დათო ევგენიძე: "ყოველთვის დავრჩები ადამიანად, რომელიც თავისი ქართველობით ამაყობს" - კვირის პალიტრა

დათო ევგენიძე: "ყოველთვის დავრჩები ადამიანად, რომელიც თავისი ქართველობით ამაყობს"

"ვცდილობ, ახალგაზრდებმა ქვეყანა არ დატოვონ, ეს ყველამ უნდა მოვინდომოთ"

მუსიკოსი დათო ევგენიძე დარწმუნებულია, რომ მართალია, ქვეყანას, ქართველი საზოგადოებას რთული გზის გავლა მოუწევს, მაგრამ ევროპულ ოჯახს იურიდიულად მაინც შეუერთდება. ამისთვის კი, ყველაზე მთავარი რაც გვჭირდება - ერთიანობაა, რამდენად საკმარისი იქნება ევროკავშირის მიერ მოცემული ვადა ამის გასაცნობიერებლად, ეს ისევ ჩვენზეა დამოკიდებული.

- ბატონო დათო, ვიდრე სხვა თემებზე გკითხავთ, გვიამბეთ, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

- ჩემი ინიციატივით, უკვე მეორედ, თბილისში იმართება კლასიკური მუსიკის ფესტივალი "უვერტიურა". პირველად შარშან ჩატარდა, ოპერაში. ეს ონლაინ მუსიკალური ფესტივალია, რომელიც მსოფლიოს 200 ქვეყანაში გადაიცემა. მსოფლიოს კლასიკური მუსიკის გუნდი "იამეკი" შარშან მხარდამჭერი იყო, წელს კი წარმდგენია. შარშან 14 კლასიკური მუსიკის ავტორის, ცნობილი კომპოზიტორების ნამუშევრები შევასრულეთ, მეორე ჯერზე - 17-ის, რაც დიდი ბედნიერებაა, რადგან წლებია, მათი ნაწარმოებები არ შეუსრულებიათ. არადა, თუ კომპოზიტორმა თავისი ნამუშევარი ცოცხლად არ მოისმინა, მოტივაციას კარგავს. გარდა ამისა, ჩვენს ქართველ შემსრულებლებს მსოფლიო გაიცნობს. ეს არის ქართული კლასიკური მუსიკის ფესტივალი. ზოგიერთ კომპოზიტორს თავი ჰქონდა დანებებული საყვარელი საქმისთვის, რადგან თავს უფუნქციოდ გრძნობდნენ, ახლა კი, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნათ. თუნდაც ამიტომ, ეს პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია. ვერაფერს გავაკეთებდი, ავტორთა ასოციაცია "გერა" რომ არ მედგას მხარში. ძალიან გვეხმარება თბილისის მერია... ვცდილობ, ახალგაზრდებმა ქვეყანა არ დატოვონ, ეს ყველამ უნდა მოვინდომოთ. ინტელექტის გადინება თუ არ შეწყდება, უნდა შემცირდეს მაინც. მე ჩემს სფეროში ვცდილობ, სხვამ თავისი პროფესიის ადამიანების სამშობლოში დარჩენაზე, მათ რეალიზაციაზე იზრუნოს. ვფიქრობ, ეს არ არის ბევრი, მაგრამ ზღვა წვეთებისგან შედგება და იქნებ როგორმე დავეხმაროთ ერთმანეთს, სამშობლოდან გაქცევის ნაკლები სურვილი ჰქონდეთ ახალგაზრდებს, თორემ ბოლო წლებია, ემიგრაცია უკურნებელ სენად ექცა ქვეყანას და ასე თითო-თითოდ თუ გავიკრიფებით, მტერსაც ეს უნდა...

საზღვარგარეთიდან არაერთი შემოთავაზება მქონია, ნიუ-იორკსა და პარიზშიც ხელშეკრულება მაქვს, მაგრამ არ მივდივარ. არადა, ამერიკაში გავხსენი კომპანია "ხიდების ხიდი", იქ წასული ქართველი ემიგრანტები საქართველოში რომ დავაბრუნო და დავასაქმო.

- როგორ ახერხებთ ამას?

- ეს კომპანია ახალი დაარსებულია და პროცესი დაწყებულია. ამას წინათ საქართველოში ჩამოვიდა ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი გოგონა, რომელმაც ჩემი ინიციატივით შექმნილ ქართული სიმღერების ფესტივალზე "მუსიკის 12 მოციქული" მიიღო მონაწილეობა, შვიდეულშიც მოხვდა და "აკუსტიკამ" კლიპი გადაიღო... ახლა ვცდილობთ, დავეხმაროთ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც იქ სწავლობენ და მერე იქნებ შევძლოთ მათი საქართველოში ჩამოყვანა, რათა აქ დაიმკვიდრონ თავი... ქართულენოვანი მუსიკის ერთი ფესტივალი თბილისში ჩატარდა და მეორეს, 16 ივლისს, ბათუმში ჩავატარებთ.

თბილისში ასევე ჩატარდა "ქუჩის მუსიკოსების" ფესტივალი, მომდევნო ბათუმში ჩავატარეთ. შემდეგ, ამ მუსიკოსებმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის დაფინანსება მიიღეს და ერთ-ერთი ახლა "ბიგ-ბენდში" უკრავს... ასე რომ, საქართველოში ნიჭიერ ხალხს ღმერთი არ გამოლევს, მაგრამ მათ აღმოჩენა და გზის მიცემა სჭირდებათ.

- მაგრამ ამ დაუსრულებელ პოლიტიკურ ორომტრიალში ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის თითქმის არ სცალიათ, არა?

- სამწუხაროდ, ასეა, ახლა დეპოლარიზაციაა ძალიან პოპულარული და ამას ისე წარმოაჩენენ, თითქოს რაღაც უსაშველო გვჭირდეს ამ ერთი მუჭა ხალხს, თითქოს სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდეთ. არადა, ეს ყველაფერი ხომ ძალზე ადვილია, გულწრფელად რომ უნდოდეთ შერიგება, საერთო ენის გამონახვა, საფრთხეების გაცნობიერება. ამ ქვეყნის შვილები არიან და კარგად იციან, რა გვტკივა, რა გვადარდებს და სად არის საშველი. თუ ვინმეს მართლა უნდა, საქართველოს ევროპული მომავალი ჰქონდეს, ახლა დაპირისპირების დრო არ არის, პირველ ადგილზე პირადი პოლიტიკური მიზნები კი არა, საქართველოს ერთიანობა უნდა დააყენონ. არის რამდენიმე თემა, რომლის გარშემოც პოლიტიკური სპექტრი, პოზიციაც და ოპოზიციაც უნდა გაერთიანდნენ. მაგალითად, ომი, ქვეყნის მომავალი... საქართველო არც ერთი პოლიტიკური პარტიის საკუთრება არ არის. ის ყველასია, თავისი წარსულით, აწმყოთი და პირდაპირი ვალდებულება გვაქვს მომავალზე... დაძაბულობის მოხსნისთვის სიტყვები კი არა, საქმის კეთებაა საჭირო, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ხმაურითა და ყვირილით არაფერი გვარდება. ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას აშკარა სიხარული ეტყობა იმის გამო, რომ ევროკავშირმა კანდიდატობის სტატუსი არ მოგვცა... ისე, ამ ორგანიზაციის მიმართაც გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას - თუ უკრაინა და მოლდავეთი იმსახურებს კანდიდატის სტატუს, უფრო მეტად თუ არა, ზუსტად ასევე იმსახურებს საქართველოც. თუმცა, ჩვენი ქვეყნის მიმართ ორმაგი სტანდარტი აქვთ, რადგან მსოფლიოს თავისი ინტერესები აქვს.

- ეს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამაც იცის, ამიტომ კიდევ უფრო უნდა ვეცადოთ, რომ შანსი გამოვიყენოთ...

- ზუსტად, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე, ჩვენს სადარდებელს სხვა ვერ იდარდებს. ევროპას ვჭირდებით, საქართველო მისთვის მნიშვნელოვანია გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მაგრამ ჩვენ უფრო გვჭირდება... იმედი მაქვს, რომ ყველას გაცნობიერებული აქვს ამ შანსის მნიშვნელობა და ან გადაწყვეტილების გონივრულად მიღებას ვისწავლით, ან ისევ უკან დავბრუნდებით და ამ ურთულესი გზის, ბეწვის ხიდის გავლა ხელახლა მოგვიწევს... დეპოლარიზაციის არ იყოს, არც ის 12 პუნქტი მგონია მიუღწეველი, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ამის გარეშეც უნდა მოეცათ სტატუსი. ალბათ, არსებულ რეალობას გაუწიეს ანგარიში - უკრაინა რუსეთთან უთანასწორო ომშია ჩართული და მოლდავეთიც იქვეა - ფაქტობრივად, ფრონტის ხაზზე და თან უკრაინელი ლტოლვილების დიდი ნაკადი იქ გადადის. ეს მათთვის წახალისების საბაბი გახდა. საქართველო კი შორს არის, როგორც საომარი პროცესებისგან, ასევე ტერიტორიულად. ყველა დანარჩენი პუნქტი ისევე ეხება ამ ქვეყანას, როგორც ჩვენ. თუმცა, რადგან მათთან გვინდა, ევროპა საქართველოს ხსნის გზაა, კეთილი უნდა ვინებოთ და ერმაც და ბერმაც ვიპოვოთ გამოსავალი, ნაკლებად ვაძაგოთ ერთმანეთს. პოლიტიკოსებს ნურც პირად ამბიციებს და ნურც ქვეყანას გადავაყოლებთ... მე ჩემი ქართველობით ვამაყობ და არავისზე არ "ვსწორდები", ჩემი ქვეყანა თავისი ისტორიითა და კულტურით ისედაც ყოველთვის ევროპა იყო, რაც არაერთხელ დავამტკიცეთ, მაგრამ ახლა ამის სამართლებრივად, იურiდიულად გაფორმება გვჭირდება, ამისთვის კი საბოლოო, საკვანძო ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ქართველი ერი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ამისკენ ისწრაფოდა, თავისუფლებისთვის სისხლს ღვრიდა, ჩვენი მეფეების ხმლით დაჩეხილი სხეულებია ამის დასტური. უფრო გვიან, 1921 წელს, ევროპის გემები შავი ზღვის რეგიონის საქართველოს ტერიტორიაზე იდგნენ და შეეძლოთ დაგვხმარებოდნენ. უფრო გვიან, 90-იან წლებშიც დიდი სისხლის ფასად გავარღვიეთ რკინის არტახები, 2008 წლის ომმა კი უმძიმესი შედეგები მოგვიტანა... ასე რომ, ქართველებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში თავი არ დაუზოგავთ, ძალისხმევა არ დაუკლიათ. თუმცა, რამდენად სასარგებლოა ჩვენთვის გეოპოლიტიკური მდებარეობა, "აბრეშუმის გზა" და სხვა ბუნებრივი პრივილეგიები, იმდენად სახიფათოც არის, რადგან ბევრი გვიყურებს ინტერესის თვალით და ყველა გზას, მეთოდს იყენებს, რომ წინ არ გაგვიშვას. ყოველთვის ასე იყო. ევროპას სტაბილური საქართველო სჭირდება და სწორედ ეს არ სურს მტერს, რომ გვქონდეს მშვიდობა და სტაბილურობა, რათა არ ვიყოთ მიმზიდველი და საინტერესო. ეს არ უნდა დავუშვათ, კეთილგონიერება უნდა გამოვიჩინოთ, იმპულსებს არ ავყვეთ, გონივრულად ვიმოქმედოთ, სწორი გზით ვიაროთ.

დიდხანს ვიყავი რუსეთში, მოსკოვში ვსწავლობდი და კარგად ვიცნობ მათ ფსიქოლოგიას, ინტერესებს. მათი ბუნება ყოველთვის იმპერიალისტური იქნება. ბოლო ომის შემდეგ უამრავი რუსი მეგობარი დავკარგე, ეს თავისთავად მოხდა. არიან ისეთებიც, ვინც შენ გამო ბევრ რამეს გააკეთებს, ტყვიას გადაუდგება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზეთს საქართველოდ აღიქვამს, ურჩევნია რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორია იყოს... ბევრ რამეზე მიანიშნებს ისიც, რომ ამხელა ქვეყნის მოსახლეობა ასეთ მოძალადე ხელისუფლებას ეგუება. არიან ისეთებიც, ვინც რეჟიმს სიცოცხლის რისკის ფასად აკრიტიკებს, ებრძვის და თუ ვერაფერს გახდება, ქვეყანას ტოვებს. სწორად მოაზროვნეები რუს საზოგადოებაშიც არიან, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი - ჩვენ ხომ ამდენი წელია ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე და რას ვაკეთებთ იქიდან მომავალი საფრთხეების აღსაკვეთად?.. ერთმანეთს ვჭამთ და ამით მტრის წისქვილზე ვასხმათ წყალს. ამდენი წელია ვამბობთ, რომ როგორმე უნდა ვიპოვოთ ჩვენს თავში ძალა და უნარი, რათა გავერთიანდეთ; სიმპათია-ანტიპათიად ნუ დავწვრილმანდებით, როდესაც საქმე ქვეყნის მომავალ ეხება, მაგრამ ეს აქამდე ვერ შევძელით. როგორმე მოვიკრიბოთ ძალა და ამ ერთხელ მაინც შევძლოთ. ყველაფერს პოლიტიკოსებს ნუ დავაბრალებთ. ჩვენ, საზოგადოებამ მივცეთ მაგალითი. ერი თავისი ინტერესების გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული... რამდენიმე დღის ძალიან ემოციური კადრები ვნახეთ - ქართული გენიალური სიმღერები სიქსტეს კაპელაში შესრულდა. მისი გამორჩეულობის დასადასტურებლად მათი განსაკუთრებულ ადგილას მოსმენა არ არის საჭირო, ქართველების მიერ იყო შესრულებული, რაც საკმარისია სიამაყისთვის. თუმცა, კიდევ ერთხელ ამაყი ვიყავი, რომ ისინი სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს ნამუშევრების ქვეშ გაჟღერდა. ანუ რა დონის ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი, იმავე დონის მუსიკა გაჟღერდა. ჩვენ დიდი ხანია ევროპა ვართ. დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომელი საბჭოს წევრიც უნდა გავხდეთ, მე ყოველთვის დავრჩები ადამიანად, რომელიც თავისი ქართველობით იამაყებს. რთულ მომენტებში, უფალი საქართველოს სწორ გზაზე დადგომის ძალას აძლევდა და ახლაც მთელი გულით მჯერა, რომ ასე იქნება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"