“ცისარტყელა” - არჩილ კერესელიძის განუხორციელებელი ოპერა - კვირის პალიტრა

“ცისარტყელა” - არჩილ კერესელიძის განუხორციელებელი ოპერა

თბილისის ოპერის თეატრის მშენებლობა 1847 წლის 15 აპრილს დაიწყო კავკასიის მთავარმართებლის, მიხაილ ვორონცოვის ინიციატივითა და ცნობილი იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის ხელმძღვანელობით. რვაას მაყურებელზე გათვლილი ქარვასლის თეატრი, როგორც თავიდან უწოდებდნენ, 1851 წლის 12 აპრილს სადღესასწაულო მეჯლისით გაიხსნა. პირველი საოპერო სეზონის პრემიერა ამავე წლის 9 ნოემბერს წარმოადგინა საგანგებოდ მოწვეულმა იტალიურმა დასმა (დირიჟორი კარლო ბარბიერი). ეს გახლდათ კომპოზიტორის გაეტანო დონიცეტის ოპერა “ლუჩია დი ლამელმური”.წლების განმავლობაში თბილისის ოპერის თეატრის სცენა ეთმობოდა როგორც იტალიელთა საოპერო სპექტაკლებს, ასევე პეტერბურგის საბალეტო დასსა და სხვადასხვა სანახაობას.

1874 წლის 11 ოქტომბერს ოპერის თე­ატრი დაიწვა. ეჭვმიტანილი ვაჭარი ყაზაროვი გააციმბირეს, მაგრამ როგორც ჩანდა, ამაში სამთავრობო ადმინისტრაციის ხელიც ერია. ოპერის თეატრი მომდევნო 22 წლის განმავლობაში საზაფხულო თეატრის სცენაზე მართავდა სპექტაკლებს. პარალელურად, გოლოვინის (ახლანდელ რუსთაველის) პროსპექტზე 16 წელიწადს შენდებოდა სახაზინო თეატრი (არქიტექტორი ვიქტორ შრეტერი), რომელიც 1896 წელს გაიხსნა რუსული დასის ოპერით “ცხოვრება მეფისთვის” (კომპოზიტორი მიხაილ გლინკა).პირველი ქართული ოპერა, რომლის ფრაგმენტებიც 1897 წელს პეტერბურგში წარმოადგინეს, მელიტონ ბალანჩივაძის “თამარ ცბიერია”.

იგი სრული სახით თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე 1925-1926 წლებში დაიდგა. მანამდე კი, 1918 წლის მაისში, თბილისის ოპერის თეატრში პირველად წარმოადგინეს ქართული ოპერა სრული სახით - რევაზ გოგნიაშვილის “ქრისტინე”. ამ ოპერის პარტიტურა დიდხანს დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა იგი მოგვიანებით მკვლევარმა მზია ჯაფარიძემ ხელოვნების სასახლის ფონდში მუშაობისას აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ პირველად სრული სახით ქართულ სცენაზე “ქრისტინე” დაიდგა, პირველი ქართული ოპერის კლასიკურ ნიმუშებად მიიჩნევენ დიმიტრი არაყიშვილის, ზაქარია ფალიაშვილისა და ვიქტორ დოლიძის ოპერებს: “თქმულება შოთა რუსთაველზე”, “აბესალომ და ეთერი” და “ქეთო და კოტე”. სწორედ ამ ოპერებმა განსაზღვრა ქართული საოპერო თეატრის ეროვნული სახე.ქართულ კინომუსიკაში აღსანიშნავია კომპოზიტორ არჩილ კერესელიძის დამსახურება, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საოპერო სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაში. არჩილ კერესელიძე ზაქარია ფალიაშვილის საყვარელი მოსწავლე იყო. მის შემოქმედებას იმდენად დიდ პატივს სცემდა, რომ ოპერა “დაისში” მისი ორი საცეკვაო ნომერიც კი ჩაურთავს. არჩილ კერესელიძე იხსენებს:

sur-8-1658598872.jpg
"ცისარტყელას" კლავირი. შესავალი, პირველი ტაქტები

“იგი არ იყო ჩემთვის მხოლოდ მასწავლებელი. ის იყო მეგობარი. მისი ნაწარმოებების დაკვრა დიდ სიხარულს მანიჭებდა და ფალიაშვილსაც უყვარდა, როცა მე ვასრულებდი რაიმეს მისას. სწორედ მასთან გატარებულმა წლებმა შთამაგონა მუსიკის შექმნაზე მეფიქრა”. თავის დროზე მაყურებელმა მოიწონა არჩილ კერესელიძის ოპერა “ბაში-აჩუკი” (“ბერუჩა”), რომელიც 1946 წელს თბილისის საოპერო სცენაზე წარმოადგინეს, მთელი ათი სეზონის განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა და მუსიკისმცოდნეებისა და კრიტიკოსთა მაღალი შეფასებებით სარგებლობდა. საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდში დაცულია ქართველ და არაქართველ ხელოვნების მოღვაწეთა კოლექციები. მათ შორისაა არჩილ კერესელიძის შემოქმედების ამსახველი მასალები. სწორედ მის არქივში აღმოჩნდა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი, განუხორციელებელი ოპერის “ცისარტყელას” კლავირი.სამწუხაროდ, არ მოგვეპოვება ამ ოპერის საორკესტრო პარტიტურა. არ ვიცით მიზეზი, თუ რატომ არ დაიდგა სცენაზე, სავსებით შესაძლებელია კრიტიკას ვერ გაუძლო.

ოპერა 1961-1964 წლებში დაიწერა. მასმედიაში მის შესახებ ცნობები არ იძებნება, ნახსენებია მხოლოდ კომპოზიტორის მეუღლის, ნაზი ჭავჭანიძის მოგონებათა წიგნში “ღიმილით დადის”. ოპერა “ცისარტყელა” შექმნილია იოსებ გედევანიშვილის პიესა “მსხვერპლის” მიხედვით, ლიბრეტოს ავტორია ჭიჭიკო გელეიშვილი. ეს პიესა წარმატებით იდგმებოდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში. ოპერა სამმოქმედებიანია.

მისი კლავირი 189 გვერდს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მცირე მოცულობისაა, ბევრი მთავარი მოქმედი პირი ჰყავს: თებრო (სოპრანო), ვანო (ტენორი), გელა (ბარიტონი), გაბო (ბანი), თავადის ქალი (ლირიკული სოპრანო), ბოქაული (ბარიტონი). ოპერაში მოქმედება ხდება საქართველოში, 1905 წლის დეკემბრის აჯანყების პერიოდში, საიმპერატორო ხელისუფლების წინააღმდეგ რუსეთის რევოლუციის კვალდაკვალ. ოპერა “ცისარტყელას” შინაარსი დრამატულია, სოციალური ხასიათსა და თებროსა და ვანოს უიღბლო სიყვარულის ამბავს ასახავს. ღარიბი ვანო შეძლებულ გლეხ გელაზე უსიყვარულოდ გათხოვილი თებროს დაცვას ცდილობს, როცა მისი ქმრის ჩადენილ დანაშაულს - ჩაფრის მკვლელობას დაიბრალებს, რათა ბოქაულის მუქარა აარიდოს სოფელს. ამის გამო თებროს სინანული ტანჯავს.გელა საბოლოოდ ისჯება, თუმცა ოპერაში ჩანს, როგორ ვერ იცავს თავის უდანაშაულო წევრს საზოგადოება; როგორ ჩაგრავს მას გაბატონებული მმართველობა. თითქოს შეფარვით, მაგრამ ნაწარმოებში იგრძნობა ის იმედიანი მოლოდინი, რაც ოპერის დასაწყისში ვანოს რეპლიკიდან ჩანს: კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოწყდებიან, ჯავრი შესჭამონ მტრისანი.ოპერის ფინალი ოპტიმისტურია.

sur-7-1658598871.jpg
ოპერა "ცისარტყელას" მოქმედ პირთა ჩამონათვალი კლავირიდან (ზემოთ).

შვილმკვდარი მოხუცი (ვანოს მამა) არ ნებდება ტრაგედიას. მის ხმაში გლოვასთან ერთად გაისმის მომავლის იმედი, რასაც აძლიერებს გამარჯვების ნიშნად გამოსახული ცისარტყელა. ოპერა “ცისარტყელა” გამოირჩევა პოლიფონიურობითა და ვოკალური მეტყველების მრავალფეროვნებით; მასში გამოყენებულია დუეტები, ანსამბლები, გუნდები. შესაძლებელია ითხოვდეს დახვეწას, დამუშავებას, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ კომპოზიტორს არ მიეცა საშუალება, ოპერაზე სათანადოდ ემუშავა. ამის თქმის უფლებას იძლევა არჩილ კერესელიძის არქივში მოპოვებული კომპოზიტორის განცხადება საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის სააგენტოს დირექტორისადმი, კულტურის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ოპერა “მსხვერპლის” (“ცისარტყელა”) შექმნისთვის გამოყოფილი ავანსის დაგვიანებისა და ამ თანხის სასამართლოს წესით მიღებასთან დაკავშირებით. ჩანს, ოპერა კულტურის სამინისტროს დაკვეთით შეიქმნა, მაგრამ რაღაც მიზეზთა გამო, არა მარტო განუხორციელებელი დარჩა, არამედ გაწეული შრომის ანაზღაურების გადახდაც არ მოინდომეს...არჩილ კერესელიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ქართული ოპერის იმდროინდელ მდგომარეობაზე საუბრობს: “საბჭოთა კავშირში შვიდასამდე ოპერა დაიწერა, მაგრამ სცენას თითო-ოროლა თუ შემორჩა.

sur-6-1658598871.jpg
ოპერა "ცისარტყელას" კლავირის პირველი

ამის მიზეზია ვოკალური პარტიების არამელოდიურობა, საორკესტრო ფაქტურის გადატვირთვა სიმფონიზმით და სუსტი დრამატურგია”.სასურველია, ოპერა “ცისარტყელა” ვიხილოთ ქართულ სცენაზე, რადგან ისედაც არ ვართ განებივრებული უხვი ეროვნული საოპერო მასალითა და ახალი დადგმებით. ამასთანავე, აღნიშნული ოპერის ლიბრეტოსა და კლავირის გაცნობა შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს არა მარტო მუსიკათმცოდნეების, არამედ საოპერო მუსიკით დაინტერესებული მკვლევრებისთვისაც.

სალომე წიკლაური

სამეცნიერო კურატორი. ხელოვნების სასახლე -კულტურის ისტორიის მუზეუმი

"ისტორიანი" .#124