"ადამიანი,  ვინც ომის შეჩერება ვერ შეძლო" - კვირის პალიტრა

"ადამიანი,  ვინც ომის შეჩერება ვერ შეძლო"

ვოიცეხ გურეცკი ზურაბ ანჩაბაძის შესახებ

მთარგმნელისგან: წინამდებარე სტატია წარმოადგენს ამონარიდს ცნობილი პოლონელი პოლიტოლოგის, რეპორტიორისა და მწერლის ვოიცეხ გურეცკის წიგნიდან “ყირგიზი კვლავ ჯდება ცხენზე”, რომელიც გამოსაცემად გვაქვს მომზადებული. ქართველი მკითხველი უკვე იცნობს ვოიცეხ გურეცკის წიგნებს: “წინაპართა სადღეგრძელო”, “აფხაზეთი” და “პლანეტა კავკასია”.

ამონარიდი ეხება აფხაზური წარმოშობის ცნობილ ქართველსა და აფხაზ ისტორიკოსს, პროფესორ ზურაბ ვიანორის ძე ანჩაბაძეს (დაბ. 22.04.1920 წ. გაგრა - გარდ. 28.01.1984 წ. სოხუმი). წიგნის ეს პარაგრაფი გასაცნობად და შესაფასებლად გადავეცით მის ვაჟს, ასევე ცნობილ ისტორიკოსს გიორგი ანჩაბაძეს, რომელსაც ეკუთვნის სქოლიოში მოტანილი შენიშვნები.

თუკი ჩვენს თავს იმის მტკიცებას დავუწყებდით, რომ ეს ყველაფერი აღარ გვახსოვს, ანდა არ გვინდა მისი დამახსოვრება, ეს ამაო იქნებოდა. მეტიც: ძალიან ცუდად მოვიქცეოდით, ზრდასრული ადამიანისთვის შეუფერებლად.... საქმე ისაა, თუ რისი თქმა შეგვიძლია დამახსოვრებულიდან.

ეჟი სტემპოვსკი

პროფესორი გიორგი ანჩაბაძე ორ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის - თბილისსა და სოხუმში. სოხუმი აფხაზეთის დედაქალაქია, რომელიც ფორმალურად საქართველოს ეკუთვნის, მაგრამ ფაქტობრივად ცალკე სახელმწიფოა. საქართველოს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გამოეყო, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში. მორიგი ომის დასრულებიდან 15 წლის გასვლის შემდეგ, მისი დამოუკიდებლობა ცნო რუსეთმა და მის კვალად 5-მა სხვა ქვეყანამ (ორმა აფხაზეთის აღიარება უარყო). დამოუკიდებელ საქართველოს რუსეთიდან გაქცევა სურდა და დასავლეთისკენ მიაპყრო მზერა. საქართველოსა და რუსეთს პოლიტიკური ურთიერთობა, კონტაქტები არა აქვთ, თუკი არ ჩავთვლით შეხვედრებს ჟენევასა და საზღვრისპირა დასახლებებში. მათ შორის არ მოძრაობს არც მატარებელი, არც ავტობუსი, ვერ იგზავნება წერილები, დარეკვაც კი ძალზე რთულია.

ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანე­თის შესახებ თანდათან მცირე რამ იციან და ნაკლებ ინტერესდებიან იმით, თუ რეალურად რა ხდება მათ საზღვარს იქით, მეზობელთან. ანჩაბაძის ლექციები ერთი ის უკანასკნელი ძაფია, რომელიც ორ სამყაროს აკავშირებს. პროფესორი თავს ქართველადაც გრძნობს და აფხაზადაც, ერთსა და იმავე დროს.

ანჩაბაძე თავადია, თავადების შთამომავალი. შუა საუკუნეებში მისი წინაპრები აფხაზეთის თანამმართველები, ხოლო ზოგ პერიოდში, სრული მმართველები იყვნენ.

აფხაზეთში ხელისუფლებას თითქმის XII საუკუნიდან ფლობდნენ ჩაჩბები1 (თავდაპირველად როგორც ქართველი მეფეების, ბაგრატიონების ვასალები) და ის ხელიდან არ გაუშვიათ XIX საუკუნემდე, ვიდრე იქ რუსები არ შევიდნენ.

უმჯობესია ამბის გადმოცემა გიორგი ანჩაბაძის დიდი პაპის პაპიდან, ჯამლეთიდან დავიწყოთ. ის საგვარეულო-სამემკვიდრეო სოფელ ოტობაიაში ცხოვრობდა, შავი ზღვის პირას, საიდანაც ასევე ახლოსაა მოსაზღვრე მდინარე ენგური. ოჯახის წინაპრები ამ ადგილებში XVII საუკუნის ბოლოს დასახლდნენ, რათა აფხაზური საზღვარი გაემაგრებინათ თავდასხმებისგან (მდინარის იქით იწყებოდა სამეგრელო, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული პროვინცია)2. დიდი პაპის მამას ზურაბი ერქვა. ის ოტობაიაში მიახლოებით 1830 წელს დაიბადა. ყირიმის ომში პოდპორუჩიკის ჩინით მონაწილეობდა. შემდეგ ადგილობრივი სასაზღვრო რაზმის მეთაური გახდა და დაიღუპა კონტრაბანდისტებთან შეტაკებისას 1859 წელს. დაქვრივდა მისი მეუღლე და დაობლდა გიორგი ანჩაბაძის მომავალი დიდი პაპა თარაში (ტარასი). იგი ცხოვრობდა 1859-1935 წლებში. ისიც ოტობაიაში დაიბადა და ასევე მეფის ოფიცერი იყო. დაასრულა შესაბამისი სასწავლებელი, იბრძოდა თურქებისა და იაპონელების წინააღმდეგ და 30-წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ არმია პოდპოლკოვნიკის ჩინით დატოვა; დასახლდა სოხუმში და სამსახური დაიწყო ქალაქის გამგებლობაში. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წერდა ლექსებს, უკრავდა სიმებიან საკრავებზე, იყო შესანიშნავი მონადირე. ცნობები მისი სამონადირეო თავგადასავლების შესახებ გვხვდება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის რუსულენოვან ლიტერატურაში.

ვიანორ ანჩაბაძე
ვიანორ ანჩაბაძე

გიორგის პაპას (1888-1938) ვიანორი ერქვა. თბილისის გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა. შემდეგ ასევე წარმატებით დაასრულა საიმპერატორო სამხედრო სამედიცინო აკადემია პეტერბურგში. სწავლის პერიოდში სახელი გაითქვა პრინც ჰოჰენცოლერნთან დუელით, ერთი ლამაზმანის გამო. როგორც სამხედრო ექიმი 1914-1917 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. თურქეთის ფრონტზე დაიჭრა. სამშობლოში დაბრუნებული აირჩიეს აფხაზეთის სახალხო საბჭოში (პარლამენტში). ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საბჭოთა აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის კომისარიატს (სამინისტროს), თუმცა კომუნისტურ პარტიაში არ შესულა.

სტალინურ რეპრესიებს არც ვიანორის ოჯახისთვის აუვლია გვერდი. НКВД-ს ოპერატიულ ჯგუფს, რომელიც მის დასაკავებლად მივიდა, კარი გაუღო ვიანორის მეუღ­ლემ - ვერა შენგელაიამ, რომელსაც ჩეკისტების დანახვაზე უნებლიეთ წამოსცდა: “ჩვენამდეც მოაღწიეთ?” ჯგუფის უფროსმა ამ კითხვაზე კითხვითვე უპასუხა: “რა, არ გველოდით?” “კიდეც გელოდით, და არც გელოდით, - მიუგო ვერამ, - არ გელოდით იმიტომ, რომ არავითარი ბრალი არ მიგვიძღვის, მაგრამ გელოდით, რადგან ყველას იჭერთ და ალბათ ჩვენი ჯერიც მოვიდოდა”.

მოგვიანებით დააპატიმრეს ვერაც, რომელმაც რამდენიმე3 წელიწადი ყაზახეთში, ბანაკში გაატარა, რის შემდეგაც აფხაზეთში დაბრუნდა. ვიანორი კი დახვრიტეს, როგორც დივერსანტი და ხალხის მტერი.

გიორგის მამას, ისევე, როგორც მის დიდ პაპას, ზურაბი ერქვა (1920-1984). იგი აფხაზეთში გაიზარდა, სკოლა და ინსტიტუტი სოხუმში დაამთავრა; თბილისში გაიარა ასპირანტურის კურსი, აქვე მოამზადა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები; მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში. ამიტომ იყო, რომ თუმცა თავს აფხაზად გრძნობდა, მაგრამ თავი ქართველ მეცნიერად მიაჩნდა. ეს აზრი არც მაშინ შეუცვლია, როდესაც აფხაზეთის უნივერსიტეტის პირველი რექტორი გახდა, რომელიც სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა.

ზურაბი სოხუმის ქუჩებში აღიზარდა. მინისტრი მამისგან მალულად გაიკეთა ტატუ თოლიის გამოსახულებით. მშობლების დაპატიმრების შემდეგ დასერიოზულდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე უბრალო ხალხთან, ბავშვობის მეგობრებთან ერჩია დროის გატარება, ვიდრე კოლეგა-პროფესორებთან. ქართველზე იქორწინა. აფხაზებსა და ქართველებს შორის შერეული ქორწინებები მიღებული იყო. ვიანორსაც ქართველი ქალი ჰყავდა ცოლად, ისევე როგორც თარაშს - თავადის ქალი მარიამ დადიანი - ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რომელიც აფხაზეთის სახალხო საბჭოს დეპუტატად აირჩიეს.

ზურაბი აფხაზეთის ისტორიას ჩაუღრმავდა. ძნელად შეხვდებოდით უკეთეს, უფრო პატიოსან მეცნიერსა და ასე სარისკო თემას. სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხოლო ქართველი ფილოლოგის პავლე ინგოროყვას თავში მწიფდებოდა თეორია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოწამლავს მის თანამემამულეთა გულსა და გონებას. ამ თეორიის მიხედვით, თანამედროვე აფხაზები არ არიან შუა საუკუნეების აფხაზთა შთამომავლები: ისინი ქართული წარმოშობის იყვნენ, ხოლო მათ მიერ დაარსებული აფხაზთა სამეფო (ჩამოყალიბდა VIII საუკუნეში, ხოლო XI საუკუნეში გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში შევიდა) იყო ერთ-ერთი ფეოდალური ქართული სახელმწიფო. შემდეგ აფხაზეთში ჩამოსახლდნენ ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთის მკვიდრნი. კონკრეტულად როდის და რისთვის ჩამოვიდნენ, პავლე ინგოროყვა არ ხსნის. ბარბაროსებმა თავიანთ ენაზე იწყეს ლაპარაკი - აფხაზური არ არის ქართველური ჯგუფის ენა - ადგილობრივი მცხოვრებლების ასიმილაცია მოახდინეს ან იქიდან გააძევეს და მათი სახელი მიითვისეს. დასკვნის გამოტანა ადვილი იყო: თანამედროვე აფხაზები ჩამოსახლებული ხალხია და ქართული მიწა უნდა დატოვონ. ხოლო თუ მასზე ცხოვრება სურთ, მის პატრონებს დაემორჩილონ.

vianor-ancabaze-svilebtan-irina-da-zurabi-1658596159.jpg
ვიანორ ანჩაბაძე შვილებთან - ირინასა და ზურაბთან ერთად

ზურაბ ანჩაბაძე ამ საკითხს სხვანაირად უყურებდა. ის წერდა, რომ ისტორიული წყაროებით მტკიცდება აფხაზი ხალხის წინაპართა ცხოვრება თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე ანტიკურ ხანაში. რაც შეეხება აფსილებსა და აბაზგებს (ქართული წყაროებით - “აფშილები” და “აფხაზები”), რომლებიც ახ.წ. I-II საუკუნეებიდან ფიგურირებენ აფხაზეთის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში, ზურაბ ანჩაბაძე მათ, ისევე როგორც ისტორიკოსთა უმრავლესობა (ნ. მარი, ივ, ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ა. ფადე­ევი, გ. მელიქიშვილი, ლ. ლავროვი და სხვ.), აფხაზურ ტომებად მიიჩნევდა. მეცნიერი აღნიშნავს, რომ VII საუკუნიდან ძლიერდება აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური წარმონაქმნების კონსოლიდაცია, რასაც ხელს უწყობდა ფეოდალური ურთიერთობების განვითარება და ბიზანტიელ და არაბ დამპყრობლებთან ბრძოლაში გაერთიანების აუცილებლობა. აბაზგების მეთაურობით შექმნილ სამთავროში ჯერ გაერთიანდნენ უახლოესი მონათესავე ტომები - აბაზგები და აფსილები, რომლებსაც შემდეგ შეუერთდნენ სანიგები, მისიმიელები და ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ეთნიკური კომპონენტები. ამიტომ მათი ტომობრივი სახელები თანდათანობით ქრებიან წერილობითი წყაროებიდან და VIII საუკუნის შუა ხანებისთვის აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის აღსანიშნავად რჩება მხოლოდ ერთი ეთნიკური ტერმინი - “აბაზგი” (“აფხაზი”). ასე ყალიბდება აფხაზური ფეოდალური ეროვნება.

ქართველი ისტორიკოსების არეოპაგმა ეს თითქოს გადაყლაპა. პავლე ინგოროყვაც, რომელსაც ისტორიული განათლება არ ჰქონია, მათთვის პროფანი იყო, რომელიც სხვის საქმეში ერეოდა. სიმართლე რომ ითქვას, ბევრ რამეში ზოგი ისტორიკოსი ინგოროყვას ეთანხმებოდა - ერთი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი ორი ხალხის სამშობლო იყო, სხვები, რომ მთიდან ჩამოსულებმა მხოლოდ გააძლიერეს ადგილობრივი აფხაზური სტიქია - თუმცა თეორია დაუმტკიცებლად აღიარეს4.

მაგრამ ქართველები თავისას აკეთებდნენ. ზურაბ ანჩაბაძე, როგორც მეცნიერი, თითქმის იზოლირებული იყო5, ინგოროყვა გულს იმაგრებდა. ფილოლოგის იდეა ქართულ მეინსტრიმს სსრ კავშირის ბოლო დღეებში დაუბრუნდება, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი სრული ძალით იფეთქებს.

0-7670c-3d5a34ca-1-xl-1658596158.jpg
სოხუმი (XX ს. 50-იანი წლები)

აფხაზეთში ზურაბის წიგნები დახლს ქვემოდან იყიდებოდა და ადგილობრივი ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ის უკან დაებრუნებინა. შეძლეს კიდეც, სიცოცხლის ბოლო წლები სოხუმში იმუშავა. იქვე გარდაიცვალა. 2000 წელს აუღიარებელი აფხაზეთის არაღიარებულმა ფოსტამ საფოსტო მარკები გამოუშვა მისი პორტრეტით.

გიორგი ანჩაბაძე დაიბადა თბილისში 1949 წელს. მანამდე ამ ქალაქში მისი გვარიდან არავინ დაბადებულა6. პირველი იყო იმ მხრივაც, რომ ქართველად იზრდებოდა. აფხაზურად თითქმის არ ლაპარაკობდა.

ბედი, რომელიც აქამდე გაურბოდა, მამის სიკვდილის შემდეგ გადაეყარა. აფხაზეთის ისტორიაში “აკადემიური ვიოლინოს” როლი შეხვდა. ქართველმა ისტორიკოსებმა, რომლებიც პავლე ინგოროყვას თეორიას აღიარებდნენ, წიგნის გამოცემას ხელი შეუშალეს, რადგან მიღებული იყო, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო, ცალკეული სახელმძღვანელოს ბეჭდვას აზრი არ ჰქონდა. ამის საპასუხოდ, ზოგი აფხაზი ისტორიკოსი მიიჩნევდა, რომ ზურაბ ანჩაბაძე პირიქით - მეტისმეტად აზვიადებდა აფხაზეთისა და საქართველოს კავშირs7. სახელმძღვანელოზე პასუხისმგებელმა მინისტრმა კომისია მოიწვია, გიორგის, რომელიც მხოლოდ 35 წლის დოქტორი იყო საქართველოსა და კავკასიის ისტორიის სფეროში და მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, ცოდნის საკმაოდ დიდი მარაგი გააჩნდა. ამიტომ სწორედ მას მოუწია საპირისპირო პოზიციის მქონე მეცნიერ-ისტორიკოსთა შორის შუამავლისა და შემრიგებლის როლის თამაში. სოხუმი მისთვის აღმოჩენა იყო. თითქოს ისმენდა, თუ რა ხდებოდა, ხედავდა კონფლიქტის გაღვივებასაც. მაგრამ იმედგაცრუებამ შეიპყრო. აფხაზები ცალკე ცხოვრობდნენ, განმარტოებით. თბილისისაც ეშინოდათ და საკუთარი ქართველი მეზობლებისაც, რომლებიც მათზე სამჯერ უფრო მეტნი იყვნენ.

axalgazrda-zurab-ancabaze-soxumsi-dramatul-teatrtan-1658596159.jpg
ახალგაზრდა ზურაბ ანჩაბაძე სოხუმში, დრამატული თეატრის წინ

აფხაზურმა ელიტამ ენის და ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში მოიკალათა. რიგით ქართველს, თბილისიდან იყო იგი თუ ქუთაისიდან, თუნდაც რომ მთელი წელიწადი აფხაზეთში შვებულებაში გაეტარებინა, ვერ მიხვდებოდა, აქ რა ხდებოდა. ქართველები საკუთარ თავს ეკითხებოდნენ, როდიდან დაიწყო მათ შორის ურთიერთობის დაძაბვა.

ისტორიის უდიდესი პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს თითქოს უგებდნენ. ათასი წლის წინ აფხაზეთის სამეფომ სხვებ­თან ერთად შექმნა გაერთიანებული საქართველო. ეს შესაძლებელი გახდა, რადგან თბილისში ხელისუფლება ხელში აიღეს აფხაზეთის დინასტიასთან დანათესავებულმა ბაგრატიონებმა, რომლებიც მანამდე მართავდნენ რამდენიმე პატარა ქართულ სამთავროს. თუკი საქართველო გაძლიერდებოდა, ცენტრალიზებული სახელმწიფო გახდებოდა ისეთი, როგორიცაა საფრანგეთი ან ინგლისი, დღეს აფხაზები ალბათ, ქართველები იქნებოდნენ. შესაძლოა აფხაზური ენაც კი არ გადარჩენილიყო. მაგრამ მიწების გაერთიანება ვერ მოხერხდა და გაერთიანებული საქართველო კვლავ დაიშალა ცალკეულ სამეფოებად და სამთავროებად. მომდევნო სამასი წელიწადი აფხაზეთი ამ კონგლომერატს თანდათან შორდებოდა.

აფხაზეთის საქართველოსთან ურთიერთობა დიდხანს იყო ისეთი, როგორიც ლიტველებისა პოლონელთა მიმართ ყოფილ ჟეჩპოსპოლიტაში: დიდი და ძლიერი ძმები ზოგჯერ მეტისმეტად მკაცრნი იყვნენ, თუმცა ახლობელნი და შინაურნი. არისტოკრატები სიამოვნებით ლაპარაკობდნენ ქართულად, მაგრამ თავის ეროვნულ თვითმყოფადობას არ კარგავდნენ. ქართულ ლიტერატურაში აფხაზები მეტად დადებითი გმირების: უშიშარი და სამართლიანი რაინდებისა და ერთგული მეგობრების როლს ასახიერებდნენ.

anchabadzegiorgi-1658596158.jpg
გიორგი ანჩაბაძე

ორასი წლის წინ ყველანი რუსეთმა მიიერთა. გიორგიმ წარსული დრო და მაშინ მომხდარი ამბები ოჯახური გადმოცემებით იცოდა. ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პრობლემები XIX საუკუნის ბოლო ხანებიდან დაიწყო, როდესაც კავკასიური ომებისა და წარუმატებელი აჯანყებების შემდეგ, აფხაზები მთელი სოფლებით იყრებოდნენ და საცხოვრებლად თურქეთში გადადიოდნენ. მათ მიერ მიტოვებულ მიწებზე სახლდებოდნენ რუსები, სომხები, ქართველები (უმეტესწილად მეგრელები). შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.

ორი წლის განმავლობაში გიორგი თბილისსა და სოხუმს შორის ტრიალებდა. ელაპარაკებოდა, არწმუნებდა. როგორც ზემოთაა აღნიშნული, მალე თავისი თავი იმაში დაიჭირა, რომ ქართველს, როგორც აფხაზი, ხოლო აფხაზს - როგორც ქართველი, ისე ელაპარაკებოდა.

(დასასრული მომდევნო ნომერში)

პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა

"ისტორიანი" .#124