"სოსო გოგაშვილი ციხეში იმ ბრალდებით კი არ უნდა იჯდეს, რაზეც ზის, არამედ დანაშაულის დაფარვისთვის" - კვირის პალიტრა

"სოსო გოგაშვილი ციხეში იმ ბრალდებით კი არ უნდა იჯდეს, რაზეც ზის, არამედ დანაშაულის დაფარვისთვის"

"სოსო გოგაშვილი ციხეში იმ ბრალდებით არ უნდა იჯდეს, რაზეც ზის, არამედ დანაშაულის დაფარვისთვის, იმიტომ, რომ აქ საუბარია 2018 წლის არჩევნებზე და გოგაშვილი 2020 წლის არჩევნებზეც დუმდა, როდესაც ჩვენ გამწარებული ვიბრძოდით", - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას გამოეხმაურა, რომელიც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა.

მისივე თქმით, სოსო გოგაშვილი ქვეყანაში დღეს არსებული პროცესების თანამონაწილეა და პასუხისმგებელია იმაზე, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს.

„გოგაშვილი ციხეში არა იმ ბრალდებით უნდა იჯდეს, რაზეც ზის, არამედ დანაშაულის დაფარვისთვის, იმიტომ, რომ აქ საუბარია 2018 წლის არჩევნებზე და გოგაშვილი 2020 წლის არჩევნებზეც დუმდა, როდესაც ჩვენ სასამართლო სასამართლო გამწარებული ვიბრძოდით და ჩვენს სარჩელებს დაუშვებლად ცნობდა. ის სასამართლო, რომლის რეფორმირებასაც დღეს მთელი სამყარო გვთხოვს და ყველა აღიარებს, რომ კლანის მიერ არის მართული და იგივე მოხდა 2021 წლის არჩევნებში. გოგაშვილი იმ პროცესის მონაწილეა, რაც დღეს ამ ქვეყანაში გვაქვს და პასუხისმგებელია იმაზე, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს და ერთ ოლიგარქიულ პოლიტიკურ ჯგუფს სახელისუფლებო ძალაუფლება მიტაცებული აქვს. ამის თანამონაწილე და პასუხისმგებელი არის გოგაშვილი,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მან ასევე, ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ არასამთავრობოების კვლევაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებები შეაფასა.

„ირაკლი კობახიძე ყოველთვის ნაწილობრივ სიმართლეს ამბობს და იმ ნაწილში ვეთანხმები, რომ ახალი არაფერი არ არის. ნამდვილად, არჩევნები ყველა მეთოდით ყალბდებოდა: ძალადობით, მოსყიდვით და ა.შ.

კალანდარიშვილი კი სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ სექტემბერში ვადა გასდის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობა ისევ უნდა და ბუნებრივია, დღევანდელ ხელისუფლებას კბილებით დაიცავს,“ - აღნიშნა კორძაიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს რიგგარეშე სესიაში მონაწილეობის მიღებაზე უარი ნების საწინააღმდეგოდ ათქმევინებს, რაც ადასტურებს იმას, რომ „კლანი“ მთელ სახელმწიფოს მართავს.

„ხელი მოაწერინეს დეპუტატებს, რომ „რიგგარეშე სესიებზე არ ვივლით“. ეს ნიშნავს, რომ „კლანი“ სასამართლოს კი არ მართავს, „კლანი“მთელ სახელმწიფოს მართავს, იმიტომ რომ პარლამენტის წევრებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, საპარლამენტო საქმიანობაზე უარი ათქმევინებს. დაანგრიეს არა მარტო სასამართლო, არამედ პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლებმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებზე დაყრდნობით „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" კვლევა მოამზადეს.

არასამთავრობოების ინფორმაციით, კვლევის საფუძველზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა გამოიკვეთა, რომლითაც მაღალი ალბათობით, სახელმწიფო უწყებების (მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების) საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება დასტურდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ უწყებების მეშვეობით სავარაუდოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით, პერსონალური ინფორმაცია გროვდებოდა.

არასამთავრობოების კვლევასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გამოქვეყნებული ფაილები არავითარ სიახლეს არ გვთავაზობს და ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს აფუჭებს.

„ვერავითარ სიახლეს ვერ გვთავაზობენ და ამას აქვს ერთადერთი ახსნა. ახსნა არის ის, რომ ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ, ამიტომ ვერ დებს ვერავინ ვერავითარ მამხილებელ მასალას, ვერავითარ კომპრომატს, ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ფრიალი ხდება „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან, ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის ეგიდით, ეს არის და ეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით კი, ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ან მის საფუძველზე ჩატარებულ გამოძიებას, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციასა და სანდოობასთან მიმართებაში რაიმე ტიპის გავლენა ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება.

IPN