როგორ აფასებენ ექსპერტები კარლ ჰარცელის საქმიანობას საქართველოში და რა ვიცით ახალ ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე - კვირის პალიტრა

როგორ აფასებენ ექსპერტები კარლ ჰარცელის საქმიანობას საქართველოში და რა ვიცით ახალ ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე

"მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა საქართველოვ", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოს 4-წლიანი მისიის შემდეგ დიპლომატი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. "დადგა ის დროს, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო უნდა დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის. არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ვხვდებოდით. დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო იქნება ჩვენი ნაწილი. საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის..." - განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა.

"კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო", - ეს კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებაა კარლ ჰარცელის საქართველოში საქმიანობაზე.

ევროკავშირის ელჩის საქართველოში მუშაობა ნეგატიურად შეაფასა მმართველი პარტიის თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ბატონი ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს.

შეეძლო თუ არა ევროპელ დიპლომატს საქართველოში უკეთ მუშაობა და რამდენად იყო დამოკიდებული მის მონდომებაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, ამის გარკვევას ანალიტიკოსებთან - ვანო მაჭავარიანთან და ვახტანგ ძაბირაძესთან საუბრისას შევეცადეთ.

ვანო მაჭარიანი:

- დიპლომატებისთვის საქართველოში მუშაობა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში ძალიან გართულდა. გარწმუნებთ, ძალიან რთულია ამ ხელისუფლების დაყოლიება, საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებს შორის ორმხრივ თუ მრავალხმრივ ურთიერთობებზე. ბატონი ჰარცელის წარმატება - ევროპასთან საქართველოს დაახლოებისა და ურთიერთობის გაღრმავების საქმეში, დიდწილად დამოკიდებული იყო ქართული მხარის ხელშეწყობაზე. ბატონ ჰარცელს განსაკუთრებულად რთულ პერიოდში მოუწია თავისი მისიის შესრულება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია 2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი. ევროკავშირის ელჩს ძალისხმევა არ დაუკლია იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებული რთული ვითარება მოეგვარებინა. ალბათ, გახსოვთ, სწორედ მისი ელჩობის პერიოდში, მისი ძალისხმევით ჩამოვიდა საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული დაპირისპირების და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. "ქართულმა ოცნებამ" ევროპელ დიპლომატებს თავადვე არ მისცა საქართველოს ევროპულ გზაზე დაყენების საშუალება. მათ არ შეასრულეს ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებები, რაც აისახა იმაში, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი.

"ქართული ოცნება" დღეს "გადაბრალების პოლიტიკას" აწარმოებს. არ აკეთებს იმ საქმეს, რასაც, წესით, ხელისუფლება უნდა აკეთებდეს და შემდეგ ყველაფერს სხვებს აბრალებს. როგორც ჩანს, გამონაკლისი არც კარლ ჰარცელი აღმოჩნდა. დიპლომატის მისიაა, ხელი შეუწყოს მასპინძელი ქვეყნიდან წამოსულ იმ ინიციატივებს, რომლებიც ორი ქვეყნის, ამ შემთხვევაში - საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებას შეუწყობს ხელს. ბატონი ჰარცელის მცდელობა, საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების თვალსაზრისით, იყო მაქსიმალური, ხოლო "ქართული ოცნების" პრეტენზიები მისი მისამართით, რბილად რომ ვთქვათ - ძალიან უსამართლო. როგორც ჩანს, ბატონი კობახიძე ძალიან გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ ბატონმა ჰარცელმა ხელი არ შეუწყო ხელისუფლების ტყუილების ტირაჟირებას ევროპაში.

- საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა. რა შეგიძლიათ გვითხრათ მის შესახებ?

- დიპლომატიურ ურთიერთობებში არსებობს როგორც დაწერილი, ისე - დაუწერელი კანონები. როდესაც ელჩს უსაფუძვლო პრეტენზიებს უყენებ, ეს აუცილებლად აისახება საერთაშორისო ურთიერთობებზე. ნახეთ, როგორ ფონზე ჩამოდის ახალი ელჩი - მას უკვე ხვდება პრეტენზიები, ბულინგი მმართველი გუნდის მხრიდან. ე.ი თუ ისიც წინამორბედივით მოიქცევა და "ქართულ ოცნების" სურვილის მიხედვით არ იმოქმედებს, ისიც უარყოფით შეფასებას მიიღებს. ასეთი განცხადებები არის სიბრიყვე და დანაშაული, რომელიც ქართულ სახელმწიფოს მომავალში ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

- როგორ წარმოგიდგენიათ, ახალი ელჩი დაექვემდებარება, როგორც თქვენ ამბობთ, "ქართული ოცნების" ბულინგს?

- იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ელჩი პოლონელია და, დიპლომატიურ-ანალიტიკურ გამოცდილებასთან ერთად, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, მგონია, რომ "ქართული ოცნების" ბულინგს უკუშედეგი მოჰყვება. უფრო მეტიც, მგონია, რომ ის კიდევ უფრო ობიექტური და კრიტიკული იქნება ხელისუფლების მიმართ, ვიდრე - ჰარცელი იყო. ბატონ ჰარცელს უფრო მეტი ნდობა ჰქონდა "ქართული ოცნების" მიმართ და, შესაბამისად, მეტი კრედიტი მისცა. ამჯერად კონკრეტული ვადები და პირობები იქნება დაყენებული, რათა საქართველომ 2023 წლისთვის დაამტკიცოს, რომ რეალურად დგამს ნაბიჯებს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

ვახტანგ ძაბირაძე:

- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალზე დასაფასებელია კარლ ჰარცერის მუშაობა 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდგომ პერიოდში. მაშინ, როდესაც ოპოზიციამ არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა და უარი თქვა საპარლამენტო საქმიანობაზე, სწორედ ჰარცელმა იმუშავა თავდაუზოგავად. შარლ მიშელის ჩამოყვანა, 19 აპრილის შეთანხმება... ყველაფერი მისი დამსახურება იყო. მეტი რა უნდა ექნა, რისი გაკეთება შეეძლო მას და არ გააკეთა, ის მაინც გვითხრას ხელისუფლებამ?

- კობახიძის თქმით, ჰარცელს შეეძლო, უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი მიეღო.

- ამისთვის ჰარცელს კი არა, "ქართულ ოცნებას" უნდა ემუშავა. ამ საქმეში ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანზაციების, ევროპის, ამერიკის და მთელი სამყაროს დადანაშაულებას სჯობს, საკუთარი დანაშაული გაანალიზოს და საქმეს მიხედოს. კარლ ჰარცელმა იმაზე მეტი გააკეთა, რაც ევალებოდა. დიახ, ის თავდაუზოგავად მუშაობდა, მაგრამ მუშაობდა ქვეყნისთვის და არა - "ქართული ოცნებისთვის". ამიტომ არ მოსწონს ხელისუფლებას ის. მერწმუნეთ, მთავრობას იგივე პრობლემები, იგივე დამოკიდებულება ექნება ახალ ელჩთანაც. ახალი ელჩი, როგორც ყველა ჭეშმარიტი და პატრიოტი პოლონელი, რუსეთთან მიმართებით იქნება გაცილებით მკვეთრი და კრიტიკული. ამიტომ, "ოცნებას" წინასწარ "ვულოცავ", პაველ ჰერჩინსკი მათ პოზიციას ნამდვილად არ გაიზიარებს. შესაბამისად, წინ ელით უფრო რთული და დაძაბული ურთიერთობები, თუმცა, ქვეყნის მხარდაჭერის თვალსაზრისით - იქნება მაქსიმალურად თავდადებული.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე