როგორ იწყებოდა ხრუშჩოვის მმართველობა - კვირის პალიტრა

როგორ იწყებოდა ხრუშჩოვის მმართველობა

ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)

საბჭოთა კავშირის ერთპიროვნული ლიდერის, გენერალისიმუს სტალინის გარდაცვალებისა და მისი უახლოესი გარემოცვის წევრის, მარშალ ბერიას გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის შემდეგ, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. ხელისუფლების სათავეში მოექცა ნიკიტა ხრუშჩოვი (1894-1971), რომლის მმართველობაც 11 წელიწადს გრძელდებოდა. მისი ინიციატივით, 1953 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს ვასილ მჟავანაძე (1902-1988), რომელიც მეორე მსოფლიო ომში გენერალ-ლეიტენანტის წოდებით მონაწილეობდა. იგი საქართველოს კომპარტიას 1972 წლის 29 სექტემბრამდე, ანუ 19 წელიწადს ხელმძღვანელობდა.

ხელისუფლების სათავეში ჩადგომისთანავე ხრუშჩოვმა ჯერ ფარულად, ხოლო შემდეგ ღიად გააჩაღა ანტისტალინური კამპანია, რასაც 1953 წლის 26 ივნისიდან, ბერიას დაპატიმრების დღიდან (ოფიციალური ვერსიით) ანტიბერიული კამპანიაც მოაყოლა. კრემლის ახალი ბინადარნი შეუდგნენ მათ დევნა-შევიწროებას, ვისაც სტალინ-ბერიასთან სიახლოვე დანაშაულად ჩაუთვალეს. ყოველივე ეს ანტიქართულ კამპანიაში გადაიზარდა. ედუარდ შევარდნაძის მემუარებში “ფიქრი წარსულსა და მომავალზე” ვკითხულობთ: “საქმე ისეთ კურიოზამდე მივიდა, რომ ბერიას დროს დაჭერილი და გადასახლებამოვლილი, შემდეგ დაბრუნებული დიდი ქართველი მეცნიერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ბერიასთან კავშირის აბსურდული ბრალდებით დაითხოვეს. მოკლედ, ქართველებს კიდევ ერთხელ შეუტიეს... მჟავანაძემ ვერ შეძლო სიტუაციის ჩაწყნარება. ასეთ დროს ცეკას მდივანს არავინ არაფერს ეკითხებოდა: საკავშირო ორგანოები მის გარეშე აკეთებდნენ თავის სისხლიან საქმეს”.ახალი ხელისუფლების მიერ შერისხულთა შორის აღმოჩნდნენ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები შალვა ნუცუბიძე (1888-1969), სიმონ ყაუხჩიშვილი (1895-1981) და წევრ-კორესპონდენტი ვუკოლ ბერიძე (1883-1963).

1953 წლის დეკემბერში ნუცუბიძეს ჩამოართვეს აკადემიკოსის წოდება და პროფესორის თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს. მისი ბედი ყაუხჩიშვილმა და ბერიძემაც გაიზიარეს. ამის თაობაზე საყურადღებო ცნობებია თავმოყრილი წიგნში “ასე იგონებენ შალვა ნუცუბიძეს” (1999), რომელიც ეთერ ავსაჯანიშვილმა და თამარ ნუცუბიძემ შეადგინეს (ირაკლი კენჭოშვილის რედაქციით).თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის თანამშრომელი ეთერ ავსაჯანიშვილი იხსენებდა: “გამოგვიცხადეს, რომ უნივერსიტეტიდან გაირიცხნენ “ბერიას აგენტები”, პროფესორები... ამ ამბის გაგება, ჩვენთვის, სტუდენტებისთვის თავზე მეხის დატეხა იყო. “ტყუილია!” - ერთხმად ვიყვირეთ სტუდენტებმა და პროტესტის ნიშნად აუდიტორია დავტოვეთ... ხალხს კლუბისკენ ერეკებოდნენ, მიტინგს დაესწარითო. კლუბში შევედით და წინა რიგები დავიკავეთ სტუდენტებმა. დაიწყო მიტინგი. ვინ აღარ გამოვიდა ჩვენი “დამნაშავე” პროფესორ-მასწავლებელთა საქმიანობის განქიქებით და ვინ აღარ მოიოხა გული. ერთმანეთში აირია ტყუილ-მართალი. ან ვინ იყო მსაჯული და გამკითხავი, ყველა პროფესორ-მასწავლებელი ერთხმად იწონებდა სამშობლოს “გამცემი” პროფესორების უნივერსიტეტიდან გარიცხვას. არავინ გამოვიდა პროფესორთა მხრიდან და არავინ დაიცვა ისინი. ერთადერთი, ვინც მომხსენებლებს წინააღმდეგობას უწევდა, ეს იყო ისევ სტუდენტი ახალგაზრდობა. ისინი თავიანთ პროტესტს მოხსენებისადმი რეპლიკის სროლით გამოხატავდნენ. ბოლო სიტყვა აკაკი შანიძემ აიღო და თქვა: “ბერიამ მეც დამიბარა სადაც ჯერ არს და შემომთავაზა ჯაშუშური საქმიანობა, მაგრამ მე გულისწყრომით დავტოვე მისი კაბინეტი”...

nina-mjavanadze-051-1658598012.jpg
ვასილ მჟავანაძე (ცენტრში)

ერთი სტუდენტი სცენაზე აიჭრა და თავმჯდომარეს უთხრა: - ჩვენ, სტუდენტებს, არ გვჯერა, რომ ჩვენი სახელოვანი მეცნიერები აგენტები არიან. ეს აბსურდია. ვის აძლევს ხელს ამ იარლიყის მიკერება სახელოვან მეცნიერთათვის? მათ ბრალად ედებათ სამშობლოს ღალატი. ამის მომგონს ალბათ, არა აქვს გათვალისწინებული ან გაგებული, თუ რა არის სამშობლოს ღალატი. ჩემი აზრით, სამშობლოს ღალატი სწორედ ისაა, რომ ეროვნულ უნივერსიტეტს აქცევს, საძირკველს უთხრის ქართულ მეცნიერებას; როდესაც უნივერსიტეტიდან ითხოვენ ისეთ პროფესორებს, რომლებიც ამ შენობაში და მეცნიერებაშიც ამინდს ქმნიან. ჩვენ, სტუდენტებს გვეგონა, რომ ამ კლუბში შეკრებილი პროფესორები იმსჯელებდით იმაზე, თუ როგორ უშველოთ თქვენს კოლეგებს და თქვენ კი ტაშს უკრავთ დემაგოგიურ აზრს! ბატონ შალვას უყვარდა თქმა: “არწივს ყოველთვის შეუძლია ქორის სიდაბლეზე დაეშვას, მაგრამ ქორი არწივის სიმაღლეზე ვერასოდეს აფრინდება!” ასე იყო მაშინაც, ის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც შალვას აკრიტიკებდნენ, მის სიმაღლემდე ვერასოდეს ვერ ავიდოდნენ. ისინი გათავისუფლდნენ იმ “სენისგან”, რომელსაც შალვა ნუცუბიძე ერქვა“.უნივერსიტეტის დოცენტი დურმიშხან ცინცაძე იგონებდა: “სტუდენტობა პროფესორ სიმონ ხუნდაძის სახელობის აუდიტორიაში შეგვკრიბეს. აუდიტორია დამსწრეთ ვერ იტევდა. ასეთი აჟიოტაჟი მაშინ უნივერსიტეტში ბატონი შალვა ნუცუბიძის მოხსენებისას თუ იყო... მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა...

კათედრაზე დიდი რიხითა და შემართებით ასულმა ლენინური კომკავშირის საუნივერსიტეტო კომიტეტის მდივანმა დითირამბებით შეამკო საკავშირო კომუნისტური პარტიის კურსი და თითის ქნევით აღნიშნა, რომ “ვინც მას (ე.ი. კომპარტიას) ხელს შეუშლიდა კომუნიზმის მშენებლობის საქმეში, ის მოკვეთილი იქნებოდა საზოგადოებისგან, პარტიისგან და მათ მტრად გამოცხადდებოდა”. დამსწრე ახალგაზრდობის დიდი უმრავლესობისთვის მოულოდნელად, კომკავშირელმა ორატორმა საბჭოთა საზოგადოების მტრად წარბშეუხრელად დაასახელა უნივერსიტეტის სამი წამყვანი პროფესორი, ჭეშმარიტი მამულიშვილები, ქართველი სტუდენტებისა და მთელი საზოგადოებისთვის უსაყვარლესი ადამიანები... ასეთი ფრაზაც კი წარმოთქვა: “მე სამარცხვინოდ მიმაჩნია ის, რომ ეს ვაიმეცნიერები დღემდე ჩვენი უნივერსიტეტის ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს ემსახურებოდნენ, დღეის შემდეგ კი განწმენდილი იქნება ჩვენი წმიდათაწმიდა მეცნიერების ტაძარი!”აკადემიკოსი შალვა ხიდაშელი (1911-1994) იგონებდა, რომ 1953 წელს ნუცუბიძე მეორედ შეიყვანეს “ხალხის მტრების” სიაში, თუმცა, “ამჯერად, ბედის ირონიით, მისი სახელი ბერიას დანაშაულებათა საბრალდებო დოკუმენტში მოხვდა. იგი ლამის ფაშისტური გერმანიის ჯაშუშად გამოაცხადეს, რომელსაც თითქოს ბერია მფარველობდა. ვიდრე სიმართლე გაირკვეოდა, შალვა ნუცუბიძე გარიცხეს ყველა დაწესებულებიდან, მეცნიერებათა აკადემიიდან, პროფკავშირიდან, ფილოსოფიის ინსტიტუტიდან და უნივერსიტეტიდან. ეს სწორედ ის დრო იყო, ბატონი შალვა რუსთაველის ძეგლთან შემხვდა და ხანმოკლე საუბრის შემდეგ მითხრა: “შალვა, ნუ გაჩერდები ჩემთან დიდხანს, ვინმე დაგვინახავს და...” - იუმორის გრძნობამ ბატონ შალვას არც იმ პერიოდში უღალატა.ერთხელ, მეცნიერებათა აკადემიიდან გამოვიდა და ჩემთან შემოიარა. ლაპარაკი ჩამოვარდა იმ პირზე, რომელსაც ყველა სიკეთე მეცნიერების გზაზე შალვა ნუცუბიძისგან მიეღო, მაგრამ ამ გარემოებამ არ შეუშალა ხელი, უნივერსიტეტის კარებში თვითონ ჩამდგარიყო და შალვა ნუცუბიძე შენობაში არ შეუშვა:”მე დავემსგავსე ღმერთს და ჭუჭყისგან შევქმენი ადამიანი! ის კი მე როგორ მომექცა, ყველა თქვენგანისთვის ცნობილია. რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება!” მეორედ, რუსთაველის პროსპექტზე, ოპერის თეატრთან შალვა ნუცუბიძეს ვიღაც, ჩემთვის უცნობი პიროვნება შეხვდა. ჩემი ყურადღება იმან მიიპყრო, რომ ბატონი შალვა არაჩვეულებრივი გულითადობით მიესალმა... ჩამოვშორდი და მათ საუბარს ისე ვადევნებდი თვალყურს. როგორც კი ბატონი შალვა მოსაუბრეს დასცილდა და ჩვენი გზა გავაგრძელეთ, ვკითხე, ვინ იყო მისი ნაცნობი.”ეგ კაცი მონადირეთა კავშირის თავმჯდომარეა და მართალი გითხრათ, ძალიან დიდ პატივს ვცემ იმის გამო, რომ მონადირეთა კავშირი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც მე თავისი რიგებიდან არ გავურიცხივარ!”

79122254-2936965959671449-678369863697170432-n-2-1658598012.jpg
გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, აკადემიკოსები (მარცხნიდან): სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ნუცუბიძე და აკაკი შანიძე

1953 წელს, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ, რექტორ ნიკო კეცხოველის ხელშეწყობით, დასტამბა ივანე ჯავახიშვილის თხზულების “ქართველი ერის ისტორიის” მეხუთე ტომი, რომელსაც რედაქტორობა სიმონ ყაუხჩიშვილმა გაუწია. მასში შევიდა ნაშრომი “დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში”, რომელიც პირველად 1919 წელს გამოქვეყნდა. ამ გამოკვლევაში ვკითხულობთ: “1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსათვის სარგებლობა არა მოუტანია-რა, ზიანი კი - აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ, საშინლად გაუარესდა”. ვინაიდან, გამომდინარე თავისი შინაარსიდან, ეს გამოკვლევა მიუღებელი გახლდათ კომუნისტური რეჟიმისთვის, იგი შემდგომში აღარ გამოუციათ.პროფესორ გურამ ყორანაშვილის სტატიაში “ისტორიოგრაფიის მოთვინიერება” აღნიშნულია: “ეს “ტრადიცია” 1953 წელს დაირღვა. ჩვენმა ჩინებულმა ფილოლოგოსმა და დიდმა პატრიოტმა სიმონ ყაუხჩიშვილმა ნაშრომი “ქართველი ერის ისტორიის” მეხუთე ტომში დაბეჭდა. გასაგები მიზეზების გამოისობით, ეს გაკეთდა კუპიურებით, ნაშრომის რიგი ადგილების გამოტოვებით. ასევე უნდა აღინიშნოს უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ნიკო კეცხოველის დამსახურებაც. უამისოდ, რიგითი ჰომო სოვიეტიცუს-ის რექტორობის ზეობისას, მსგავსი რამ გამოირიცხებოდა. იმჟამინდელ ქართველ მთვლემარე საზოგადოებაში აღნიშნულ ამბავს ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. მარიონეტულმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ დიდად შეიცხადა, აიკრძალა წიგნის ტირაჟის (დაიბეჭდა ხუთი ათასი ცალი) გავრცელება. ასე გრძელდებოდა შემდგომშიც, საბჭოურ-კომუნისტური წესწყობილების დაისამდე” (“ისტორიანი”, #102).საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსულმა ახალმა ძალამ შერისხა ივანე ჯავახიშვილის ამ ნაშრომის ხელახალი პუბლიკაციის ინიციატორები და იასე ცინცაძეც, რომლის გამოკვლევაც იმავე პერიოდში გამოიცა.

1954 წლის თებერვალში გამართულ საქართველოს კომპარტიის XVI ყრილობაზე ვასილ მჟავანაძემ აღნიშნა: “ამას წინათ, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის “ქართველი ერის ისტორიის” მეხუთე წიგნი. ამ წიგნის გამოცემით უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უხეში პოლიტიკური შეცდომა დაუშვა... წიგნში შესული ნარკვევები და მასალები შეიცავენ ნაციონალისტური ხასიათის შეცდომებს, დამახინჯებულად აშუქებენ საქართველოს და რუსეთის ურთიერთობის ფაქტებს. წიგნში უგულვებელყოფილია რუსეთთან საქართველოს შეერთების უდიდესი პროგრესული მნიშვნელობა ქართველი ხალხის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის. წინააღმდეგ ისტორიული სიმართლისა და საზოგადოებრივი განვითარების პროცესის მატერიალური გაგებისა, რუსეთთან საქართველოს შეერთება აღნიშნულ წიგნში განხილულია როგორც ქართველი ხალხის ყველა უბედურების მთავარი მიზეზი, მიჩქმალულია ის უდავო ფაქტი, რომ რუსეთთან საქართველოს შეერთებამ, მიუხედავად ცარიზმის, რუს და ქართველ ფეოდალთა და ბურჟუაზიის რეაქციული პოლიტიკისა, ერთმანეთთან დააახლოვა საქართველოს და რუსეთის ხალხები...ანალოგიური ხასიათის ბურჟუაზი­ულ-ნაციონალისტურ შეცდომებს შეიცავს მთელი რიგი ნაშრომები, რომლებიც მოთავსებულია ისტორიის ინსტიტუტის “მიმომხილველის” მესამე წიგნში, რომელიც გასული წლის დამლევს გამოვიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ პროფესორი იასე ცინცაძე წინასწარი განზრახვით კრებს “ფაქტებს” და ცდილობს “დაამტკიცოს”, რომ საქართველოს მოღვაწეთა ორიენტაცია რუსეთთან დაახლოებაზე შეცდომა იყო, რომელმაც უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ბედზე...ზემოთ აღნიშნული ფაქტები მოწმობენ, რომ რესპუბლიკაში ისტორიული მეცნიერების ფრონტზე ყველაფერი რიგზე ვერ არის.საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტი მოვალეა, უახლოეს ხანში განახორციელოს ღონისძიებანი ისტორიული მეცნიერების დარგში დაშვებული შეცდომებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და ამ დარგში არსებული მდგომარეობის ძირეული გაუმჯობესებისთვის” (“კომუნისტი”, 1954, # 41).აი, ასეთი ტერორის პირობებში უწევდა საქმიანობა ქართველ ისტორიკოსთა იმ ნაწილს, რომელიც ობიექტურად და ეროვნულად აზროვნებდა.

shalva-nutsubidze-2-1658598012.jpg
შალვა ნუცუბიძე

* * *

თბილისის უნივერსიტეტის პროფესორმა ილარიონ (ვალიკო) ტალახაძემ (რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ. იხ. “ისტორიანი”, #121), ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში გამოსცა ანტიმეცნიერული ნაშრომი, სადაც ადრე შუა საუკუნეების ქართული მწერლობის, კულტურისა და საერთოდ სახელმწიფოს არსებობის უარყოფას შეეცადა. ამ ვაინაშრომის ავტორს ღირსეულმა ქართველმა მეცნიერებმა საკადრისი პასუხი გასცეს.1954 წლის დეკემბრის ბოლოს ჩატარდა უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომა, სადაც გაიმართა დისკუსია საქართველოში კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოშობისა და საქართველოს ისტორიის საუნივერსიტეტო და სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადების საკითხებთან დაკავშირებით. აკადემიკოსმა გიორგი მელიქიშვილმა (1918-2002) თავის მოხსენებაში “საქართველოში კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს წარმოშობის საკითხისათვის”, მეცნიერულად ჩამოაყალიბა დებულებები, რომლებშიც კატეგორიულად არ დაეთანხმა ილარიონ ტალახაძის მოსაზრებებს. აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე (1922-2018), რომელიც მონაწილეობდა ამ დისკუსიაში, წერს: “ტალახაძის აზრით, საქართველოს განვითარების მონათმფლობელური სტადია საერთოდ არ გაუვლია და ანტიკურ ხანაში საქართველოს მოსახლეობა გვაროვნული წყობილების პირობებში ცხოვრობდა... გვაროვნული წყობილება საქართველოში გრძელდებოდა ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნემდე, VI-IX საუკუნეები იყო სამხედრო დემოკრატიის ხანა და მხოლოდ IX საუკუნის დასასრულიდან ჩამოყალიბდა საქართველოში ადრინდელ-ფეოდალური სახელმწიფო...

უარყოფდა რა მთლიანად უმდიდრესი არქეოლოგიური მასალის მონაცემებს, თავისი დებულებების “არგუმენტირებას” იგი წერილობითი ცნობების საფუძველზე ცდილობდა, ხოლო წერილობითი წყაროებით სარგებლობისას დაუშვებელ თვითნებობას იჩენდა... აყალბებდა ამ წერილობითი წყაროების ცნობებს თავისი “კონცეფციისადმი” მიყენების მიზნით”.ტალახაძის მოსაზრება გააკრიტიკეს: ისტორიკოსებმა - კონსტანტინე გრიგოლიამ, შოთა მესხიამ, ნოდარ ლომოურმა, ზურაბ ანჩაბაძემ, მარიამ ლორთქიფანიძემ, დავით გვრიტიშვილმა; არქეოლოგებმა - ოთარ ჯაფარიძემ, ალექსანდრე კალანდაძემ, ანდრია აფაქიძემ; ეთნოლოგმა გიორგი ჩიტაიამ; სამართალმცოდნე ივანე სურგულაძემ; ნუმიზმატმა დავით კაპანაძემ და სხვებმა. გიორგი მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ მიუკერძოებელი მეცნიერული კრიტიკისათვის, რომელიც აუცილებელია, ტალახაძის არამეცნიერულ მოსაზრებებს მხოლოდ ხელის შეშლა შეუძლია. დისკუსია შეაჯამა აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა (1895-1965), რომელიც ისტორიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა.მომდევნო წელს, საკავშირო მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში (“იმელი”) გამართულ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ნიკო მუსხელიშვილი თავმჯდომარეობდა, ტალახაძის წიგნი გიორგი მელიქიშვილმა და სხვა ღირსეულმა ქართველმა მეცნიერებმა ასევე მკაცრად გააკრიტიკეს.

kartveli-mamakacebi-121-1658598012.jpg
შალვა ხიდაშელი

* * *

სტალინის გარდაცვალების შემდეგ კრემლში გაბატონებულ ახალ პირთა მიერ წამოწყებული ანტისტალინური კამპანია ასეა დახასიათებული საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და მთარგმნელის გერონტი ქიქოძის (1885-1960) წიგნში “თანამედროვის ჩანაწერები” (2003): “ჯერ კიდევ ბერიას დახვრეტამდე საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა გაენელებინა სტალინის ჰეროიზაცია და ამასთან დაკავშირებით გადასინჯა გმირული პიროვნების როლის საკითხი. წინ წამოსწია კოლექტიური შემოქმედების, კოლექტიური ხელმძღვანელობის იდეა; აღიარებულ იქნა, რომ ცალკე პიროვნება, რარიგ მაღალნიჭიერიც უნდა იყოს ის, დაზღვეული არაა შეცდომებისგან. ბოლოს, სტალინი ლენინის საქმის უბრალო გამგრძელებლად გამოცხადდა. მისი სიკვდილის და დასაფლავების დღეების წლისთავი გაზეთებში მხოლოდ მოკლე წერილებით აღინიშნა. სამგლოვიარო მიტინგები აიკრძალა. უბრალო ხალხმა უსამართლოდ სცნო ასეთი მოულოდნელი გადაფასება ადამიანისა, რომელიც მანამდე ყველა ეპოქის უდიდეს გენიოსად იყო აღიარებული. განსაკუთრებით ძლიერი იყო თბილისის ახალგაზრდობის პროტესტი. ამ პროტესტმა ერთგვარი ნაციონალური დემონსტრაციის ხასიათი მიიღო. 1954 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების წლისთავზე, ვიღაც ქართველ გოგონას იების კონა მიეტანა სტალინის ძეგლთან და კვარცხლბეკზე დაედო. მისთვის წაებაძათ სხვა მოსწავლეებს. პატარა კონებს გვირგვინები და ყვავილწნულები მოჰყვა და ბოლოს მთელი უზარმაზარი ბრინჯაოს ძეგლი, მისი კვარცხლბეკი და საფეხურები ყვავილებით დაიფარა.ეს გლოვა ათ დღეს გაგრძელდა. თითქმის მთელი თბილისის მოსახლეობამ მოკრძალებით გაიარა ბელადის ქანდაკების წინ. ზოგიერთი იქ ღვინით მივიდა, რათა განსვენებულის შესანდობარი დაელია. კვარცხლბეკის საფეხურებზე საპატიო დარაჯები იდგნენ განთიადიდან შუაღამემდე, უმთავრესად სტუდენტები და მოსწავლეები. არცერთხელ არ დარღვეულა წესიერება, წესრიგს თვით მონაწილეები იცავდნენ მორიგეობით. სიტყვებს ლექსები ცვლიდა, ლექსებს - საგალობელი ჰიმნები. ხალხი ხშირად მუხლს იყრიდა “ნანას” და “გაფრინდი, შავო მერცხალოს” გაგონებაზე. ძალიან ხშირად გაისმოდა სიტყვა “უკვდავება”. ხშირად ისმოდა აგრეთვე ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, “პატარა კახის” სახელები.აშკარად ჩანდა, რომ დიდი ხნის მანძილზე ჩახშულმა პატრიოტულმა გრძნობამ გამოსავალი იპოვა და სტიქიონური ძლიერებით ამოხეთქა. ქართველმა ახალგაზრდობამ თითქოს დაივიწყა ის ზიანი, რომელიც საქართველოს სტალინის დიქტატურამ მიაყენა ოცდაათი წლის განმავლობაში, აპატია მისი სიმკაცრე, სატანური თავმოყვარეობა და შეეცადა რომანტიკული შარავანდედით შემოსილი ბელადი მითოსში გადაეყვანა”. ამ მემუარებიდან ჩანს, რომ მსგავსად ქართველ ინტელექტუალთა მნიშვნელოვანი ნაწილისა, გერონტი ქიქოძეც ანტისაბჭოურად აზროვნებდა.

* * *

ხრუშჩოვის ინიციატივით წამოწყებულმა ანტისტალინურმა კამპანიამ აპოგეას 1956 წლის თებერვალში, მოსკოვში გამართული საკავშირო კომპარტიის XX ყრილობის შემდეგ მიაღწია. ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებში აღნიშნავს: “როდესაც ყრილობის მსვლელობისას ხრუშჩოვი წარდგა სტალინის ეპოქის დანაშაულების შესახებ “საიდუმლო” მოხსენებით, შემაძრწუნა პირდაპირმა კავშირმა ტერორისა და რეპრესიების პოლიტიკასა და მხოლოდ სტალინის მოღვაწეობას შორის. ეს ილუზიების ნგრევა იყო, რამაც ჩემი ეროვნული გრძნობები შეურაცხყო, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ჩამოთვლილ ბოროტებათა მიღმა ქართველი იდგა. ხრუშჩოვის მოხსენება, ნებსით თუ უნებლიეთ, ქართველთა თავმოყვარეობის შემლახველ გამოთქმებს შეიცავდა. მან არ იკმარა მოტანილი ფაქტები, კარგა ხნის განმავლობაში აბუჩად აგდებული და განაწყენებული კაცის ემოციები გადმოაფრქვია და გარდაცვლილი “პატრონის” მისამართით დამამცირებელი გამოხდომები იკადრა. ის სტალინს არა მარტო ტირანად (ტირანი კი ნამდვილად იყო), არამედ უვიც და უჭკუო კაცადაც ხატავდა. - თუ ის ნამდვილად უჭკუო იყო, - კითხულობდა ბევრი, - როგორღა შეძლო ძლევამოსილი სახელმწიფოს შექმნა და მილიონების აყოლიება? როგორ შეძლო თავისი დროის უდიდეს პოლიტიკოსთა შორის ჩადგომა?..ქართველი ახალგაზრდობის აღშფოთების მიზეზი, ეროვნული გრძნობის შელახვასთან ერთად, იყო გაუცნობიერებელი პროტესტიც ბრძოლის იმ მიუღებელი ხერხების წინააღმდეგ, რომლებიც ემყარებოდა უღირსი საშუალებებით ბოროტების ამოძირკვას, უსამართლობის უსამართლობით აღმოფხვრას. ბოროტების დამამხობელი წმინდანის სამოსლით იმოსებოდა, ის კი წმინდანი არ იყო და ვერც იქნებოდა. ბევრს მაშინვე დაებადა კითხვა: მასობრივი რეპრესიების წლებში რა როლს ასრულებდა ხრუშჩოვი? ოცდაათიან წლებში მას ხომ დიდი თანამდებობები ეკავა? ხრუშჩოვს ჰქონდა დამსახურებები, ისევე როგორც სტალინის ყველა თანამებრძოლს, მაგრამ ამავე დროს, ორპირი, მლიქვნელი და გაქნილი ავანტიურისტი გახლდათ... ხალხი შეურაცხყოფილი იყო”.

31162-9-1658598012.jpg
ნიკიტა ხრუშჩოვი საკავშირო კომპარტიის XX ყრილობაზე გამოსვლისას

* * *

საბჭოთა კავშირში იმხანად განვითარებულ პროცესებს ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.1956 წლის მარტში, ნიუ-იორკში გამომავალ გაზეთში “ქართული აზრი” (#4) გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატ ალექსანდრე ცომაიას (1907-1956) სტატია “სტალინის მემკვიდრეობა”, რომელშიც ვკითხულობთ: “სტალინმა 30 წელიწადი იბატონა გაცილებით უფრო დიდ სივრცეზე, ვიდრე ჩინგიზ-ხანისა და თემურ-ლენგის იმპერიები იყო. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სტალინის იმპერიაში ცხოვრობდა 186 მილიონი კაცი და ტერიტორია შეადგენდა დედამიწის ერთ მეექვსედ ნაწილს. ამას ომის შემდეგ კიდევ მრავალი მილიონი ადამიანი და უზარმაზარი ტერიტორიები მიემატა... სტალინმა დააკმაყოფილა რუსული ნაციონალისტური და იმპერიალისტური ამბიციები და მას დაუმორჩილა ისეთი ქვეყნები და ტერიტორიები, რომელთა დაპყრობას რუსეთი უკვე ოთხასი წელიწადია ცდილობდა. წყნარ ოკეანეზე, ბალტიისა და შავ ზღვებზე გამაგრება და აღმოსავლეთ ევროპის სლავიანური ქვეყნების რუსეთისთვის დამორჩილება უკვე დიდი ხნის ოცნება იყო რუს იმპერიალისტთათვის. სტალინმა მათ ეს ოცნება აუსრულა. ამ მოვლენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთში სტალინის რეჟიმის სტაბილიზაციისთვის. იმპერიის ასეთი ზრდით მოხიბლული რუსული ინტელიგენცია ადვილად შეურიგდა რეჟიმს და საშინაო პოლიტიკით უკმაყოფილება გულში ჩაიკლა. ამით აიხსნება, რომ ეთნიკური რუსეთის ტერიტორიაზე სტალინის წინააღმდეგ არც ერთი აჯანყება არ მომხდარა. ამით აიხსნება ისიც, რომ სტალინის საშინაო პოლიტიკის მოწინააღმდეგე და კომუნიზმის უარისმყოფელი რუსული ემიგრაცია სტალინის მიერ შექმნილი იმპერიის ტერიტორიის მთლიანობას გააფთრებით იცავს. ამ საკითხში ყველა რუსს ერთი პირი აქვს. წითელ და თეთრ რუსეთს აერთიანებს აგრეთვე სიამაყე რუსეთის მოწინავე ინდუსტრიისა და ძლიერ სამხედრო ქვეყნად გადაქცევისა. სტალინმა ეს იცოდა. მან იცოდა, რომ მისი საყრდენი მხოლოდ რუსობა იყო. ამიტომ ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთში პოპულარული და საყვარელი გმირი გამხდარიყო...კომპარტიის XX ყრილობაზე გუშინდელი დიდი ბატონი, სიცოცხლეში შეუმცდარად მიჩნეული ქურუმი პირქვე დაამხეს! “დრონი მეფობენ და არა მეფენიო” - უთქვამს ბრძენკაცს და ეს სიტყვები ალბათ ყველა ქართველს მოაგონდა, როცა მოსკოვში სტალინის კრიტიკა გაისმა. საინტერესოა, რომ პირველი ტყვია სტალინს მიქოიანმა ესროლა, იმ მიქოიანმა, რომელიც სიცოცხლეში ფინიასავით თვალებში შესციცინებდა. ბულგანინი, ხრუშჩოვი, ვოროშილოვი და სხვებიც იმავე კატეგორიას ეკუთვნოდა. შემდეგ კი უსირცხვილოდ აცხადებდნენ, 30 წელიწადი მცდარ გზაზე მდგარან და თურმე სტალინი ცდებოდა! სად იყვნენ აქამდე, რატომ ელაქუცებოდნენ სტალინს? ანდა დღედაღამ მასთან მყოფებს არ შეეძლოთ მისი ფიზიკურად მოსპობა? - არა, იმიტომ, რომ კომუნისტური დოქტრინა ზრდის მხოლოდ სულით ლაქიებს.ჩვენ კარგად გვახსოვს მოსკოვის პროცესები, სადაც ცნობილი ლიდერები: ზინოვიევი, კამენევი, რიკოვი, ბუხარინი, პიატაკოვი და სხვები ლაჩრულად ტიროდნენ და პატიებას ითხოვდნენ.

ბულგანინი, ხრუშჩოვი, ვოროშილოვი, მიქოიანი და სხვებიც ასეთივე “გულადები” არიან, ამიტომ სითამამე მხოლოდ მაშინ მიეცათ, როცა სტალინი სამი წლის მკვდარია.კრემლში ამ ახალი ბატონების დამკვიდრების შედეგად განსაკუთრებით ტრაღიკულ პირობებშია ქართველი ერი. სტალინ-ბერიას ეპოქაში ქართველობა იჟლიტებოდა იმიტომ, რომ მოსკოვში სტალინისადმი ორგულებად სთვლიდნენ. უნდა ითქვას, რომ ამ ბრალდებას ჰქონდა საფუძველი... მაგრამ დღეს ქართველობას სდევნიან იმიტომ, რომ სტალინ-ბერიასადმი ერთგულებას სწამებენ! სინამდვილეში, გუშინაც და დღესაც მოსკოვის რეპრესიების ნამდვილი მიზეზი სულ სხვაა: ქართველი ხალხი იბრძვის მოსკოვის უხეში ბატონობისგან თავის დასაღწევად და ამ ბრძოლის სამართლიანობა მრავალ ქართველ კომუნისტსაც ბრძოლაში ითრევს. აი, ამ მებრძოლ, თავისუფლების ერთგულ სულს ებრძოდა სტალინი და ებრძვიან დღეს მისი მემკვიდრეებიც. ამაო შრომაა: ათასი წლობით ნაწრთობ მებრძოლ სულს მოსკოვი ვერას დააკლებს!”

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ნიკო ჯავახიშვილი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

"ისტორიანი" .#124