ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ზღვისპირა ნაწილის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რომ შემდეგ ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეები დაასახლოს - კვირის პალიტრა

ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ზღვისპირა ნაწილის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რომ შემდეგ ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეები დაასახლოს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ზღვისპირა ნაწილის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რომ შემდეგ ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეები დაასახლოს.

როგორც გამახარიამ განაცხადა, ულამაზესი ფიჭვნარი და დაცული ტერიტორია რუსეთს საკუთრების უფლებით გადაეცა.

„ივნისში გამოჩნდა ხელშეკრულება, რომელიც 19 იანვარს არის დადებული რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის, რომლითაც, ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში გადადის. დოკუმენტში წერია, რომ მიწა, სადაც შენობა-ნაგებობები დგას, 49 წლით არის გადაცემული, მაგრამ ეს არის ფანდი. საქმე ისაა, რომ რუსეთს უვადოდ აქვს ამ მიწებით სარგებლობის უფლება და მერე რასაც ააშენებს, მხოლოდ მისი საკუთრება იქნება. ეს არის ულამაზესი ფიჭვნარი, დაცული ტერიტორია, ნაკრძალი, რომელიც რაც ბიჭვინთა არსებობს, სულ არის. რაც იქ აშენდება, რუსეთის საკუთრება იქნება. საუბარია არა სარგებლობის უფლებაზე, არამედ საკუთრებაში გადაცემაზე“, - განაცხადა გამახარიამ.

მისი თქმით, მთელი ბიჭვინთის სანაპირო რუსების მიერ არის წაღებული.

„ხელშეკრულების მიხედვით, ამისთვის 1 რუბლს იხდიან წელიწადში. მომსახურე პერსონალი ყველა რუსეთის მოქალაქე იქნება. ასევე სარგებლობენ დიპლომატიური იმუნიტეტით, ხელშეუხებლობით და რაც არ უნდა გააკეთონ, მათი დაპატიმრება არ შეიძლება. ამ უნიკალური ფიჭვნარის დაცვის რაიმე გარანტიები ხელშეკრულებაში ჩადებული არ არის. იმ ტერიტორიით რუსეთს, როგორც უნდა ისე ისარგებლებს, რასაც უნდა დაანგრევს და რასაც უნდა ააშენებს. ეს ტერიტორია მუდმივად არის გადაცემული. 49 წელი აფხაზების მოსატყუებლად არის ჩაწერილი, სინამდვილეში კი მუდმივად არის გადაცემული“,-განაცხადა გამახარიამ.

მისი განმარტებით, მოსახლეობა ტერიტორიის რუსეთზე გადაცემის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან მათ ზღვაზე გასასვლელი საერთოდ არ დარჩათ.

„ასლან ბჟანიამ რით იმართლა თავი მოსახლეობის წინაშე - მან თქვა, რომ ჩვენი ე.წ. დამოუკიდებლობის განმავლობაში რუსეთმა 105 მლრდ რუბლი მოგვცაო, ეს პატარა თანხა არ არის. 1,5 მილიარდი დოლარია. მან ფაქტობრივად თქვა, რომ ჩვენ ამ მიწას ვაძლევთ იმ დახმარების სანაცვლოდ, რასაც რუსეთი ვითომ უანგაროდ გვიწევს, არადა იმ დახმარების გარეშე აფხაზეთი ერთი დღე ვერ იარსებებსო“, - განაცხადა გამახარიამ.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ზღვისპირა ქალაქის აშენება იგეგმება, რომლის უკან რუსეთი დგას.

„გამოქვეყნდა ყველასთვის უცნობი გერმანული კომპანიის ხელმძღვანელის წერილი აფხაზეთის „მთავრობისადმი“, სახელი და გვარი ეწერა, მაგრამ ვერც კომპანია და ვერც ვინაობა ვერავინ მოძებნა. წერილში ნათქვამია, რომ მათ სურთ აფხაზეთში ააშენონ ახალი ზღვისპირა ქალაქი, რომლის მოსახლეობა 30 ათასი ადამიანი იქნება. მის ასაშენებლად 6 მილიარდი ევრო დაიხარჯება. ისინი ითხოვდნენ, რომ ვითომ „აფხაზეთის სახელმწიფო“ ამის გარანტი ყოფილიყო. გამოქვეყნდა თუ არა ეს წერილი, მეორე დღეს ბჟანიამ გამოაქვეყნა წერილი მისი ხელმოწერით, რომ აფხაზური მხარე ამას მიესალმება და მზად არის, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები, რომ შესაბამისი ტერიტორია გადაეცეს“,-განაცხადა გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.