"სად მივდივართ?- არსაით, ჩიხში, მოუსვლელში" - კვირის პალიტრა

"სად მივდივართ?- არსაით, ჩიხში, მოუსვლელში"

სალომე ზურაბიშვილი წვალობს, ის არათანმიმდევრულია, - ასე აფასებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.

დარჩიაშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტს დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციაში წვლილის შეტანა სურს, მას აქვს ამნისტიის გამოყენების ბერკეტი, რაც უნდა გამოიყენოს.

„წვალებას და ხელოვნურ პროცესს ვხედავ. თუ მას დეპოლარიზაციაში და დეოლიგარქიზაციაში წვლილის შეტანა უნდა, მას აქვს ბერკეტი ამნისტიის გამოყენებისა და გამოიყენოს და ვის მიმართ მშვენივრად იცის.

ვერ გავიგე ეს რა დამოკიდებულებაა? ციფრების მაგიის სჯერა? ეს არის სერიოზული პოლიტიკა? გასამდა თუ გაშვიდდა, რა ლოგიკაა ეს? მას აქვს ბერკეტები, რომელიც შეუძლია გამოიყენოს, დანარჩენი არის ლაპარაკი.

ის წვალობს, ის არათანმიმდევრულია.

ანტიდასავლური რომ არის განცხადებები, რაც მოდის კობახიძისგან, ღარიბაშვილისგან, იმ ტროიკისგან და ა.შ. ეს ცალსახაა, ამაში ვეთანხმებით, სხვას ვერაფერს ვერ იტყოდა, თუ ოდნავ მაინც უნდა, სახე შეინარჩუნოს თავის დასავლელ პარტნიორებთან, მაგრამ ისევ ვიმეორებ, მას შეუძლია უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მე მგონია, რომ ერთის მხრივ, მას არ უნდა ხიდების დაწვა „ოცნებასთან“ აქვს გარკვეული ვალდებულებითი კავშირი პირადად ბიძინა ივანიშვილთან.

ის რაღაცნაირად მაგონებს პერსონაჟ ანჟელიკას, ფრანგული რომანისა და ფილმისა, რომელიც ერთ-ერთ ეპიზოდში, თუ სერიაში არის ე.წ. ანგელოზების დედოფალი, ანგელოზებს კრიმინალებს ეძახდნენ. ასეთ მდგომარეობაშია და სულაც არ მშურს მისი. არავინ არ არის უცოდველი არც პოლიტიკაში და არც ცხოვრებაში, მას შეუძლია რაღაცების გამოსწორება, მეტი გაბედულება უნდა ჰქონდეს და ნაკლები სიჯიუტე“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

დავით დარჩიაშვილმა გადაცემაში ოპოზიციის მიერ ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების შექმნის იდეაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამჯერად სწორად იქცევა, მაგრამ ამ პროცესში მთავარი ერთიანობაა.

„დაწყებული საკონსტიტუციო კომისიიდან, რომელშიც ოპოზიციამ თავიდან მიიღო მონაწილეობა, იქიდან მოყოლებული ჩანს, რომ მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“ შეუძლებელია. არავითარი კომპრომისებისთვის ისინი არასდროს მზად არ არიან და ესეც იქნება ფორმალური პროცესი, რას ფიქრობენ, ერთი წლის თავზე სად მივლენ ასე? მერე რა უნდა ქნან?

ახლა მე მგონია, რომ ოპოზიცია იქცევა სწორად, მთავარია აქ ერთიანობა. ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ ხალხთან ჰქონდეს მუდმივი კონტაქტი და კარგი დოკუმენტები შექმნას, მე მგონი ერთსაც მოახერხებს და მეორესაც. ბევრად მეტია პასუხისმგებლობა და ჩიხში იქცევს თავს ხელისუფლება“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

კითხვაზე, თუ საით მიდის ქვეყანა და რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო, დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა მიდის „არსაით, ჩიხში, მოუსვლელში“.

„არსაით, ჩიხში, მოუსვლელში ფაქტობრივად იმიტომ, რომ ასე არა პოლიტიკური მმართველობა, არამედ ქვეყანა შევა ჩიხში. მე უბრალოდ დაწუნებულიყო ვარ, რომ თუკი საბოლოოდ გავიფუჭეთ ურთიერთობა ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, ჩვენ ძალიან გაგვიძვირდება ფული, სესხების აღება გაგვიჭირდება. ქვეყანას ფუნქციონირება გაუჭირდება“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

IPN