"რატომ გვიწესებთ ცენზურას ვინმესთან მიმართებაში?! - საქართველოს მთავრობას აქვს ცენზურა, რომ რაიმე კრიტიკული პოზიცია არ დააფიქსიროს იქ, სადაც სიმართლე ჩვენს მხარესაა?"
რატომ გვიწესებთ ცენზურას ვინმესთან მიმართებაში?! - საქართველოს მთავრობას აქვს ცენზურა, რომ რაიმე კრიტიკული პოზიცია არ დააფიქსიროს იქ, სადაც სიმართლე ჩვენს მხარესაა? - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა შეკითხვას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ გამოქვეყნებული წერილი, არის თუ არა საქართველოს მთავრობაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენის დასტური.
როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაზე საუბარი სრული აბსურდია და ამის მტკიცებულება არ არსებობს.
“ღარიბაშვილის წერილი იმის მტკიცებულება და ფაქტი არ არის მივიჩნიოთ, რომ კონკრეტული პირი პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა.
თქვენ ხშირად გვეუბნებით, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია და ლეგიტიმურია, რომ რაღაც საკითხზე ოპოზიციამ კითხვები დასვას. რატომ გვიწესებთ ცენზურას ვინმესთან მიმართებაში?! - საქართველოს მთავრობას აქვს ცენზურა, რომ რაიმე კრიტიკული პოზიცია არ დააფიქსიროს იქ, სადაც სიმართლე ჩვენს მხარესაა, ხოლო მეორე მხარეს ფაქტების დამახინჯება და არასწორი ინფორმაციის მიტანა ხდება. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ ერთგული დემოკრატიული ღირებულებების და ევროპული პერსპექტივის?! “ქართული ოცნების“ საქმე დადასტურებულია ფაქტებით, როგორიცაა: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა. როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ თქვენ იტყუებით, უნდა გქონდეს უფლება იმისა, რომ პასუხი გასცე, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს პატივს არ სცემ ან პოზიციონირების უფლება არ უნდა გქონდეს. როდესაც ცალკეული ევროპარლამენტარები სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავენ და ცილს გწამებენ, როდესაც ხდება შეურაცხყოფა, რომ თითქოს ჩვენ ვართ მართული, რითაც ქართველი ხალხის არჩევანს შეურაცხყოფენ, ვალდებულება გვაქვს ამას ზომიერი და ადეკვატური პასუხი გავცეთ. რა არის აქ მიუღებელია?!“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიას მოუწოდა, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ “უსაფუძვლო ბრალდებებზე“ და გაემიჯნოს დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.
პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი წერილობით მიმართვაში აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართ ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა, რათა ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს. რაც შეეხება კომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, პრემიერი ამბობს, რომ ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის.