"თუ დედაჩემთან ურთიერთობა გინდა, დაქორწინდით, თუ არა და რაღაც ცუდს ჩავიდენო" - ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
ეჭვიანობის ნიადაგზე კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა მოხდა - თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, 23 წლის ნ.ვ.-მა საკუთარი დედა და მისი მეგობარი მამაკაცი მ.მ. ყელის არეში დაჭრა. რის შემდეგაც მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, ქალი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მკვლელობის დეტალებზე ადგილობრივები გვესაუბრებიან:
- ცუდი ამბავი მოხდა, თუმცა სოფელში თითქოს ველოდით კიდეც ამ ამბავს. საქმე ის არის, რომ მ.მ. და ნ.ვ.-ს დედა დიდი ხანია, ერთად არიან, რაც ბიჭს არ მოსწონდა, მიუხედავად იმისა, რომ დედამისი ქმართან, ნ.ვ.-ს მამასთან 15 წლის განქორწინებულია. ნ.ვ.-ს მამამ ის თავად მიატოვა. თუმცა, ნ.ვ. ზოგადად ამ ურთიერთობის წინააღმდეგი კი არ იყო, უნდოდა, რომ დედამისი და მისი მეგობარი მამაკაცი დაქორწინებულიყვნენ. მ.მ.-მა გააფრთხილა კიდეც: სოფელში ხალხი ყველა დედაჩემზე და შენზე ლაპარაკობს და მრცხვენია, უფლებას არ მოგცემ ასე გაგრძელდეს, თანაც, ქვრივი ხარ, ცოლი არ გყავს და თუ დედაჩემთან ურთიერთობა გინდა, დაქორწინდით, თუ არა და რაღაც ცუდს ჩავიდენ, ორივეს დაგხოცავთო.
- ეს რას ნიშნავს?! ნუთუ, არავინ შეეწინააღმდეგა, არავინ უთხრა, რომ ადამიანის მკვლელობის უფლება არ ჰქონდა?!
- ვინ გითხრათ, რომ არ შევეწინააღმდეგეთ? ვინც მოვახერხეთ ამ ამბავზე ლაპარაკი, დაველაპარაკეთ. ყველას არ გვისმენდა, ამ თემაზე ძალიან ღიზიანდებოდა, მაგრამ ვისაც მოუსმინა, მან ასე უთხრა: დედაშენი და მამაშენი განქორწინებულები არიან, მამაშენს სხვა ოჯახი აქვს; დედამ შენ და შენი ძმა მარტომ გაგზარდათ, ახლა რაღა გინდა, გაუშვი იყოს, რას გიშავებსო. მაგრამ ნ.ვ. ამ სიტყვებზე უფრო გაგიჟდა, - არ დავუშვებ დედაჩემი შინ შუაღამისას მოდიოდეს და მე და ჩემს ძმას გვარცხვენდესო. სხვა, აბა, რა გითხრათ, ძალიან ბევრი კიდეც ეთანხმებოდა ნ.ვ.-ს. შეიძლება იმიტომაც, რომ აქამდე წესიერი ახალგაზრდის სახელი ჰქონდა, შრომობდა კიდეც.
ძალიან ცოტაა, ვინც ნ.ვ.-ს დედასაც ამართლებს: ის ახლა 40 წლის არის; 15 წლის იყო, რომ გათხოვდა და მერე ქმარმა მიატოვა, ახლა ხომ ჰქონდა უფლება, რომ საყვარელი ადამიანი ჰყოლოდაო. მაგრამ ესენი ამის თქმას ხმამაღლა ვერ გაბედავენ. უმეტესობას მიგვაჩნია, რომ როდესაც შვილები გყავს, მათ ანგარიში უნდა გაუწიო.
- ადვილად კი ამბობთ, მაგრამ ასე არ არის. თავადაც ხომ იცით, რომ 40 წლის ქალს, რომელიც, ალბათ, 15 წლის ასაკში გარიგებით გაათხოვეს, დღეს მაინც აქვს უფლება, საკუთარი პირადი ცხოვრება ჰქონდეს.
- საქმე ასე იოლად არ არის, როგორც გგონიათ. ჩვენ წესები და ადათები გვაქვს, რომელიც ქალმაც უნდა დაიცვას და კაცმაც. არ მოვა ეგ დრო, რომ ეს წესები დავივიწყოთ. როდესაც ეს ქალი ხედავდა, რომ შვილები ასე ღიზიანდებოდნენ, მართლაც უნდა დაქორწინებულიყო მეგობარ მამაკაცზე. მით უფრო, რომ ხელისშემშლელი არაფერი იყო: კაცი ქვრივი იყო და თითქმის სულ ქალის გვერდით იყო. ქალს პატარა მაღაზია ჰქონდა და იქაც ხშირად მიდიოდა. მკვლელობის დღესაც მ.მ.-მ ქალი შუაღამით მოიყვანა შინ. როგორც ვიცი, ღამის 12 საათი იყო, როცა ქალის სახლში მივიდნენ. როგორც ჩანს, ნ.ვ. დედას ელოდა და როდესაც ქალი მანქანიდან გადმოვიდა, მაშინ მივარდა, ჯერ დედას გამოუსვა ყელში დანა, მერე - მ.მ.-ს. ისე, რომ კაცი იქვე გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ქალი გადარჩა და, როგორც ექიმები ამბობენ, იცოცხლებს.
- მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს?
- ჯერჯერობით, არ დაუკავებიათ. ალბათ, ნაცნობთან იმალება. სხვაგან ვერ წავიდოდა. დააკავებენ უსათუოდ. ამ დროს ის აუცილებლად მიხვდება, რაც გააკეთა და, ალბათ, ამის გამო ყოველთვის ცუდად იქნება. მე ასე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში.
(სპეციალურად საიტისთვის)