"შავ ნიღაბს ვირგებდი, სპეციალურ ქუდს ვიფარებდი და ისე გავდიოდი" - ბაჩო ქაჯაიას კონსპირაციული ნაბიჯები - კვირის პალიტრა

"შავ ნიღაბს ვირგებდი, სპეციალურ ქუდს ვიფარებდი და ისე გავდიოდი" - ბაჩო ქაჯაიას კონსპირაციული ნაბიჯები

შოუში "ვინ ვინ არის" "ბომბორას" ნიღბის მიღმა, მსახიობ ბაჩო ქაჯაიას გამოჩენა, ბევრისთვის მოულოდნელობა იყო, მაყურებლის ნაწილმა კი მისი ამოცნობა შეძლო. როგორ შეინიღბა, რა გზას გადიოდა სახლიდან სცენამდე, რომელი სიმღერით "გაიყიდა" და ვისმა მიმსგავსებამ გაახალისა ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერზე ბაჩო თავად გვესაუბრა.

- ბაჩო, შენი დათანხმება, გამხდარიყავი "ბომბორა", ძნელი იყო?

- გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია, მაგრამ ძალიან ბევრიც არ მიფიქრია.

- მელომანი ხარ?

- ეს ცოტათი ხმამაღალი ნათქვამი მგონია. სიმღერა მიყვარს - როგორც შესრულება, ასევე მოსმენა.

- ამ პროექტში მონაწილეობის ამბავი, მგონი, შვილებმაც არ იცოდნენ, არა?

- ნამდვილად ასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გვქონდა რეპეტიციები და მიწევდა გასვლა, ამ პროექტთან დაკავშირებული ჩემი ყველა ნაბიჯი ძალიან კონსპირაციული იყო.

- მიამბე, ეს როგორ ხდებოდა?

- მანქანა შინ მაკითხავდა, შავ ნიღაბს ვირგებდი, სპეციალურ ქუდს ვიფარებდი და ისე გავდიოდი. მძღოლსაც არ უნდა სცოდნოდა, ვინ ვიყავი. მყავდა ასისტენტი, რომელიც ამ ყველაფერს კოორდინაციას უწევდა. რეპეტიციაზე რომ მივიდოდით, მონაწილეებს ერთმანეთი არ უნდა გვენახა და შესაბამისად, დროც წინასწარ იყო შეთანხმებული. მივდიოდით, ვწერდით სიმღერას და მე რომ დავასრულებდი, შემდეგ სხვა მონაწილე მოჰყავდათ. გასასვლელში, ფოიეში ერთმანეთი არ უნდა გვენახა. ჩვენი გადაადგილება რაციებით ხდებოდა, ვის სად რა დროს უნდა გაგვევლო, შევსულიყავით, წავსულიყავით...

- მანქანაში ლაპარაკიც გეკრძალებოდა?

- რა თქმა უნდა, ჩემი ასისტენტისთვის რაიმეს თქმა თუ მომინდებოდა, უნდა მიმეწერა. "ბომბორა" როცა იკერებოდა, სინჯებზეც მივდიოდი, კოსტიუმი ტანზე კარგად მორგებული რომ გამოსულიყო.

- სცენაზე ამ ნიღბით მოძრაობა რთული არ იყო?

- პირველად ძალიან რთული მეჩვენა, სუნთქვაც გამიჭირდა, მერე თანდათან მივეჩვიე. თან, იმ პერიოდში გრილი ამინდები იყო, სივრცის კონდიცირებაც ხდებოდა და მერე ისეთი რთული, როგორც თავიდან, აღარ იყო. "ბომბორას" ნიღაბს სცენაზე გასვლის წინ ვიცვამდი, ხანგრძლივი დროით ტარება არ მიწევდა და ამას ვერც შევძლებდი, მძიმე კოსტიუმი გახლდათ. ამ პროექტზე მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს, ყველა დეტალი კარგად ჰქონდათ გათვლილი და გააზრებული.

- მესმის, მთავარი ამოცანა შენიღბვა იყო, მაგრამ როდესაც გამომძიებელი ჟიურის წევრები შენს ნაცვლად, ხან ვის ასახელებდნენ და ხან - ვის, ამაზე როგორი რეაქცია გქონდა? ხალისობდი?

- ძალიან. ვფიქრობდი, ეს რატომ დაასახელეს? რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა იმ ადამიანს და შესრულებულ სიმღერას? მინიშნებებითაც ცდილობდნენ ამოცნობას, მაგრამ... ძალიან ვხალისობდი. ბევრი ისეთი ადამიანი დაასახელეს, რა შუაში იყვნენ, საერთოდ ვერ მივხვდი. ამბობდნენ, კარგად მოძრაობს, კარგად მღერისო - ეს სასიამოვნო იყო, მომწონდა, ანუ ნომერი გამომივიდა.

- მოძრაობაში ნიღაბი არ გზღუდავდა?

- ნაწილობრივ, მაგრამ პერსონაჟში რა ემოციასაც ვდებდი, ის ემოცია მაყურებლისთვის აღსაქმელი იყო.

- ყველაზე მეტად ვისმა მიმსგავსებამ გაგახალისა?

- ჟიურის გოგი თოფაძე რომ ვეგონე, მაგაზე ახლაც მეცინება.

- როდესაც გაცხადდა, ვინ იყო "ბომბორა", შვილებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, რა გითხრეს?

- ძალიან გაუხარდათ, ბედნიერები იყვნენ, განსაკუთრებით - პატარა. ეს პერსონაჟი მოსწონდათ. როცა სოციალურ ქსელში კომენტარებს ვეცნობოდი, მაყურებლების ნაწილი მე მასახელებდა. ყველაზე მეტად მაშინ "გავიყიდე", როცა "საზამთრო" ვიმღერე.

- ახლობლები არ გირეკავდნენ, არ გეკითხებოდნენ, შენ ხომ არ ხარო?

- ბევრმა მიცნო. ერთმა მეგობარმა, რომელიც "შუა ქალაქში" ხმის რეჟისორი იყო, პირველსავე ეპიზოდზე მიცნო და დამირეკა, - გიცანი, "ბომბორა" შენ ხარო. რას ამბობ, საიდან მოიტანე, გეშლება-მეთქი, - რა თქმა უნდა, ვიუარე.

- თავად რომელიმე პერსონაჟი თუ გამოიცანი?

- ერთადერთი, ვინც გამოვიცანი, ბესო კალანდაძე იყო, რომელიც ხმით ვიცანი, დანარჩენების გამოცნობა ვერ მოვახერხე.

- დასახელებას არ გთხოვ, მაგრამ დარჩენილი პერსონაჟებიდან, იცი, ვინ ვინ არის?

- ძალიან დაბნეული ვარ, ვერსიებიც კი არ მაქვს, მონაწილეები კარგად შენიღბვას ახერხებენ.

- მათ შორის ფავორიტი თუ გყავს?

- არა. ყველა მონაწილე ღირსეულია, ბევრს შრომობენ.

- შემოქმედებით საქმიანობაში რა სიახლე გაქვს?

- მე და მსახიობმა გიორგი კალანდარიშვილმა "იუთუბზე" გადაცემა "გარაჟი" გავაკეთეთ. კარგი გამოხმაურება გვაქვს, კვირაში ერთ ეპიზოდს ვდებთ და ფაქტი, რომ მაყურებელთა რაოდენობა მზარდია, გვახარებს.

- "გარაჟში" რა ხდება?

- სასაუბრო თემებს ვირჩევთ. მონოლოგი და "სთენდაფი" გავაერთიანეთ, სკეტჩებით გაცოცხლება ხდება თემის, რომელსაც მონოლოგში ვეხებით. გასართობი, საღლიცინო ვიდეოებია, ისეთი, ადამიანი რეალობას რომ მოსწყდება და გაერთობა.

- "გარაჟი" რატომ დაარქვით?

- ეს სიტყვა გვაძლევდა ისეთ საშუალებას, სადაც შეიძლება მომხდარიყო სხვადასხვაგვარი ამბავი და ეს გარაჟი გამოყენებულიყო სხვადასხვა ლოკაციად. თვითირონიაც ჩავდეთ, - ესენი გარაჟში ტელევიზიის გაკეთებას აპირებენ. დეკორაცია მარტივად გასაკეთებელი და ინტერპრეტაციისთვის სასურველი სივრცეა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"