პროკურატურა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ვატო წერეთელსა და ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

პროკურატურა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ვატო წერეთელსა და ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შეახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით არის დაწყებული.

ამასთან, პროკურატურა განმარტავს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს პროკურატურა აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესაბამის წარმომადგენლებთან არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრის მიზნით, მათ შორის - მოცემული ინციდენტის შესასწავლად აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად საელჩოს კუთვნილ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით.

„მიმდინარე წლის 15 ივლისს, პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნოტა, რომელშიც მათი მხრიდან გამოხატულია მზაობა დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე, 30 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიმართულებით საელჩოსა და საელჩოს პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით, დიპლომატიური არხების გამოყენებით ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის უწყებებთან.

ხსენებული ნოტის მიღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც აქტიურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება“,- განმარტავს უწყება.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის განცხადება, რომელშიც მიუთითებდა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობაზე. საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით ასევე მომართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც მიუთითებს ვახტანგ წერეთლის მიერ მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე. საქმეზე ასევე შემოსულია საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან მგალობლიშვილის შეტყობინება, რომელშიც მის მიმართ მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მიუთითებდა.

„ვინაიდან, ზემოაღნიშნულ პირთა განცხადებებში მითითებული ყველა ფაქტი უკავშირდება 30 ივნისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტს, მათი შესწავლა განხორციელდება მოცემული სისხლის სამართლის საქმეში.

18:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია შპს ,,ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი.

გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ამავდროულად, მზადყოფნას გამოვთქვამთ სრულად ვითანამშრომლოთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან 30 ივნისს, მათ ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"