"ვლადიმერ პუტინი პეტრე დიდი არ არის: რუსეთის პრეზიდენტი, თავისი კერპისაგან განსხვავებით, პროგრესისაკენ არ ისწრაფვის" - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინი პეტრე დიდი არ არის: რუსეთის პრეზიდენტი, თავისი კერპისაგან განსხვავებით, პროგრესისაკენ არ ისწრაფვის"

ავსტრიული გაზეთი "დერ სტანდარდი" (Der Standard) აქვეყნებს ლატვიის ყოფილი პრეზიდენტის - ვაირა ვიკე-ფრეიბერგას სტატიას სათაურით - "ვლადიმერ პუტინი პეტრე დიდი არ არის: რუსეთის პრეზიდენტი, თავისი კერპისაგან განსხვავებით, პროგრესისაკენ არ ისწრაფვის".

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

"ვლადიმერ პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება მხოლოდ მისი იმპერიალისტური ფანტაზიებით აიხსნას - იგი ცდილობს, მეფე-იმპერატორის - პეტრე დიდის დაბადების 350 წლისთავი ტერიტორიული მონაპოვრებით აღნიშნოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტაცია იქნებოდა: პეტრე მხოლოდ სამხედრო მიღწევებით არ გამხდარა "დიდი", მან რეფორმებიც გაატარა იმ მიზნით, რომ რუსეთი იმ დროისათვის უფრო თანამედროვე და პროგრესული ქვეყანა გამხდარიყო. მან სანქტ-პეტერბურგი ააშენა - "ფანჯარა ევროპაში" - რომ ჩამორჩენილი რუსეთი უფრო ცივილიზებული ყოფილიყო. ვლადიმერ პუტინი კი რუსეთს იზოლაციას უმზადებს.

(...)

ომი აპარტახებს უკრაინას, ძირს უთხრის გლობალურ ენერგეტიკულ და სასურსათო ბაზრებს მთელ მსოფლიოში. ვლადიმერ პუტინმა კაცობრიობა ისტორიულ გარდამტეხ მომენტამდე მიიყვანა. მისი მმართველობის მეთოდები ყველა ქვეყნისთვის საფრთხედ ითვლება. ვლადიმერ პუტინისა და მისი ავტორიტარული გარემოცვის, მისი თანამზრახველების მოქმედება მსოფლიოსათვის რეგრესს, უკანდახევას ნიშნავს.

იმის ნაცვლად, რომ უმდიდრესი რუსეთი თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნად გადაექცია, ვლადიმერ პუტინი მთელ თავის ენერგიას რევანშისტულ შეტევებზე ხარჯავს, დაკარგული იმპერიის აღდგენის მიზნით. აი, ამიტომაც არის შემაშფოთებელი, როცა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის თანახმად, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ლიეტუვას დამოუკიდებლობა იქნა აღიარებული. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ასეთი მუქარები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

თავის დროზე რუსეთის იმპერიამ პერიფერიებში ბევრი სახელმწიფო დაიმორჩილა და ირგვლივ ბუფერი შექმნა. ვლადიმერ პუტინიც დღეს იმავეს აკეთებს. ტერიტორიული პრეტენზიების გარდა, იგი გავლენისა და კონტროლის სფეროების აღდგენას ცდილობს. მაშინ, როცა რუსეთი ყველა მეზობელი სახელმწიფოსათვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, პუტინის აზრით, რუსეთი თვითონ არის დასავლეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ, ამიტომ მას ირგვლივ ვასალური სახელმწიფოები უნდა ჰყავდეს. კრემლი სპეციალურად აღვივებს და ყინავს კონფლიქტებს, რომ შემდეგ იგივე კონფლიქტები სათავისოდ გამოიყენოს.

რუსეთისათვის მსგავსი კონფლიქტები პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთგვარ "გუგულის კვერცხებს" წარმოადგენს, დაყოვნებული მოქმედების ბომბებს, რომლებიც კრემლისთვის საჭირო მომენტში აფეთქდებიან.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდოვამ მემკვიდრეობად მიიღო სამრეწველო თვალსაზრისით კარგად განვითარებული, მაგრამ ძლიერ რუსიფიცირებული დნესტრისპირეთი. პრაქტიკაში კი, ეს რეგიონი სწრაფად გადაიქცა რუსეთის მიერ კონტროლირებულ ანკლავად. საქართველომაც დაკარგა თავისი ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის 2008 წლის აგრესიული ომის შედეგად და ახლა ქვეყნის რენეგატული რეგიონები [აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი"] კრემლის კონტროლის ქვეშ არიან.

2014 წელს რუსეთი ყირიმში შეიჭრა და ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. გარდა ამისა, რუსეთის ჯარმა დონბასის ნახევარი დაიკავა. ერთადერთმა აზერბაიჯანმა შეძლო თავისი ტერიტორიის - მთიანი ყარაბაღის დაბრუნება, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით სომხეთს ჰქონდა ოკუპირებული მრავალი წლის განმავლობაში.

სახელმწიფოებისა და ხალხების ცივილიზებულ თანაცხოვრებას კეთილი ნება განაპირობებს. ხშირია შემთხვევები, როცა კეთილი ნების არსებობის გარეშე ადამიანების ცხოვრება ძალიან რთულდება და მძიმე ხდება. არის შემთხვევები, რომ ოჯახის წევრები მემკვიდრეობით მიღებულ დიდებულ სახლ-კარს ვერ იყოფენ და ერთმანეთზე ნაწყენები მას ანგრევენ. იგივე ხდება საერთაშორისო არენაზეც - არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა კონფლიქტები ჩნდება... მაგრამ ყოველი ლიდერის მოვალეობაა, რომ ხელი შეუშალოს კონფლიქტების გაჩენას, არც ერთმა ლიდერმა არ უნდა მისცეს არავის საკუთარი სახლის დანგრევის უფლება", - აღნიშნულია სტატიაში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ