"როცა მამაკაცი გარდაიცვლება და მას მეუღლე ჰყავს, მიაჩნიათ, რომ მთელი ქონება მისია, არადა, პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის მშობლებიც და შვილებიც"
ხშირად მემკვიდრეებს შორის დავა ისე მწვავდება, რომ ერთადერთი გამოსავალი სასამართლოსთვის მიმართვაა. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა ქონების გამო ოჯახის წევრები ერთმანეთს კარგავენ, რადგან ქონებას უხმაუროდ ვერ ინაწილებენ, საერთო ენის გამონახვას ვეღარ ახერხებენ. ამ შემთხვევაში კანონის დაცვით ანდერძის დაწერა ყველაზე კარგი გამოსავალია და, ალბათ, ჯობია, ყველა მშობელმა ქონება შვილებს სიცოცხლეში გაუნაწილოს. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა - ორივე საფუძვლით.
სამემკვიდრეო საკითხებზე დეტალურად გვესაუბრება სამოქალაქო საქმეთა დავებში გამოცდილი ადვოკატი თამარ ფირცხალავა.
- თამარ, როგორ რეგულირდება ქონების გაყოფის საკითხები?
- ამ საკითხს სამემკვიდრეო სამართალი არეგულირებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა მემკვიდრეებზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა - ორივე საფუძვლით. თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი, მაშინ გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე უნდა მოხდეს.
- ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე?
- კანონი ხუთი რიგის მემკვიდრეს სცნობს. როცა მამაკაცი გარდაიცვლება და მას მეუღლე ჰყავს, მიაჩნიათ, რომ მთელი ქონება მისია, არადა, პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის მშობლებიც და შვილებიც. ასეთ დროს ისინი თანაბრად მიიღებენ ქონებას ანუ პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები ან მშვილებლები. ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე, დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.
შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე.
მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ. როდესაც არ არსებობენ პირველი რიგის მემკვიდრეები და არ არის ანდერძი დაწერილი, მაშინ ქონება მეორე რიგის მემკვიდრეებს შორის თანაბრად ნაწილდება.
მეორე რიგში შედიან გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.
მესამე რიგშია ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე - მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.
მეოთხე რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან: ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.
ხოლო მეხუთე რიგში შედიან ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ - მათი შვილები. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, ანდერძით იქნება ის, თუ კანონით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღებაზე ან, ფაქტობრივად, შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
კანონით მემკვიდრეობის დროს ქონებას მიიღებენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე, მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებიან.
- ხშირია დავა მემკვიდრეებს შორის. თუ ანდერძი არსებობს, სასამართლოში მიმართვა მაინც რატომ ხდება საჭირო ?
- შეიძლება ანდერძში ეწეროს, რომ მამკვიდრებელი მთელ ქონებას უტოვებს ერთ ადამიანს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პირველი რიგის მემკვიდრეები მაინც მიიღებენ თავიანთ სავალდებულო წილს, დანარჩენი ქონება კი ანდერძით მემკვიდრეს დარჩება. მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი). ასე იმიტომ ხდება, რომ ანდერძზე მაღლა კანონი დგას. მოანდერძეები იშვიათად წერენ ანდერძს შვილის სახელზე, რადგან იციან, ისინი ისედაც კანონისმიერი მემკვიდრეები არიან. შვილიშვილების ან იმ პიროვნების სახელზე იწერება, ვინც მას უვლიდა. მაშინ როცა შვილები არ ჰყავთ, ქონებას სასურველ ნათესავს უტოვებენ.
- მძიმე საყურებელია პროცესზე ქონების გამო გადაკიდებული დედ-მამისშვილები. როგორ უნდა აარიდონ თავი ამ უსიამოვნო პროცესს ადამიანებმა?
- საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სამართლებრივი ინფორმაცია. იყო შემთხვევა, როცა კლიენტს მართლა სჯეროდა, რომ მის დას არაფერი ეკუთვნოდა, რადგან ის დაოჯახებულია. ხშირად გვიწევს ახსნა, რომ ყველა შვილს ერთნაირი უფლება აქვს სამკვიდროს მიმართ, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე არ არის ცნობილი უღირს მემკვიდრედ.
- რა ბედი ელის უმკვიდრო ქონებას?
- თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, შშმ პირთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში.
- რამდენი სახის ანდერძი არსებობს?
- არსებობს სანოტარო ფორმით შედგენილი და შინაურული ანდერძი. დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით. ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებები. მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი. მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს, ამას შინაურული ანდერძი ჰქვია.
– განსაზღვრულია თუ არა კანონით ანდერძის გახსნის ვადები?
- როგორც წესი, შინაურულ ანდერძს მოანდერძე სახლში ინახავს. ამიტომ ძნელი სათქმელია, ანდერძს როდის იპოვიან. როცა ნოტარიუსთან ინახება ანდერძი, ნოტარიუსი ვალდებულია, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს აცნობოს ანდერძის არსებობა და დანიშნოს დღე მის გასაცნობად. პირის გარდაცვალების შემდეგ, ვისაც პრეტენზია აქვს მის ქონებაზე, მას ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობის გაცემას სთხოვს.
ნოტარიულად დამოწმებული ანდერძიც ხშირად სადავოა. რადგან როცა მამკვიდრებელი ღრმად მოხუცებული ან ავადმყოფია, მხარე ამტკიცებს, რომ ის იმდენად ავად იყო, არ შეეძლო, გაეცნობიერებინა, რას აწერდა ხელს და შეცდომაში შეიყვანეს. ნოტარიუსს ვერ მოვთხოვთ, განსაზღვროს, პირი არის თუ არა ფსიქიკურად გაწონასწორებული; როცა მოხუცებულია, ნოტარიუსი ითხოვს შესაბამის ცნობას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ამ დასკვნას ეყრდნობა. თუკი მდგომარეობა სადავოა და მოანდერძის ავადმყოფობაზე სამედიცინო დოკუმენტაცია არსებობს, დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მოანდერძე ანდერძის გაცემის დროს.
თუკი ექსპერტი მივა იმ დასკვნამდე, რომ მას არ შეეძლო, თავისი მოქმედება გაეაზრებინა, მაშინ ანდერძს ბათილად ცნობენ.
ვურჩევ მოქალაქეებს, საღ გონებაზე დაწერონ ანდერძი. კანონით, ნებისმიერ დროს შეიძლება დაწერილი ანდერძის გაუქმება და ეს ადამიანებს აზრის შეცვლის შემთხვევაში პრობლემას არ შეუქმნის.
- როგორ უნდა დაწეროს ყრუ-მუნჯმა, უსინათლო პირმა ანდერძი ?
- თუ მოანდერძე ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი წერა-კითხვის უცოდინარია, საანდერძო განკარგულება მან უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან ორი მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელმოწერით, რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას.
მოანდერძემ, რომელიც უსინათლოა ან არ შეუძლია წერა-კითხვა, საანდერძო განკარგულება უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან, სამი მოწმის თანადასწრებით, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი, რომელიც მას უნდა წაეკითხოს. ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი. ჩანაწერში მითითებულ უნდა იქნეს, თუ ვინ გააკეთა ჩანაწერი და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა.
- მოანდერძეს შეუძლია მოშალოს ან შეცვალოს თავისი ანდერძი?
- მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი: ახალი ანდერძის შედგენით, რომელიც პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება; სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით; ანდერძის ყველა ეგზემპლარის მოსპობით მოანდერძის მიერ ან ნოტარიუსის მიერ მოანდერძის განკარგულებით.
- როგორ ხდება მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება?
- სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. პირის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში, მემკვიდრე ქონებას უნდა დაეუფლოს. თუ ბინაზეა საუბარი, იქ უნდა იცხოვროს ან გააქირაოს, ან უნდა მიმართოს ნოტარიუსს აღნიშნული ქონების მისაღებად.
6 თვე კანონისგან დაწესებული ვადაა, რადგან შეიძლება არსებობდნენ სხვა მემკვიდრეები, რომლებსაც გარკვეული დრო ეძლევა, რომ მიხედონ თავიანთ სამკვიდრო უფლებებს. თუ 6 თვე ისე გავიდა, რომ სხვა მემკვიდრე არ გამოჩნდა, მაშინ ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას იმ პირზე გასცემს, რომელმაც განცხადებით მიმართა. თუ 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ დააპირებენ მემკვიდრეები ქონება დაიკანონონ და აღმოჩნდება, რომ არ არიან ქონებას დაუფლებულნი, ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსი უარს ამბობს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ვადის გასვლის გამო და ასეთ დროს უნდა მიმართოს სასამართლოს და იურიდიული ფაქტის დადგენის დოკუმენტის მიღების შემდეგ, ნოტარიუსი ქონებას მას გაუფორმებს. ანუ მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
(სპეციალურად საიტისთვის)