"არ ვიცი, რას გამოაქვეყნებს გოგაშვილი და რას არა, მაგრამ აქამდე იგი მამხილებლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს - მხილების პროცესი 2 წელი არ იჭიმება" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, რას გამოაქვეყნებს გოგაშვილი და რას არა, მაგრამ აქამდე იგი მამხილებლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს - მხილების პროცესი 2 წელი არ იჭიმება"

არ ვიცი, რას გამოაქვეყნებს გოგაშვილი და რას არა, მაგრამ აქამდე იგი მამხილებლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მხილების პროცესი 2 წელი არ იჭიმება ხოლმე, 2 წელი იჭიმება ვაჭრობის პროცესი, - ასე აფასებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეს.

ნიკა გვარამიას აზრით, არსებობს დიდი საფრთხე, რომ ამ საქმეში არსებულმა პირადი ცხოვრების ამსახველმა მასალებმა სასამართლოს დარბაზიდან „გაჟონოს“.

„რა დარღვევაც შეიძლება ყოფილიყო ყველაფერი მოხდა ამ კაცის წინააღმდეგ. მე არ გამოვდგები მის დამცველად, მაგრამ ჩხრეკა სპეცდანიშნულების რაზმის მეშვეობით აბსოლუტურად სადამსჯელო ოპერაციაა, აჩვენეს ყველას როგორ ათრიეს გოგაშვილი, რაც იყო მიზანი. არ ვიცი რას გამოაქვეყნებს გოგაშვილი და რას არა, მაგრამ აქამდე იგი მამხილებლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მხილების პროცესი 2 წელი არ იჭიმება ხოლმე, 2 წელი იჭიმება ვაჭრობის პროცესი. ამ საქმეში რისკი არის ძალიან დიდი, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები მოაგროვოს სუს-მა, დააბრალოს გოგაშვილს, ეს მასალები დაერთვება საქმეს და გაჟონავს სასამართლოდან. ასეთი განვითარების ალბათობა არსებობს, ამიტომ ამას სჭირდება სერიოზული მონიტორინგი“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სოსო გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.