"როცა სამხედრო შტაბს მიუახლოვდნენ, ბენიამ მორიგე ოფიცერს მუშტი ცხვირთან მიუტანა და მიახალა - ძირს შენი ნიკოლოზი!" - ვინ იყო პირველი ქართველი "პრეზიდენტი" - ბენია ჩხიკვიშვილი - კვირის პალიტრა

"როცა სამხედრო შტაბს მიუახლოვდნენ, ბენიამ მორიგე ოფიცერს მუშტი ცხვირთან მიუტანა და მიახალა - ძირს შენი ნიკოლოზი!" - ვინ იყო პირველი ქართველი "პრეზიდენტი" - ბენია ჩხიკვიშვილი

"ბენია ჩხიკვიშვილის თაოსნობით, 1905 წელს ოზურგეთის საქალაქო საბჭო დაშალეს და ,,გურიის დროებითი პარლამენტი” მოიწვიეს. მისი თავმჯდომარის არჩევნებში 970 ხმიდან 958 ჩხიკვიშვილმა მიიღო. მას ხშირად ეძახდნენ ,,დროებითი პარლამენტის პრეზიდენტსაც”.

კინორეჟისორი და მკვლევარი ირაკლი მახარაძე ამბობს, რომ საქართველოში ბევრმა არ იცის ბენია ჩხიკვიშვილისა და იმის შესახებ, რომ გურიის რესპუბლიკა არსებობდა და თავისი პრეზიდენტიც ჰყავდა...

ამონარიდი მემორალური ალბომიდან - "ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი", ავტორი - ირაკლი მახარაძე...

- გურიის რესპუბლიკა იყო უნიკალური მოვლენა, რომელსაც არ მოეძებნება ანალოგი გლეხთა მოძრაობის ისტორიაში, როგორც რუსეთის იმპერიაში, ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გურიის რესპუბლიკას პარიზის 1871 წლის კომუნას ადარებენ. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ პარიზის კომუნამ, დაახლოებით, ათი კვირა იარსება, გურიის რესპუბლიკამ კი, ფაქტობრივად - ბევრად მეტხანს. თუმცა იმის გამო, რომ პარიზი ევროპის შუაგულშია, ეს ამბავი დღემდე ფართო საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, გურიის რესპუბლიკა კი - უმთავრესად სპეციალისტების ვიწრო წრისათვის...

როგორც ყველგან და ყოველთვის, გურულები აქაც გამოირჩეოდნენ ორიგინალურობით და მათ საკუთარი პრეზიდენტიც კი ჰყავდათ - ბენია ჩხიკვიშვილი. მას სხვანაირად გურიის მეფესაც უწოდებდნენ. ამ პიროვნებაზე, რომელმაც მთელი სიცოცხლე საქართველოსთვის ბრძოლას დაუთმო, ჩვენი ისტორიოგრაფია, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დიდად არასოდეს ამახვილებდა ყურადღებას.

ბენია ჩხიკვიშვილი დაიბადა 1880 წლის 18 იანვარს სოფელ საყვავისტყეში, ღარიბი აზნაურის ოჯახში. მას ჰყავდა ხუთი და და ერთი ძმა. ბენია სწავლობდა ქუთაისის სამეურნეო სკოლაში, საიდანაც 1900 წელს დაითხოვეს დასამთავრებელი კლასიდან, არალეგალურ გამოცემაში მონაწილეობისათვის. სკოლაში ის გაეცნო სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებას, მონაწილეობდა მოწაფეთა არალეგალურ წრეში და მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქუთათურ მესამე დასელებთან.

სკოლიდან დათხოვნის შემდეგ, ბენია ორი წლის განმავლობაში მასწავლებლობდა სამრევლო სკოლაში, სამეგრელოში, სადაც კარგ მასწავლებლად ირიცხებოდა.

1902 წელს ქუთაისში გაიმართა დასავლეთ საქართველოს სამრევლო სკოლების მასწავლებელთა კურსები. ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა წინადადებით, ჩხიკვიშვილი მოუწოდებდა მასწავლებლებს, მხარი დაეჭირათ გლეხთა მოძრაობისათვის, რომელმაც გურიაში იფეთქა და სხვა მაზრებში მისი გავრცელებისათვის ხელი შეეწყოთ. ის დაასმინეს თედო ჟორდანიასთან, რომელიც კურსებს ხელმძღვანელობდა და დაუყოვნებლივ დაითხოვეს მასწავლებლობიდან. ის გაეშურა ჭიათურაში, სადაც მუშაობა დაიწყო შავი ქვის მაღაროებში.

როგორც ამბობენ, ჩხიკვიშვილი უფრო მემარცხენე სოციალისტი იყო, რის გამოც მას ბოლშევიზმთან სიახლოვეს საყვედურობდნენ. მაგრამ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას ბოლომდე თავგამოდებით უერთგულა და ამისთვის სიცოცხლეც კი დათმო.

ბენია ჩხიკვიშვილი შესანიშნავი ორატორი ყოფილა და მის მოსასმენად ხალხი სპეციალურად იკრიბებოდა. 1903 წელს ახალჩამოყალიბებულმა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტმა ის თავის რიგებში გააწევრა.

ბათუმში ყოფნისას (ის მუშად მუშაობდა მანთაშევის მეორე /რიხტერის/ ქარხანაში) მან გამოავლინა არაჩვეულებრივი ორგანიზატორული ნიჭი, დაგეგმა და თავად მონაწილეობდა რუსი ჯარისკაცების მიერ დატყვევებული ამხანაგის გამოხსნაში, რაც განუხორციელებლად მიაჩნდა უმრავლესობას. ჩხიკვიშვილმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ საქმეს და თვით სამხედრო წრეებში აუმაღლა რეიტინგი ,,ყოვლისშემძლე” ბათუმის კომიტეტს, ხოლო ბენია ჩხიკვიშვილს ,,ბარცხანის გენერალ-გუბერნატორი” შეარქვეს.

1903 წლის გაზაფხულზე ბათუმში მუშათა დემონსტრაციის დახვრეტის ერთი წლისთავზე გამოსვლის დროს, როცა სამხედრო შტაბს მიუახლოვდნენ, ბენიამ მორიგე ოფიცერს მუშტი ცხვირთან მიუტანა და მიახალა - ძირს შენი ნიკოლოზი! 1904 წელს კი იაპონიასთან ომთან დაკავშირებით ჩატარებული აღლუმის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე, პოლიციასთან შეტაკებისას, ჩხიკვიშვილს ხელში დროშა ეჭირა და პოლიციელების მცდელობის მიუხედავად, მას დროშა ვერ გააგდებინეს (ორივე დემონსტრაცია მისი ორგანიზებული იყო). ამის შემდეგ ბათუმში მისი გაჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა და ის თბილისში, როგორც რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი, შეუდგა არალეგალურ პარტიულ მუშაობას, იყო ტიპოგრაფიების და პროპაგანდისტთა ჯგუფების ორგანიზატორი, სამი თვის განმავლობაში ააწყო თბილისის კომიტეტსა და, უმთავრესად, კახეთის სოფლის ორგანიზაციებს შორის კავშირები.

1904 წლის ოქტომბერში ბენია თბილისში შეიპყრეს და ბათუმში გადაიყვანეს - მას ბათუმის დემონსტრაციის და საიდუმლო სტამბის ორგანიზებას ედავებოდნენ: თუმცა მალე თავდებით გაათავისუფლეს. კომიტეტის დადგენილებით, ის გურიაში ჩავიდა, რათა გურიის მოძრაობის სათავეში ჩამდგარიყო.

ჩხიკვიშვილის თაოსნობით, 1905 წელს დაშალეს ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოიწვიეს ,,გურიის დროებითი პარლამენტი”. მისი თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან 958 ხმა მიიღო. მას ხშირად ეძახდნენ ,,დროებითი პარლამენტის პრეზიდენტსაც”.

მისი გავლენა ვრცელდებოდა არა მარტო ოზურგეთის მაზრაზე, არამედ - რკინიგზაზეც, რომელიც ხან გაფიცულთა, ხან კიდევ - ხელისუფლების ხელში იყო. ჩხიკვიშვილის ერთი ზარიც კი საკმარისი იყო, რომ ბათუმიდან ან სამტრედიიდან მისთვის სადელეგატო მატარებელი მიეწოდებინათ. თურმე, ჩხიკვიშვილი თავად ანაწილებდა ნავთსა და სურსათს და ამარაგებდა ოზურგეთს. ჩხიკვიშვილი ყოველთვის შეიარაღებული რაზმელების თანხლებით გადაადგილდებოდა და ყოველი შემხვედრი მას მოწიწებით გზას უთმობდა. მას ,,ყველანი უგონებდნენ და სიტყვის შეუბრუნებლად ასრულებდნენ იმის განკარგულებას”. იმ დროს კი ის 25 წლის იყო. ერთხელ ვინმე სიმონ კიღურაძემ ჩხიკვიშვილის დაუკითხავად შეადგინა თხოვნა, რათა კაზაკებს ოზურგეთი დაეტოვებინათ. ეს ამბავი გაიგო ბენიამ, დაიბარა კიღურაძე და 24 საათით დააპატიმრა. სხვათა შორის, მის შესახებ ამბობდნენ, რომ გურიაში ,,ბენია ჩხიკვიშვილი (,,კაცი მარჯვე და მომქმედი”) რომ არ ყოფილიყო, ათჯერ უარესი უბედურება დატრიალდებოდაო”.

ცნობილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ვერმახტის ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე მოგონებებში წერდა მის შესახებ: ,,ბენია ჩხიკვიშვილი, ცნობილი როგორც გურიის პრეზიდენტი, ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი იყო. აჯანყებისთვის გამოდგებოდა, იარაღსაც იხმარდა, სკოლა არ უნდოდა მაგისთვის, გურიაში უდიდესი სახელი ჰქონდა. კატორღიდან დაბრუნდა, ხმა ჰქონდა ჩახლეჩილი, არწივისებური ცხვირი, წვერები, ულვაშები, ვეებერთელა კაცი”.

1905 წლის 14 ოქტომბერს მთელ ამიერკავკასიაში დაიწყო საყოველთაო გაფიცვა. გურიაში ეს აღქმულ იქნა, როგორც შეიარაღებული აჯანყების დასაწყისი. მაგრამ აჯანყებისთვის საჭირო იყო დიდძალი იარაღი. გაფიცვამდე ძალიან ხშირი იყო სტრაჟნიკებსა და კაზაკებზე თავდასხმა და იარაღის წართმევა, ახლა კი ამ შემთხვევებს მასობრივი ხასიათი მიეცა: ოქტომბერში სამხედრო შტაბის გადაწყვეტილებით 10 წითელრაზმელი, გრიგოლ დუმბაძის მეთაურობით, ოზურგეთში თავს დაესხა მძინარე სტრაჟნიკებს და გაიტაცა ოცდაექვსი ბერდანის თოფი, რამდენიმე ხანჯალი, ვაზნები. 11 ოქტომბერს, დაახლოებით დილის ათის ნახევარზე, სუფსასა და ჯუმათს შორის ასმა შეიარაღებულმა გურულმა გააჩერა მატარებელი და წაიღო ხუთი ყუთი რევოლვერი ტყვიებთან ერთად და მიიმალა. 16 ოქტომბერს ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციის წითელრაზმელებმა იერიში მიიტანეს პოლიციელთა საგუშაგოსა და ფოსტის განყოფილებაზე, მოკლეს ერთი, დაჭრეს ორი და რამდენიმე კაცი დაატყვევეს, მათ შორის - პოლიციის ბოქაული გაგუა, რომელიც გურულებმა ,,დიდის ზრდილობით წაიყვანეს ცხენით მიყრუებულ ადგილას.” აგრეთვე, წაიღეს იარაღი - 10 ბერდანა, 12 შაშხანა, 2 რევოლვერი, ტყვია-წამალი და სხვა. ამ შემთხვევამ ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაცია ძლიერ შეაშფოთა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და თავად მაზრის უფროსი გაემართა კბილებამდე შეიარაღებულ 120 პლასტუნითა და 13 პოლიციელის თანხლებით ჩოხატაურში, წესრიგის დასამყარებლად.

1905 წლის 20 ოქტომბერს ოზურგეთიდან 14 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ნასაკირალთან წითელრაზმელებმა კაზაკებს ბრძოლა გაუმართეს, რომელიც დაამარცხეს და უკუაგდეს. სხვადასხვა ცნობით, კაზაკებს მოუკლეს 10, დაჭრეს 14 და 6 ტყვედ წაიყვანეს, ასევე, ხელში ჩაიგდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ცხენები. აჯანყებულებს კი მოუკლეს ერთი კაცი და ორი დაჭრეს. დოკუმენტების მიხედვით, ნასაკირალის ბრძოლას ხელმძღვანელობდა გურიის კომიტეტი, კერძოდ კი - ბენია ჩხიკვიშვილი, ნესტორ ერქომაიშვილი და სხვები. ნასაკირალის ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა გურიის თითქმის ყველა საზოგადოების წარმომადგენელი, რიცხვით 4 ათასი კაცი (ფილიპე მახარაძე ასახელებს 1000 კაცს). ამბობენ, მათგან კარგად შეიარაღებული იყო 60 კაცამდე (სხვა მონაცემებით 30), დანარჩენებს კი კაჟიანი თოფები, ცულები, წალდები, დანები, თოხები და სხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღი ჰქონდათ.

თავიდან ბენია ჩხიკვიშვილი, უსარგებლო მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, უარზე იყო ნასაკირალის უღელტეხილზე თავდასხმის მოწყობისა (მისი აზრით, ეს უფრო გაამწვავებდა მდგომარეობას და უფრო მეტ კოზირს მისცემდა მთავრობას ხელში, რათა რეპრესიული მანქანა მთელი სიმძლავრით აემოქმედებინა გურიის მოსახლეობის წინააღმდეგ (რაც დამტკიცდა კიდეც), მაგრამ რაკი უმრავლესობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ის დაემორჩილა, თავად წავიდა ნასაკირალზე და ,,მებრძოლებს... არ მოშორებია და გვერდში ედგა მათ.” ჩხიკვიშვილი რაზმელებს დავალებებს აძლევდა – ვინ სად უნდა ყოფილიყო და როგორ ემოქმედა.

ოზურგეთის მამასახლისი ვასილ ხუნდაძე იხსენებდა: ერთხელ ქუთაისში მატარებლით მიემგზავრებოდა და ვაგონში ერთი ,,კნეინა” გაიცნო, რომელიც ოზურგეთის ამბებით დაინტერესდა. მშვიდობააო, უთხრა ხუნდაძემ, მხოლოდ ,,ცუდად მოიქცნენ, რომ ნასაკირალთან ჯარს დაეცნენო”. ამ სიტყვებმა ვაგონში მყოფი ადამიანების გულისწყრომა გამოიწვია და მამასახლისს დაცინვა და ლანძღვა დაუწყეს. ,,ძლიერ შემეშინდა, ვინანე, რა ეშმაკმა მათქმევინა ეს სიტყვებიო”, - ამბობდა ხუნდაძე. ამ დროს გაისმა ბენია ჩხიკვიშვილის ხმა, რომელიც, თურმე, იმავე ვაგონში მგზავრობდა: ,,რა გინდათ, ეს კაცი სრულებით მართალს ამბობსო”, - და სიტუაცია განიმუხტა.

21 ოქტომბერს აჯანყებულებთან 17 ოქტომბრის მანიფესტის შესახებ ამბავი მიიტანეს. ისიდორე რამიშვილის თქმით, ეს ცნობა ,,აჯანყების სარდალს” - ბენია ჩხიკვიშვილს ნოე რამიშვილმა მიაწოდა. მაშინვე გაიმართა ბჭობა, – გაეგრძელებინათ თუ შეეწყვიტათ თავდასხმა. ზოგიერთი მეამბოხე ამბობდა: ,,რევოლუციას ცივი წყალი გადაასხესო. უმეტესობა კი გაიძახოდა, ეს ,,პოჭოკია” (გოჭის ფეხი – ი. მ.), მაგრამ სულ უფეხობას ,,პოჭოკიც” სჯობიაო." თუმცა მანიფესტისა ცოტა თუ ვინმემ დაიჯერა, 21 ოქტომბრის ღამეს სროლა შეწყვეტილ იქნა და ხალხი დაიშალა.

ნასაკირალმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უკლებლივ ყველაზე და მძლავრი ბიძგი მისცა რუსეთის იმპერიაში შეიარაღებულ აჯანყებას. თურმე, ამ ამბებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგაც კაზაკები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ,,Накирали знаешь?” ,,ნასაკირალი გაგიგონია?” ნასაკირალს ისინი ნაკირალს ეძახდნენ. აღსანიშნავია, რომ კომუნისტებმა ისტორიის გადაწერის მიზნით, ბელადის სახე, რომ უფრო მეტი შარავანდედით შემკულიყო, ნასაკირალის ბრძოლის ხელმძღვანელობას, ისევე, როგორც ლამის გურიის მთელი აჯანყებისა, იოსებ ჯუღაშვილს აბრალებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეეფერება. პოლიტიკურ სიტუაციას გურიაში მაშინ "მენშევიკები" წარმართავდნენ. თავად გაქანებული "ბოლშევიკი" თენგიზ ჟღენტი აღნიშნავს (სხვათა შორის, მას ბენიას და ჰყავდა ცოლად), რომ ,,საქართველოში პარტ-ორგანიზაციები "მენშევიკების" ხელში იყო, ისინი საქართველოში აბსოლუტურ უმრავლესობაში იყვნენო.” ისე კი, საინტერესო ფაქტია, რომ რუსეთის იმპერიის მასშტაბით, მხოლოდ ჩვენთან არ ასახავდა ეს სახელწოდება რეალობას - ,,მენშევიკი" ხომ უმცირესობას ნიშნავს, ,,ბოლშევიკი" კი - უმრავლესობას. ნასაკირალის შეტაკება მართლაც ჯუღაშვილის დაგეგმილი რომ ყოფილიყო, იმ უთვალავ მემაუარებში, რაც ჩვენ ქართველმა "ბოლშევიკებმა" დაგვიტოვეს, ეს ფაქტი აუცილებლად ნახსენები იქნებოდა.

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ იყო გურიის თავზე ხელაღებული "პრეზიდენტი"?