რით შეაშინა ეროსი მანჯგალაძემ გრიმიორი ლონდონში წასვლამდე - კვირის პალიტრა

რით შეაშინა ეროსი მანჯგალაძემ გრიმიორი ლონდონში წასვლამდე

50 წელი გამოჩენილი მსახიობების გვერდით

თეატრში თავის „სამფლობელოში“ - საგრიმიორო ოთახში როცა შედის, ჯერ ფანჯარასთან მიდის; იქიდან ხელმარჯვნივ ქაშვეთის ეკლესიის გუმბათი მოჩანს, მარცხნივ - სამების ტაძრის (ოღონდ ღამით...). ყოველ მისვლაზე და წამოსვლის წინ ტაძრებს შეავლებს თვალს - პირჯვარს იწერს; მისთვის ეს რიტუალია... რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი გრიმიორი ნათელა წიკლაური თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონია. უქმე დღე - ორშაბათი არასდროს არ უყვარდა, იმიტომ, რომ იმ დღეს თეატრში არ მიდიოდა. წელს, თეატრმა განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადა...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მიყვარს ჩემი მსახიობები, განსაკუთრებით მიყვარდა (არავისთვის საწყენი არ იქნება) საოცარი ქალბატონები: მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი, ზინა კვერენჩხილაძე, ზაზა ლებანიძე, მარინა თბილელი, იზა გიგოშვილი... რომელი ერთი ჩამოვთვალო?! „გრუშეს“ როლისთვის გრძელი თმა ვერ იშოვეს და იზამ მითხრა, ჩემს შვილს აქვს გრძელი თმა, შევაჭრიო. მოიტანა და ულამაზესი თმის ერთი ღერიც არ დამიკარგავს, ისე მოვქსოვე პარიკი..."

26685138-1998947543761745-6760669115826323175-o-copy-1658303481.jpg

"სოხუმში გასტროლებზე ვართ. სასტუმროში სალომე და მედეა ყოველთვის ერთ ნომერში ცხოვრობდნენ, მეგობრები იყვნენ. ერთ დღეს სალომემ ჩუმად მითხრა: ნათელა, დილით კარზე მოგიკაკუნებ და იცოდე, ერთად წავიდეთო. - კი, ბატონო-მეთქი. აღმოჩნდა, რომ აჩმაზე მეპატიჟებოდა. - ქალბატონი მედიკო არ წამოვიდოდა? - ვკითხე სალომეს. - რას ამბობ! იმან რომ გაიგოს, აჩმა ვჭამე, მომკლავსო (მსახიობები წონას აკონტროლებდნენ)... 3-4-ჯერ გავეპარეთ მედიკოს..."

"ჩვენი უძვირფასესი მთავარი გრიმიორი, აპოლონ გამყრელიძე მაშინ უკვე ასაკში იყო და ერთ დღეს თავს შეუძლოდ გრძნობდა. უსაყვარლესი კაცი იყო... ერთხელ მითხრა: ნათელა, გენაცვალე, მშრომელი გოგო ხარ და ერთ რამეს გთხოვ, დამეშურე - ყოველდღე რაღაც მკითხე და ცოდნა გაიღრმავეო. უცნაური რამ დამემართა. მანამდე სულ ვეკითხებოდი და იმის შემდეგ „ჩავიკეტე“ - აღარაფერი მიკითხავს..."

erosi1.jpg

"იმ დღეს მთხოვა ბიძია აპოლონმა, რომ ეროსისთვის მიმეტანა პარიკი, სადაც ორი ერთნაირი ულვაში იდო. წებო და გრიმები მსახიობებს ოთახში აქვთ. - შეიძლება, ბატონო ეროსი-მეთქი? - მობრძანდი, წიკლაუროო! - ასე მეძახდა, თან ისე საყვარლად, რომ ჩემი გვარი უფრო მეტად შემიყვარდა... პარიკი დავდე, ულვაშები ავიღე და ვეუბნები: ბატონო ეროსი, რომელი ულვაში უნდა გაგიკეთოთ-მეთქი? აი, აქ დავუშვი შეცდომა! ორივე ულვაში თითქმის ერთნაირი იყო. კაცი გაგიჟდა: ეს როგორ მითხარი? მე როლზე ვფიქრობ, ჩემი გონება ამაზეა გადართული... იმიტომ მეკითხები, რომ ერთი ჩემია და მეორე - სხვისიო?.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 21 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი