ხუნდაძე, ყაველაშვილი და სუბარი აშშ-ის სახდეპის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს საჯარო წერილით მიმართავენ - კვირის პალიტრა

ხუნდაძე, ყაველაშვილი და სუბარი აშშ-ის სახდეპის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს საჯარო წერილით მიმართავენ

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ სუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს საჯარო წერილით მიმართავენ.

მიმართვაში, რომსაც დიმიტრი ხუნდაძე „ფეისბუქ“ გვერდზე აქვეყნებს, ნათქვამია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება დასავლეთის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო, რამაც ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა და უსამართლობის განცდა გააჩინა.

მათივე განცხადებით, საქართველო ოკუპირებული აფხაზსა და ოსეთს არა ომით, არამედ მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს და ნატო და ევროკავშირი სწორედ ამის გარანტად ავირჩიეთ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

წერილში საუბარია ასევე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შესახებაც - როგორც მმართველი გუნდის ყოფილი წევრები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილის საკითხი საქართველოში დასავლური ღირებულებების საზომი გახდება და „მისი ღირსების შეურაცხყოფა არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ არ დარჩება“.

"უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ დიდი პატივისცემით, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყნის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს. მოგმართავთ სახელისუფლებო პარტიიდან ახლახან გასული სამი დეპუტატის სახელით. რადგან თქვენი განცხადება ჩვენი მისამართით იყო გაკეთებული, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მეტი სიცხადისთვის პირდაპირ გადმოგვეცა ჩვენი სათქმელი.

თავდაპირველად გვსურს განვმარტოთ: როდესაც მმართველი გუნდის სამი წევრი და მაღალი თანამდებობის პირი თანამდებობებს ტოვებს, მმართველ გუნდს და საკუთარ თავზე ურთულეს მისიას იღებს, ხალხისთვის სიმართლის თქმის პრინციპით, ვფიქრობ, ეს უკვე სერიოზული პოლიტიკური გზავნილია. ჩვენი პოლიტიკური გამოცდილება და განვლილი ცხოვრება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად გადავდგათ და ვისაუბროთ იმაზე, რაზეც მტკიცებულებები არ გვაქვს.

რაც უკვე ვთქვით და რასაც მომავალში ვიტყვით, გამყარებული იქნება მხოლოდ ფაქტებით. რისკი, რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა და არ ვცვლით.

უქმნის თუ არა ჩვენი ქმედება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებს საფრთხეს?

რა თქმა უნდა, არა! სწორედ დემოკრატიული ღირებულებები გვავალდებულებს, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს გამჭვირვალე და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ეფუძნებოდეს.

დღევანდელმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, თუ რამდენად ვჭირდებით ერთმანეთს საქართველო და დასავლეთი.

ჩვენი ურთიერთობებიც და ვალდებულებებიც ორმხრივია. ახალი პოლიტიკური კონტურები მომავალში კავკასიის მეტ პოლიტიკურ დატვირთვაზე მიუთითებს. საქართველო კი კავკასიაში წამყვანი სახელმწიფოა.

მიმდინარე პროცესების ფონზე გვიჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება დღეს დემოკრატიული ღირებულებების გადაფასება მსოფლიოში?

მართალია, ახალი გეოპოლიტიკური ვითარება ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს იმ მთავარ ღირებულებებს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა რუს ოკუპანტთან წინააღმდეგ ბრძოლაში არაერთხელ დავღვარეთ სისხლი.

თუკი ახალი გეოპოლიტიკა ცვლის არა მხოლოდ ტერიტორიულ საზღვრებს, არამედ მსოფლიოს პოლიტიკურ იდეოლოგიას, მაშინ უნდა ვიცოდეთ, სად არის საქართველოს ადგილი? ან რის ფასად ვიღებთ ახალ მოცემულობას?

თუკი ეს ფასი ომით უნდა გავიღოთ და ამით საქართველო სამსხვერპლოზე ავიტანოთ, მაშინ ეს რეალობა ჩვენთვის მიუღებელია. იმიტომ არა, რომ ქართველებს ომის გვეშინია და სამშობლოსთვის თავგანწირვა არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ ამ გზის პერსპექტივას ვერ ვხედავთ.

გარდა ამისა, ჩვენ არასოდეს დავიწყებთ ომს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების წინააღმდეგ, ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. საერთაშორისო პარტნიორების დახმარება სწორედ ამაში გვჭირდება. სწორედ ამის გარანტად ავირჩიეთ ნატოც და ევროკავშირიც, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

მრავალწლიანმა ხანგრძლივმა მოლოდინებმა, გარკვეულწილად, იმედგაცრუება გამოიწვია ქართველ ხალხში დასავლური პოლიტიკის მიმართ, რაც საფრთხის შემცველია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ თავად დასავლეთისთვისაც. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ქართველი ხალხი.

ყველასათვის ნათელია, რომ დასავლური პოლიტიკა ევროპული და ამერიკული პოლიტიკების ერთობლიობას მოიცავს და ეს უსამართლო გადაწყვეტილებაც ხალხმა ამ ერთობლივ შეთანხმებად მიიღო. მითუმეტეს, მთავარი პოლიტიკური გზავნილი ევროპიდან გაგვაცნეს, რომ უკრაინამ სტატუსი მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ომშია ჩართული. ამით ყველაფერი გასაგებია ჩვენთვის, თუ რატომ დაიჩაგრა საქართველო!

სტატუსის არმინიჭება დასავლეთის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო, რამაც ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა და უსამართლობის განცდა გააჩინა. ფაქტია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.

რატომ ვსაუბრობთ გამუდმებით ომზე? ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამაზე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ. უფრო მეტიც, მათ ქვეყანაში ომის პროპაგანდა დაიწყეს და სამწუხაროდ, ამ რიტორიკას თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში არ გაემიჯნა. მსგავსმა რიტორიკამ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან გუშინაც გაიჟღერა.

არ გვახსოვს ქალბატონი დეგნანის არც ერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ. არადა, ამის ფაქტი ბევრი იყო. აღარ დავკონკრეტდებით, რადგან გვჯერა, რომ თქვენ ყველა ინფორმაციას ფლობთ.

ალბათ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ საელჩოს საქართველოში ხალხი პოლიტიკურ მხარედ აღიქვამდეს. არადა, სამწუხაროდ, ასეა. განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზირებას? რამდენადაც ვიცით, ამერიკის საელჩომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იფუნქციონიროს და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს არის „შერჩევითი დიპლომატია“, რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ „შერჩევით პოლიტიკაზე“.

დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩზე“ ?! ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდებოდით მაშინ, თუკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან განცხადება გაკეთდებოდა ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხრიდან თქვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ პირდაპირ ეთერში გაკეთებული აგრესიული, ბინძური და შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ. აი, ის იყო შეურაცხყოფა და თავდასხმა მასზე და არა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის მოთხოვნა.

თუმცა, ვერც აქ და ვერც ამერიკიდან მსგავსი განცხადება ვერ მოვისმინეთ, ვერც რეალურ თავდასხმაზე და ვერც საფუძვლიან კითხვებზე. ქალბატონმა დეგნანმა ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტებს ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ წერილი ბოლომდე არც კი წაიკითხა.

არა მგონია, ამერიკაში კონგრესმენის მიერ დასმულ კითხვებზე რომელიმე ქვეყნის ელჩის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ასატანი გახდეს.

რაც მიუღებელია თქვენთვის, ის მიუღებელია ჩვენთვისაც! რაც ანტიდემოკრატიულია ამერიკელი ხალხისთვის, ანტიდემოკრატიულია ქართველი ხალხისთვისაც!

რატომ ბიძინა ივანიშვილი? ეს კითხვა მწავავეა დღეს და კიდევ უფრო მწვავე იქნება მომავალში, თუკი ჩვენი დასავლელი მეგობრები არ აგვიხსნიან, თუ რა არის რეალური დემოკრატია.

დღეს გამუდმებით გვესმის, რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს სამშობლოს ეხმარებოდნენ და ამისთვის მათი მადლიერი უნდა ვიყოთ. დიახ, მადლიერი ვართ და არაერთხელ გვითქვამს მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ რატომ არ უნდა ვუთხრათ მადლობა იმ პიროვნებას, ვინც ასევე მნიშვნელოვანი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის?

უფრო მეტიც, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იდგა ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის სათავეებთან და 2012 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოსცილდა ქვეყანას მოძალადე ხელისუფლება, რომლის ეპიზოდური წარმატება ცალკეულ სფეროებში, მუდმივ და სისტემურ ძალადობაზე და დანაშაულზე იყო დაფუძნებული. მისი და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობაც კი ქართულ საზოგადოებაში აგრესიას იწვევს მისი ლობისტების მიმართ.

ბიძინა ივანიშვილის საკითხი საქართველოში დასავლური ღირებულებების საზომი გახდება! დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ყველაფერი გაიღო და ახლა ჯერი ჩვენზეა!

ამერიკის შეერთებულ შტატებთან 30-წლიანი თანამშრომლობის მაგალითი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ საუკეთესო პარტნიორობა შეგვიძლია. საქართველომ ყველაფერი გაიღო, რათა ნატოსა და ევროკავშირის ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს. ჩვენ ამისთვის სისხლი ბევრჯერ დავღვარეთ და უშედეგოდ კიდევ მსხვერპლის გაღებას აღარ ვაპირებთ.

არ გვინდა, მუდმივად ნატოს მყარად დახურულ კარებთან ვიდგეთ და არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს.

არ გვინდა, უცხო ქვეყნები ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია საელჩოებში კეთდებოდეს, არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება ხელოვნურად ხდებოდეს და ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ.

ქართველმა ხალხმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე ისტორიული არჩევანი უკვე გააკეთა და ამ არჩევანს არასოდეს შეცვლის. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები გადავარჩინოთ და საქართველო იმ მოსალოდნელ საფრთხეებს ასცდეს, რაც დღეს რეალურად არსებობს ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე," - ნათქვამია განცხადებაში.