"თვალებიდან არ ამომდის ის წუთები, როცა რეანიმაციაში შევედი და ესენი ვნახე - ავტირდი" - ვინ არიან ბათუმში დაბადებული 3 ტყუპი გოგონას მშობლები? - კვირის პალიტრა

"თვალებიდან არ ამომდის ის წუთები, როცა რეანიმაციაში შევედი და ესენი ვნახე - ავტირდი" - ვინ არიან ბათუმში დაბადებული 3 ტყუპი გოგონას მშობლები?

არქივი

ბათუმში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილი - გიორგი ცეცხლაძე და ნათია იზორია სამი პატარას მოვლინებას მოუთმენლად ელოდა. ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში 2022 წლის 19 მაისს გესტაციის 31-ე კვირას სამი ტყუპი დაიბადა. ევა 1100 გრამს იწონიდა, მარია და ნია კი - 1500-1500 გრამს.

ახალშობილთა ინტენსიურ განყოფილებაში მათ 2 თვე გაატარეს და რამდენიმე დღის წინ, სრულიად ჯანმრთელები, კლინიკიდან გაეწერნენ. დები ცეცხლაძეები გაწერისას საკმაოდ გაზრდილები იყვნენ - მარია - 3.130 გრ., ნია – 3.140 გრ., ევა – 2.980 გრ. ტყუპს ოჯახში 14 წლის და სიხარულით დახვდა, რომელიც უკვე აქტიურად ჩაერთო პატარების მოვლაში.

სამი გოგონას ამქვეყნად მოვლინებით ძალიან ბედნიერები არიან მათი მშობლები. ისინი უპრობლემოდ დაგვთანხმდნენ ინტერვიუზე.

გიორგი ცეცხლაძე:

- ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვართ. ჩვენი პატარები უკვე სახლში არიან. პირველად ექოსკოპიაზე რომ მივიდა ნათია, გვითხრეს, რომ ორსულად იყო. ძალიან გაგვიხარდა. მეორე ვიზიტზე გავიგეთ, რომ ტყუპი იყო, მესამე მისვლაზე უკვე გვითხრეს, სამი ნაყოფიაო. ამ ინფორმაციით შოკირებულები ვიყავით. სრულიად მოულოდნელი იყო სამი ტყუპი ჩვენთვის.

სულ სხვა ემოცია მოჰყვა მათ დაბადებას. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, ძალიან დიდი სიხარული იყო. უფროსი გოგონა 14 წლის გვყავს. სიხარულთან ერთად დიდი ნერვიულობაც იყო, რადგან ჩემს მეუღლეს ტოქსიკური ორსულობა ჰქონდა და ბავშვების დაბადებამდე დიდი სანერვიულო გვქონდა. ძალიან დიდი ბრძოლა დასჭირდა, რომ ნაყოფი შენარჩუნებულიყო. ღვთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დღენაკლულები - 6 თვის და 3 კვირის იყვნენ, როცა საკეისრო კვეთა ჩატარდა და ასე დაიბადნენ ჩვენი გოგონები. მერე 2 თვე დაჰყვეს საავადმყოფოში, ინკუბატორში იყვნენ, სანამ 2 თვის არ გახდნენ, მანამდე სახლში არ გამოგვატანეს.

მათი დაბადებიდან ეს ორი თვეც სულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვიყავით, ძალიან სანერვიულო იყო, თავიდან ბავშვების კარგად ყოფნის იმედსაც არ გვაძლევდნენ, 50- 50-ზე იყო, ამბობდნენ, ღმერთს უნდა მივენდოთო. მადლობა ღმერთს, რომ საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დღეს ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენი სამივე ახალშობილი სახლში გვყავს, ვეფერებით და ვესიყვარულებით.

tyupi-1658407683.jpg

- გიორგი, პირველად ხელში რომელი აიყვანეთ და რა ემოცია იყო?

- პირველად ევა დაიბადა, 1100 გრამი იყო, მარია და ნია 1500- 1500 გრამი იყვნენ, რომ მოევლინნენ ამ ქვეყანას. ბავშვები კლინიკიდან რომ გამოვიყვანეთ, წონაში საკმაოდ მომატებულები იყვნენ, ისეთები, ხელში აყვანა რომ არ შეგეშინდება. პირველად ევა დავიჭირე ხელში, მას განსაკუთრებული პრობლემები ჰქონდა. შვილებს არ ვასხვავებ, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი, რადგან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა - სუნთქვის უკმარისობა და სხვა.

- სახელები წინასწარ შერეული გქონდათ?

- კი, ორისთვის წინასწარ გვქონდა შერჩეული.

tyupis-mshoblebi-1658407728.jpg

ნათია იზორია, ტყუპის დედა, 33 წლის:

- მე სახელი არც ერთისთვის არ დამირქმევია, პირველი ევა გაჩნდა და მას გიორგიმ შეურჩია სახელი, მეორე გოგონას ჩვენმა 14 წლის შვილმა - ნინომ დაარქვა მარია, მესამეს კი - ბებიამ, დედაჩემმა - ნია, რადგან ეს სახელი ძალიან მოსწონს. მე მინდოდა სოფია დამერქმია რომელიმესთვის, მაგრამ არ მომეცა საშუალება.

- ტყუპი გენეტიკურად გყავდათ სანათესაოში?

- მე არ მყავს გენეტიკაში ტყუპი, ჩემი მეუღლის სანათესაოში კი - არიან.

294547916-480182583937843-2351881558370997275-n-1658407821.jpg

- ნათია, თქვენთვის რა ემოცია იყო, როცა გაიგეთ, რომ სამი ტყუპი გოგონას დედა გახდებოდით?

- ძალიან ემოციური ვარ, ზოგადად და ვფიქრობ, ყველა ქალი ემოციურია, როცა იგებს, რომ ორსულად არის. მე რომ გავიგე, ტყუპი იქნებოდა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი და ვტიროდი. შოკური მდგომარეობა მქონდა, ვერ ვიჯერებდი. მეგონა, რომ ტყუპი მხოლოდ დიდი ტანის გოგონებს, სრულ ქალებს უჩნდებოდათ და არა - ჩემნაირ, პატარა გოგონებს. მერე, რომ მითხრეს, ორი კი არა, მესამეც არისო, გავოცდი. სანამ არ დავინახე ჩემი სამი პატარა, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ სამნი იყვნენ, სულ ვამბობდი, - შეუძლებელია-მეთქი.

რთული ორსულობა მქონდა, თავიდანვე - წოლითი რეჟიმი, თვეზე მეტხანს საჭმელს ვერ ვჭამდი, წყალსაც კი ვერ ვირგებდი. ძალიან ცუდად ვიყავი. ისე გამოვიდა, ფაქტობრივად, ჩემი ორგანიზმიდან იკვებებოდნენ და წამართვეს ყველაფერი. მეორე ხარისხის ანემია დამეწყო, მარჯვენა თირკმელზე შემექმნა პრობლემები...

294614530-866831220960596-7764794264422384291-n-1658407884.jpg

მადლობა ჩემს ექიმს, ნონა ქორიძეს და ექოსკოპისტს - ხათუნა სურმანიძეს. ამ ორმა ადამიანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი პატარები ჯანმრთელები დაბადებულიყვნენ. ყოველ ორ კვირაში მიბარებდნენ. ბევრჯერ საფასურის გარეშეც მემსახურებოდნენ, ძალიან ნერვიულობდნენ ჩემზე. მესიჯები ახლაც მაქვს შენახული და ჩემი ექიმი დღემდე დაინტერესებულია ჩემი სამი ტყუპის მდგომარეობით. მადლობა მათ და მადლობა ღმერთს, რომ დღეს ყველაფერი კარგად არის. ჩემი ექიმის რჩევით წავედი ბოლოს კლინიკაში, რადგან მესამე დონის ინკუბაცია აქვთ... მადლობა "მედინას" მთელ კოლექტივს, ექიმებს, ექთნებს, საოცარი ადამიანია ექიმი ქეთევან შერვაშიძე. ის გვაძლევდა იმის უფლებასაც, რომ საღამოს ჩვენი შვილები ცოტა ხნით გვენახა. ძალიან მებრძოლი და ჰუმანური ადამიანია, დიდი ნერვები და დრო დახარჯა ჩვენს პატარებზე. ძალიან მადლიერი ვარ მედპერსონალის, დიდი სიკეთე და ბედნიერება მაჩუქეს. სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩატარდა, ნარკოზი გამიკეთეს და ისე დაიბადნენ ჩვენი გოგონები.

ევას ჰქონდა პრობლემები თავიდან, მან დაძლია და მერე უფრო აქტიური გახდა. შემდგომში მარიას შეექმნა პრობლემები, მარია უფრო სუსტი აღმოჩნდა. დღეს სამივე ძალიან კარგადაა და ისეთი საყვარლები არიან, თვალს ვერ ვაშორებ. ერთმანეთზე უკეთესები არიან. მშობიარობის შემდეგ სამივე რეანიმაციაში, ინკუბატორში შეიყვანეს. მომეცა საშუალება, რომ დამეხედა ჩემი შვილებისთვის და ეს გრძნობა, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება. ცხოვრებაში პირველად ვნახე ასეთი უსუსურები და ასეთი პატარები. დღემდე ემოციით დატვირთული ვარ და თვალებიდან არ ამომდის ის წუთები, როცა რეანიმაციაში შევედი და ესენი ვნახე. ვერ დავმალე ჩემი ემოცია და ავტირდი. მარტო ჩემი პატარები არა, სხვებიც იყვნენ ასეთი უსუსურები და მათ გამოც ვღელავდი.

არც მეგონა, რომ შეიძლებოდა, ასეთი უსუსურები დაბადებულიყვნენ. ეს მტკივნეულიც იყო და, ამავე დროს, ბედნიერი ვიყავი, რომ მათ ვუყურებდი. როცა გამომწერეს და ბავშვები რეანიმაციაში დარჩნენ, თავიდან არ გვანახებდნენ, კვირაში ერთხელ გვქონდა საშუალება, რომ დაგვეხედა მათთვის. შემდეგ წინასწარ მოსამზადებელ პალატაში იყვნენ, ასე გაიარა კლინიკაში ორმა თვემ. დილას და საღამოს მათთვის რძე მიმქონდა. ბუნებრივი კვება ვიცი, როგორი მნიშვნელოვანია პატარებისთვის, რომ ჯანმრთელები იყვნენ და ამიტომ მაქსიმალურად შევეცდები, რომ ისინი დედის რძით გამოვკვებო. მართალია, დღეს ვეღარ ინაწილებენ, დღე-ღამეში სამჯერ მაინც ვამატებთ დამატებით კვებას, მაგრამ დანარჩენ დროს ბუნებრივ კვებაზე მყავს. მინდა, უფრო მოძლიერდნენ.

- სახლში ვინ გეხმარებათ?

- ჩვენი 14 წლის შვილი გვეხმარება, ერთი სული აქვს და ელოდება, როდის გაიღვიძებენ, რომ ხელში აიყვანოს. ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლე, მული, დედამთილი, რომელიც საბავშვო ბაღში მუშაობს და აქტიურად იღებს მონაწილეობას. ახლა დედაჩემიც ჩამოვა.

293445616-889013459158053-1739059092308078625-n-1658408015.jpg

- წარმოგედგინათ ოდესმე ტყუპის დედა რომ იქნებოდით?

- გიორგი ამბობდა, რომ უნდოდა ტყუპი და - წარმოედგინა კიდეც. ჩემს მეზობლად ტყუპი გოგონები ჰყავდათ და მათ რომ ვუყურებდი, გავიფიქრებდი ხოლმე ჩემს 14 წლის გოგოზე, ორნი რომ ყოფილიყვნენ, ნეტა როგორები იქნებოდნენ, რა იქნებოდა, როგორი ცხოვრებით იცხოვრებდნენ-მეთქი. ახლა სამი ტყუპის დედა ვარ და მას მერე, რაც გავიგე, ტყუპს ველოდებოდი, უფრო ინტენსიურად ვეძებ ინტერნეტში მათზე ინფორმაციებს, ყველაფერი მაინტერესებს, როგორი ხასიათი აქვთ, როგორები არიან და აშ. სამი გოგონა, სამი ლამაზი პრინცესა მოვიყვანეთ კვირას სახლში. კარგად გრძნობენ თავს, ვატყობ უფრო მეტად მოიმატეს, გაორმაგებით ჭამენ. ძალიან აქტიურია ნიაკო, სულ უნდა, ჭამოს, სულ შია და ძუძუზეა ჩამოკიდებული. უფრო აქტიურიც არის და ეტყობა კიდევაც.

ჩემი მეუღლის, გიორგის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მთლიანად ჩართულია ამ პროცესში. ღამე - მით უმეტეს. ერთს რომ ვაჭმევთ, ამ დროს მეორე ტირის და ის გაჰყავს გიორგის ოთახიდან, რომ მესამეც არ გააღვიძონ. აწყნარებს, ეფერება, მერე, მეორე რომ შეჭამს, უკვე მესამისთვის დრო უფრო მექნება. ძალიან კი იღლება ღამისთევით, რადგან დილით სამსახურში უწევს წასვლა და ეს დღეები გამოფიტული დადის, მაგრამ ცოტა ხანი მოგვიწევს ამ რეჟიმში ყოფნა და მერე ყველაფერი კარგად იქნება.

ჩვენი სამი ტყუპის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო და გვილოცავენ ამ სასიხარულო ამბავს. ამდენი დადებითი ემოცია ძალიან გვავსებს და გვიხარია. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სიხარული და ბედნიერება უხარია. მირეკავენ და მეუბნებიან, გვაჩვენეთ თქვენი პატარებიო. მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ომის შემდეგ კახეთში გადავედით საცხოვრებლად, რადგან დედაჩემი კახეთიდან იყო და იქ ვცხოვრობდი. სამი ბუნებრივად დაბადებული ბავშვი ჩვენს სოფელში არ არის და - უკვირთ. ვიდეოთვალით ვანახებ ხოლმე იქაურ ნათესავებს. დედა მყავს თელავის სოფელ ნაფარეულიდან.

- თქვენი სიყვარულის ამბავიც გვიამბეთ...

- მე და გიორგიმ სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი, მაშინ საქართველოში არ ვიყავი. 4 წელი მელოდებოდა გმირულად და მერე დავქორწინდით. სიყვარულით შეიქმნა ჩვენი ოჯახი და დიდ სიყვარულში გავზრდით ჩვენს საყვარელ პატარებს.

"კვირის პალიტრა" უერთდება ბათუმში მცხოვრები წყვილის - ნათია იზორიას და გიორგი ცეცხლაძის ოჯახის ამ დიდ სიხარულს და ტყუპს: ევას, მარიას და ნიას, ბედნიერ მომავალს უსურვებს.

(სპეციალურად საიტისთვის)