"ვილხა" - "ჰაიმარსზე" არანაკლები და თანაც - უკრაინული... - კვირის პალიტრა

"ვილხა" - "ჰაიმარსზე" არანაკლები და თანაც - უკრაინული...

რუსეთის პროპაგანდისტულ მასმედიაში ახალი "გამოცოცხლებაა" - უკრაინელებმა ამერიკული "ჰაიმარსების" შემდეგ, თავისი "ვილხადან" გაშვებული რაკეტებითაც დაგვიბომბეს რუსეთის არმიის პოზიციებიო...

"ჰაიმარსისგან" განსხვავებით, "ვილხას" სახელი ნაკლებადაა ცნობილი მათთვისაც, ვინც ბოლო დროს დაინტერესდა უკრაინაში მიმდინარე ომის პერიპეტიებით.

არადა, თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებას უფრო მეტი ყურადღება რომ დაეთმო და დაფინანსება არ მოეკლო, დღეს უკრაინელ სამხედროებს ამერიკელებთან ნაკლები სახვეწარი ექნებოდათ "ჰაიმარსების" გადაცემაზე და უკრაინული "ვილხებით" არანაკლებ ზუსტ დარტყმებს მიაყენებდნენ რუსი ოკუპანტების სტაციონარულ ობიექტებს, მათ შორის - იარაღის საწყობებს.

უკრაინული "ვილხა" ქართულად მურყანის ხეს ნიშნავს და რატომ აირჩიეს უკრაინელმა სამხედროებმა და კონსტრუქტორებმა ეს სახელი მრისხანე სარაკეტო შეიარაღებისთვის, ძნელი სათქმელია, მაგრამ "ვილხას" პროგრამა ერთგვარი გამოსავალი გახლდათ იმ უკრაინისთვის, რომელიც 2014 წლის გაზაფხულიდან რუსეთთან არგამოცხადებულ ომში ჩაერთო დონბასში.

უკრაინელ გენერლებს სასწრაფოდ დასჭირდათ შორსმსროლელი სარაკეტო შეიარაღება, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვან ობიქტებამდე მისწვდებოდა.

უკრაინის არმიაში არცთუ მცირე რაოდენობით იყო შემორჩენილი 120 კმ სიშორემდე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური "ტოჩკა-უ"-ები და 70 კმ რადიუსის მქონე "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მაგრამ უკრაინის არმიას ახალი მართვადი სარაკეტო კომპლექსები სჭირდებოდა, რომლისთვისაც "ჭკვიან" რაკეტებს უკრაინაშივე დაამზადებდნენ და არ იქნებოდნენ სხვებზე დამოკიდებულნი.

2-1658312309.jpg
„ვილხას“ 300 მმ კალიბრის კორექტირებადი რაკეტა

ამიტომაც უკრაინულმა საკონსტრუქტორო ბიურო "ლუჩმა" (რომელიც საბჭოთა პერიოდში საავიაციო რაკეტების საბრძოლო გამოყენებისთვის მოსამზადებელ და ტექნიკური მომსახურებისთვის განკუთვნილ სპეციალურ აპარატურას სერიულად აწარმოებდა) პრეზიდენტ პოროშენკოს ხელისუფლებას საინტერესო ტექნიკური პროექტი შესთავაზა - "სმერჩის" 300 მმ კალიბრის უმართავი რაკეტების მოდერნიზება კორექტირებად რაკეტებად...

ანუ უკრაინელმა კონსტრუქტორებმა, ფაქტობრივად, გაიმეორეს ამერიკელების გამოცდილება, როდესაც "ლოქჰიდ მარტინმა" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M270 MLRS -ისთვის (რომლის შემდგომ განვითარებულ მოდიფიკაციად იქცა M142 HIMARS), უმართავი რაკეტების გარდა შეიმუშავა GMLRS -ის ტიპის მართვადი რაკეტები, რომლებსაც დღეს ასე წარმატებით იყენებს უკრაინის არმია.

უკრაინელებმა საბჭოთა "სმერჩის" რაკეტის წინა ნაწილში დააყენეს 90 იმპულსური მიკრო სარაკეტო ძრავა, რომელიც ერთი მილიწამის სიზუსტით მუშაობს და - საქშენებიდან ცეცხლის გამოტყორცნით, მცირე იმპულსებით აკორექტირებს რაკეტის ფრენის მიმართულებას.

3-1658312337.jpg
„ვილხას“ რაკეტის წინა ნაწილში დამონტაჟებული 90 მიკრორაკეტული ძრავა, რომელიც იმპულსებით ფრენის ტრაექტორიის კორექტირებას ახდენს

უკრაინული "ვილხას" დამიზნების სისტემაც კომბინირებულია და "ჰაიმარსისას" წააგავს - დამიზნება ინერციულია და "ჯი-პი-ესის" სისტემების საშუალებით ზუსტად ხორციელდება - თუკი "სმერჩის" უმართავი რაკეტა მაქსიმალურ, 70 კმ-ზე გაშვებისას მიზანს შეიძლება ასზე მეტი მეტრითაც კი აცდეს, უკრაინული "ვილხას" კორექტირებადი რაკეტები გამოცდების დროს მიზანს მხოლოდ 7 მ-ით თუ სცდებოდნენ, ზოგჯერ კი - პირდაპირ ხვდებოდნენ...

მაგრამ რაკეტის 70 კმ-იანი ფრენის სიშორე უკრაინელ სამხედროებს არ აკმაყოფილებდათ და მათ რაკეტის საბრძოლო ქობინის მასის 250 კგ-იდან 170 კგ-მდე შემცირების ხარჯზე "ვილხას" ფრენის მაქსიმალური მანძილი 120 კმ-მდე გაზარდეს.

სამამულო წარმოების რაკეტების სერიულად საწარმოებლად უკრაინამ ძვირადღირებული თურქული ჩარხები შეიძინა და სარაკეტო მობილურ დანადგარად ასევე უკრაინული "კრაზის" ბაზის გამოყენებას აპირებდა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, "ვილხას" პროგრამის შესრულებას სერიოზული პრობლემები შეექმნა და პრეზიდენტ პოროშენკოს ნაცვლად ზელენსკის მოსვლის შემდეგ თითქმის მთლიანად შეჩერდა...

ამ დროისთვის მხოლოდ 128 რაკეტის გამოშვება მოესწრო, რაც ზღვაში წვეთი გახლდათ, რადგან "ვილხას" ერთ დანადგარს 12-ივე რაკეტის გასაშვებად არა უმეტეს 48 წამი სჭირდება და ბუნებრივია, რომ კორექტირებადი რაკეტების დიდი მარაგი უნდა ჰქონდეს.

მას შემდეგ, რაც უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს უკრაინის სამრეწველო ობიექტების (მათ შორის - ორმაგი და სამხედრო დანიშნულების) განადგურებას საჰაერო დარტყმებით, ძნელად წარმოსადგენია, რომ მოხერხდეს "ვილხას" კორექტირებადი რაკეტების სერიული წარმოების გაგრძელება, მაგრამ უკვე დამზადებული რაკეტების დანიშნულებისამებრ გამოყენებას უკრაინელ სამხედროებს ვერავინ დაუშლის...