ქართველი უფლისწული შვედეთში - კვირის პალიტრა

ქართველი უფლისწული შვედეთში

უცნაურია, თუმცა ქართველთა საქმეებმა, უფრო სწორად, შემოქმედებითმა ნიჭმა შორეულ სკანდინავიამდეც მიაღწია. ეს კულტურული კვალი ძირითადად მეფე პოეტის, არჩილ II-ის ძის - ალექსანდრე ბაგრატიონის ღვაწლის გარშემო იყრის თავს. მის საინტერესო და ნაყოფიერ ცხოვრებას თავისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო ქართველმა ისტორიკოსმა, პროფესორმა ჯუანშერ ვათეიშვილმა, რომლის არქივიც ხელოვნების სასახლეში ინახება.

უფლისწულ არჩილის თავშესაქცევ ამბავს სწორედ ჯუანშერ ვათეიშვილის ნაშრომებსა და საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით გიამბობთ. ბედნიერი შემთხვევის წყალობით, არქივის მიღებიდან სულ მალე, წლეულს თებერვალში საშუალება მოგვეცა, შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი ხუცურაულის თანადგომით დაგვეთვალიერებინა და შეგვესწავლა ის ისტორიული ადგილები და დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს უკავშირდება...1700 წლის 30 ნოემბერს ქალაქ ნარვასთან რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ისა და შვედეთის მეფე კარლ XII-ის არმიებს შორის პირველი დიდი ბრძოლა გაიმართა. პეტრე I-ის არმია სასტიკად დამარცხდა. რუსი გენერლებისა და ოფიცრების 700-კაციანი ჯგუფი შვედებს ტყვედ დანებდა. მათ შორის იყო რუსეთის გენერალ-ფელდცოიხმაისტერი და არტილერიის უფროსი ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონი.ნარვასთან ალექსანდრე ბატონიშვილის დატყვევება დიდად საზიანო აღმოჩნდა არა მხოლოდ თავად მისთვის, არამედ მისი მშობლებისთვისაც, რომლებიც გარდა პერიოდისა, როცა იგი საზღვარგარეთ თან ახლდა რუსეთის “დიდ ელჩობას”, არასოდეს დაშორებიან მას. არჩილის ორი გარდაცვლილი ვაჟიშვილის შემდეგ, ალექსანდრე ერთადერთი მემკვიდრე იყო და დევნილი მეფე მას მნიშვნელოვან გეგმებს უკავშირებდა. ტყვეობა ალექსანდრე ბატონიშვილისთვის მძიმედ ასატანი გამოდგა. ემოციური ახალგაზრდა მტკივნეულად განიცდიდა უცხო ქვეყანაში ახლობლებისგან მოშორებით ყოფნას. საარქივო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ქართველ ტყვეს ხშირად დათრგუნვილს ხედავდნენ. ბუნებით შემოქმედი უფლისწულისთვის სწორედ შემოქმედებითი საქმიანობა ქცეულიყო თავის შექცევის შესაძლებლობად და ერთგვარ სულის მოსათქმელადაც. როგორც ირკვევა, პირველ ხანებში ალექსანდრე ბატონიშვილი, როგორც საპატიო ტყვე, თავის ამალასთან ერთად ჯერ ობერ-ინსპექტორ ვინმე შერნდალის სახლში გაამწესეს, ხოლო შემდეგ ქვეყნის ფინანსთა საგანგიოს თავკაცის პრესტიჟულ შენობაში, ე.წ. ხაზინადრის სახლში (ღანტმასტარჰუსეტ) გადაინაცვლა, რომელიც ძველი სტოკჰოლმის ცენტრში შეპსბრონისა და შლიუსპლანის შესაყარზე მდებარეობდა. ხაზინადრის სახლი სტოკჰოლმში ქართველი ბატონიშვილისა და მისი ამალის წევრებისთვის მუდმივ საცხოვრებლად იქცა. ბატონიშვილის მდგომარეობას პირველ პერიოდში ის ამსუბუქებდა, რომ მამასთან, მეფე არჩილთან მიმოწერის საშუალება ჰქონდა. ამ კონტაქტის წყალობით ხაზინადრის სახლი მას შემდეგ, რაც იქ ბატონიშვილი ალექსანდრე დაფუძნდა, ქართულ-რუსულ-შვედური სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად იქცა. სწორედ აქედან გაიბა შემოქმედებითი კავშირი არა მხოლოდ რუსეთთან (არხანგელსკსა და მოსკოვზე გავლით ორივე მიმართულებით), არამედ საქართველოსთანაც და, სავარაუდოდ, ჰოლანდიასთანაც. შვედეთში ქართველი ბატონიშვილის კულტურულ მოღვაწეობაზე მიუთითებს შვედი ისტორიკოსის, ჰელგე ალმკვისტის შემდეგი ჩანაწერი: “ყველაზე გამოჩენილი პიროვნება ტყვე რუსი გენერლების ამ გაერთიანებაში იყო იმერეთის ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრე, 26 წლის ალექსანდრე. ოფიციალურ შვედურ წყაროებში იგი ჩვეულებრივ მოიხსენიებოდა ტიტულით “პრინც მელიტე” (რუსულ წყაროებში - “ცარევიჩ იმერეტინსკი”). იგი მემკვიდრე იყო ჯანმრთელად მყოფი იმერეთის მეფის არჩილ ვახტანგის ძისა, რომელმაც რუსეთის მფარველობა მიიღო და 1684 წელს მოსკოვში ჩავიდა თავისი ოჯახით. პრინცი ბავშვობიდანვე პეტრეს მეგობარი და ხმაურიანი სამხედრო თამაშების თანამონაწილე იყო. თან ახლდა მეფეს 1697 წელს დიდი მოგზაურობისას ევროპის ქვეყნებში. ალექსანდრე ჰოლანდიაში დარჩა საარტილერიო მეცნიერების ასათვისებლად და იქიდან დაბრუნებისთანავე მაღალი თანამდებობა მიიღო. 1700 წლის 19 მაისს მეფემ იგი რუსეთის საარტილერიო დეპარტამენტის უფროსად დანიშნა. მას გენერალ-ფელდცოიხმაისტერსაც ეძახდნენ. საფიქრებელია, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე უფრო მაღალი წარმომავლობის გამო დაინიშნა, ვიდრე საარტილერიო საქმეში განსწავლულობის გამო. ამ განხრით ჩატარებული სამუშაოს ძირითადი სიმძიმე არტილერიის უცხოელმა სპეციალისტებმა იტვირთეს, უპირველეს ყოვლისა, ავსტრიელმა კაზიმირ ფონ კრატემ. ამას მოწმობს აგრეთვე ალექსანდრეს შესაძლებლობათა 1707 წლის შვედეთის თავდაცვის საკითხების კომისიის მიერ მიცემული შეფასება: “მეტად გამჭრიახი გონების მქონე ეს პრინცი არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს. ძალზე გულუბრყვილოა და არავისთვის არავითარი ვნება ან ზიანი არ მიუყენებია”.

aleqsandre-arcilis-ze-1696-weli-1658597064.jpg
ალექსანდრე არჩილის ძე (1696 წ.)

სამაგიეროდ, 1700 წელს შვედი ვაჭარი ტომას კნიპერი, ცხადია, პირადი შთაბეჭდილებით პრინცის შესახებ წერდა: “ბატონიშვილი ახალგაზრდა კაცია და, როგორც ამბობენ, ბრწყინვალე ნიჭის პატრონიცაა”. ახალ, მაღალ რანგში რუსეთის ჯარს ნარვისკენ გაჰყვა და სამხედრო ტყვის ხვედრიც ერგო. 1701 წლის 28 მაისს სტოკჰოლმში გამართულ ტყვეთა პირველ პროცესიაში წარადგინეს, როგორც “გენერალ-ფელდცოიხმაისტერი პრინცი ალექსანდრ გრუზინსკი. მისი მშობლიური ენა ქართულია და თავისი მამის მსგავსად ცხოველ ინტერესს ავლენს საკუთარი ლიტერატურისადმი... ბატონიშვილის პირად ბეჭედს, ისევე როგორც მისი მამისას, ქართული ასოებისგან შემდგარი წარწერა აქვს”.როგორც პროფესორი ჯუანშერ ვათეიშვილი წერს, “პირადი თვისებების გამო ალექსანდრე ბაგრატიონი არა მხოლოდ თავისი კოლეგების - ტყვე რუსი გენერლების, არამედ რუს სამხედრო ტყვეთა ბევრად უფრო ფართო წრისთვის საყვარელ პიროვნებად და კეთილსინდისიერების, ღირსებისა და სამართლიანობის ერთგვარ ეტალონადაც კი ითვლებოდა. სწორედ ამ და ზოგიერთი სხვა პირადი ნიშან-თვისების შედეგად შესაძლებლობა მიეცა, თავისადმი კეთილად განეწყო შვედეთის არაერთი ღირსეული წარმომადგენელი. მათ შორის ევროპის სამეცნიერო წრეებში უკვე მაშინ საკმარისად ცნობილი სწავლული ენათმეცნიერების დარგში იუჰან-გაბრიელ სპარვენფელდი”.შვედეთში ტყვეობისას ალექსანდრე ბაგრატიონმა მჭიდრო კავშირი დაამყარა შვედ დიპლომატსა და ცერემონმაისტერთან, იუჰან გაბრიელ სპარვენფელდთან. ეს უკანასკნელი გატაცებული იყო ენების შესწავლით, იკვლევდა სლავურ კულტურასა და აღმოსავლეთს. ამდენად, ცხადია, ქართველი ბატონიშვილი, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა ქართულსა და რუსულს, ამასთანავე მეგობრობდა პეტრე პირველთან, იუჰანისთვის თავისებური სამეცნიერო საბადო იყო. პირველი კონტაქტები სპარვენფელდსა და ბაგრატიონს შორის სტოკჰოლმში მოხვედრისთანავე დაიწყო. სპარვენფელდმა ალექსანდრეს დახმარება აღმოუჩინა, რათა სოვდაგარ შერნდალის სახლიდან უფრო ხელმისაწვდომ და კარგ ადგილას მდებარე ხაზინადრის სახლში გადაბარგებულიყო. როგორც ჩანს, მისივე დახმარებით მოახერხა ქართველმა ბატონიშვილმა საფოსტო კავშირის დამყარება მოსკოვში მყოფ ნათესავებთან; მანვე აღმოუჩინა მხარდაჭერა არჩილ მეფის მიერ მოსკოვიდან სტოკჰოლმში შვილთან წარგზავნილი ორივე ხელქვეითის ბატონიშვილის საცხოვრებელ სახლში განთავსებასა და შემდგომ რუსეთში დაბრუნებას, რაც მარტივად განსახორციელებელი არ ყოფილა.შვედეთში ალექსანდრე ბატონიშვილის შემოქმედებითი თუ სამეცნიერო საქმიანობის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის უპსალის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდში დაცული წიგნი სათაურით “თურქულ-სპარსულ-ფრანგული ლექსიკონი”, რომელიც შვედმა სწავლულმა იუჰან სპარვენფელდმა მოსკოვიდან სტოკჰოლმში ჩაიტანა. წიგნზე ქართული ტრანსკრიფციით შესრულებული არჩილ მეფის სპარსულენოვანი ავტოგრაფია, აქვეა სპარვენფელდის საინტერესო მინაწერი ტყვე ქართველი უფლისწულის შესახებ: “ეს ქართული წარწერა ეკუთვნის იმერეთის მეფეს არჩილ ბაგრატიონს, რომელიც განდევნილია, ხოლო მისი შვილი ალექსანდრე ბატონიშვილი ახლა, 1705 წელს, სტოკჰოლმში იმყოფება როგორც სამხედრო ტყვე. მე განკარგულება გავეცი, რათა მისთვის კეისერთან (სტამბაში) სრულად ჩამოესხათ მათი ენის ანბანის სამი ნაირსახეობა - იბერიული, ქართული და იმერული ანუ გეორგიანული, ხოლო მანამდე, 20 წელზე მეტი ხნის წინ, მათი სრული ჩამოსხმა ამსტერდამში ნიკოლას კისმა (მიკლოშ კიშმა) განახორციელა”. ამ მინაწერით ირკვევა, რომ ალექსანდრე ბაგრატიონი სტოკჰოლმში ქართული შრიფტის ჩამოსხმაზეც ზრუნავდა. ამ საკითხზე, როგორც ჩანს, მას მამასთან აქტიური მიმოწერა ჰქონდა. ალექსანდრემ იცოდა, რომ ამ პერიოდში მოსკოვში ქართული ბიბლიის გამოსაცემად ნუსხური შრიფტი იყო საჭირო. ამიტომ მესტამბე ჰენრიკ კეისერის დახმარებით ალექსანდრე ბაგრატიონმა შვედეთში ასომთავრული და ნუსხა-ხუცური შრიფტი ჩამოასხა, შემდეგ მათ საფუძველზე სათანადო ტექსტების ანაბეჭდები დამზადდა. ქართველი უფლისწული იუჰან სპარვენფელდის დახმარებით მაშინვე შეუდგა ზრუნვას სათანადო სასტამბო მოწყობილობისა და მითითებული ანაბეჭდების მოსკოვში გადასაგზავნად. ამ საქმის შესრულება შვედეთის სახელმწიფო საბჭოს მდივანმა, შმედემანმა ითავა. მას ქართველი ბატონიშვილისთვის ყოველგვარი დახმარება უნდა აღმოეჩინა ჩამოსხმული ქართული შრიფტის მოსკოვში გადაგზავნაში. ამ წარმატებით ფრთაშესხმული ალექსანდრე ბატონიშვილი 1703 წლის 8 დეკემბრით დათარიღებულ წერილში მამას ატყობინებდა: “მოწყალეო ბატონო მამა! ღმერთი ფარავდეს თქვენი მოწყალების, ჩემი ბატონისა და მამის ჯანმრთელობას. 10 აგვისტოთი დათარიღებული თქვენი მოწყალებითი წერილი უკვე მივიღე. ღმერთს მადლობას ვწირავ იმის გამო, რომ ადრინდებულად ჯანმრთელად ბრძანდებით. ღვთის წყალობითა და თქვენი ლოცვა-კურთხევით ცოცხალი ვარ და ადრინდელ ბინაში ბედნიერად ვცხოვრობ. ჩვენი ანბანის ასოები უკვე დიდი ხანია მზადაა, მაგრამ ჯერ ვერ ვბედავ მათ გამოგზავნას. შეიძლება ჩათვალოთ, რომ ამასთან დაკავშირებული ყველაფერი სასწაულებრივ მოგვარდა”. აღნიშნული შრიფტი მოსკოვის სტამბაში ნიმუშებად გამოიყენეს და მათი შესატყვისი უფრო დახვეწილი ანალოგები შექმნეს. სტოკჰოლმში ალექსანდრე ბატონიშვილის თაოსნობით შექმნილმა შრიფტმა საფუძველი დაუდო 1705 წელს მოსკოვში ქართული “დავითნის” გამოქვეყნებას... ჩვენ მოგვეცა უნიკალური შანსი ჯერ შვედეთის სამეფო ბიბლიოთეკაში, შემდეგ კი სახელმწიფო არქივსა და უფსალას ბიბლიოთეკაში ფოტოზე დაგვეფიქსირებინა საქართველოსთან დაკავშირებული უნიკალური მასალა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ უფსალას ბიბლიოთეკაში ვიზიტის დროს კიდევ ერთი სასიამოვნო მოვლენის მომსწრენი გავხდით: წიგნთსაცავის მესვეურებმა გვაჩვენეს 1888 წელს დაბეჭდილი “ვეფხისტყაოსნის” ის ეგზემპლარი, რომელსაც ირაკლი ხუცურაულმა მიაკვლია და რომლის არსებობა ქართველი მეცნიერებისთვის მანამდე უცნობი იყო. გამოცემის სატიტულო გვერდზე არსებული მინაწერის მიხედვით ირკვევა, რომ წიგნი 1889 წელს ალექსანდრე ცაგარელის ხელით შვედეთის მეფე ოსკარ მეორისთვის ილია ჭავჭავაძეს მიურთმევია...ურთიერთობა იუჰან სპარვენფელდსა და ალექსანდრე ბაგრატიონს შორის თანდათან პირად მეგობრობაში გადაიზარდა, რასაც დიდად შეუწყო ხელი სამეცნიერო-კულტურული ინტერესების ერთობლიობამ. ეს კი, როგორც აღვნიშნეთ, ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა იმ მჭიდრო ურთიერთობისა, რომელიც მოსკოვში შვედ სწავლულს არჩილ მეფესთან აკავშირებდა. სპარვენფელდი ალექსანდრე ბაგრატიონს სახლშიც იწვევდა. შვედი სწავლულის მიერ სამეფო კარზე დაკავებულმა ცერემონმაისტერის მაღალმა თანამდებობამ მას საშუალება მისცა ტყვეობაში მყოფი ქართველი ბატონიშვილის შესახებ შვედეთის სამეფო ოჯახის წევრებისთვის ჯერ სათანადო ინფორმაცია მიეწოდებინა, ხოლო შემდეგ მათ შორის უშუალო კონტაქტიც დაემყარებინა.იუჰან სპარვენფელდის წყალობით ალექსანდრე ბაგრატიონისადმი კეთილგანწყობილ ურთიერთობას ამჟღავნებდა სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წევრი. განსაკუთრებით ქვრივი დედოფალი, გარდაცვლილი მეფე კარლოს XI-ის დედა ჰედვიგ-ელეონორა და კარლოს XII-ის დები, პრინცესები ულრიკა-ელეონორა და ჰედვიგ-სოფიო (1688-1708), რომელსაც ტყვე ქართველი უფლისწულის ბედი განსაკუთრებით ადარდებდა.

stokholmsi-damzadebuli-qartuli-srifitis-anabewdi-1658597065.jpg
სტოკჰოლმში დამზადებული ქართული შრიფიტის ანაბეჭდი

1701 წლის ბოლოს, კარლოს XII-ის ბებიის ჰედვიგ-ელეონორას პირადი ინიციატივით ალექსანდრე ბატონიშვილს, რომელიც ხშირად მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში იყო, სამეფო კარის ექიმი დაენიშნა. ამის გამო ერთ-ერთი შვედი ავტორი წერდა: “მთელი 1701 წლის განმავლობაში პრინცი (ალექსანდრე) ტყვეობაში ცხოვრების პირობებს უჩიოდა. იგი შიშობდა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და სიცოცხლის გამოც, მით უმეტეს, თუ მას შესაძლებლობას არ მისცემენ თავისი კოლეგების გარემოცვაში იმყოფებოდეს და მათთან მისვლა-მოსვლას აუკრძალავენ. ქვრივმა დედოფალმა გაუგზავნა მას არც მეტი, არც ნაკლები (სამეფო) კარის არქიატორი, ანუ მთავარი ექიმი და მოითხოვა, რომ სამედიცინო კოლეგიამ (ამ მიზნისთვის) გამოყოს ურბან ჰიარნე, ასეთი ცნობილი ტყვედქმნილის ჯანმრთელობის უფრო გულდასმითი და საფუძვლიანი შემოწმებისთვის”. სამეფო ოჯახის წევრების ასეთმა გულისხმიერმა დამოკიდებულებამ ალექსანდრე ბატონიშვილი შეაგულიანა და მცირე ხნის შემდეგ შეეცადა კიდევ ერთი პრივილეგიის მიღებას, რასაც მასთან ერთად მყოფმა ტყვე რუსმა გენერლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი: 1702 წლის 10 აპრილს “პრინცმა მელიტემ, - ნათქვამია საარქივო საბუთში, - თხოვნით მიმართა მის სამეფო უდიდებულესობას, რომ ნება დართონ სუფთა ჰაერით სუნთქვისა და ზოგჯერ სამეფო პარკ “კუნგსტრედგორდენში” გასეირნებისა, აგრეთვე ტყვე რუს გენერლებთან შეხვედრებისა, რის საწინდრად თავის თავადურ სიტყვასა და ტყვე რუსი გენერლების თავდებას ასახელებს. პრინცის შესახებ მთხოვნელებთან და პირადად მასთან ნაბრძანებია დაცვის შექმნა, ვინძლო მიგვითითოთ თუ მას როგორც უნდა მოვექცეთ”.იმ პრივილეგიამ, რომ სახლი ზოგჯერ მიეტოვებინა და სამეფო ბაღში სეირნობით დამტკბარიყო, კეთილისმყოფელი გავლენა იქონია ალექსანდრეს ჯანმრთელობაზე. მას სიმხნევე დაუბრუნა და ბუნებით შემოქმედმა ქართველმა უფლისწულმა სტოკჰოლმში მრავალი სასარგებლო საქმის წამოწყება-დაგვირგვინება სცადა. ბაგრატიონის ძემ შვედური ენის შესწავლასთან ერთად ხელი მიჰყო ფორტიფიკაციის დარგში მიღებული ცოდნის გაღრმავებას და სამხედრო-საინჟინრო პროფესიის შესახებ არსებული ევროპული ლიტერატურის გაცნობას.ნარვასთან გამართული ბრძოლის შემდეგ რუსებსა და შვედებს შორის მოლაპარაკებები სამხედრო ტყვეთა გაცვლის თაობაზე მეტ-ნაკლები ინტენსიურობით მუდმივად მიმდინარეობდა.

1703 წელს თანხმობა ქართველი უფლისწულის გაცვლაზე თითქმის მიღწეული იყო. ამასთან დაკავშირებით არჩილ მეფე რუსეთის კანცლერს გოლოვკინს სწერდა: “ბატონო გავრილ ივანოვიჩ, ჩემო ძველო მეგობარო და კეთილისმყოფელო. ამას წინათ ჩემმა ტყვედქმნილმა შვილმა წერილით შემატყობინა, რომ სტოკჰოლმის მინისტრებმა ნება დართეს მოეწერა ჩემთვის მისი შესაძლებელი გაცვლის თაობაზე, თუ ჩვენი მოწყალე დათანხმდება, ჩემი შვილის სანაცვლოდ აქედან შვედეთში გაუშვას პოლკოვნიკი ვახტმეისტერი, ათი კაპიტანი, ათი პორუტჩიკი, ათი პრაპორშჩიკი და ნარვის მივანი ტეპატი. პატივი დამდე, ჩემო მწყალობელო კეთილისმყოფელო, არა ჩემი სიბერისა და ცრემლშეუშრობლობის გამო, არამედ შენი კეთილად ყოფნისა და შენდა სასახელოდ, მოახსენე ჩვენს უმოწყალეს მონარქს, რათა გასცეს ბრძანება ამ გაცვლის აღსასრულებლად... რათა ჩვენ საცოდავები, უკანასკნელი ჩვენი ვაჟიშვილის დაკარგვის გამო მწუხარებისაგან არ დავიხოცოთ. ამის შესახებ გეაჯები ცრემლმორეული - იმერეთის მეფე არჩილი”. ქართველი ბატონიშვილის გასაცვლელად შეთავაზებულ ამ არცთუ მარტივ წინადადებას პეტრე პირველი დადებითად შეხვდა, რაც ბატონიშვილის ტყვეობიდან გამოხსნას რეალურს ხდიდა, თუმცა ქართველების მოლოდინი და სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.

ilia-wavwavazis-mier-gagzavnili-vefxistyaosani-1-1658597065.jpg
ილია ჭავჭავაძის მიერ შვედეთის მეფე ოსკარ მეორისთვის ალექსანდრე ცაგარელის ხელით მირთმეული "ვეფხისტყაოსანი" (ზემოთ). ილია ჭავჭავაძის გაკეთებული წარწერა (ქვემოთ)

1703 წელს სტოკჰოლმში სამმა რუსმა ტყვე გენერალმა გაქცევა უშედეგოდ სცადა, რასაც შვედების მხრიდან რეჟიმის გამკაცრება და ალექსანდრე ბატონიშვილის გარშემო სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა. როგორც გაირკვა, ქართველი უფლისწული ტყვე რუს გენერალთა ურთიერთდამაკავშირებელ კონსპირაციულ რგოლს წარმოადგენდა. ბატონიშვილმა სტოკჰოლმში იუჰან სპარვენფელდის დახმარებით ჩამოსხმულ ქართულ შრიფტსა და იქვე შესრულებულ ზოგიერთ ანაბეჭდს შესაბამისი რუსული ასოები მიუსადაგა, რამაც შესაძლებელი გახადა ტყვე რუს გენერლებს შორის ცენზურის გარეშე ურთიერთმიმოწერა. ის ფაქტი, რომ ქართული ანბანი ტყვე რუს გენერლებს შორის დაშიფრული მიმოწერის კოდად გამოიყენეს, შვედებმა გვიან აღმოაჩინეს და ამის გამო ძალიან გაბრაზდნენ. ამიერიდან ალექსანდრე ბაგრატიონი შვედების თვალში იქცა “უცხო ფრინველად”, რომელიც თავის უახლოეს გარემოცვას მშობლიურ ენაზე ესაუბრებოდა. მისი ქართულენოვანი წერილები უკვე საიდუმლო შიფრის შემცველ პატაკებად აღიქმებოდა. ალექსანდრესა და რუსი ტყვეებისადმი სტოკჰოლმმა რეპრესიული ზომების გატარება დაიწყო. ამას დაემატა რუსეთში შვედი ტყვეების დაცვის რეჟიმის გამკაცრება, რასაც კარლოს XII-ის მხრიდან ტყვე რუსი გენერლების გაცვლაზე უარის თქმა და მათი დაცვის გამკაცრებული წესების დამკვიდრება მოჰყვა. მალე შვედეთის სახელმწიფო საბჭომ ალექსანდრე ბაგრატიონის დედაქალაქიდან პროვინციულ ქალაქ ლინჩოპინგში გადასახლების გადაწყვეტილება მიიღო.ორი კვირის შემდეგ ალექსანდრე ბაგრატიონი თავისი ამალის ნაწილთან ერთად, რომელშიც შედიოდნენ ორი მსახური, მზარეული და ბატონიშვილის მსახურთუხუცესი ზაალ გარაყანიძე თავისი მსახურითურთ, ლინჩოპინგში ჩავიდა, სადაც მისთვის განკუთვნილ საცხოვრებელში, ლინჩოპინგის დიდი ხნის წინ მიტოვებულ პირქუშ შუასაუკუნოვან ციხესიმაგრეში (ყოფილ სამეფო რეზიდენციაში) განათავსეს... 7 წლის შემდეგ შვედეთის სენატმა ქართველი ბატონიშვილის გრაფებზე, ჰიპერსა ან რენშიოლდზე გადაცვლის შესაძლებლობა დაუშვა.

1711 წლის 26 იანვარს რუსები ციგებით ალექსანდრე ბატონიშვილის რუსეთში გადასაყვანად ქალაქ პიტეოდან დაიძრნენ. ალექსანდრე იმერეტინსკი უკვე მძიმედ ავადმყოფი იყო. გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მიუხედავად ამისა, ოჯახთან შეხვედრა ეჩქარებოდა... შვედი გუბერნატორი ლევენი ცდილობდა ქართველი ტყვე მოგზაურობის შეწყვეტაზე დაეთანხმებინა, მაგრამ ბაგრატიონმა გუბერნატორის ეს წინადადება კატეგორიულად უარყო. პიტეოში ბატონიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ აქ შეჩერება აუცილებელი გახდა. სწორედ ამ ქალაქში, ალექსანდრე იმე­რეტინსკი 1711 წლის 3 თებერვალს 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. თანამებრძო­ლთა აზრით, მისი სიკვდილი შედეგი იყო ღრმა ნაღვლიანობისა და სამედიცინო დახმარების უკმარისობისა. ავადმყოფობა, რომელმაც ქართველ პრინცს ორ კვირაში სიცოცხლე მოუსწრაფა, ზუსტად არ არის ცნობილი, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი ციებ-ცხელების ერთ-ერთი უმძიმესი ფორმით გარდაიცვალა. შვედი ისტორიკოსებისა და პროფესორ ჯუანშერ ვათეიშვილის პუბლიკაციების მეშვეობით გასული საუკუნის ბოლოსთვის შვედეთის სამეცნიერო საზოგადოება საკმაოდ კარგად იყო ინფორმირებული ალექსანდრე ბაგრატიონის შესახებ და მის როლზე ქართულ-შვედურ ისტორიულ ურთიერთობათა განმტკიცებაში. ამდენად, შვედი კოლეგების მხარდაჭერითა და პროფესორ ვათეიშვილის ინიციატივით, შუამდგომლობა აღიძრა სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტის წინაშე ყოფილ “ხაზინადრის სახლის” ფასადზე ალექსანდრე ბატონიშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფი მემორიალური დაფის დაყენების თაობაზე. შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს ალფრედ ნობელის სახელობის ფონდის თავმჯდომარემ მიკაელ სულმანმა, იუნესკოს მიერ 1996 წელს სტოკჰოლმის ევროპის კულტურის დედაქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით საგანგებოდ შექმნილი კომიტეტის თავმჯდომარემ კარინ ფიშერმა.

turqul-qartul-franguli-leqsikoni-1658597065.jpg
თურქულ-ქართულ-ფრანგული ლექსიკონი

ალექსანდრე ბაგრატიონის მემორიალური დაფა, რომელიც საქართველოს სახალხო მხატვარმა ავთანდილ მჭედლიშვილმა შექმნა, 1996 წლის 18 ივნისს საზეიმო ვითარებაში გახსნა სტოკჰოლმის ქალაქის თავმა ინგმარ ინგევიკმა. მანვე გახსნის ცერემონიალზე მისულ ქართველებს გულუხვად უმასპინძლა ოფიციალური მიღებისას მუნიციპალიტეტის რეზიდენციაში.

გიორგი კალანდია პროფესორი,

საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი

"ისტორიანი" .#124