"პუტინი ირანში: აიათოლამ მხარი დაუჭირა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ" - რაზე შეთანხმდნენ სამი ქვეყნის ლიდერები - კვირის პალიტრა

"პუტინი ირანში: აიათოლამ მხარი დაუჭირა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ" - რაზე შეთანხმდნენ სამი ქვეყნის ლიდერები

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომანიის "ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) სათაურით - "პუტინი ირანში: აიათოლამ მხარი დაუჭირა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ" (ავტორი - სტივ როზენბერგი) გამოაქვეყნა თეირანში გამართული რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების სამიტის შედეგები და კომენტარები

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანს ეწვია - ეს მისი მეორე საზღვარგარეთული ვიზიტია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. თეირანი ერთ-ერთი აღმოჩნდა მოსკოვის მცირერიცხოვან მოკავშირეებიდან საერთაშორისო არენაზე.

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯერ ერთად შეხვდა თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს - რეჯეფ ერდოღანს და იბრაჰიმ რაისის, შემდეგ კი - თითოეულს ცალ-ცალკე, ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატში. შემდეგ ეწვია ირანის სულიერ ლიდერს აიათოლა ჰამენეის, უკვე მეხუთედ. სწორედ ალი ჰამენეიმ განაცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, თანაც მან გაიმეორა ის ნარატივი, რომელიც თვითონ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის: აიათოლამ ომის დაწყება დასავლეთს დააბრალა და რუსეთის პრეზიდენტს მიმართა: "ინიციატივა თქვენ რომ არ აგეღოთ ხელში, მეორე მხარე ომს საკუთარი ინიციატივით მაინც დაიწყებდაო".

2020 წლის დასაწყისიდან ვლადიმერ პუტინი იშვიათად თუ მიდიოდა ვიზიტებით რუსეთის ფარგლებს გარეთ, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ ირანში ყოფნა მის მეორე საზღვარგარეთულ ვიზიტს წარმოადგენს. ივნისში იგი ტაჯიკეთს და თურქმენეთს ეწვია.

"რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ირანში აჩვენებს, თუ როგორი იზოლირებული გახდა რუსეთი უკრაინასთან ომის დაწყების გამო", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

ვიზიტის პირველი ნაყოფი?

თეირანში რუსეთის ლიდერის ყოფნის ფონზე, რუსულმა "გაზპრომმა" და ირანის ნავთობკომპანია NIOC-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ და დადეს გარიგება 40 მილიარდი დოლარის მოცულობით, რომელიც ირანში გაზის ორი და ნავთობის ექვსი საბადოს ექსპლუატაციის თაობაზე. გარიგება დაიდო ონლაინ-რეჟიმში, ვირტუალური ცერემონიით, რომელშიც "გაზპრომის" თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი მარკელოვი და NIOC-ის ხელმძღვანელი მოჰსენ ჰოისტემერი მონაწილეობდნენ.

დაგეგმილი პროექტების რიცხვში შედის ქიშისა და ჩრდილოეთ ფარსის გაზის საბადოს ექსპლუატაცია, აგრეთვე, ადრე დაწყებული პროექტების დასრულება თხევადი გაზის ტერმინალისა და საექსპორტო გაზსადენების მშენებლობის თაობაზე.

ირანს, რუსეთის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია ბუნებრივი გაზის საბადოებით, მაგრამ ამერიკის მიერ გამოცხადებული სანქციები თეირანს საშუალებას არ აძლევს, ისარგებლოს ახალი ტექნოლოგიებით, შესაბამისად, ხელს უშლის გაზის ექსპორტის გაზრდას.

აიათოლა ალი ჰამენეიმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს სურვილი გამოხატა რუსეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.

გულითადი მეტოქეები

მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმა, ჩვეულებრივ, მეგობრების დარკგვას იწვევს. რუსეთმაც ბევრი მეგობარი დაკარგა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიით. დასავლეთში მოსკოვს "გარიყულის" სტატუსით მოიხსენიებენ.

მაგრამ კრემლი მაინც უკან არ იხევს და მზადაა აჩვენოს, რომ საერთაშორისო სანქციები მსოფლიოში უდიდეს [და უმდიდრეს] სახელმწიფოს წელში ვერ მოხრის და იზოლაციაში ვერ მოაქცევს და რომ მას ჯერ კიდევ ჰყავს მეგობრები, მაგალითად, თურქეთი და ირანი.

რუსეთი ამ სამმხრივ სამიტს იყენებს იმის სადემონსტრაციოდ, რომ მას კიდევ დარჩა ძლიერი მოკავშირეები და ფლობს გეოპოლიტიკურ გავლენას.

მაგრამ ისინი არ არიან "მეგობრები სიკვდილამდე" - თურქეთი და ირანი რუსეთის კონკურენტებიც არიან. თეირანს და ანკარას ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები აქვთ სირიისა და ლიბიის მიმართ. ისინი ასევე მეტოქეობენ სამხრეთ კავკასიაში გავლენის საკითხშიც. თურქული უპილოტო საფერნი აპარატები (დრონები - "ბაირაქტრები") უკრაინაში რუსულ სამხედრო ტექნიკას ანადგურებენ. თავის მხრივ, ირანი რუსეთს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე ადგილის მოსაპოვებლად უპირისპირდება.

რა თქმა უნდა, რუსეთს, თურქეთს და ირანს საერთო ინტერესებიც აქვთ, მაგრამ არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ მათი მეგობრობა მუდმივი იქნება.

მიჩვევა სანქციებისადმი?

ექსპერტების აზრით, ირანში ვიზიტი ვლადიმერ პუტინისათვის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობას წარმოადგენს. გავიხსენოთ, რომ ირანი მრავალი წელია, დასავლური სანქციების ქვეშ არის.

"რუსეთი და ირანი სანქციებს მიეჩვივნენ", - განაცხადა ვიზიტის წინ კრემლის პრესსამსახურის უფროსმა დიმიტრი პესკოვმა, - ირანი არა ერთი ათეული წელია, ამა თუ იმ სანქციის ქვეშ არის. თეირანი უკვე ადაპტირებულია ემბარგოების მიმართ. ირანი ვითარდება და თავისი ხალხის კეთილდღეობის დონეს ზრდის".

"იმ დროს, როცა დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, მოსკოვი და თეირანი ახალი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებაზე მუშაობენ", - აცხადებს პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.

ირანული დრონები

ვლადიმერ პუტინი ირანში იმ მოარული ხმების ფონზე ჩავიდა, რომელთა თანახმად, თეირანი რუსეთს ასობით უპილოტო საფრენ აპარატს მიაწვდის, მათ შორის - სამხედრო დანიშნულების დრონებს. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ ამას წინათ თეირანში მყოფ რუს სამხედრო სპეციალისტებს ირანელებმა თავიანთი სამხედრო დრონები აჩვენესო.

იმავდროულად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ-ამირ აბდოლაჰიანი იტალიის გაზეთის - "ლა რეპუბლიკასადმი" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანა თავს არიდებს ისეთ მოქმედებას, რომელსაც უკრაინის ომის ესკალაციის გამოწვევა შეუძლია. ამაში იგულისხმება სამხედრო ტექნიკის მიწოდებაც. "ჩვენ გვაქვს შესაბამისი სამხედრო შეთანხმება რუსეთთან, მაგრამ ჩვენ არც ერთ მხარეს არ დავეხმარებით, რომლებიც ამ კონფლიქტში არიან ჩართულნი", - აცხადებს ირანელი მინისტრი ინტერვიუში.

თავის მხრივ, დიმიტრი პესკოვმაც უარყოფითად უპასუხა კითხვას, რუსეთის მიერ ირანული დრონების შესყიდვის თაობაზე. ჯეიკ სელივანმაც აღნიშნა, რომ ამერიკამ ჯერ არ იცის, მიაწოდა თუ არა ირანმა დრონები რუსეთს.

თეირანში შეხვედრის დროს მხარეებს ირანული იარაღის რუსეთისადმი მიწოდების თაობაზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ.

სიტუაცია სირიაში

სამი ქვეყნის ლიდერებმა იმსჯელეს სირიაში მიმდინარე გაჭიანურებულ ომზე, სადაც ირანი და რუსეთი მხარს უჭერენ პრეზიდენტ ბაშარ ასადს, თურქეთი კი - ამბოხებულ ოპოზიციურ ძალებს.

სამივე სახელმწიფომ მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში დაადასტურა, რომ "გააგრძელებენ მუდმივ თანამშრომლობას ტერორისტების საბოლოო განადგურების მიზნით". რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ელოდება რუსეთისა და ირანის მხარდაჭერას "ტერორიზმთან დაუნდობელ ბრძოლაში".

ამას წინათ თურქეთი მკაცრად დაემუქრა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედ ქურთ მებრძოლებს, რომლებსაც მხარს აშშ უჭერს.

ხორბალი

"უკრაინული ხორბლის გატანის საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს", - აცხადებდა ამას წინათ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა: შავი ზღვის ნავსადგურების - ოდესისა და ნიკოლაევის მისადგომები უკრაინამ თვითონ დანაღმა, აზოვის ზღვის პორტები კი - რუსეთმა დაიპყრო. დასავლელი ექსპერტების შეფასებით, ოდესასა და მის ახლო-მახლო მდებარე ხორბლის საწყობებში (ელევატორებში) 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულია დაგროვილი და საზღვარგარეთ გატანას ელოდება და ეს იმ დროს, როცა მსოფლიო სასურსათო კრიზისის წინაშე დგას.

თეირანში პრეზიდენტების შეხვედრის წინ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აქარ ჰულუსმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე, რომელშიც უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტები განიხილეს. "შესაძლოა დოკუმენტი მომავალ კვირაში გაფორმდეს", - თქვა მან. პირველი შეხვედრა სტამბოლში გაიმართა 13 ივლისს.

როგორც "ბი-ბი-სისთან" საუბრისას დასავლეთის ქვეყნების ჩინოვნიკებმა ინკოგნიტოდ განაცხადეს, ხორბლის გატანაზე მოლაპარაკება ინტენსიურად მიმდინარეობს, მაგრამ თეირანის შეხვედრამდე საკითხი არ გადაწყდებოდა. თეირანში მოლაპარაკებისას კი ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და ანკარა კმაყოფილია სტამბოლის მოლაპარაკების შედეგებით: "მე მინდა მადლობა გადაგიხადო საშუამავლო ძალისხმევისთვის. ჩვენ ძალიან წინ წავედით", - მიმართა ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ ერდოღანს, თუმცა იქვე დაამატა, რომ ზოგიერთი საკითხი მოგვარების პროცესშია.

"მომდევნო სამმხრივი სამიტი, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების მონაწილეობით, მოსკოვში გაიმართება", - ნათქვამია პრეზიდენტების დეკლარაციაში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ