"ბუბა კიკაბიძისნაირი ადამიანი ძალიან იშვიათია, მისგან გამორიცხულია ამპარტავნობა" - ბუბა კიკაბიძე 84 წლის გახდა - კვირის პალიტრა

"ბუბა კიკაბიძისნაირი ადამიანი ძალიან იშვიათია, მისგან გამორიცხულია ამპარტავნობა" - ბუბა კიკაბიძე 84 წლის გახდა

"დიდი მადლობა "კვირის პალიტრას" მოლოცვისთვის, მივხვდი რომ გიყვარვართ!" - ასე უპასუხა ჩვენს ზარს ბუბა კიკაბიძემ, რომელსაც დღეს 84 წელი შეუსრულდა... პროდიუსერის - რატი აბზიანიძის თქმით, ლეგენდარული არტისტი თავის დაბადების დღეზე ბათუმში კონცერტს გამართავს, პანდემიური პაუზის შემდეგ... კონცერტი საქველმოქმედოა, შემოსული თანხით უკრაინის ომში დაზარალებულებს დაეხმარებიან...

buba-1658230146.jpg

ბუბა კიკაბიძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ნანი ბრეგვაძე ვრცლად და გულწრფელად გვესაუბრა...

ნანი ბრეგვაძე:

- ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ბუბა იყოს ჯანმრთელი, მის ირგვლივ სიმშვიდე, სიწყნარე და სიყვარული იყოს, რომელიც მან თავისი ცხოვრების მანძილზე დაიმსახურა... მისი შემოქმედებითი გზა ზენიტში ასული იყო და ბუბას სახელი სულ დარჩება, მასზე რანაირადაც არ უნდა ილაპარაკონ. ვიცით, რომ არის სხვადასხვა აზრი... მთელი ცხოვრება, რაც ერთად ვიყავით და დღესაც ვართ, მისი ცუდი საქციელი არასოდეს შემიმჩნევია. სიკეთით სავსე ადამიანია და ცხოვრებაში ვისაც რამე დაჭირვებია, ბუბა კიკაბიძე ყოველთვის მის გვერდით იყო! დაწყებული თუნდაც ჩემგან...

nani-bregvadze-1-300x186.jpg

- ერთხელ თქვენზე თქვა, ქალბატონი ნანი ჩემი დაც არის, ძმაც და ყველაფერიო...

- დიახ, ზუსტად ასეა! ძალიან დიდი სიახლოვე გვაქვს... ანსამბლ "ორერას" ყველა წევრი ჩემთან ძალიან ახლოს იყო, ჩვენ, ფაქტობრივად, ერთი ოჯახი ვიყავით, რადგან 15 წელი ერთად გავატარეთ და ეს ძალიან დიდი დროა... ანსამბლის წევრებს ერთმანეთში არასოდეს გვქონია უსიამოვნება! ბუბა თავისი ნიჭიერებით ყველასგან გამოირჩეოდა. სცენაზე რომ გამოვიდოდა, იმდენად დიდი შინაგანი ხიბლი ჰქონდა, სულ რომ არ ემღერა, აბსოლუტურად ყველა დატყვევებული იყო და დღესაც ასეა: ერთად სადაც უნდა წავიდეთ, მის ირგვლივ რაც ხდება, ამის აღწერა ძალიან ძნელია... ამას ძალით კი არ აკეთებს, თავისით მოდის ყველაფერი.

345314-1658235514.jpg

იღბალიც ძალიან ბევრს ნიშნავს. შეიძლება ნიჭიერიც იყო, კარგი შესახედავიც, მაგრამ ასე ყველაფერი ვერ მოგდევდეს... ხალხის სიყვარულს ძალიან დიდი დამსახურება უნდა! არაფერი არ უნდა შეგეშალოს, ხალხმა რომ შეგიძულოს... ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს ხალხს! ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და შენ თუ მე არ მიმიღე, რად მინდა ასეთი შემოქმედება ან ცხოვრება?! მართალია, შენი მეგობრები გყავს და შენი ოჯახი, მაგრამ რასაც აკეთებ, უნდა დაგიფასდეს! ხალხის სიყვარული თუ არ გაქვს, ყველაზე უბედური ადამიანი ხარ!

bubaaa-1658232981.jpg

ბუბა კიკაბიძისნაირი ადამიანი ძალიან იშვიათია... სწორედ მისი ნიჭისა და ხიბლის გამო გადაიღეს ამდენ ფილმში. იგი მიიწვია უდიდესმა რეჟისორმა - გია დანელიამ და ბუბამ კინოში სერიოზული სათქმელი თქვა.

buba-kikabidze-1658233045.jpg

რომელ საზოგადოებაშიც უნდა ვყოფილიყავით, ბუბა იყო ცენტრი! მისგან გამორიცხულია ამპარტავნობა, მე ეს და ეს ვარო... ნებიმიერ ადამიანს ისე ელაპარაკება, როგორც თანატოლს. არ ვიცი, მეტი რა უნდა ვთქვა, ბუბა იმდენად გამორჩეულია ჩემთვის... ბევრი მეგობარი მყავდა და მყავს, ჩემ გარშემო უკეთილშობილესი ადამიანები ყოველთვის იყვნენ. სხვანაირს, ალბათ, მე ვერ გავუძლებდი ან მე ვერ გამიძლებდნენ!

- წელს მისთვის სევდიანი იუბილეა, რადგან მეუღლე გარდაეცვალა...

- დიახ, მეუღლე დაკარგა, რომელიც ყველანაირად გამორჩეული იყო... როდესაც ბუბას გადაღებები ჰქონდა, მე და ბუბას მეუღლეს - ირას სულ ერთად გვიწევდა ყოფნა. იგი, მოგეხსენებათ, შესანიშნავი ბალერინა იყო... ბუბა ჯერ კიდევ დამწყები მომღერალი იყო, მაგრამ ირა შორსმხედველი ადამიანი იყო და წინასწარ განჭვრიტა, რამდენად ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანს დაუკავშირა ცხოვრება. მიხვდა, ბუბას სახით მის ცხოვრებაში რამდენად დიდი სიმდიდრე გამოჩნდა! მათ ერთად არაჩვეულებრივად იცხოვრეს.

ბუბა იმდენად პოპულარული რომ იყო, ხომ წარმოგიდგენიათ, ქალების როგორი მიძალება ჰქონდა? ირა, როგორც მეგობარს, ისე ალაპარაკებდა და არასოდეს ეჭვიანობდა, ყოველ შემთხვევაში, არ აგრძნობინებდა. მოგეხსენებათ, მამაკაცები ცოტა მიამიტები არიან, თუ ქალი ამ შემთხვევაში ჭკუით ჯობნის... ბუბასთან ერთად ირა საზოგადოებაში არასოდეს ჩნდებოდა, უკიდეგანოდ დიდ თავისუფლებას აძლევდა. ბუბას ჰყავდა დირექტორი, რომელიც ახლა ვალერიას პროდიუსერია... მან ერთხელ მითხრა, ირას მსგავსი ჭკვიანი ქალბატონი ჩემს სიცოცხლეში არ შემხვედრიაო... სულ ბუბა იყო მისთვის უმთავრესი და მის წარმატებებში ძალიან დიდი წვლი ჰქონდა!

buba-exclusive-foto-1658232832.jpg
მფლობელი - დავით ბეჟიტაშვილი (exclusive)

ფილმის "ფრუნზიკ მკრტიჩიანი : ინდოეთს ვახსოვარ" იდეის ავტორი და პროდიუსერი - დავით ბეჟიტაშვილი:

- გასული წლის ივლისში ვიღებდით დოკუმენტურ ფილმს ლეგენდარული სომეხი მსახიობის - ფრუნზიკ მკრტიჩიანის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მის მიერ ორ ინდურ ფილმში შესრულებულ როლებს ეხებოდა, მაინც ვერ წარმომედგინა ბუბას გარეშე. იმავე პერიოდში მას უკრაინულ სერიალში - "Сваты" იღებდნენ და ჩვენი შეხვედრა ფუნიკულიორზე დავნიშნეთ. რომ მივედით, ქორწილის სცენის გადაღება მიმდინარეობდა. უკრაინული გადამღები ჯგუფი, ქართველი მომღერლები, მოცეკვავეები, ქართველი და უკრაინელი მსახიობები ისხდნენ დიდ სუფრასთან და ბუბას ელოდნენ... ძალიან მალე ბუბაც გამოჩნდა, მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, შეეგება უკრაინული გადამღები ჯგუფი და ამ დროს იკითხა: მოიცა, ფრუნზიკაზე სად ვილაპარაკოო? როგორც ჩანს, მასზე სასაუბროდ წინასწარ ემზადებოდა და მოვიდა თუ არა, ეს იკითხა. ვიგრძენი, რომ მისთვის იმ წუთას პრიორიტეტული ფრუნზიკას გახსენება იყო... ძალიან ემოციურად გაიხსენა მეგობარი და კოლეგა. საუბრის დროს ყელში ბურთი ეჩხირებოდა და თვალზე ცრემლი ადგებოდა. პაუზებს აკეთებდა, უჭირდა საუბრის გაგრძელება... ჩვენი ფილმი სწორედ ბუბას სიტყვებით მთავრდება და როცა მაყურებელი მის გულწრფელ ემოციას ხედავს და გრძნობს, თვითონაც თვალცრემლიანი, გულწრფელი აპლოდისმენტებით და ემოციებით ტოვებს დარბაზს. საუბრის დროს მონუსხული ვუსმენდი ისტორიებს ბუბას და ფრუნზიკას მეგობრობის შესახებ... ვუსმენდი და ვგრძნობდი, რომ მის მონაყოლს იმ გარემოში გადავყავდი, რომელზეც ჰყვებოდა. იმ პერიოდის საოცარ ნოსტალგიას და მეგობრის უსაზღვრო მონატრებას ვხედავდი მის თვალებში.

ბუბას სიმღერებსა და ფილმებზე თაობები გავიზარდეთ და ის ნამდვილად ცოცხალი ლეგენდაა, ძალიან მიყვარს და გულით მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე. ბუბასნაირი რანგის ვარსკვლავი ცოტა ვინმე თუ მეგულება საქართველოში. გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მას!

(სპეციალურად საიტისთვის)