რომელია უფრო დიდი საფრთხე საქართველოსთვის: ჩინეთი, თუ რუსეთი? - კვირის პალიტრა

რომელია უფრო დიდი საფრთხე საქართველოსთვის: ჩინეთი, თუ რუსეთი?

გაოცება გიპყრობს, როდესაც დასავლეთის ქვეყნების უმოქმედობას და უნიათობას უყურებ: ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე რუსეთმა საქართველოში შემოჭრით, ყირიმის ანექსიით და ახლა, უკრაინის წინააღმდეგ იმპერიალისტური ომით (ეს რაც დადასტურებული ფაქტია) მსოფლიო დღის წესრიგი შეცვალა და ეს უნდა შერჩეს? მხოლოდ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების შემდეგ ოდნავ გამოფხიზლდნენ ევროპასა და ამერიკაში. თუმცა რამდენ ხანს გაუძლებს დასავლეთი "ეკონომიურად ბუნებრივი გაზის მოხმარებას", კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინის სამხედრო დახმარება და რუსეთის მიმართ სანქციების მოქმედება, არავინ იცის.

ამის მიუხედავად დასავლეთში კვლავ იმეორებენ, რომ მსოფლიო დემოკრატიული სისტემისთვის მთავარი საფრთხე ჩინეთია და არა რუსეთი. "ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდება ჩინეთის მხრიდან და არა რუსეთიდან" - რამდენიმე დღის წინ განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა. კიდევ უფრო რადიკალურია ნატოს შეფასება. საინტერესოა, რომ თუ 2010 წელს მიღებული ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში ჩინეთი საერთოდ არ იყო ნახსენები, 2022 წლის ივნისის ბოლოს, მადრიდში გამართულ სამიტზე მიღებულ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩინეთი დასახელებულია დასავლეთის მთავარ საფრთხედ მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ: მთავარი საფრთხე არა რუსეთია, რომელიც, რაც უნდა იმას აკეთებს, არამედ - ჩინეთი. ნატო პირდაპირ აცხადებს, რომ ჩინეთის "ჰიბრიდული ოპერაციები" , რომლებიც მიმართულია მოკავშირეებისა და ალიანსის წინააღმდეგ, ძირს უთხრის ნატოს წევრების უსაფრთხოებას. ნატოს კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ინსტრუმენტების ფართო სპექტრის გამოყენებით ცდილობს გაზარდოს თავისი გლობალური გავლენა მსოფლიოში. აგერ რუსეთმა შეიძლება მესამე მსოფლიო ომი, თანაც ბირთვული, დაიწყოს და ამ დროს ჩინეთის გავლენის ზრდა არის მთავარი საფრთხე? ქართული ანდაზისა არ იყოს: მგელს მგლობას აბრალებდნენ, ტურამ კი ქვეყანა დააქციაო.

ჩინეთმა კარგად იცის, თუ რა გაიტანოს მსოფლიო ბაზრებზე. მით უმეტეს, მათი საქონლის თვითღირებულება საკმაოდ დაბალია იაფი სამუშაო ძალის გამო და ამიტომ ჩინურ პროდუქციას ევროპული და ამერიკული ბაზრის სერიოზული სეგმენტი უჭირავს. არის მეორე ფაქტორიც - ჩინური ექსპორტი წარმატებულია ჩინეთის ვალუტის (იუანი) დაბალი კურსის გამო აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში, რაც ჩინური პროდუქციის სიიაფეს იწვევს. ამერიკელები ბრალს სდებენ ჩინეთის ხელისუფლებას, რომ ის ხელოვნურად უწყობს ხელს თავისი ვალუტის დევალვაციას დოლართან და ევროსთან, რომ ჩინური პროდუქცია გაიაფდეს. რამდენიმე წლის წინ აშშ-სა და კანადაში "ჰუავეის" წარმომადგენლობას სერიოზული წინააღმდეგობები შეუქმნეს. ასეთ შემთხვევებში ძნელია იმის გარკვევა, სად გადის ზღვარი ჯაშუშობასა და ეკონომიკურ კონკურენციას შორის. ჩემი აზრით, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის "ჰუავეი" კონკურენტიცაა და ჩინეთის სპეცსამსახურების დასაყრდენიც.

99 წლის ჰენრი კისინჯერი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტის თანაშემწე იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ვერ მიაღწევს წარმატებას ჩინეთთან ურთიერთობაში, მუდმივი დაპირისპირების მდგომარეობაში.

b1-1658475965.jpg
ჰენრი კისინჯერი

მისი აზრით ამერიკის ხელმძღვანელობას: "მხედველობაში უნდა ჰქონდეს ჩინეთის სტაბილურობა და ის ფაქტი, რომ შეუძლებელია ჩინეთის პრობლემის თავიდან აცილება". მას მიაჩნია, რომ აშშ-მა უნდა იპოვოს გზა ჩინეთთან თანაარსებობისთვის. ჩინეთს შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიაში სერიოზული გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და აღმოსავლური ეშმაკობითა და პედანტურობით ცდილობს მათ განხორციელებას. ჩინეთში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები ცალ-ცალკე არ არსებობს, ხელმძღვანელი ისევ კომუნისტური პარტიაა, ეს ქვეყანა ყოველდღიურად ძლიერდება და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები კვლავ პრიორიტეტულია. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ განებივრებულები ინვესტიციებით და ხშირად ჩინური კომპანია არის ხოლმე ერთადერთი ინვესტორი.

ჩინეთის სპეცსამსახურები განსაკუთრებით გულმოდგინედ იმ ქვეყნებში ცდილობენ ოპერატიულ-აგენტურულ შეღწევას და დამკვიდრებას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები იკვეთება. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა საქართველოცაა. ჩინეთის მოსახლეობის ზრდის გამო მრავალი მილიონი ჩინელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობს და, როგორც წესი კონტაქტს აგრძელებენ სამშობლოსთან. დღეისათვის ჩინელთა დიასპორის რაოდენობა ამერიკაში 2-3 მლნ ადამიანს აჭარბებს. რუსეთში კი, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში 2 მლნ-ს მიაღწია, ჩინელები აქტიურად სახლდებიან ევროპაშიც. დიასპორის შიგნით აგენტურის მუშაობა ჩინეთის დაზვერვის ერთ-ერთი დიდი უპირტესობაა. შესაძლებელია ვინმეს ეგონოს, რომ საქართველო ჯერ შორსაა ამ პრობლემებისგან, მაგრამ ამგვარი მიდგომა ნამდვილად მცდარია.

დასავლეთის მიერ ჩინეთის #1 მოწინააღმდეგედ აღიარება რუსეთის ინტერესებშია. ამავე დროს "მოსკოვი-პეკინის" კოალიცია მნიშვნელოვნად მოქმედებს მსოფლიოში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. ჩინეთი რუსეთის პარტნიორია და მათი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ოფიციალურად გაცხადებული თანხვედრა ხშირად ფიქსირდება. მათი კოალიცია მიმართულია დასავლური ინიციატივებისა და განსაკუთრებით, აშშ-სა და ნატოს წინააღმდეგ. აღნიშნული ქმნის რეალურ საშიშროებას, რომ საქართველო ამ ორი ძალის დაპირისპირების არენად გადაიქცეს.

საქართველოსა და ჩინეთის შორის ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკურსა და კულტარულ-ჰუმანიტარულ არ სცილდება და ეს ქვეყნები ერთმანეთს პირდაპირ საფრთხეს არ უქმნიან. ამავე დროს საქართველო აქტიურად მიისწრაფვის ჩრდილო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ და სრულიად დასაშვებია, რომ საქართველო, ჩინეთის მიერ უკვე მოიაზრებოდეს მისი მტრების მეგობრად და პოტენციურ საფრთხედ, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ჩინეთი სხვადასხვა მეთოდებით კიდევ უფრო გააძლიერებს თავის აქტიურობას სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში. ეს უკვე საქართველოს სპეცსამსახურების "გასამარგლი ბოსტანია". საქართველოს ეროვნულ ინტერესების აქტუალური საკითხია სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკაში ჩინეთის სტაბილური მხარდაჭერა. ძნელად მოსალოდნელია, რომ ჩინეთი ამ საკითხში მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ და შეცვალოს პოლიტიკა. ჩინეთის ეროვნულ ინტერესების სფეროშია საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქუტურის საშუალებით (რკინიგზა და პორტები) ექსპორტ-იმპორტის გაზრდა შავი ზღვის მიმართულებით ევროპისკენ. ასევე ჩინეთის სპეცსამსახურებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს სივრცე სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად.

საქართველოს ხელისუფლების და სპეცსამსახურების წინაშე არსებული რთული და საკმაოდ დელიკატური პრობლემები კიდევ ერთხელ დადასტურდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო შექმნილი დაძაბული სიტუაციის დროს. 2019 წლის 11 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე პირდაპირ განაცხადა: " მე იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის (იგულისხმება ანაკლიის პორტი - ბ.ა.) პროექტს, პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები". ამ განცხადებამ ისევ ქართული ანდაზა გამახსენა: "აქლემების ჭიდილში კოზაკი გაიჭყლიტაო”. თუმცა პასუხი კითხვაზე: " რომელია უფრო დიდი საფრთხე საქართველოსთვის: ჩინეთი, თუ რუსეთი?" - ცალსახაა: რუსეთი!

(დასასრული)

წაიკითხე ბლოგის წინა ნაწილი