"პატარა გოგონა თავად მიაგორებს ვარდისფერ ეტლს, ისინი ლოგოპედთან მიდიოდნენ" - როგორ დაიღუპა 4 წლის ლიზა ვინიცაში - კვირის პალიტრა

"პატარა გოგონა თავად მიაგორებს ვარდისფერ ეტლს, ისინი ლოგოპედთან მიდიოდნენ" - როგორ დაიღუპა 4 წლის ლიზა ვინიცაში

“მაღალი სიზუსტის რაკეტები“: როგორ დაიღუპა 4 წლის გოგონა ვინიცაში

რუსეთის კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმის შედეგად ვინიცაში სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.

თავდასხმის შემდეგ დანგრეულ სახლთან ვარდისფერი, სისხლში დასვრილი საბავშვო ეტლი დგას, ეს ლიზას ეტლი იყო...

4 წლის ლიზა სამი ბავშვიდან ერთ-ერთია, რომელიც ვინიცის სარაკეტო დაბომბვისას დაიღუპა. გოგონას დედამ, ირინა დიმიტრევამ მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ დადასტურდა, რომ დაიღუპა 23 ადამიანი, დაკარგულად ითვლება - 8, ხოლო ათობით ადამიანი ისევ საავადმყოფოშია. ირინას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას არ ახსოვდა, რომ ერთადერთი შვილი დაეღუპა.

სარაკეტო თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ლიზას დედამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ პატარა გოგონა თავად მიაგორებს ვარდისფერ ეტლს, ისინი ლოგოპედთან მიდიოდნენ.

vinica-1658215726.jpg

„გოგონა მისი ცხოვრების აზრი იყო. გაგიჟებით უყვარდა და ვერც კი წარმომიდგენია, ეს რამხელა ტრაგედიაა ოჯახისთვის. ის ამ ბავშვით ცხოვრობდა“, - განაცხადა BBC-თან ვალერია კაროლმა, რომელიც ცენტრ LogoClub-ის ხელმძღვანელია, სადაც ლიზა დადიოდა.

„ლიზა ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო, ჩვენთან სიარული უყვარდა, ძალიან კეთილი იყო“.

როგორც ცნობილია, პატარა ლიზას დაუნის სინდრომი დაუდგინეს. ერთადერთი შვილის ფოტოებს ირინა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებდა. ერთ-ერთ ფოტოზე კი ვკითხულობთ წარწერას: „გაიცანით, ეს ანგელოზი ლიზაა“. ირინა მის გამოცდილებას "ინსტრაგრამზე" სხვა დედებს უზიარებდა.

სარაკეტო შეტევა ქალაქის ცენტრზე მაშინ დაიწყო, როცა გოგონა დედასთან ერთად LogoClub-ში მიდიოდა. სირენის ხმაზე ბევრმა მოასწრო ბავშვების უსაფრთხო ადგილას გაყვანა, თუმცა ლიზა დედასთან ერთად, ისევე როგორც სხვა უამრავი ადამიანი, ქუჩაში დარჩა...

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, ირინა შვილთან ერთად კიევიდან ვინიცაში გადავიდა, რადგან ვინიცა ფრონტის ხაზიდან შორს მდებარეობდა, თუმცა უკრაინაში ამჟამად უსაფრთხო ადგილი აღარ დარჩა.

როგორც ვალერია ამბობს, ირინა არ მალავდა, რომ გოგონას დაუნის სინდრომი დაუდგინეს. მას სურდა, ხალხს გაეგო, რომ ამ სინდრომის ბავშვები არაფრით განსხვავდებიან სხვა ბავშვებისგან.

ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიდევ ორი ბავშვი დაიღუპა. 7 წლის მაქსიმი დედასთან, ვიქტორიასთან ერთად გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ისინი სამედიცინო ცენტრში ექიმთან ვიზიტზე სოფლიდან ჩავიდნენ. სარაკეტო თავდასხმის შედეგად კი სამედიცინო ცენტრი მთლიანად განადგურდა.

vinica3-1658215726.jpg

მესამე დაღუპული ბავშვის სახელს ჯერ არ ასაჯაროებენ, ის მანქანაში ბიძას ელოდებოდა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა, თუმცა არსად ლაპარაკობდნენ დაღუპულ ბავშვებზე.

ამის ნაცვლად რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ გამოიყენეს მაღალი სიზუსტის რაკეტები და თათბირზე შეკრებილი უკრაინელი და უცხოელი მაღალჩინოსანი სამხედროები გაანადგურეს, რომლებიც იარაღის გადაზიდვას გეგმავდნენ.

სინამდვილეში კი რუსეთის მხარემ გამარჯვების მოედანზე ოფიცერთა სახლი დაბომბა. ამ სახლს ეს სახელი საბჭოთა კავშირის შემდეგ დარჩა, თუმცა აქ სამხედრო აღარავინ ცხოვრობდა. შენობაში კონცერტები იმართებოდა, ამ დღესაც მუსიკალურ ჯგუფს კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შენობაში იმყოფებოდა, ის მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა, სხვა მუსიკოსები გარეთ იმყოფებოდნენ, მათ მძიმე დაზიანებები მიიღეს.

vinica4-1658215726.jpg

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო, შეტაკებების შედეგად 352 ბავშვი დაიღუპა, ასობით მათგანი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვინიცაზე შეტევას ტერორისტული აქტი უწოდა.

პატარა ლიზას დედა ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

„ეს საშინელებაა, არც ბავშვები და არც მათი დედები არ უნდა კვდებოდნენ... არ ვიცი, ირინას უთხრეს თუ არა ლიზას დაღუპვის შესახებ. მეც დედა ვარ და არ ვიცი, ადამიანს ასეთი ამბავი როგორ უნდა უთხრა“, - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ვალერია BBC-თან საუბრისას.

(წყარო)