დახმარების გაგრძელების შესაძლებლობას? რესპუბლიკელებს შორის თანდათან ვრცელდება პესიმისტური თვალსაზრისი და, როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითი იქნება. ეს ეჭვები განპირობებულია იმით, რომ რესპუბლიკური პარტიის შიგნით იზოლაციონიზმი ძლიერდება. მაისში წარმომადგენელთა პალატის 57 რესპუბლიკელი წევრი (და პლუს 7 სენატორი სენატიდან) უკრაინის დახმარების პაკეტის წინააღმდეგ გამოვიდა. კვლევითი ცენტრი Heritage Foundation-იც არ იწონებს ამ პაკეტს და აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯები ნიშნავს ყურადღების გადატანას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიდან - ისეთებიდან, როგორიცაა ინფლაციის ტემპის შენელება და კრიმინალის ზრდის პრობლემის გადაწყვეტა.

თუმცა რეალურად ცოტა რამ თუ მიუთითებს იმაზე, რომ რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლები მხარს უჭერენ იზოლაციონისტურ პოლიტიკას ან - უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდიან. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ამერიკელთა 71% და მათ შორის - რესპუბლიკური პარტიის მომხრეთაგან 68%, მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გაგზავნას. ამერიკელების 64% და მათ შორის - რესპუბლიკური პარტიის მომხრეთაგან 60% ეთანხმება ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა კონტინგენტის განლაგებას ნატოს იმ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინის მეზობლად მდებარეობენ. საინტერესოა, რომ ეს ციფრები არ იცვლება დროის მიხედვით - მიუხედავად იმისა, რომ მატულობს ამომრჩეველთა შეშფოთება "უსასრულო ომის" გამო.

რესპუბლიკურ პარტიას შეუძლია, და ვალდებულიცაა, რომ ეს შეშფოთება შეამციროს და ამ მიზნით რამდენიმე ნაბიჯი გადადგას. პირველი - პარტიამ ყველა უნდა დაარწმუნოს, რომ უკრაინისადმი გაწეული დახმარება არის მიზანმიმართული, ქმედითი და ხორციელდება მკაფიოდ შემოფარგლულ ჩარჩოებში. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დაყოვნებული რეაგირება და ზედმეტი სიფრთხილე სრულიად ობიექტურად იწვევს შთაბეჭდილებას, რომ ამერიკა უკრაინას იმდენ სამხედრო დახმარებას უგზავნის, რამდენიც საჭიროა პატური სიტუაციის შესანარჩუნებლად. მეორე - პრეზიდენტმა უკრაინის ომში უკვე ჩადო "ინვესტიცია" - ამერიკის ავტორიტეტის სახით და ახლა რესპუბლიკური პარტია უნდა დაინტერესდეს, ნამდვილად აქვს თუ არა განზრახული ბაიდენის ადმინისტრაციას გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება. თუ რესპუბლიკელები მოახერხებენ და წარმომადგენლების პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ, მათ სიტუაციაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ. რესპუბლიკელები შეძლებენ მიაღწიონ იმას, რომ თავდაცვის მინისტრი და სახელმწიფო მდივანი კონგრესში მივლენ და ანგარიშს ჩააბარებენ უკრაინაში აშშ-ის სტრატეგიის შესახებ. გარდა ამისა, მათ მოსთხოვენ, რომ რეგულარულად იარონ კაპიტოლიუმის ბორცვზე და კონგრესმენებს თავიანთი მოქმედება განუმარტონ.

ამასთან, რესპუბლიკურმა პარტიამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას "კარტ-ბლანში" არ უნდა მისცეს. "სპილოებმა" უნდა მოითხოვონ ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯების ფართო ანგარიში. დღეს რესპუბლიკელებმა იგივე უნდა გააკეთონ, რაც თავის დროზე კონგრესმა გააკეთა ჯორჯ ბუშის მიმართ, ერაყის ოპერაციის გამჭვირვალობის თაობაზე. მართალია, კონფლიქტი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და არა- აშშ-ში, მაგრამ კონგრესს შეუძლია სამომავლო დახმარების გაწევა იმ სტრატეგიის წარმატებას დაუკავშიროს, რომლითაც ევროპაში აშშ-ის ინტერესები უნდა იყოს რეალიზებული.

ამასთან, რესპუბლიკურ პარტიას ისიც უნდა ახსოვდეს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი უკრაინისადმი დახმარება. თუ კიევს უარს ვეტყვით, ამით ბევრი სტრატეგიული მიზნის რეალიზების პროცესი დაირღვევა. ავიღოთ, მაგალითად, ნატო. მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ის რესპუბლიკური ადმინისტრაციები ჩვენს ევროპელ პარტნიორებს თავდაცვის ხარჯების გაფართოებისკენ მოუწოდებდნენ. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების მომენტიდან ბევრმა მათგანმა, განსაკუთრებით - გერმანიამ, შთამბეჭდავი ვალდებულება აიღეს. მაგრამ ახლა ირკვევა, რომ გერმანია და რიგი ქვეყნები ისევ ყოყმანობენ. არსებობს იმის ალბათობა, რომ თუ აშშ უკან დაიხევს, ამ ქვეყნებს საბაბი მიეცემათ, თავიანთი ვალდებულების შესრულებას თავი აარიდონ. თუ ჩვენ დახმარების გაწევას გავაგრძელებთ, მაშინ ჩვენი მოქმედება ევროპელებისათვის მისაბაძი იქნება - შეიქმნება გარანტია იმისა, რომ ისინი თავდაცვის სფეროში პირობას შეასრულებენ.

თუ აშშ სამხედრო დახმარებას შეწყვეტს, ამას უკრაინის ჯარებისათვის გამანადგურებელი შედეგები მოჰყვება. ამერიკის უარი ხელს შეუშლის უკრაინის არმიის მოსალოდნელ კონტრშეტევას სამხრეთის მიმართულებით. ამერიკის უარი იძულებულს გახდის უკრაინას, ნაადრევად მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას, რაც ხელს შეუწყობს რუსული ავანტიურიზმის გავრცელებას ევროპაში. თუ მართლაც ასე მოხდება, ამერიკა, თავის მხრივ, იძულებული გახდება, ჩინეთის საფრთხისაკენ მიმართული ყურადღება მოადუნოს. ევროპა სტაბილური უნდა იყოს, რათა ვაშინგტონმა შეძლოს თავდაცვის ხარჯების ეფექტიანი გადამისამართება აზიისაკენ.

რესპუბლიკელები უნდა გამოვიდნენ უცხო სახელმწიფოების მიმართ ღია ვალდებულებების აღებისა და უსაზღვრო სუბსიდიების წინააღმდეგ, მაგრამ, იმავდროულად, რესპუბლიკურ პარტიას შეუძლია, ბაიდენის ადმინისტრაციას პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდოს - განამტკიცოს ევროპასა და აზიაში აშშ-ის ინტერესები ისე, რომ უკრაინის მხარდაჭერა არ შესუსტდეს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ