"ქართული ოცნება“ ქვეყნის ბედით თამაშობს, წარმოიდგინეთ, რა მოხდება ამერიკამ უარი რომ თქვას არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება“ ქვეყნის ბედით თამაშობს, წარმოიდგინეთ, რა მოხდება ამერიკამ უარი რომ თქვას არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე"

"კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ახლა ხელისუფლების მთავარი პრობლემაა ბიძინა ივანიშვილის პერსონის დაცვა სანქციებისგან და იმ პრობლემებისგან, რომელიც მას შეიძლება შეექმნას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ერთგვარი შანტაჟით თუ უსუსური მუქარით საერთაშორისო პარტნიორებს ათქმევინოს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და მას სანქციები არ უნდა შეეხოს.

"ქართულ ოცნებას“ აქვს ერთი სერიოზული პრობლემა. მას პრობლემა ოპოზიციური ფლანგიდან არ ექმნება, ვინაიდან, ოპოზიციური ფლანგი არის ძალიან დასუსტებული, დეზორგანიზებული და ვერანაირი ტიპის ხელშესახებ პრობლემას ხელისუფლებას ვერ უქმნის. ახლა ხელისუფლების მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილის პერსონის დაცვა სანქციებისგან, გარკვეული ტიპის პრობლემებისგან, რომელიც მას შეიძლება შეექმნას. ამიტომ, რასაც ვხედავთ ჩვენი დასავლელი თუ ამერიკელი პარტნიორების მიმართულებით, ემსახურება ერთადერთ მიზანს - ერთგვარი შანტაჟით თუ უსუსური მუქარით აიძულონ და ათქმევინონ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, მას სანქციები არ შეეხება და ა.შ. ამას ადასტურებს ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილი, რომელიც მან ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირს, ქალბატონ ურსულას [ფონ დერ ლაიენს] მიწერა, ეს ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეშინებულია, სანქციები არ შეეხოს, ოლიგარქების სიაში არ შეიყვანონ და ა.შ “, - განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეხება ხელისუფლების მხრიდან ელჩების კრიტიკას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საპასუხო განცხადებას, ზვიად ძიძიგურის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან „ეს უბადრუკი მცდელობები ემსახურება ერთი პერსონის-ბიძინა ივანიშვილის კომფორტის უზრუნველყოფას“.

მისი შეფასებით, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის და განცხადებების გამო, ძალიან მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა თუნდაც არაღიარების პოლიტიკა, შესაძლოა, საფრთხის წინაშე დადგეს.

"ეს ძალიან საშიშია, ცეცხლთან თამაშია ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რა მოხდება ამერიკამ უარი რომ თქვას არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე. ევროპის რამდენი სახელმწიფო აღიარებს სოხუმსა და ცხინვალს? ამის წარმოდგენა შეუძლია ვინმეს ხელისუფლებაში?! შეუძლიათ ამაზე პასუხის გაცემა?! ეს არის ცეცხლთან თამაში და არ არის მარტო ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნის თემაზე აპელირება ან რაღაც ტიპის ჟონგლიორობა ამ მიმართულებით. პირდაპირ შენი ქვეყნის ბედით თამაშობ!“,-განაცხადა ძიძიგურმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესრულების პროცესში ოპოზიციური პარტიების ჩართვა ბევრ რამეს შეცვლის. ზვიად ძიძიგურის განმარტებით, დეპოლარიზაციას ორივე მხარის ჩართულობა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება "ყელმოღერებით ეტყვის ევროპარლამენტარებს, დიალოგზე არ მოდიან და რა გავაკეთოთო“.

"ინტერპრესნიუსი"