"სიმღერა ზაფხულის ჰიტად მონათლეს ჩვენმა კოლეგებმა" - დუეტ "ჯორჯიას" ახალი კლიპი და აქტიური სამომავლო გეგმები (VIDEO) - კვირის პალიტრა

"სიმღერა ზაფხულის ჰიტად მონათლეს ჩვენმა კოლეგებმა" - დუეტ "ჯორჯიას" ახალი კლიპი და აქტიური სამომავლო გეგმები (VIDEO)

21 ივლისს შარდენზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში რატი დურგლიშვილისა და მაკა ზამბახიძის კლიპის პრემიერა გაიმართა. ღონისძიებას შოუბიზნესის წარმომადგენლები, ესტრადის მომღერლები ესწრებოდნენ.

როგორც მაკამ და რატიმ აღნიშნეს, სიმღერა ოცი წლის წინ შეიქმნა. მუსიკის ავტორი თავად რატი დურგლიშვილი გახლავთ, რაც შეეხება ტექსტს, იგი დათო ფორჩხიძეს ეკუთვნის, კლიპის რეჟისორი კი გიორგი ავეტისიანია.

თუ რა უნდა ყოფილიყო სიმღერის სახელწოდება, ამაზე საკმაოდ ბევრი იფიქრეს. როგორც რატი აღნიშნავს, ძალიან გაუჭირდათ შეთანხმება სიმღერისთვის „დამამახსოვრდი“ დაერქმიათ თუ „შემიყვარდი“. საბოლოოდ, ხალხის დახმარებით არჩევანი „დამამახსოვრდიზე“ შეჩერდა.

როგორი იყო კლიპზე მუშაობა, რა სამომავლო გეგმები აქვთ და როგორია მათი ემოციები კლიპის პრემიერასთან დაკავშირებით, ამის შესახებ თავად რატისა და მაკას ვესაუბრეთ:

rati-maka2-1658493619.jpg

რატი დურგლიშვილი:

- ჩემს ემოციებს რაც შეეხება, ვიტყვი, რომ ჩემი წრე, შოუბიზნესი ძალიან მიყვარს. ეს არის ადგილი, გარემო, სადაც მე სულიერად ვმშვიდდები. დღეს აქ იყო ჩემი პატარა ოჯახის შეკრება. ყველაზე მთავარი ჩემთვის ისაა, რომ ადამიანები დიდი სიყვარულით მობრძანდნენ, დაგვაფასეს მე და მაკა და, რაც ყველაზე სასიამოვნოა, გაგვიზიარეს ის ემოცია, რომელიც ვერც წარმომედგინა, სიმართლე გითხრათ. ამ ემოციებმა ცოტათი გადააჭარბა კიდეც და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით. როდესაც შემოქმედი ადამიანი ასე გათამამებს, ამაზე დიდი და კარგი არაფერი არ არის. დიდ, ძალიან დიდ ემოციებში ვარ...

თითოეულ ადამიანს, თითოეულ ჟურნალისტს, თითოეულ პერსონალს და ყველას მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ეს არის უზომოდ დასაფასებელი, როცა ადამიანი გამოყოფს დროს და მოდის შენთან.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. რუსა მორჩილაძის ორი სიმღერით წარვდგებით მაყურებლის წინაშე. სოლოს ვიმღერებთ მეც და მაკაც. სავარაუდოდ, ამ სიმღერებზე ვიდეორგოლებიც გაკეთდება. ასევე, ჩემი ოთხი-ხუთი საავტორო სიმღერა გამოვა და ერთი მამას - ვაჟა დურგლიშვილის სიმღერა იქნება. მოკლედ, ძალიან დიდი სამომავლო გეგმები გვაქვს, რა თქმა უნდა, თუ ვირუსი არ შეგვიშლის ხელს.

rati-durglishvili-1658493654.jpg

მაკა ზამბახიძე:

- ძალიან დიდი მადლობა, პირველ რიგში, მოსვლისთვის, დაფასებისთვის. დღეს ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღეა. გავაკეთეთ და თავი მოვაბით კლიპის პრეზენტაციას. სიმღერის ავტორი არის რატი დურგლიშვილი, ტექსტის ავტორი - დათო ფორჩხიძე. პრეზენტაცია, რატომღაც, ხმაურიანად გადავწყვიტეთ და მიხარია, რომ დღევანდელი საღამო შედგა. ჩვენთვის საყვარელი ყველა ადამიანი იყო ჩვენთან - მეგობრები, ტელევიზიები, პრესა.

რაც მთავარია, სასწაული შეფასებები მივიღეთ. სიმღერა ზაფხულის ჰიტად მონათლეს ჩვენმა კოლეგებმა. ეს შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან შვიდწლიანი პაუზის შემდეგ გამოვიდა ეს ყველაფერი და ძალიან მადლობელი და ბედნიერი ვარ.

სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, გვაქვს. მე და რატი ვწერთ სოლოს რუსა მორჩილაძის სიმღერებზე. მთავარია, ყველაფერი კარგად იყოს, მშვიდობა და ჯანმრთელობა.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, დაფასებისთვის და ამ სიხარულის მონიჭებისთვის.

maka-zambaxidze-1658493696.jpg

გიორგი ავეტისიანი, კლიპის რეჟისორი:

- გადაღების პროცესი, დაახლოებით, ერთ კვირას გრძელდებოდა, რადგან აჭარაში ძალიან ცუდი ამინდი იყო, მაგრამ მოვასწარით და კარგი ამინდიც "დავიჭირეთ" - მზიანი დღე უნდა ყოფილიყო, რათა სიმღერის ენერგეტიკა კადრშიც გვეჩვენებინა. შედეგად, ყველაფერი გამოგვივიდა.

რაც შეეხება თავად რატისთან და მაკასთან მუშაობას, მაკასთან მანამდეც არა ერთხელ მითანამშრომლია, მაგრამ რატისთან ეს პირველი თანამშრომლობა იყო. ვიცოდი, რომ ძალიან ლაღი ადამიანი იყო და აღმოჩნდა, რომ იუმორის ძალიან კარგი გრძნობა აქვს. ჩემთვის მათთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო.

ვფიქრობ, რომ ამაზე ლაღი პროექტი და ასეთი სასიამოვნო და ოჯახური სიტუაცია ჩემს გამოცდილებაში აქამდე არ ყოფილა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანები არიან ზოგადად და საქმეშიც.

რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს, არის გეგმებიც, ამბიციებიც, თუმცა დანარჩენს სიურპრიზად დავტოვებ.

rati-maka-5-1658493777.jpg

კლიპთან დაკავშირებით თავიანთი შთაბეჭფილებები რუსა მორჩილაძემ და აჩი მეფარიძემ გაგვიზიარეს.

აჩი მეფარიძე, მომღერალი:

- მინდა მივულოცო დუეტ "ჯორჯიას" ეს ახალი კლიპი. ძალიან კარგი სიმღერაა, ძალიან კარგი კლიპია, ბედნიერებაზეა, პოზიტივზეა და თვითონ სიმღერა დადებით ემოციებს იწვევს. მიხარია, რომ არიან".

რუსა მორჩილაძე, კომპოზიტორი:

დუეტი "ჯორჯია", გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე პოზიტიური ორი ადამიანია. ჩვენი შოუბიზნესისთვისაც დიდი სიხარულები არიან. მართალია, სუბიექტური ვარ მათ მიმართ, მაგრამ წყალი არ გაუვა, რომ ნამდვილად კარგი სიმღერაა და ძალიან ნასიამოვნებია ყველა, მათ შორის - მეც. სულაც არ მინდოდა, რომ რატი ჩემი კონკურენტი გამხდარიყო, მაგრამ ჩემი ბროწეულები არიან და მიხარია ძალიან.

ვუსურვებ წარმატებებს. მალე ჩემს სიმღერებსაც გამოუშვებენ და წინ დიდი თანამშრომლობა გველის. ეს ერთი და სხვა მრავალი.

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)