რუსები აგვისტოს ომის შეცდომებს იმეორებენ და ორი თავისივე თვითმფრინავი ჩამოაგდეს... - კვირის პალიტრა

რუსები აგვისტოს ომის შეცდომებს იმეორებენ და ორი თავისივე თვითმფრინავი ჩამოაგდეს...

უკრაინის ფრონტზე ბრძოლები მეტ-ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს და საბრძოლო დანაკლისს ორივე მოწინააღმდეგე მხარე განიცდის.

ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია დონეცკის ალჩევსკთან და ხერსონის ნოვაია კახოვკასთან ორი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ.

რუსების და უკრაინელების თავდაცვის უწყებები ხშირად სცოდავენ და მიუნჰაუზენივით სიტყვიერად „ბერავენ“ მოწინააღმდეგის დანაკარგებს, ყოველგვარი ფაქტობრივი დადასტურების გარეშე, მაგრამ ზემოთ მოყვანილი ორი კონკრეტული შემთხვევა გამონაკლისია, რადგან არსებობს თვითმფრინავების ცაში დაზიანების, ასევე - მიწაზე დაცემის ვიდეოკადრები.

2-1658479993.jpg
...და გახდა ასეთი - ალჩევსკთან „მეგობრული ცეცხლით“ ჩამოგდებული Су-34-ის ფრაგმენტზე დაწერილი რუსული ასოები ნათლად მიუთითებს მის კუთვნილობას...

დონეცკის ოლქში ჩამოვარდნილ საბრძოლო თვითმფრინავში ადვილად ამოიცნობა რუსული საფრონტო ბომბდამშენი Су-34 ან მისი ბოლო მოდერნიზებული ვარიანტი - Су-34М, რა მტკიცებასაც ამაგრებს აფეთქებული თვითმფრინავის ფიუზელაჟზე დიდი რუსული ასობით გაკეთებული წარწერა - ВКС РОССИИ, ეს ნიშნავს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ეკუთვნის.

ნოვაია-კახოვკასთან ჩამოგდებული თვითმფრინავის ფრაგმენტების ფოტოვიდეოკადრები ჯერჯერობით არ დადებულა ინტერნეტსივრცეში, მაგრამ თავად რუსი სამხედრო ბლოგერები აღიარებენ, რომ ეს მათი არმიის კუთვნილი საბრძოლო თვითმფრინავი Су-35С იყო.

რუსული საფრონტო ბომბდამშენის - Су-34 -ის (ამ საბრძოლო თვითმფრინავის ახლოდან, დეტალურად დათვალიერება 1999 წელს შევძელი, თუმცა ეკიპაჟის კაბინაში ასვლის უფლება არ მომცეს) მიახლოებითი ღირებულება 34 მლნ დოლარზე მეტია, მისი მოდერნიზებული ვარიანტის Су-34М მ-ისა კი 50 მლნ დოლარამდე ადის.

რაც შეეხება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ყველაზე თანამედროვე სერიული წარმოების მრავალფუნქციურ გამანადგურებელ Су-35С-ს, მისი მიახლოებითი ფასი 65 მლნ დოლარს უტოლდება.

გამოდის, რომ მხოლოდ ორი საბრძოლო თვითმფრინავის დაკარგვით რუსეთის არმიამ არანაკლებ 100 მლნ დოლარის ზარალი განიცადა.

ომში საბრძოლო დანაკარგები გარდაუვალია, მაგრამ როდესაც თავისივე თვითმფრინავებს აგდებენ, ეს უკვე სულ სხვაა...

2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ცაში შემოჭრილმა რუსეთის სამხედრო ავიაციამ, საერთო ჯამში, ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი (ერთი შორი მოქმედების ბომბდამშენ-რაკეტმზიდი Ту-22М3, ორი საფრონტო ბომბდამშენი Су-24М და სამი მოიერიშე Су-25) დაკარგა, სამი Су-25 კი ისე დაზიანდა, რომ მათი აღდგენა აღარ უცდიათ.

ქართულ ცაში ჩამოგდებული ექვსი რუსული თვითმფრინავიდან, ორი მაინც „მეგობრული ცეცხლის“ სახით თავად რუსმა სამხედროებმა „მოინადირეს“, ქართული მოიერიშეები ეგონათ...

ყველაზე კომიკური კი ის გახლავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ჩამოგდებული რუსული მოიერიშე თვითმფრინავიდან კატაპულტირებულ მფრინავს რუსეთის გმირობა მიანიჭა, ისევე, როგორც ამ მოიერიშეს ჩამომგდებ რუს სერჟანტ-მედესანტეს...

უკრაინის ცაში შეჭრის შემდეგ იგივე შეცდომები რომ არ დაეშვათ, რუსულ მოიერიშე თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე ლათინურ ასო Z-ს დიდად ახატავენ, რადგან ამ ტიპის საფრენი აპარატები მიწასთან ახლოს დაფრინავენ და ვიზუალურად შეიძლება მათი ამოცნობა.

სხვათა შორის, ამ ბლოგის ავტორს ორჯერ დაეხმარა კონკრეტული ვიზუალური ნიშანი თვითმფრინავის კუთვნილების ამოსაცნობად.

პირველად 1992 წლის შემოდგომაზე აფხაზეთის ომში, კელასურთან, ზღვის პირას, სადაც ჩვენი არტილერისტების ჰაუბიცების ბატარეის საცეცხლე პოზიცია იდგა და ორმა Су-25-მა თავზე „გადაგვიარა“ - მეორე მოიერიშეს კილზე (კუდის ვერტიკალურ ფრთასხმულობაზე) დიდად ეხატა რუსეთის ფედერაციის სამფეროვანი დროშა.

მეორედ კი, 2008 წლის 8 აგვისტოს, შუადღისას, ერგნეთთან, როდესაც ასევე ორმა მოიერიშემ 30-50 მეტრის სიმაღლეზე გადაგვიქროლა და ერთ-ერთ მათგანს, ასევე, რუსეთის დიდი დროშა ეხატა კილზე - მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ რუსეთი ღიად ჩაერთო საქართველოსთან ომში...

მაგრამ დავუბრუნდეთ უკრაინის ომს.

რუსული საფრონტო ბომბდამშენები - Су-34-ები და მრავალფუნქციური გამანადგურებლები - Су-35С-ები, როგორც წესი, მაღალ სიმაღლეებზე დაფრინავენ, მოირიშე Су-25-ებისაგან განსხვავებით და მასზე Z-ისა თუ O-ის დახატვას აზრი არ აქვს - მიწიდან ვერავინ გაარჩევს (თუმცა რატომღაც მაინც ახატავენ...)

3-1658480030.jpg

მრავალფუნქციური გამანადგურებლით - Су-35С -ით რუსეთის გენერალიტეტი ძალზე ამაყობს, თუმცა ორი ასეთი, ძვირად ღირებული თვითმფრინავი უკრაინის მიწას უკვე „ჩაეხუტა“...

ერთადერთი, ყველაზე ეფექტიანი საშუალება საფრენი აპარატის კუთვნილობის სასწრაფოდ გასაგებად გახლავთ „ჩემი-სხვისი“ კლასის რადიოლოკაციური ამოცნობის სისტემა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს და მეზენიტეების რადიოლოკატორის ეკრანზე აჩვენებს, რომ „თავისიანი“ მიფრინავს და არ უნდა ამოიღონ საზენიტო რაკეტის სამიზნეში.

ჩამოგდებული Су-34-ი და Су-35С -ც თანამედროვე აპარატურით იყვნენ აღჭურვილნი და წესით მათი ამოცნობა რუსი ოკუპანტების მეზენიტეებს არ უნდა გაძნელებოდათ, მაგრამ ფაქტია, რომ მათთვის ეს საბედისწერო შეცდომები მაინც დაუშვეს.

აგვისტოს ომის დროს „მეგობრულ ცეცხლს“ რუსი მეზენიტეები თავისივე Су-25 მოიერიშეებს გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - „იგლების“ საშუალებით უხსნიდნენ, რომელზეც ასევე შეიძლება „ჩემი-სხვისი“ ამოცნობის სისტემის დაყენება, მაგრამ მას ხშირად არ იყენებენ, რადგან დიდი ცდომილებით გამოირჩევა.

სამაგიეროდ, უფრო მძლავრი მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მართვის პუნქტებში „ჩემი-სხვის“ ამოცნობის ბევრად სრულყოფილი აპარატურაა დამონტაჟებული, რომელსაც ასეთი შეცდომა არ უნდა გაჰპარვოდა ან კიდევ, იმოქმედა „ადამიანურმა ფაქტორმა“ - ოპერატორებმა შეცდომები დაუშვეს...

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა 24 თებერვლიდან 22 ივლისის ჩათვლით უკრაინის ცაში არანაკლებ 38 თვითმფრინავი, 49 შვეულმფრენი და 98 უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგეს (უკრაინის ავიაციის საბრძოლო დანაკარგები შემდეგნაირად გამოიყურება: 38 თვითმფრინავი, 11 შვეულმფრენი და 25 უპილოტო), რაც დადასტურებულია ფოტოვიდეოკადრებით.

რუსეთის საბრძოლო ავიაციის დანაკარგიდან თერთმეტი Су-34 და ორი Су-35С -ია, რაც მნიშვნელოვნად ურტყამს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საერთაშორისო იმიჯს, როდესაც ისინი ამ საბრძოლო თვითმფრინავებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესოდ წარმოაჩენენ...