როგორ ეყრებოდა საფუძველი ევროკავშირს - კვირის პალიტრა

როგორ ეყრებოდა საფუძველი ევროკავშირს

“ევროკოსმოპოლიტი”ნომერი ერთიევროპა მართლაც მუდამ იდეების გენერატორი იყო. “პანევროპეიზმი” კი იმ ლოზუნგად იქცა, რომელმაც XX საუკუნის 20-30-იან წლებში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. უკვე ორმოცდაათი წელია, რაც ევროპის შეერთებული შტატების იდეის ერთ-ერთი ფუძემდებელი და სულის ჩამდგმელი, გრაფი რიხარდ (ეიძირო) ნიკოლაუს კუდენჰოვე-კალერგი გარდაიცვალა. ის ფილოსოფოსი, მწერალი, პოლიტიკოსი და ბოლოს, პანევროპული კავშირის იდეის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი გახლდათ, რომელსაც ევროპული ელიტა ახლაც თავის სულიერ მამად აღიარებს.თავდაპირველად, ტერმინი “პანევროპა” პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე გამოიყენეს, მაგრამ კუდენჰოვე-კალერგიმ ის ახალი შინაარსით დატვირთა.

ამ ტერმინს მიღმა ის ფორმალურ ბიუროკრატიულ და მით უმეტეს, ნაძალადევ ევროპულ გაერთიანებას კი არ გულისხმობდა, არამედ გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ რეალიებზე დაფუძნებულ კავშირს, რომელიც თანასწორუფლებიანი ერების კეთილ ნებაზე იქნებოდა დამოკიდებული. მოცემული პროექტი ყალიბდებოდა ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ნგრევისა და პოლიტიკური მეტოქეობის პირობებში. როცა საგარეო პოლიტიკაში აშშ სულ უფრო მეტ ძალას იკრებდა, იმჟამინდელ ევროპელ პოლიტიკოსებს არ აღმოაჩნდათ უნარი, ევროპაში ახალი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ორგანიზება მოეხდინათ. სახელოვანმა გრაფმა კუდენჰოვე-კალერგიმ კი მიზნად დაისახა, ევროპისთვის მსოფლიო არენაზე დაკარგული ლიდერობა დაებრუნებინა და ამგვარად შეენარჩუნებინა ევროპული ცივილიზაცია. წარმომავლობანახევარი მილიარდი ევროპელის ერთ მთლიანობად გაერთიანების კონცეფციის ავტორი 1894 წელს, ტოკიოში დაიბადა.

მამამისი - ავსტრია-უნგრეთის რწმუნებული, გრაფი ჰაინრიხ ფონ კუდენჰოვე-კალერგი - დიპლომატი, მანამდე ათენში, სტამბოლში, რიო-დე-ჟანეიროსა და ბუენოს-აირესში მსახურობდა. დედა - იაპონელი მსხვილი მოვაჭრის ქალიშვილი, მიცუკო აოიამა გახლდათ. რიხარდმა იაპონური სახელიც მიიღო - ეიძირო აოიამა. ამგვარად, რიხარდს შერეული გენები ჰქონდა. კუდენჰოვეს წარჩინებულთა გვარი კი სათავეს 1099 წლიდან იღებს. 1857 წელს, რიხარდის პაპა ფრანც-კარლ კუდენჰოვე იმ დროისთვის ცნობილი პიანისტის, მარია-ფელიციტას კალერგის ქალიშვილზე დაქორწინდა. XX საუკუნის დასაწყისში წყვილის შვილებმა გვარები გააერთიანეს.

180540d02858b485ed2484f6c1a78a4b-1658599987.jpg
რიხარდ კუდენჰოვე-კალერგი

1896 წელს, როცა რიხარდი წელიწადი-ნახევრის იყო, ოჯახი ავსტრია-უნგრეთის ქალაქ რონშპერგში (ახლანდელი პობიეჟოვიცე დასავლეთ ჩეხეთში), გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარე საგვარეულო სასახლეში დასახლდა. შეიძლება ითქვას, რომ ის კოსმოპოლიტიზმის ერთგვარ ცენტრს წარმოადგენდა, რომლის დაფუძნებაშიც უდიდეს როლს რიხარდის მამა ასრულებდა. ჰაინრიხი საკუთარ თავს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პატრიოტად და ანტისემიტიზმის მხურვალე მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა. მის სასახლეს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წარმოშობის ადამიანები სტუმრობდნენ - ინდოელი გურუებისა და ებრაელი რაბინების ჩათვლით. რიხარდმა დაწყებითი განათლება კერძო პედაგოგებთან მიიღო, მამისგან (რომელიც 16 ენას ფლობდა) რუსული და უნგრული ისწავლა. მოგვიანებით, სამხრეთ ტიროლში საეპისკოპოსო სკოლა და შემდეგ, ვენის ავსტრიელ დიდგვაროვანთა ელიტური სამეფო-საიმპერატორო აკადემია დაასრულა. სწავლა ვენის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც ფილოსოფიასა და ისტორიას ეუფლებოდა.

1917 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. რიხარდის პოლიტიკით დაინტერესებაში დიდი როლი მისმა პირველმა მეუღლემ, ცნობილმა ავსტრიელმა მსახიობმა, იდა კლაუზნერ-როლანდმა (1881-1951) შეასრულა, რომელიც 1915 წელს, სტუდენტობისას შეირთო. ქალი მასზე 12 წლით უფროსი იყო. სწორედ იდას ელიტურმა კავშირებმა მოახვედრა ყმაწვილი რიხარდი პირდაპირ ვენის ნაღები საზოგადოების შუაგულში. ასეთ საზოგადოებაში კი განსხვავებული იდეები იბადებოდა და დუღდა. 1920 წელს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, რიხარდი ჩეხოსლოვაკიის მოქალაქე გახდა. თუმცა, ჩეხურ ენას არ ფლობდა.

e0220-5-1658599987.jpg
წინა პლანზე - რიხარდ კუდენჰოვე-კალერგი და მისი პირველი მეუღლე იდა კლაუზნერ-როლანდი. სურათზე მარცხნივ ჩანს მწერალი თომას მანი წყვილის გვერდით

ევროპა არსებობს ერთიახალგაზრდობის წლებში გრაფის გონება ცეცხლოვანმა ვნებამ, იდეaფიქსმა დაიპყრო, რომელიც სამარის კარამდე გაჰყვა. რა თქმა უნდა, ეს იდეა კონტინენტის ინტელექტუალური ელიტის ატმოსფეროში თავისთავადაც არსებობდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა მრავალმხრივი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებდა. ვერსალის ზავმა (1920) და შემდგომმა მოლაპარაკებებმა, რომლებიც მიზნად ისახავდა მომავალი ომების აღმოფხვრასა და ახალი ევროპული წესრიგის დამკვიდრებას, საკუთარი არაეფექტიანობა მალე წარმოაჩინა. ევროპის საუკეთესო მოაზროვნენი ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებს ეძებდნენ. ამ მხრივ, არც ახალგაზრდა კუდენჰოვე-კალერგის დაუხევია უკან. მან შესაშური იდეოლოგიური ფანტაზია, განჭვრეტისა და ეპოქალური პრობლემის კონცეპტუალური გაგების უნარი გამოავლინა. 1921 წელს გამოქვეყნებული სტატიით მან სცადა, ევროპისთვის “ამერიკა აღმოეჩინა” და განვითარების ალტერნატიული პროგრამა შეეთავაზებინა. გაერთიანებული ევროპის პრინციპებად რიხარდმა დაასახელა მიმზიდველი იდეალები: თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და კულტურა. ამით 28 წლის კუდენჰოვე-კალერგიმ, წინასწარმეტყველურად, ახლანდელ ევროპულ თვითშეგნებასა და იდენტურობას დაუდო საფუძველი. ის საქმის კაცი იყო და უკვე 1922 წელს დააფუძნა პანევროპული კავშირი - პირველი ორგანიზაცია, რომელიც ევროპის გაერთიანებისკენ მიისწრაფოდა. იმავდროულად, ვენის მასონური ლოჟის “ჰუმანიტას” წევრიც გახდა, რომელიც მალე დატოვა, თუმცა ცენტრალური ევროპის, ინგლისისა და ამერიკის მასონებთან კონტაქტები არ გაუწყვეტია.

1923 წელს ვენაში მისი “პანევროპული მანიფესტი” გამოვიდა, რომელიც ჰეგემონიისა და საბჭოთა რუსეთის ექსპანსიის საპირისპიროდ, საფრანგეთისა და გერმანიის კავშირის საფუძველზე, კონტინენტის პოლიტიკური გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. ევროპელი წინასწარმეტყველი, როგორც მას მოიხსენიებდნენ, ღიად გამოდიოდა ერთიანი კონტინენტის (პორტუგალიიდან - პოლონეთამდე) ორგანიზების აუცილებლობის დასაცავად. ის ამტკიცებდა, რომ აუცილებელი იყო საერთო მოქალაქეობისა და ვალუტის შემოღება; საერთო ევროპული სახელისუფლებო მმართველობის ორგანოთა, არმიისა და ბანკის შექმნა; ევროპული რეფერენდუმის ჩატარება კონტინენტური კონსტიტუციის მიღების თაობაზე; ევროპის დროშის, ჰიმნისა და პასპორტის შემოღება... კუდენჰოვე-კალერგის აზრით, მსოფლიო რამდენიმე მეგასახელმწიფოდ უნდა დაყოფილიყო: პანევროპად (კონტინენტს დამატებული მისი კოლონიები); ბრიტანულ თანამეგობრობად; პანამერიკად (დასავლეთი ნახევარსფერო, ევროპული და ბრიტანული კოლონიების გამოკლებით); რუსეთის ფედერაციად და ორიენტად (ჩინეთსა და იაპონიად). მის ევროპულ კონცეფციაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ევროპული იდენტობა, რომელსაც თვითონ ევროპული კულტურული თანამეგობრობა ქმნიდა. როცა ევროპა პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაერთიანდებოდა, ის წარმატებით შეძლებდა დაპირისპირებოდა შინაურ და გარე საფრთხეებს, რომლებიც მას ახალი კონფლიქტებისკენ უბიძგებდა.

7990956-image-0-799fbce94784f01239595f31c9d3810d-1658599987.jpg
გრაფი კუდენჰოვე-კალერგი ხსნის პირველ პანევროპულ კონგრესს ვენაში (1926 წ.)

კონცეფციის დედააზრისისხლით ნათესაობის საფუძველზე ნაციის განსაზღვრებას კონცეფციის ავტორი არასწორად მიიჩნევდა. სისხლით ნათესაობას მან დაუპირისპირა სულიერი ნათესაობა და გამოყო ერთიანი ევროპული ნაცია, როგორც სულიერი და კულტურული ერთიანობა. ის წერდა: “თუ ეს პანევროპული კულტურის სული საკუთარი არსებობისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებს, მაშინ ყოველი გერმანელი, ფრანგი, პოლონელი, იტალიელი და სხვა შეძლებს გახდეს კარგი ევროპელი... ხალხთა შორის აღარ იქნება საჭირო კულტურული და ენობრივი განსხვავებების ლიკვიდაცია”.გრაფი კუდენჰოვე ნაციების გამოყოფას სახელმწიფოსგან ისეთივე ნორმად მიიჩნევდა, როგორც მისგან ეკლესიის გამოყოფას, რადგან “ნაციონალური საკითხი ყოველი ადამიანისთვის პირადი უნდა იყოს... საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქის გაგება კი თავის თავს ისევე ამოწურავს, როგორც “ეკლესია” და ადგილს დაუთმობს პრინციპს - თავისუფალი ნაცია თავისუფალ სახელმწიფოში”. კონცეფციის ავტორის აზრით, “როცა მოქალაქეობის საკითხი მეორეხარისხოვნად იქცევა, ეს სახელმწიფოთა საზღვრების პრობლემის გადაწყვეტასთანაც მიგვიყვანს და მათი ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობებსაც აღკვეთს. ევროპის საზღვრების სამართლიანი და ხანგრძლივი მოგვარებისთვის მხოლოდ ერთი რადიკალური ხერხი არსებობს: ეს არის არა საზღვრების გადატანა, არამედ მათი ლიკვიდაცია. ევროპელებმა საკუთარი ენერგია ნაციონალური და ეკონომიკურ-პოლიტიკური საზღვრების ლიკვიდაციისკენ უნდა მიმართონ. ევროპის შიგნით გაქრება ყველა სადავო ტერიტორია, რომლებსაც მორიგი ომის მიზეზად ქცევა შეუძლია. სახელმწიფო საზღვრები რეგიონულამდე შევიწროვდება და საკუთარ მნიშვნელობას დაკარგავს”.

konrad-adenauer-und-charles-de-gaulle-boni-1658599987.jpg
შარლ დე გოლი (მარცხნივ) და კონრად ადენაუერი

ევროპის შეერთებული შტატებიპირველი ევროკოსმოპოლიტის აზრით, საომარ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკურ-პოლიტიკური ქაოსი ქრისტიანული მორალის, საერთო ევროპული კულტურისა და ზოგადი სულიერი ერთობის ნგრევით იყო გამოწვეული. მისთვის ევროპეიზმი უპირველეს ყოვლისა, საერთო გეოგრაფიასა და ისტორიას ეფუძნებოდა. სწორედ ამიტომ, ის დიდ ყურადღებას უთმობდა პანევროპული ორგანიზაციებისა და სიმბოლოების შექმნას. 20-30-იან წლებში გრაფმა მომავალი ევროპული კავშირის გეგმა შეიმუშავა (თა­ვისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკით). ამ “დიდი ფანტაზიორის” გეგმაში ყველაფერი წვრილმანებამდე იყო გააზრებული. მაგალითად, გეგმაში ჰქონდა ევროპული აკადემიის შექმნა, რომელსაც პრაღაში უნდა დაედო ბინა. დასახა გაერთიანების ეტაპები: პანევროპული კონცეფციის სრულყოფა; პანევროპული ბიუროს შექმნა; სახელმწიფოთაშორისი საარბიტრაჟო კავშირის დაფუძნება; საბაჟო კავშირის შექმნა; დასასრულ - ევროპული კონფედერაცია. ღირს კი ამის შემდეგ გაოცება, რომ დღევანდელი ევროკავშირი, რომელშიც ყველა ჩამოთვლილი იდეა რეალიზებულია, რიხარდს თავის უმნიშვნელოვანეს სულიერ “მამად” მიიჩნევს?.. კუდენჰოვეს პროექტებმა მკაფიოდ განსაზღვრა ერთიანი ევროპის შექმნის გზა. მართალია, კონცეფცია უკვე მზად იყო და პროგრამა-მაქსიმუმად განიხილებოდა, მაგრამ მის რეალიზებას მომზადების ხანგრძლივი პერიოდი სჭირდებოდა. მსჯელობა მიმდინარეობდა მთელი რიგი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების დემონტაჟზე, რაც მხოლოდ მმართველობის მკაცრი ცენტრის მქონე ერთიანი ფინანსურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირებით გახდებოდა შესაძლებელი. ეს წერტილს დაუსვამდა ცალკეული ჰეგემონური ევროპული სახელმწიფოს ნაციონალურ-გეოპოლიტიკურ პროექტებს, რომლებიც კონტინენტის ბინადართ საერთო-იმპერიულ ხედვას ახვევდა თავს. კუდენჰოვე-კალერგი წერდა: “ნაპოლეონს ლაიფციგში (ე.წ. ხალხთა ბრძოლა, 1813) გამარჯვება რომ მოეპოვებინა, დღეს უკვე იარსებებდა ევროპის შეერთებული შტატები - ბონაპარტული ან რესპუბლიკური რეჟიმით. ბონაპარტის დამარცხებამ ევროპა უკან, საერთაშორისო ქაოსში გადაისროლა, მაგრამ მის მიერ გაცოცხლებული ერთიანი ევროპის იდეის განადგურება უკვე შეუძლებელი იყო. ის ხანგრძლივად ცოცხლობდა, როგორც რეაქციულ, ისე რევოლუციურ ბანაკებში, მეფეთა და ხალხთა შორის”.

გრაფ რიხარდის შეხედულებები მომავალი გაერთიანებული ევროპის საშინაო მოწყობის თაობაზე დროთა განმავლობაში იცვლებოდა - სახელმწიფოთა კავშირითა და ევროპის ფედერაციული სახელმწიფოთი დაწყებული, ევროპის ფედერაციული იმპერიით დამთავრებული. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთუნდობლობის გამო, ევროპული ინტეგრაციისთვის გამიზნულმა მოლაპარაკებებმა ფიასკო განიცადა. როგორც ცნობილია, ამ სახელმწიფოთა მორიგების პროცესი, აშშ-ის ზეწოლის ქვეშ, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხერხდა. დასავლეთი ევროპა საბჭოთა კავშირის “ველიკოდერჟავულ” ამბიციებს უნდა დაპირისპირებოდა.

meore-coltan-ertad-iaponiasi-1967-1658599987.jpg
გრაფი კუდენჰოვე-კალერგი იაპონიაში მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1967 წელს ჩავიდა - მეორე ცოლთან, ალექსანდრა ბალისთან ერთად (ინვალიდის ეტლში)

გრაფმა კუდენჰოვემ - ევროინტეგრაციის მთავარმა იდეოლოგმა, ოთხი პანევროპული კონგრესის მომზადება და გამართვა შეძლო: ვენაში (1926; 1935); ბერლინსა (1930) და ბაზელში (1932). ერთ-ერთ სხდომაზე პობიეჟოვიცელი ევრომეოცნების გეგმის პატარა ნაწილიც განხორციელდა - გამოაცხადეს ევროპული პარტიის შექმნა, რომლის მთავარ ამოცანად მშვიდობის ხელშეწყობა და სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა დაისახა. მაგრამ შემდეგ სხვა დრო დადგა: 1933 წელს გერმანიის სათავეში მოსულმა ნაცისტებმა საკუთარ ტერიტორიაზე პანევროპული კავშირის საქმიანობა აღკვეთეს, ხოლო კუდენჰოვე-კალერგის ყველა წიგნი იმ ლიტერატურის ნუსხაში მოხვდა, რომელიც ცეცხლს მიეცა, რადგან “ევროპის გაერთიანება რასების დაუშვებელ შერევას გამოიწვევდა”. ადოლფ ჰიტლერმა პანევროპას “რასობრივი გარეწრების იდეალი და ებრაელების მიერ ევროპის დაპყრობის ინსტრუმენტი” უწოდა. აქედან გამომდინარე, პანევროპეიზმის მთავარ მტრებად იმხანად გერმანელი ნაციონალ-სოციალისტები იქცნენ. ამ მხრივ, 1935 წელი პანევროპული კავშირის განვითარების გარდამტეხ წლად იქცა. რაც უფრო ახლოვდებოდა მეორე მსოფლიო ომი, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ ქვეყნები ევროინტეგრაციის იდეებს. რეალურ პოლიტიკაზე პანევროპული კავშირის გავლენა შესუსტდა. პრობლემათა განხილვა მხოლოდ ერთა ლიგის სხდომებზე ხდებოდა შესაძლებელი (ეს ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელიც ევროპულ ქაოსს უპირისპირდებოდა). ომებს შორის პერიოდში სახელმწიფოთა ნაციონალისტურმა განწყობილებამ იმძლავრა, მათ ლიდერებს კი არ აღმოაჩნდათ სურვილი, ოფიციალურად მიეღოთ პანევროპული იდეა. აღინიშნებოდა ეკონომიკური ავტარკიის (თვითკმარობა) მიდრეკილებებიც. ბევრ პოლიტიკოსს არ სჯეროდა წინასწარმეტყველური პროგნოზის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ევროპა არ გაერთიანდებოდა, ის აუცილებლად რუსებისა და ამერიკელების ინტერესთა სფეროებად გადანაწილდებოდა.30-ანი წლების შუახანს პანევროპულმა მოძრაობამ გეზი არა შემდგომი გაფართოების, არამედ ჰიტლერიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროპაში ახალი ომის დაუშვებლობისკენ აიღო. ამასთანავე, ის მეთოდურად და თანამიმდევრულად ამზადებდა კადრებს ელიტის იმ წარმომადგენელთაგან, რომლებიც მომავალში აღიარებულ სულიერ ავტორიტეტთა მისიის შესრულებას შეძლებდნენ. სხვადასხვა დროს პანევროპული კავშირის წევრი ბევრი გამოჩენილი ინტელექტუალი ყოფილა: ალბერტ აინშტაინი, ბერნარდ შოუ, პოლ ვალერი, ჰაინრიხ და თომას მანები, ხოსე ორტეგა-ი-გასეტი, შტეფან ცვაიგი, რაინერ მარია რილკე, მიგელ დე უნამუნო, ზიგმუნდ ფროიდი, ფრანც ვერფელი, სალვადორ დე მადარიაგა; ასევე, პოლიტიკოსები: ოტო ფონ ჰაბსბურგი, კონრად ადენაუერი, შარლ დე გოლი, ფრანც იოზეფ შტრაუსი, ბრუნო კრაისკი, ჟორჟ პომპიდუ და სხვები. მათი სახელები და ავტორიტეტი ერთიანი ევროპის იდეის საუკეთესო პროპაგანდას წარმოადგენდა.

ინათა!.. 1938 წელს, ავსტრიაში, ნაცისტური ანშლუსის შედეგად, პანევროპული კავშირის ბიუროს ლიკვიდაცია მოხდა. მეორე მსოფლიო ომის წლებში კუდენჰოვე-კალერგიმ ევროპის ტერიტორიაზე საქმიანობა შეწყვიტა. უკანასკნელ მომენტში ის ხელიდან დაუსხლტა ნაცისტებს, რომლებიც ევროპის გაერთიანებას სულ სხვა პრინციპით გეგმავდნენ. გრაფი ჯერ მშობლიურ ჩეხოსლოვაკიაში გაემგზავრა, შემდეგ - შვეიცარიაში, იქიდან - საფრანგეთში. ამ ქვეყნის კაპიტულაციის შემდეგ, 1940 წელს, გრაფი პორტუგალიის გავლით აშშ-ში ჩავიდა. 1942-1945 წლებში კუდენჰოვე ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისტორიას ასწავლიდა. იმავდროულად, ამერიკაში პანევროპულ იდეებს განავითარებდა. 1943 წელს, პანევროპული კავშირის მეხუთე კონგრესი სწორედ ნიუ-იორკში გაიმართა. ომის დამთავრების შემდეგ, 1945 წელს, გრაფი ევროპაში დაბრუნდა და საკუთარი კონცეფციის დანერგვას მიჰყო ხელი. პოპულარიზატორთა რიგებში მან ცნობილი ადამიანები ჩააყენა, მაგალითად, ისეთი აღიარებული პოლიტიკოსი, როგორიც იყო დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სერ უინსტონ ჩერჩილი; ასევე, საფრანგეთის ლიდერი - შარლ დე გოლი.

1946 წლის 19 სექტემბერს ჩერჩილი ციურიხის უნივერსიტეტში გამოვიდა სიტყვით, რომლის მომზადებაშიც კუდენჰოვე-კალერგი მონაწილეობდა. ამ სიტყვაში დეკლარირებული იყო პანევროპული იდეის საფუძველზე ევროპის შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობა. ქარიზმატულ ინგლისელ ექს-პრემიერს ამ იდეის ავტორის დამსახურების აღნიშვნა დაავიწყდა. დაუღლელი და მოუსვენარი გრაფი, კონსერვატიულ-ქრისტიანული პოზიციებიდან, მწვავედ აკრიტიკებდა ომის შემდგომი პერიოდის ევროპული ინტეგრაციის ვიწრო ეკონომიკურ და ტექნოკრატიულ მიმართულებებს. ის აშკარად გამოდიოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლების მოწოდებით და თავისუფალი ევროპული სახელმწიფოების უფრო მჭიდრო ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ. ევროპას, შორეულ პერსპექტივაში, რუსეთსაც მიაკუთვნებდა, რადგან მიაჩნდა, რომ ის დროებით განუდგა ევროპულ დემოკრატიას და მომავალში ევროპასა და აზიას შორის კულტურული საზღვრები არა ურალზე, არამედ ალტაიზე გაივლებოდა. ის წერდა: “ევროპა განფენილი იქნება ჩინეთამდე, იაპონიამდე და წყნარ ოკეანემდე. მაშასადამე, ასე შორს აღმოსავლეთით და ამხელა სივრცეზე დემოკრატიული სისტემა გავრცელდება”.1947 წელს, ევროპელი პარლამენტარების გასაერთიანებლად, კუდენჰოვე-კალერგიმ ევროპული საპარლამენტო კავშირი დააფუძნა და მისი გენერალური მდივანი გახდა. თავდაპირველად, ევროპის საპარლამენტო კავშირი ყველა სხვა ორგანიზაციასთან გაერთიანების წინააღმდეგი იყო. თუმცა 1952 წელს ევროპული მოძრაობის წევრი გახდა და კუდენჰოვე-კალერგი ამ მოძრაობის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.

coudenhove-kalergi-1658599987.jpg
რიხარდ კუდენჰოვე-კალერგის სახელი კლოსტერ-ნოიბურგის (ავსტრია) საქალაქო კედელზე, ევროპის მოედანზე

“თოფიანი კაცისა და რუსული ჩექმის აჩრდილი” “პანევროპეიზმის მამა” რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა, რადგან მათ გაერთიანებული ევროპის მთავარ საფრთხედ მიიჩნევდა: საბჭოთა კავშირს ევროპაზე თავდასხმა, ხოლო აშშ-ს მისი ყიდვა შეეძლო. თუმცა, თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებზე საუბრისას ის მხოლოდ აღნიშნავდა, რომ ევროპას ამ სახელმწიფოსადმი დამოუკიდებლობა უნდა შეენარჩუნებინა, საბჭოთა კავშირთან ურთიერთობები მთავარ თავსატეხად ესახებოდა. შეიძლება ითქვას, რომ პანევროპული პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით ამ პროექტის წინააღმდეგობრიობის მაგალითს წარმოადგენს. ერთი მხრივ, კუდენჰოვე კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ რუსეთი ნებისმიერი მმართველობის პირობებში სახიფათოა და ამიტომაც, ერთადერთ გამოსავლად ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება ესახებოდა და მასთან თანაარსებობის სამშვიდობო საშუალებათა მუდმივ ძიებაში იყო. მეორე მხრივ, პარადოქსული დიპლომატიურობით აზუსტებდა: “მომავალი პლანეტური ადამიანის წინაპრად თანამედროვე ევროპაში, რუსი გვევლინება, რომელიც საკუთარ თავში სლავურ-თათრულ-ფინურ ნაზავს აერთიანებს და მთელ ევროპელ ხალხთა შორის, ყველაზე ნაკლებად გამოირჩევა გამოკვეთილი რასობრიობით. ამდენად რუსი - ტიპური სულის ადამიანია...”

“ევროპისთვის მუდამ მზადმყოფი” 1950 წლის 18 მაისს გრაფი რიხარდი კარლოს დიდის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი გახდა. ეს იყო მისი ღვაწლის დაფასება ევროპის გაერთიანებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, რომელიც მთელი მისი ცხოვრების აზრად იქცა. განსაზღვრული ხნის შემდეგ, მან ევროპის საბჭოს გაერთიანებული ევროპის დროშის პროექტი შესთავაზა. დროშაზე ქრისტიანული ჯვრის არსებობის გამო, პროექტი დაიწუნეს. 1955 წელს, კუდენჰოვე-კალერგიმ ახალი ევროპის ჰიმნის სახით, ბეთჰოვენის “სიხარულის ოდა” წარმოადგინა, რაც დღეს ევროკავშირის ოფიციალურ ჰიმნადაა აღიარებული. ევროპის ერთგული პატრიოტისა და მტკიცე კონსერვატორის, რიხარდ კუდენჰოვე-კალერგის გულისცემა 1972 წლის 27 ივლისს შეწყდა. მისმა პირადმა მდივანმა, დეშმა მოგონებებში დაწერა, რომ გრაფმა თავი მოიკლა, რაც გულმოდგინედ შენიღბა, თუმცა ყველა სამეცნიერო ბიოგრაფიაში წერია, რომ მან ბუნებრივი სიკვდილით დატოვა ეს სამყარო. თომას ედისონი ამბობდა:

“როცა საგანი ისე არ მუშაობს, როგორც თქვენ გეგმავდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უსარგებლოა”. ობიექტურმა თუ სუბიექტურმა მიზეზებმა გრაფ კუდენჰოვეს პანევროპულ პროექტს ცხოვრებაში სრულყოფილი რეალიზაციის ნება არ მისცა. მისი გავლენა სახელმწიფოთა პოლიტიკაზე თავდაპირველად იმით შემოიფარგლა, რომ დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფორუმებზე შეუწყო ხელი მსჯელობას მტკივნეულ ევროპულ პრობლემებზე. გრაფის იდეა, რომელმაც დროს გაუსწრო, მის სიცოცხლეში უტოპიად ესახებოდათ. მაგრამ ფაქტია: ევროპის გაერთიანების იდეა სულიერ ტრადიციად იქცა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მან დროთა განმავლობაში დინამიზმი და შინაგანი ძალა მოიკრიბა და ევროპული საზოგადოება მისი აღსრულებისთვის მოამზადა. სწორედ ამაში გამოიხატება კუდენჰოვე-კალერგის, როგორც გაერთიანებული ევროპის იდეის ავტორისა და სულიერი მასწავლებლის ეჭვმიუტანელი დამსახურება. ახდა გრაფის მრავალი პესიმისტური წინასწარმეტყველებაც. როგორც მან გან­ჭვრიტა, ევროპის კონტინენტი ახალმა, პირ­ველ მსოფლიო ომზე უფრო საშინელმა ომმა გამოფიტა, ხოლო საბჭოთა კავშირმა რამდენიმე ათწლეულით დაიქვემდებარა ევროპის აღმოსავლეთი და ნაწილობრივ ცენტრალური ნაწილი. მაგრამ საბოლოოდ, ევროპა მაინც გაერთიანების გზას დაადგა. შვეიცარიული ალპების ფერდობზე განთავსებულ, მოკრძალებული საფლავის ქვაზე, რომელიც იაპონური ქვების ბაღისა და ველური ვენახის ქვეშ იმალება, ვკითხულობთ: Pionnier des Etats-Unis D’Europe - “ევროპის შეერთებული შტატების პიონერი”. ალბათ, სხვა ეპიტაფიას გრაფი საკუთარი თავისთვის არც ისურვებდა.

ირინა ჯანდიერი

"ისტორიანი" .#124