"როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი" - კვირის პალიტრა

"როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი"

პირობას ვაძლევ ყველას, რომ გოგაშვილის მეუღლე და მისი შვილები არ გაჩუმდებიან. როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი, ბრძოლა იქნება ჩვენი საჩუქარი, - ამის შესახებ იოსებ გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გოგაშვილის დაკავების შემდეგ, ოჯახის მისამართით არაერთი გამაფრთხილებელი და მუქარის წერილი მიიღეს.

“მაინტერესებს, თუ სოსო დამნაშავე იყო, აქამდე სად იყვნენ? ეს ცოტა სასაცილოა. რაც ჩვენს სახლში იკადრეს, დღესაც არაფერი გამიკვირდება. მოდის მუქარა ჩემი ოჯახის და შვილების მისამართით, ვიღებთ შეტყობინებებს მათ შორის კეთილისმსურველებისგან, რომ ფრთხილად იყავით, კამერები დააყენეთ მანქანებზეო. პირობას ვაძლევ ყველას, რომ გოგაშვილის მეუღლე და მისი შვილები არ გაჩუმდებიან, როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი, ბრძოლა იქნება ჩვენი საჩუქარი”, - აღნიშნა თეა მარტყოფლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

IPN