"ეკონომიკური ომი გამოცხადებულია, მაგრამ ომში არავინ არ მიდის" - რას წერს გავლენიანი გერმანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ეკონომიკური ომი გამოცხადებულია, მაგრამ ომში არავინ არ მიდის" - რას წერს გავლენიანი გერმანული გამოცემა

გერმანულ "შპიგელში" (Der Spiegel) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ეკონომიკური ომი გამოცხადებულია, მაგრამ ომში არავინ არ მიდის" (ავტორი - მიხაელ ზაუგა), რომელშიც უკრაინის მიმართ ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებული პრობლემებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

კრემლის იერარქიაში დიმიტრი მედვედევი მხოლოდ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს წარმოადგენს, მაგრამ მას ცოტა ვინმე თუ შეედრება ანტიდასავლურ პროპაგანდასა და პრეზიდენტ პუტინისადმი მლიქვნელობაში. ასე, მაგალითად, მან თავის Telegram-არხზე ბორის ჯონსონისა და მარიო დრაგის ფოტოსურათები განათავსა და თან დიდი კითხვის ნიშანი დაურთო. როგორც ჩანს, დიმიტრი მედვედევისაგან კითხვა ნიშნის მოგებით და ღვარძლიანად არის დასმული: "ვინაა შემდეგი?".

დიმიტრი მედვედევი, რომლის მიმართ რუსეთში ერთ დროს გარკვეული იმედები არსებობდა რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, უკვე დიდი ხანია, გადაიქცა ომის მთავარ მხარდამჭერად მოსკოვში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მან ზუსტად მიზანში მოარტყა: შვიდი თვე გავიდა იმ დღიდან, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა, ვლადიმერ პუტინი კი ისე მტკიცედ ზის უნაგირზე, როგორც არასდროს. აი, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი კი თავს ძლივს იმაგრებს, სახელისუფლო სკამებიდან რომ არ გადმოვარდეს. და ეს ეხება არა მხოლოდ ლონდონისა და რომის კაბინეტებს: ელისეის სასახლეში მჯდომი ფრანგი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მდგომარეობაც საკმაოდ მყიფეა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - მას მოუწევს საკანონმდებლო ორგანოში საქმე ჰქონდეს ისეთ ოპოზიციასთან - მემარჯვენე და მემარცხენე პოპულისტებთან - რომელიც კეთილად არიან განწყობილი ვლადიმერ პუტინის მიმართ. აშშ-ში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები უკვე შეურიგდნენ იმ აზრს, რომ ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებში ისინი დამარცხდებიან. გერმანიაში ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი არჩევნებამდე უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდა, ვიდრე ახლა. ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი გააერთიანაო. შეიძლება სწორიც არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პუტინმა ისინი გააძლიერა.

ასეთი სიტუაციის მიზეზები ბევრია, მაგრამ მათგან ერთ-ერთი მთავარი ისაა, თუ როგორ წარმართავს დასავლეთი ეკონომიკურ ომს რუსეთის წინააღმდეგ. ვერ ვიტყვით, რომ ამ საკითხში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. დღეისათვის ანტირუსულმა კოალიციამ ექვსი სასანქციო პაკეტი მიიღო, მაგრამ ექპერტების აზრით, ეკონომიკური დაცემა უფრო მეტად სანქციების ინიციატორებს ემუქრებათ, ვიდრე რუსეთს. მართალია, არის იმედი, რომ სანქციების მტკივნეულ შედეგებს რუსეთი წლის ბოლოს უფრო იგრძნობს, ეკონომიკის რეცესია უფრო აშკარა იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია.

შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინზე სანქციებმა ვერანაირი სასურველი გავლენა ვერ მოახდინა - ისეთი, როგორიც დასავლეთს უნდოდა. დიახ, ევროკავშირმა რუსეთს შეუზღუდა შემოსავლების მიღების მთავარი წყარო - უარი თქვა (თუნდაც ნაწილობრივ) რუსულ ენერგომატარებლებზე, მაგრამ ნავთობ-გაზზე ფასების ზრდის გამო რუსეთის ხაზინაში ფულის ნაკადი კი არ შემცირებულა, პირიქით - უფრო გაიზარდა. და რაც უფრო სამწუხაროა, ანტირუსული სანქციებით თვითონ დასავლეთი უფრო მეტად ზარალდება - ეცემა წარმოების ტემპები. ამიტომ სულ უფრო მეტი ეკონომისტი წინასწარმეტყველებს, რომ მსოფლიო ეკონომიკის რეცესია სწორედ ევროპით დაიწყება. შესაბამისად, იბადება კითხვა: ნუთუ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულმა სანქციებმა მიზანს გვერდი აუარეს?

შესაძლოა, ვინც ასე ფიქრობს, ეს ნაადრევი დასკვნა იყოს. გვინდა გვჯეროდეს, რომ სანქციების დიდი ნაწილი გრძელვადიანია და საბოლოოდ შედეგს გამოიღებს, ხოლო დასავლეთი კრემლთან ვაჭრობას მინიმუმამდე შეზღუდავს.

მაგრამ შეუძლებელია არ დავინახოთ ის, რომ დასავლეთი ანტირუსულ სასანქციო პოლიტიკას არ წარმართავს ისე, როგორც უნდა წარმართოს - აუცილებელი მოთმინებით, მტკიცე, დამაჯერებლური მოქმედებით და პატიოსანი მიდგომებით.

ეკონომიკური ომი ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგეს ზიანს აყენებ, მაგრამ იმავდროულად არ უნდა იტირო, შენც თუ დაზარალდები. ვინც სანქციებს აცხადებს, მან თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ თვითონაც გარკვეულწილად დაზარალდება და ამაზე ჩუმად არ უნდა იყოს. და რადგანაც ზარალის იგნორირება არ შეიძლება, რადგანაც ზარალი გარდაუვალია, ამიტომ უმჯობესი იქნება, ის სამართლიანად განაწილდეს "ომის გამომცხადებლებს" შორის.

ასეთია ეკონომიკური კონფლიქტის ლოგიკა, მაგრამ ზოგიერთი "ეშმაკი ევროპელი" ცდილობს ამ ფორმულის მეორე ნაწილის - "ზარალის გადანაწილების" იგნორირებას. ცნობილი პაციფისტური დევიზი დღეს შეიძლება ასეთი სახით გაჟღერდეს: "წარმოიდგინეთ, ეკონომიკური ომია გამოცხადებული, მაგრამ ომში წასვლას არავინ აპირებს".

უკრაინის ეკონომიკას რუსებმა უდიდესი ზიანი მიაყენეს, ამიტომ ქვეყნის მთავრობას სულ უფრო მეტი ფული სჭირდება. ბუნებრივია, ამჟამინდელ სიტუაციაში ფული უკრაინამ მხოლოდ დასავლეთიდან შეიძლება მიიღოს. მაგრამ როცა კიევში ჩასული ევროპელი ლიდერები თავს იწონებენ ტელეკამერების წინაშე, ბევრს ლაპარაკობენ უკრაინის ნათელ პერსპექტივაზე - ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე, მათ რატომღაც არ უყვართ ფინანსებზე საუბარი, რომელიც იმავე უკრაინას ახლა სჭირდება და განსაკუთრებით - შემოდგომისათვის.

"დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრების კონფერენციაზე გადაწყდა, რომ უკრაინას აშშ 7 მილიარდ ევროს გამოუყოფს, გერმანია კი - მხოლოდ 1 მილიარდს. ხოლო იმ 9 მილიარდი ევროდან, რომელიც ბრიუსელმა ვლადიმერ ზელენსკის მთავრობას ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაჰპირდა, მხოლოდ ერთი მილიარდია მიღებული. ესე იგი, გამოდის, რომ ევროპა ძუნწობს და თუ ასე გაგრძელდება, უკრაინას ფული უფრო ადრე გამოელევა, ვიდრე - საბრძოლო მასალები. ეს დაუშვებელია.

იმის შესახებ, თუ როგორი რეაგირება უნდა მოახდინოს ევროპამ ენერგიაზე ფასების მატებაზე, ექსპერტები პრაქტიკულად არ დაობენ. მთავრობები ვალდებულნი არიან მხარი დაუჭირონ გაჭირვებულ და ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებს, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, არ უნდა შეზღუდონ (შეაკავონ) ფასები, რათა ეკონომიკური სტიმული შენარჩუნდეს. ამრიგად, სანქციური პოლიტიკის სიმძიმეები მხრებზე დააწვებათ კარგი და ძალიან კარგი ანაზღაურების მქონე მოქალაქეებს, რომლებთაც შედარებით ადვილად შეუძლიათ ფინანსური დანაკარგების გადატანა.

მაგრამ ბევრი ევროპელი ლიდერი ასე არ თვლის, მაგალითად, ემანუელ მაკრონი, რომელიც საკმაოდ რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი. ამას წინათ მან თანამემამულეებს, მსყიდველობითი უნარიანობის შენარჩუნების მიზნით, მოზრდილი პაკეტი შესთავაზა, რომელშიც ბენზინის გრძელვადიანი სუბსიდიაც არის გათვალისწინებული (ფასები ისეთი უნდა შენარჩუნდეს, როგორიც უკრაინის ომამდე იყო). თითქოსდა ნორმალურია, მაგრამ ეს სუბსიდიები, საბოლოო ჯამში, ილუზიურია. ეს ნიშნავს, რომ დაიხარჯება დიდი ფული, სამაგიეროდ, გაიზრდება საფრანგეთის სახელმწიფო საშინაო ვალი, რომელიც მძიმე იქნება განსაკუთრებით გაჭირვებულ და ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებისათვის. მაგრამ დღეს ელისეის სასახლეში მყოფებს ეს ნაკლებად აინტერესებთ, მათთვის მთავარია "ყვითელი ჟილეტების" მორიგი პროტესტი არ მოხდეს.

მსგავსი სიტუაციაა ევროპული პოლიტიკის ბევრ სხვა ცენტრში. ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები ამაყად იმაგრებენ პიჯაკებზე ყვითელ-ლურჯ ლენტებს, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნით, მაგრამ ყურებში თითებს იცობენ, როცა საქმე უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გაწევას ეხება. მინისტრებს ძალიან მოსწონთ, როცა მათ ქება-დიდებას ასხამენ გაბედული ანტირუსული სანქციების გამოცხადებისათვის, მაგრამ თვალს არიდებენ, როცა საქმე ეხება იმას, თუ ვინ გადაიხდის ამ სანქციებით გამოწვეულ უკუზარალს. ისინი პროპაგანდირებენ ეპოქის შეცვლას, მაგრამ გულში იმედი აქვთ, რომ ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც 24 თებერვლამდე იყო.

არადა, გამოკითხვები მოწმობს, რომ ევროპის მოქალაქეები, თუ მათ ყველაფერს ნორმალურად და გასაგებად აუხსნი, მზად არიან, უარი თქვან საკუთარ კეთილდღეობაზე უკრაინის სასარგებლოდ. თუ ისინი დარწმუნდებიან, რომ ხარჯები ობიექტურად ნაწილდება ყველასათვის, მაშინ თანხმობაზე პრობლემა არ იქნება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ