პროფესია - სახელმწიფო მოხელე. ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები საქართველოში - კვირის პალიტრა

პროფესია - სახელმწიფო მოხელე. ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები საქართველოში

სკოლაში, ალბათ, ყველას დაგიწერიათ თავისუფალი თემა "ვინ მინდა, რომ გამოვიდე". თანამედროვე ბავშვებისა არ ვიცი, მაგრამ ჩემს დროს გოგონები მასწავლებლობასა და ექიმობაზე ოცნებობდნენ, ბიჭები - კოსმოსში გაფრენასა და ინჟინრობაზე. რა ვქნა, მეც ბედკრული საბჭოთა ბავშვობა მერგო და არავის უთქვამს მაშინ, რომ ჩინოვნიკობაც პროფესიაა, თანაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ყველა დროსა და სახელმწიფო წყობაში.

რაჭველი არა ვარ, შუაგული ქართლიდან გახლავართ, მაგრამ რაღაცებს მაინც გვიან ვხვდები ხოლმე. აი, ახლაც, გვიან მივხვდი, რა ყოფილა ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, ჩვენმა მთავრობამ კრიზისის დაწყებისას რომ გამოაცხადა. მეგონა, ქამრების შემოჭერას თავად აპირებდნენ, თანაც პრეზიდენტს ისედაც თვალში არ მოსდიოდა ღიპიანი სახელმწიფო მოხელეები, მაგრამ სანამ ჩემს მეზობელ ნოდარას შიმშილისგან თვალები არ გადმოსცვივდა, მანამ ვერ მივხვდი, ვის უჭერდა სინამდვილეში ქამარი.

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი ქვეყანაში 158 ლარია. ისე, ნოდარას უნდა ეყოს, ჰყოფნის კიდეც, არც მკვდრებში წერია და არც ცოცხლებში, უფრო, ალბათ, არსებობისთვის მებრძოლებში. მუდმივი სამსახური არა აქვს, დროდადრო სავაჭრო ობიექტებს ეხმარება ტვირთის შეტანაში და დღიურად რაღაცას უხდიან. ხშირად წუწუნებს უფულობაზე, უმუშევრობაზე, გაუსაძლის ყოფაზე. არა, განა ის არ ესმის, მსოფლიო კრიზისში საქართველოშიც გასაკეთებელი რომ ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ მის ქამარს მეტი ნახვრეტი არა აქვს და მეტს ვეღარ შემოიჭერს.

ნოდარას ამბავი მაშინ გამახსენდა, როდესაც სტატისტიკის დეპარტამენტმა საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების რეიტინგი გამოაქვეყნა. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური საფინანსო სექტორია. 2011 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, საფინანსო სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 1476,3 ლარია. რეიტინგში მეორე საპატიო ადგილი ანაზღაურების მოცულობით სახელმწიფო მმართველობას უკავია. საქართველოში სახელმწიფო ჩინოვნიკთა საშუალო ანაზღაურება 1046 ლარს შეადგენს. მესამე ადგილზე კი, 875,1 ლარით, ტრანსპორტირება და კავშირგაბმულობაა. აქვე ნათქვამია, რომ სამივე სექტორში წლიდან წლამდე საშუალო სახელფასო განაკვეთი მუდმივად იზრდება.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა დაქირავებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი და 679,5 ლარი გახდა.

სფეროების მიხედვით, საშუალო თვიური შემოსავალი კი ასე გამოიყურება:

საფინანსო საქმიანობა - 1476.3 ლარი

სახელმწიფო მმართველობა - 1046.0 ლარი

ტრანსპორტირება და კავშირგაბმულობა - 875.1 ლარი

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - 862.0

სამთომომპოვებელი მრეწველობა - 843.4 ლარი

მშენებლობა - 812.5 ლარი

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 755.3 ლარი

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 665.4 ლარი

გადამამუშავებელი მრეწველობა - 591.8 ლარი

კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - 567.8 ლარი

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - 507.3 ლარი

სასტუმროები და რესტორნები - 479.7 ლარი

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა - 370.8

განათლება -322.8 ლარი

თევზჭერა, მეთევზეობა -276.3 ლარი

KvirisPalitra.Geირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკური ექსპერტი: "რეიტინგი, რომელიც გამოაქვეყნა სტატისტიკის დეპარტამენტმა, ეფუძნება სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანების, კონტრაქტით გათვალისწინებულ შემოსავლებს. შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ლოგიკურად არის განსაზღვრული სექტორები ანაზღაურების მოცულობების მიხედვით. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფერო არის საფინანსო სექტორი, კონკრეტულდ კი საბანკო, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც მოგების და შესაბამისად შემოსავლის მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდებიან. რაც შეეხება სახელმწიფო მმართველობას, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებებში, დაწყებული სამინისტროებით და დამთავრებული წვრილი კომპანიებით, რომლებიც სახელმწიფო მმართველობაში შედიან,  ხელფასების ზრდის დინამიკა საკმაოდ მაღალია. ეს არის ანტიკორუფციული პოლიტიკის ერთ-ერთი პრინციპი, რომ ადამიანებს დაუნიშნონ მაღალი ხელფასი, რათა კორუფციული რისკები მინიმალურ დონეზე იქნეს დაყვანილი. თუ 2003 წლამდე სახელმწიფო მმართველობა ერთ-ერთი ბოლო იყო ხელფასების ოდენობით, ახლა მოწინავე პოზიცია უკავია.

ბოლო დროს სამშენებლო სექტორი გადაიწია რამდენიმე პოზიციით უკან და ესეც ლოგიკურია იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ამ ბიზნესშია შექმნილი. ფინანსურ კრიზისამდე სამშენებლო სექტორი ხელფასების ოდენობის თვალსაზრისით პირველ სამეულში იყო. ყველაზე დაბალი ხელფასები აქვთ მასწავლებლებს და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებს, რაც ეტყობა კიდეც ამ სფეროს, რომლის წარმოების მოცულობა ყოველწლიურად მცირდება საქართველოში. საკმაოდ საპასუხისმგებლო პროფესია აქვთ პედაგოგებს და ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა იყოს ანაზღაურებული."

(სპეციალურად საიტისთვის)