“თუალნი ტბათაებრ მზისა შემცხრომელნი” - კვირის პალიტრა

“თუალნი ტბათაებრ მზისა შემცხრომელნი”

რას მოგვითხრობენ წყაროები მეფე თამარისა და მისი ბრწყინვალე კარის შესახებ

თამარ მეფისა და მისი კარის შესახებ ცნობები ამოკრებილია სხვადასხვა წყაროდან თუ ზეპირსიტყვიერი გადმოცემებიდან, რომლებიც შემოგვინახეს როგორც ქართველმა, ისე ევროპელმა და ახლოაღმოსავლელმა ავტორებმა.

თამარ მეფე ვისაც ნანახი არ ჰყავდა, ერთი მისი თანამედროვის თქმით, დაბადებიდან ბრმად უნდა ჩათვლილიყო... წყაროთა თანახმად, თამარს ლურჯი თვალები ჰქონდა, იყო “გრემანთუალითა”, საბას დროს გრემანს ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა - “[თუალნი] არც შავნი და ცხოვართა ფერი”, მაგრამ XII-XIII საუკუნეებში ის აღნიშნავდა “თუალსაზღუებრ ლურჯსა”. ალბათ ამიტომ წერს თამარის მეორე ისტორიკოსიც, რომ დედოფალს ჰქონდა “თუალნი ტბათაებრ მზისა შემცხრომელნი”.ის არცთუ ისე მაღალი ტანისა ყოფილა (“ტანი ზომიერი”), ჰქონია თეთრი პირისახე, მაგრამ ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული (“ღაწუთავარდებრივ ფეროვნება”, “ღაწუნივარდოვანნი”), იმავეს წერს ჩახრუხაძეც (“ღაწვმწყაზარი”), თითქოს მორცხვი გამოხედვა ჰქონდა, თუმცა მხიარული პირისახე აღბეჭდილი იყო სილაღით (იმავეს წერს ჩახრუხაძე - “მზე მცინარი, საჩინარი”), მაგრამ მეფეს ურყევი გადაწყვეტილებები და მწყობრი საუბარი სჩვეოდა (“ზრახვისა უჩუკნობა და სიტყვისა სინარნარე”, დაახლოებით ამავეს წერს ჩახრუხაძეც), ეს სიმტკიცე გააფთრებადაც შეიძლება ქცეულიყო და “მოეწვა და მოეოხრებინა ურჩნი მეფობისა მისისა” საკუთრივ საქართველოშიც, როგორც ეს ფხოვში გააკეთა, რის გამოც ბოლო დრომდე ფხოვურ/ხევსურულ გადმოცემებში თამარი ლამის ეშმაკეულ, ავ დედაკაცად მიიჩნეოდა.ამ უზადოდ მაღალმხატვრული დახასიათებით მეფექალის თანამედროვე ავტორმა “ხატი თამარისი ზედამიწევნულად აღძეგლა”.მეფექალისვე თანამედროვეებს მისი მომთენთავი სინაზის წინაშე მუხლები ეკვეთებოდათ, უმშვენიერესი დედოფალი იყო “მგუემელ კდემითა”, მისი ნაკვთებისა და მანერების სინატიფე ორლესული მახვილივით წამახული იყოო.

XII-XIII საუკუნეში მუსლიმი სულთნები საქართველოს ძლევამოსილ მეფეებს უამრავ ეგზოტიკურ საჩუქარს, მათ შორის ცხოველებსაც ჩუქნიდნენ, სპილოებისა და ლომების ჩათვლით (ალა-ად-დინი, აღსართანი). შამქორის ომში კი დავლად ქართველებს ორმოცი ავაზაც დარჩათ.თამარზე შეყვარებულმა შარვანშამ ლომის ბოკვერი გამოგზავნა, პატარა ბოკვერი დედოფლის კალთაში გაიზარდა... დღესაც ბევრს ჰყავს მოშინაურებული ლომი, საერთოდ ისინი პატრონისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევიან ხოლმე.წყაროების გადმოცემით, ბოკვერი გაზრდის შემდეგ ისეთი თავზარდამცემი გახდა, რომ “შესახედადაც ზარია”, დედოფალს ფესუედს (ფესვედი - ქალის გრძელი სამოსელი) ულოკავდა და როდესაც ჯაჭვით უკან გაზიდავდნენ, შემზარავად ღრიალებდა. თანამედროვეები ამ შთამბეჭდავ სანახაობაში მრავლისმეტყველ სახეს ხედავდნენ იმისას, თუ როგორ დნებოდა დედოფლის წინაშე უძრავი გულიც, იდრიკებოდა ამპარტავანი ქედი და მგლის მუხლიც იჩოქებდა.

kincvisi-09-2aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa-1658599363.jpg
თამარ მეფე. ყინწვისის ფრესკა

თამარის ოთხი ფრესკული გამოსახულებიდან პორტრეტული არც ერთი არ არის, ქალის აქ გამოსახული სახე - პირმრგვალი, წარბებგადაბმული, პატარა ტუჩებით, ერთგვარი კლიშეა შუა საუკუნეების აღმოსავლელი ლამაზი ქალისა და მისი სხვადასხვა ვარიაციის ნახვა უამრავ ძველ ქართულ ხელნაწერშია შესაძლებელი. მაგრამ თამარის თანამედროვე საქართველოში მრავალი ნიჭიერი, ანტიკური ფილოსოფიური და მხატვრული მემკვიდრეობის მცოდნე, მხატვრულ სიტყვას საფუძვლიანად დაუფლებული ფართო წარმოსახვისა და თვალსაწიერის მქონე ავტორი წერდა, მათ თამარის ფიზიკური თვისებები და მასში გამოხატული სულიერი მხარეები თავიანთ შემოქმედებაში ნიჭიერად ასახეს.ის იყო საშუალო სიმაღლის, თეთრი სახის, ლურჯთვალება, ღაწვებშეფაკლული, მორცხვი მზერის, მაგრამ სახენათელი ქალი, შემოსილი იმდროინდელ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ქსოვილისგან (იბნ ისფანდიარი) ნამზადი, ყინწვისის ლაჟვარდისფერი (თავის თვალებივით) საიმპერატორო პორფირით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოფაზის, ანუ ბაჯაღლო ოქროს მაღალი გვირგვინით. მასში ჩასმული ზმირისა (ზურმუხტის) და სმარაგდის თვლები მწვანე შუქს ღვრიდნენ. აღზევებულიყო მაღალ სამეფო ტახტზე, რომლის “კედელ-ყურენი” ფიქლით იყო შეძერწილი, მასში ელვარე სარდიონი, ხურუმზი, ბივრილიონი და ლიგვირიონი იყო “ურთიერთს შთათხზილი” (იოანე შავთელი), რომელთა გამოც ტახტი ძვირფასი ქვების წარმტაცი ფერადოვნებით ციალებდა.სარდიონი და ბივრილიონი იყო “თუალი ნაკვერცხლის ფერი, რომელსა აქუნდა ღამე ცეცხლებრიველვარებაი”. ამიტომ შავთელი წერს, რომ მეფის იგავმიუწვდომელი ტახტი თვალისმომჭრელად ელავდა, მასზე დაბრძანებული სახენათელი დედოფლის თვითმხილველები გადმოგვცემენ:

dsc-0104-1658599363.jpg
გეგუთის სასახლესთან დამონტაჟებულ მინის კონსტრუქციაზე გრაფიკული გამოსახულებაა, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით აღიქვას

“უგავს ელობა კრონოს ციერსა”. ალ ჰუსაინი საუბრობს საქართველოს (“აბხაზის”) მეფის ოქროს მაგიდებზე, სინებზე, თეფშებსა და ფიალებზე, რითაც მეფე სადილობდა (შავთელი ახსენებს უძვირფასესი ალისფერი ბადახშის სასადილო ჭურჭელსაც), ვერცხლის გეჯებზე, რითაც მისი ცხენები წყალს სვამდნენ, მეფის ხაზინაზე - სავსეზე დიდძალი მარგალიტით, სარდიონითა და მარჯნით, “როგორზეც ალაჰმა ილაპარაკა ყურანში და როგორსაც მორწმუნეებს შეპირდა სამოთხეში”.მეფის სამლოცველო სავსე ყოფილა ბაჯაღლო ოქროს, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ჯვრებით, ოქროსყდიანი და ძვირფასთვლიანი სახარებებით, “რომლის მსგავსიც არსად იყო და რომლის ფასიც არავინ იცოდა”. თამარის სახარების მინაწერიდან ირკვევა, რომ დედოფლის კარის ეკლესიაში საბაწმინდის შავმთური ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.აჯა იბ ად-დუნიას აღწერით, კეთილმოწყობილ სამეფო სასახლეს მრავალი კოშკი ჰქონდა დატანებული, ძირს კი ძალიან ახლოს წყალი ჩაუდიოდა. შავთელის ცნობით, თაღებით შემკულ დიდებულ სამეფო სასახლეში, რომელიც “აზმათა” მიხედვით “ყოვლითურთ სამოთხისა მსგავსია”, უამრავი ბაღი (“მტილ-სამოთხენი”) და აუზი (ავაზანი) იყო, აჯა იბ ად-დუნია ქალაქში სხვა “სიკეთით სავსე ბაღებზეც” ლაპარაკობს.სპარსელი გეოგრაფის, ჰამდალლაჰ ყაზვინის ცნობით ირკვევა, რომ აბხაზის (საქართველოს) მეფის შემოსავალი მინიმუმ ორჯერ მეტი იყო თანადროული ინგლისისა და საფრანგეთის მეფის შემოსავალზე.სანამ რუმის სულთანი რუქნ-ად-დინი საქართველოს წინააღმდეგ გამოილაშქრებდა, რუმის იმპერიაში იყო დიდი ეკონომიკური კრიზისი.

იბნ ბიბი გადმოგვცემს, რომ ხალხს სულთანი საქართველოზე ლაშქრობით აიმედებდა, რაც “ურიცხვ ნადავლს” მოიტანდა:”ღმრთისაგან აღთქმული ურიცხვი ნადავლი(ს) (შოვნა), აღსრულდება აბხაზის დამორჩილებით”.ასე, დიდი იმპერია ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას საქართველოს დალაშქვრით გეგმავდა, რომლის სიმდიდრეზე ლეგენდები არა მხოლოდ მახლობელ რუმამდე, შორეულ გერმანიამდეც კი აღწევდა. “პარციფალში” (XII საუკუნის სარაინდო რომანი) ლაპარაკია კავკასიის დიდ სამეფოზე (“ტრიბალიბოთი”), ოქროს მთებზე, დიდებულ ოქროქსოვილებსა და ბრწყინვალე დედოფალზე.ერთი უცნობი წყაროდან, რომელიც ახლახან მოვიპოვე, ირკვევა, რომ ჯვაროსნები ელოდებოდნენ, როდის დაუბრუნებდა ქრისტიანებს მუსლიმთაგან დაპყრობილ იერუსალიმს - ღეგინა Pოტენტისიმა თამარ (“დედოფალი ძლევამოსილი თამარი”), როგორც პრესვიტერ იოანეს მემკვიდრე. ამის მერე გასაგები ხდება, თუ რატომ მოითხოვდა სალადინი “ფიცის წიგნში” თამარისგან პირობას, რომ მის ტერიტორიებს არ დაიპყრობდა.თეთრყირმიზი, ლურჯთვალება თამარი, ლურჯი პორფირითა და ზმირისთვლიანი ოფაზის მაღალი გვირგვინით, თავისი მწიგნობრებისა და კარის ბრწყინვალე პოეტების გარემოცვაში, თანამედროვეთა შეფასებით “სწავლის ებგურია (გუშაგი)”.

გარშემორტყმული დატყვევებული ზვიადი მუსლიმი ამირებით, ხვეულებით მოჩითული აბრეშუმის მოხდენილ სკარამანგებში გამოწყობილი ახოვანი ქართველი მოყმეებით (რომელთა ბრგე აგებულება ასე იტაცებდა უცხო თვალს - იხ. გიიომ ტიროსელი, იბნ დავადარი...), ლომებითა თუ ავაზებით, ყველა მისი სამკაულით თავზარდამცემად დიდებული იყო. როდესაც მუსლიმი მმართველი ამირ მირმანი საქართველოში ჩამოვიდა და თამარის შვიდივე სამეფოს “აბჯარკეთილი ლაშქარი”, შემდეგ კი თავად დედოფალი იხილა ღვთაებრივ დიდებაში, დაზაფრულმა და დაბნედილმა ამოილუღლუღა, რომ “აბხაზისა და თბილისის ფადაშაჰ” თამარის სწორი არც ძველ და არც ახალ წიგნებში არავინ ეწერა.წყაროები თამარს “მამამისთან” - ბიბლიურ სოლომონთან აიგივებენ, რომლის სახელიც “განხდა ყოველსა ქუეყანასა”. ეს შედარება უსაფუძვლო არ იქნება, თუკი გავითვალისწინებთ იმ გრანდიოზულ გეოგრაფიულ არეალს, რომელშიც გავრცელდა ხმა თამარის დიდების შესახებ - რუსეთიდან (ივერიის დედოფალი დინარი) ეგვიპტემდე (“ალ ჰიმმას გურჯების დედოფალი”) და გერმანიამდე (ვოლფრამ ფონ ეშენბახთან), საფრანგეთში (ალბერიხთან ტრიუმ ფონტიუმის სააბატოში, ასევე ფრა თომასთან) თუ იტალიაში (კამპანიის კურიაში).თამარი ერთი იმ უიშვიათეს მონარქთაგანი იყო, რომელიც სახელმწიფოსა და საკუთარ თავს არ აიგივებდა.

bertubnis-freska-1658599363.jpg
თამარის ფრესკა ბერთუბანში და მისი რეკონსტ-რუირებული ვერსიის სქემა

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და აუცილებლად გასათვალისწინებელი მეფის შეფასებისას. გარდაცვალებისას ასე ილოცა: “ქრისტე, მხოლოო ღმერთო ჩემო, მარადიულო მეფეო ცისა და მიწისა, შენ გავედრებ ამ ქვეყანას - საქართველოს, რომელიც შენ მარწმუნე და ამ ერს, შენი სისხლით გამოსყიდულს და ჩემს შვილებს, და მერე ჩემს სულს”.მსგავსი შინაარსის ტექსტი უანალოგოა შუა საუკუნეებისთვის. მეფე სახელმწიფოსთან საკუთარ თავს არ აიგივებს. კიდევ მეტი, მისთვის ეს ერი ქრისტეს სისხლითაა გამოსყიდული, თვითონ კი მის მნედაა დადგენილი. ჯერ საქართველოა, მხოლოდ შემდეგ უსაზღვროდ საყვარელი შვილები...

ბექა ჭიჭინაძეპარიზის

კათოლიკური ინსტიტუტის თეოლოგიის მაგისტრანტი

"ისტორიანი" .#124