სად გინახავთ სუსის ამდენ ჩანაწერს წინ და უკან აფრიალებდეს გონდაკარგული მედია? - კვირის პალიტრა

სად გინახავთ სუსის ამდენ ჩანაწერს წინ და უკან აფრიალებდეს გონდაკარგული მედია?

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პოლონელები იყვნენ. ერთს უთქვამს მეორისთვის - თუ პოლიცია დაგიჭერს, უთხარი, რომ ქართველი ხარო... ქართველები ერთმანეთს დაჭამენ სოციალურ ქსელში და ინფორმაციულად შენს საქმეს ესეც წაადგებაო... მახსოვს, რა გამწარებული დავდიოდი შუაგულ ბრიტანეთში და არ ვიცოდი, როგორ დამეცვა ქართველების სახელი.

ეს ამბავი პერიოდულად მახსენდება. იმ დროსაც გამახსენდა, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, საბერძნეთში ერთ-ერთ სერიოზულ ძარცვას და ადამიანის მკვლელობას ქართველების ჯგუფს რომ აბრალებდნენ. (საბოლოოდ, ჯგუფი კი არა, ერთი წევრიც არ აღმოჩნდა ამ ჯგუფიდან ქართველი), მაგრამ გახსოვთ, რა ამბავი ატყდა სოციალურ ქსელში? ერთს განსაკუთრებით საშინელი პოსტი ჰქონდა... კედელ-კედელ დაატარებდნენ. საქმე გაკეთდა! ყველაზე ცუდი ერი აღმოვჩნდით და თვითგვემაც დიდხანს გაგრძელდა...

სერიოზულად მადარდებს - ლანძღვა, ცრუ ინფორმაცია, ბულინგი, რომელიც სოც.ქსელშია, რატომ არ არსებობს ამაზე პასუხის მოთხოვნა? ბომონდი ჟურნალისტები კი ცინიკურად აცხადებენ - თავისუფლები ვართ და რასაც გვინდა დავწერთო, მაგრამ სხვა შემთხვევაში ვიღაცის პოსტისთვის პასუხს ითხოვენ.

განვითარებულ ქვეყნებში ასე არ არის!

ჯერ ერთი, იმ პირის მსგავსს, ზემოთ რომ ვახსენე, აუცილებლად მოძებნიდნენ, ვინ არის? იქნებ რას აშავებს? მახსოვს, იმავე ბრიტანეთში, ახალგაზრდა ქალმა ოფიციალურ სამსახურში მუშაობის სურვილი რომ გამოთქვა და ყველა ტესტი ბრწყინვალედ გაიარა, უარი უთხრეს სწორედ იმ სიძულვილის ენის გამო, რაც წლების განმავლობაში ემიგრანტების მიმართ საკუთარ გვერდზე ჰქონდა გამოთქმული. პასუხი ერთი იყო - ასეთი აზროვნების ადამიანი ვერ შეძლებს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებასო...

გადადით ქართული მედია საშუალებების ფბ-გვერდებზე. ღიად ვამბობ, - ცოტა მეშინია ასეთი რადიკალიზმის. დაიდება პოლიტიკოსის თუ „ცნობილის“ ფოტო და ამ არხის „მიმდევრები“ „აჰაჰავებენ“. იმიტომ, რომ ის თავის „სექტაში“ არ მოიაზრება. ან, კომენტარი ჩნდება და ყოველგვარი განსჯის გარეშე მაინც აკნინებენ, რადგან მიზეზი მხოლოდ ესაა „თავისიანი“ არ არის.

ხარობენ ცალკეულ პირთა შეცდომებით, ცდილობენ „ყველა ერთ ქვაბში მოხარშონ“ დემაგოგიურ პასკვილებს თხზავენ და ცილს სწამებენ ისე, რომ კაცი ადამიანი მომკითხველი არ არის. რადგან რიგ ადამიანებს ადვოკატის ენით არ შეუძლიათ საუბარი, მუდმივი თავის მართლების რეჟიმში ამყოფებენ...

რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს თავისუფლება და რასაც უნდა იმას იტყვის ან დაწერს, მაგრამ მას აქვს პასუხისმგებლობაც! თან, აქ საუბარია საჯარო პირებზე, სახელმწიფო მოხელეებზე, პოლიტიკოსებსა და ორად გაყოფილ მედიაზე, რომელთაც არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ. გუშინდელი მკვლელები ამ ქვეყანაში თავისუფლად შეიძლება გახდნენ ადამიანის უფლებების დამცველები. გუშინ ადამიანის ღირსების გამთელავები, დღეს თავისუფლად ქმნიან საზოგადოებრივ აზრს...

თანამედროვე ადამიანი ისედაც უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის ვირტუალური სამყაროს ტყვედ იქცა. ჩართულია რა ინტერნეტის ჭრელ სივრცეში, ვეღარ უღებს ალღოს რეალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს და გაუცნობიერებლად ემორჩილება სოც.ინფორმაციას... აქედან გამომდინარე, კარგა ხანია განვითარებული ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სოციალური სივრცე აღარ არის მხოლოდ პირადი, მით უფრო თუ ხარ საჯარო, ცნობილი...

მაინტერესებს, რას იზამდა, ევროპა მკვეთრად უარყოფით და ანტისახელმწიფოებრივ მესიჯებზე? და, მერე, რომელიმე ჟურნალისტს შეეძლო ეთქვა, რომ თავისუფლებას მიზღუდავენო? ლონდონის მუზეუმებში წარწერაც მინახავს - რა თქმა უნდა, უშიშროება გისმენთ, იმისთვის, რომ ტერორისტული აქტები და სხვა მსგავსი რამ ავირიდოთ თავიდან. ბუნებრივია, იქ პრიორიტეტები და მიზნებია გათვლილი...

მაგრამ, სად გინახავთ სუს-ის ამდენ ჩანაწერს წინ და უკან აფრიალებდეს გონდაკარგული მედია... სად დაუშვებენ, პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს მაღალჩინოსანმა საიდუმლო მასალები? აქ უშუალოდ გოგაშვილის საქმეს არ ვგულისხმობ, რადგან, ის რაც ხდება ახლა აბსოლუტურად განუვითარებლობის მაჩვენებელია. მე, არ ვგრძნობ უსაფრთხოდ თავს ამ ქვეყანაში!

ზედაპირული ხმაურის პარალელურად, მიზანმიმართულად ხდება გარკვეული ჯგუფის დამცირება და ინფორმაციის დამახინჯება... ვიღაცის მორალით და შეხედულებებით დადგენა, ვისთვის კანონდარღვევაა ესა თუ ის ფაქტი და ვისთვის არა.

თუ ერთი მხრივ, მიუღებელია ფარული ჩანაწერები, მეორე მხრივ, რატომ არის სიმართლისათვის ბრძოლის იარაღი?! თანამდებობის პირი, რომელსაც თითქოს ყოველდღიურად ამხელთ, თქვენს მხარეს თუ დაიჭერს, უმალვე როგორ ხდება ფრთიანი ანგელოზი? ერთ შემთხვევაში ბინძური ბიოგრაფიის ქექვა თუ სკანდალია, მეორე შემთხვევაში რატომ არის ქვეყნისთვის ბრძოლა?

ერთი მხრივ, თითქოს არ აპირებ შეასრულო ბიძინა ივანიშვილის დავალებები, მაშ, რატომ ასრულებ მიხეილ სააკაშვილის დავალებებს და რიგ შემთხვევებში, იყენებ მის მიერ დაწერილ ტექსტებს. ვინ განსაზღვრა რომელს ჰქვია თავისუფლება და რომელს - მონობა?

ოპოზიციურ არხებსა და მათ სოციალურ ქსელებში რასაც ვისმენთ, ზუსტად იგივე მენტალიტეტით იცხოვრეს თავისი მმართველობის დროს. ნუთუ, ასე ძნელია ამის აღიარება?! პოლიტიკური კულტურით ღატაკი და სახელმწიფოებრივი იდეების არმქონე პოლიტიკური ძალები გვაჯერებენ, რომ ევროპა უნდათ. ამიტომ, კიდევ მოგიწევთ მოქალაქეების ლანძღვა, რადგან ისინი აღარასოდეს გამოგყვებიან.

სისტემის დანგრევა და ახლის შექმნა ხელისუფლების რეგულარული ცვლა კი არ არის, არამედ იმ ჭუჭყისაგან, სიბინძურისაგან, მიდგომებისაგან და ჩამყაყებული მენტალიტეტისაგან გათავისუფლებაა, რომელიც ათეულობით წელია ანგრევს ჩვენს ქვეყანას!

წესრიგი მაშინ დგება, როცა პოლიტიკოსები შენს გარშემო კარგად გააზრებული პოლიტიკურ-სოციალური ნორმების შესაბამისად იქცევიან, მათი ქმედებები პროგნოზირებადია და სხვებთან სათანამშრომლოდ მუდამ მზად არიან.

კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლის საფუძველი მისი სულიერი და მენტალური განწმენდაა. ერი, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივი და მსოფლმხედველობითი დაცემულობიდან უნდა გამოვიდეს და შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სწორი და პირუთვნელი შეფასება მისცეს. სხვა გამოსავალი არ არსებობს!