"დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები კელი დეგნანზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას" - ნედ პრაისი - კვირის პალიტრა

"დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები კელი დეგნანზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას" - ნედ პრაისი

ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები კელი დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საქართველოს საკითხით დაიწყო.

როგორც მან აღნიშნა, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა რეფორმების საგზაო რუკასთან ერთად, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს. თუმცა, ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის ბოლოდროინდელი რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას“, - აღნიშნა პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და აშშ-ის საელჩო საქართველოში ერთგულია საქართველოს ხალხთან იმუშაოს და მხარი დაუჭიროს მათ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე”, - აღნიშნა პრაისმა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, „ჩვენ 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე".

"ეს უცვლელი რჩება", - აღნიშნა პრაისმა.

IPN