ქართველი ვალიდე სულთნების ხანა ოსმალეთის იმპერიაში - კვირის პალიტრა

ქართველი ვალიდე სულთნების ხანა ოსმალეთის იმპერიაში

ჰარამხანების ქართველი ბინადრები

XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული წარმოშობის ქალები სულთნების მეუღლეები და დედები იყვნენ. ჰარამხანებზე, სადაც ტახტის მემკვიდრე იზრდებოდა, მათ ქართველ ბინადრებსა თუ გავლენაზე გვესაუბრება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, თურქოლოგი ზაზა შაშიკაძე.

- “ჰარამი” (“ჰარემ”) არაბული სიტყვაა და აკრძალულს, ტაბუდადებულს, ამავე დროს წმინდასა და ბედნიერ ადგილს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ არაბი ბედუინები კარვის ნაწილს, მოგვიანებით - სახლის იმ ნახევარს, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობდნენ და გარეშე პირებს შესვლა ეკრძალებოდათ. ტრადიციულად, ჰარემი სასახლის უფროსის ცოლების, მხევლებისა და შვილების საცხოვრებელ ადგილს ნიშნავს. ქართულ ენაში დამკვიდრებულია ფორმა “ჰარამ-ხანა”, რაც “აკრძალულ სახლს” ნიშნავს.ჰარემის სტრუქტურა და იერარქია ისლამისა და სახელმწიფოს მოთხოვნათა საფუძველზე მკვეთრად ჩამოყალიბდა აბასიანი ხალიფების მმართველობის პერიოდში და შემდგომში, თანდათანობით სხვადასხვა მუსლიმანურ სახელმწიფოშიც გაჩნდა. ჰარემის როლი სასახლეებში თანდათან გაიზარდა. აქ ხომ ტახტის მემკვიდრე იზრდებოდა!მუსლიმანური ჰარემების სტრუქტურა და წესები ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდებოდა. მას საჭურისები იცავდნენ. უფროსი ცოლი, ფაქტობრივად, ჰარემის მეთვალყურე იყო. ჰარემში უპირატესობა ენიჭებოდა იმ მხევლებს, რომელთაც ვაჟები შვეს. მუსლიმან მამაკაცებს ეკრძალებოდათ ჰარემში ერთმანეთის ნათესავი მხევლების ყოლა.ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ სულთნის სასახლისა და ჰარემის ცხოვრება უფრო პომპეზური გახდა. ადრინდელზე მეტი ყურადღება ექცეოდა სამეფო კარის ბრწყინვალებასა და მის წევრთა აღკაზმულობას, რაც უპირველესად სახელმწიფოს ძლიერებისა და სიდიადის წარმოჩენას ემსახურებოდა. ბევრი რამ შეითვისეს ბიზანტიის საიმპერატორო სასახლიდანაც. რეგლამენტით იყო განსაზღვრული დიდმოხელეთა ტანსაცმლის ფორმა და ფერიც კი.

სულთნის ჰარამხანა კონსტანტინოპოლში თოფქაფის სასახლის აშენების შემდეგაც ერთხანს ადრიანოპოლში, ძველ სასახლეში რჩებოდა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, იგი ახალ სასახლეში სულთანმა სულეიმან I-მა (ქვეყანას მართავდა 1520-1566 წწ.), ხოლო ზოგის მიხედვით - მურად III-მ (ქვეყანას მართავდა 1574-1595 წწ.) გადაიტანა. თოფქაფის სასახლე სულთნების რეზიდენცია იყო 1478-1853 წლებში, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სულთანატის დასასრულამდე (1923 წ.) კი სამეფო კარს უფრო თანამედროვე ევროპული არქიტექტურით აშენებული დოლმაბაჰჩე წარმოადგენდა, რომელშიც ჰარამხანას ასევე უზარმაზარი ადგილი ეთმობა. სულთნის სასახლის კარი ორი ნაწილისგან შედგებოდა - საგარეო და საშინაო. საგარეო მოიცავდა სულთნის მოხელეებს, ხოლო საშინაო - მისი ოჯახის ქალებისა და ბავშვების სამყოფელს, ანუ ჰარამხანას.სულთნის საგარეო კარს განაგებდა ე.წ. თეთრი საჭურისების უფროსი - “კაფუჯი ბაში”, მთავარი კარის მცველი. ფაქტობრივად, ის აკავშირებდა სულთანს გარე სამყაროსთან და ყველგან ახლდა მას, გარდა ჰარამხანისა. ჰარამხანას შავი საჭურისების მეთაური - “ყიზლარ აღასი” (ქალთა ბატონი), იგივე “დარუს-საადე აღასი” განაგებდა. ის ხელმძღვანელობდა ჰარამხანის მსახურთა საქმიანობას, არჩევდა სულთნის მხევლებს და სხვ.რადგან შავი საჭურისები ჰარამხანის მცველები იყვნენ, ამიტომ ამ თანამდებობაზე არჩევდნენ ყველაზე მახინჯ და შეუხედავ პირებს. მახინჯები ყველაზე უფრო ძვირად ფასობდნენ, რადგან მათი სიმახინჯე ამ შემთხვევაში საჭიროებიდან გამომდინარე პლუსად ითვლებოდა. სულთნის ჰარამხანაში ქალები უმეტეს დროს კერვაში, ქარგვაში, მუსიკისა და სიმღერის, აგრეთვე კარგი მანერების სწავლაში ატარებდნენ. ეს საქმე ყველა ქალს ევალებოდა, მიუხედავად იმისა, რა ადგილი ეჭირა მას ჰარემის იერარქიაში.

naksidil-sultan-2198460-1658601003.jpg
ნაყშიდილ სულთანი

მრავალი ჩანაწერის მიხედვით, ჰარემი გარე სამყაროსგან მაქსიმალურად იზოლირებული იყო და ამიტომაც იქ მყოფი ქალებისთვის სახის დაფარვა სავალდებულო არ გახლდათ. ეს წესი მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში შეიცვალა.- რამდენი ქალი ცხოვრობდა ოსმალურ ჰარამხანაში და მიიჩნეოდა თუ არა იქ ცხოვრება პრესტიჟულად?- ოსმალო სულთნების ჰარამხანები მხევალთა სიმრავლით გამოირჩეოდა. მათი რიცხვი ასეულებს აღწევდა. რა თქმა უნდა, მათ უმრავლესობას სულთანთან ურთიერთობა არც ჰქონდა, თუმცა სულთნის ჰარემში მოხვედრა და იქ უზრუნველად ცხოვრება დიდ პრივილეგიად მიიჩნეოდა.ჰარემის ყოფა-ცხოვრებას თვალყურს ადევნებდა სულთნის დედა - ვალიდე სულთანი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. დროდადრო მისი გავლენა ისე იზრდებოდა, რომ სახელმწიფოს საქმეებშიც კი ერეოდა. ხარჭა, რომელიც სულთანს შვილს გაუჩენდა, სულთნის რჩეულის, ანუ “ჰასექი სულთნის” ტიტულს ატარებდა. განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობდა ის, ვინც პირველ ვაჟს, ტახტის მემკვიდრეს გააჩენდა. იგი სულთნის პირველ ქალად იწოდებოდა. ჰასექის ტიტული შეიძლება მიეღოთ ისეთებსაც, ვისაც შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ სულთნის სიმპათიას იმსახურებდნენ. ჰასექები ჰარემში პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მაგალითად, შეეძლოთ ძვირფასი ქურქის ჩაცმა და სამკაულების ხმარება, ჰქონდათ ცალკე საცხოვრებელი ოთახი და სხვა. - რა ბედი ეწეოდა ამ ქალებს სულთნის გარდაცვალების შემთხვევაში?- ფადიშაჰის გარდაცვალების შემდეგ, ტახტის მემკვიდრის გარდა სხვა ვაჟების დედები ძველ სასახლეში გადაჰყავდათ, ხოლო გოგონების დედებსა და სხვებს მაღალი თანამდებობის პირებზე ათხოვებდნენ. - ჰარამხანის ქართველ ბინადრებზე რა ვიცით?- XVIII საუკუნის ბოლო და XIX საუკუნის პირველი ნახევარი ოსმალთა სულთნის კარზე გამოირჩევა ქართველი “დედა სულთნების” საქმიანობით. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი დედოფლების შესახებ საისტორიო საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრება და ვარაუდი არსებობს, რამდენიმე მათგანის ქართული წარმომავლობა წყაროებით დადასტურებულია და მოკლედ მოგახსენებთ მათ შესახებ:პირველი მათგანი გახლავთ მიჰრიშაჰ ვალიდე სულთანი. დაიბადა, სავარაუდოდ, 1744-1745 წელს. ალბათ, მისი ქრისტიანული წარმომავლობის გამო გაჩნდა მოსაზრება, რომ ის გენუელი იყო და აგნესი ერქვა, თუმცა ეს თეორია უარყოფილია და ისტორიკოსები ადასტურებენ მის ქართულ წარმოშობას. სულთნის სასახლეში მოხვდა როგორც ტყვე, მონა ქალი.

როგორც წესია, მას ისლამი მიაღებინეს და შესაბამის განათლებასაც აძლევდნენ. სახელი მიჰრიშაჰი ქართულად “შაჰის მზეს” ნიშნავს. ნიჭიერებისა და შესანიშნავი გარემოს წყალობით მან მალევე მიაღწია წარმატებას და 13 წლის ასაკში მოახერხა, სულთნის რჩეული გამხდარიყო. მიჰრიშაჰი გახლდათ სულთან მუსტაფა III-ის (1757-1774 წწ.) პირველი ცოლი და პირველი რეფორმატორი სულთნის, სელიმ III-ის (1789-1807 წწ.) დედა. სელიმის დაბადებას შვიდ დღე-ღამეს ზეიმობდნენ, რადგან მანამდე ოსმალთა დინასტიაში, მთელი 30 წლის განმავლობაში, ვაჟი არ იბადებოდა. ამ გარემოებამ მიჰრიშაჰისადმი პატივისცემა გაზარდა.მიჰრიშაჰს სასახლეში იმდენი ქონება ჰქონდა, რომ 1773 წელს, როდესაც ხანგრძლივი ომებისგან ოსმალეთის ხაზინა გამოცარიელდა, მუსტაფა III-მ ცოლისგან ისესხა დიდი თანხა, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ დაუბრუნა.1774 წლამდე მიჰრიშაჰმა, როგორც დედოფალმა, სასახლეში იცხოვრა, ხოლო ქმრის გარდაცვალების შემდეგ 15 წელიწადს ძველ სასახლეში მოუწია ყოფნამ. შვილის, სელიმ III-ის ტახტზე ასვლის შემდეგ კვლავ ახალში დაბრუნდა. ძველი სასახლიდან ტახტრევანით გამოსულ მიჰრიშაჰ სულთანს გზის გასწვრივ ორ რიგად ჩამწკრივებული იანიჩარები ესალმებოდნენ. მას მოჰყვებოდნენ და ეგებებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები. როდესაც ამალა სასახლესთან მივიდა, სელიმ III სამჯერ მიესალმა დედას და ტახტრევანის ფარდიდან გამოწვდილ მის ხელს ეამბორა. სულთანმა იგი ჰარემის კარამდე მიაცილა. მიჰრიშაჰი მხარს უჭერდა სელიმის რეფორმებს, მაგრამ ქვეყნის მართვაში არ ჩარეულა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სხვებს ეხმარებოდა. სულთნის დედებს შორის ის სტამბოლში ყველაზე დიდი ქველმოქმედის სახელით სარგებლობდა. მიჰრიშაჰი სინატიფისა და სათნოების მაგალითად მიაჩნდათ. თავისი სიფაქიზითა და სილამაზით წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა იმ პერიოდის პოეტებზე. ამბობდნენ, რომ სულთან სელიმ III-ს ანგელოზივით ლამაზი სახის ნაკვთები და სქელი წაბლისფერი თმა დედისგან გამოჰყვა. მიჰრიშაჰი მევლევიანთა სუფისტური ორდენის მიმდევარი იყო. სტამბოლში მას ძალიან მოსწონდა ეიუბიეს უბანი და ზაფხულის თვეებს ქალიშვილ შაჰსულთანთან ერთად უმეტესად იქ ატარებდა, სანაპიროს სახლში. ამის გამო ეიუბიეში ააგებინა აკლდამა, მედრესე და ბიბლიოთეკა. მის სახელს არაერთი მშენებლობა უკავშირდება. ვალიდე სულთანი სიცოცხლის ბოლო წლები ავადმყოფობდა.

beautiful-bosphorus-sea-2-1658601003.jpg
ბეზმიალემ ვალიდე სულთნის მეჩეთი დოლმაბაჰჩეს სასახლეში

1804 წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა 61 წლისა და ეიუბიეში, მისივე აშენებულ აკლდამაში დაკრძალეს. აკლდამა 12-წახნაგოვანი შენობაა, ბაროკოს სტილით ნაგები.მიჰრიშაჰ სულთნის მიერ დატოვებული არაერთი ძეგლიდან ყველაზე საინტერესოა ეიუბიეში, ბოსტანჯის ნავსადგურთან არსებული კომპლექსი - მეჩეთი დამხმარე შენობებით, სასწავლებელი, სამედიცინო დაწესებულება და სხვა. აგრეთვე 1792 წელს ბოსფორის სანაპიროზე იანიჩართათვის აშენებული დიდი მეჩეთი, რომელიც ახლაც კარგად ჩანს ბოსფორზე და ტურისტული ძეგლია.ნიშანდობლივია ერთი ფაქტი - სელიმ III-ის ძუძუმტე იყო წარმოშობით ქართველი ქუჩუქ ჰუსეინი, რომელიც შემდგომში ოსმალეთის სამხედრო ფლოტის მეთაური გახდა. ის, რომ სელიმის აღზრდაში კიდევ ერთი ქართველი ქალი მონაწილეობდა, მიანიშნებს, რომ მიჰრიშაჰს თავის ირგვლივ, შეძლებისდაგვარად, ქართული გარემო ჰქონდა შექმნილი.მეორე ქართველი ქალი ნაყშიდილ სულთანი აბდულჰამიდ I-ის (1774-1789 წწ.) მეუღლე და მაჰმუდ II-ის (1808-1839 წწ.) დედაა. სახელი ქართულად “გულის სამკაულს” ნიშნავს. საინტერესოა თქმულება, რომელიც, როგორც ჩანს, ისევ მისი ქრისტიანული წარმომავლობის გამო შეიქმნა. თქმულების მიხედვით, ის კუნძულ მარტინიკაზე დაიბადა, იმავე ფრანგულ ოჯახში, რომელშიც ცნობილი ჟოზეფინა, ნაპოლეონის ცოლი. პატარა აიმეედემ (თქმულების მიხედვით ასე ერქვა მას ბავშვობაში) განათლება ნანტში, ერთ-ერთ მონასტერში მიიღო და როდესაც კუნძულზე ოჯახთან ბრუნდებოდა, გემი ჩაიძირა. ოჯახი მას უშედეგოდ ეძებდა. ამ თქმულებას მოგვიანებით არაერთი ფრანგი მწერლის ლიტერატურული ნაწარმოები და ხელოვნების ნიმუში მიეძღვნა, სადაც მოქმედი გმირები ნაპოლეონი და ჟოზეფინაც არიან. საინტერესოა, რომ ამ ლეგენდის საფუძველზე კუნძულ მარტინიკაზე, სანაპიროზე მდგარი ერთ-ერთი სასახლე დღესაც მოქმედებს, როგორც მუზეუმი, სადაც ოსმალთა დედოფალი დაიბადა. თუმცა ნაყშიდილ სულთნის ქართულ წარმომავლობაზე ისტორიკოსები დღეს აღარ კამათობენ. დაიბადა 1766, ზოგი ცნობით კი 1762 წელს კავკასიაში (საქართველოში). ჰარემში მცირეწლოვანი მიიყვანეს და განათლებაც იქ მიიღო.

osman-hamdi-bey2-1658601003.jpg
ბეზმიალემ ვალიდე სულთანი

1783 წლის 22 ოქტომბერს - უფლისწული მურად სეიფულა, 1785 წლის 25 ივლისს - უფლისწული მაჰმუდი და 1786 წლის 26 ნოემბერს ქალიშვილი სალიჰა შეეძინა. 1789 წელს, როდესაც აბდულჰამიდ I გარდაიცვალა, ისინი მხოლოდ ექვსი წლის ცოლ-ქმარი იყვნენ. აბდულჰამიდ I-ის გარდაცვალების შემდეგ ძველ სასახლეში 19 წელიწადი გაატარა. 1808 წელს, მაჰმუდ II-ის ტახტზე ასვლის შემდეგ, ვალიდე სულთნის ტიტული მიიღო. 1808 წლის 6 ივლისს, ტრადიციისამებრ, ამალასთან ერთად თოფქაფის სასახლეში დაბრუნდა. ნაყშიდილ ვალიდე სულთნის სასახლეში ამალით გადასვლა სულთნის დედის სასახლეში ამგვარად მისვლის ბოლო შემთხვევა იყო. ნაყშიდილი შვილზე, მაჰმუდ II-ზე დიდ გავლენას ახდენდა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თოფქაფის სასახლის დაცლასა და სულთნის ოჯახის ბეშიქთაშის ახალ (დოლმაბაჰჩეს) სასახლეში გადასვლაში. იგი მაჰმუდ II-ს დასავლური ორიენტაციისკენ უბიძგებდა და რეფორმებში რჩევებსაც აძლევდა. ნაყშიდილ ვალიდე სულთანი 1817 წლის 6 სექტემბერს გარდაიცვალა 56 წლისა. შვილის 31-წლიანი ზეობის მხოლოდ პირველ ცხრა წელიწადს მოესწრო. დაკრძალულია ფათიჰის მეჩეთთან აშენებულ ბაროკოს სტილით ნაგებ 16-წახნაგოვან აკლდამაში. ნაყშიდილის სახელს სტამბოლში არაერთი საქველმოქმედო ნაგებობა უკავშირდება.- კიდევ იყვნენ იმპერიის ქართველი ვალიდე სულთნები?- კიდევ ერთი ქართველი დედოფალი ოსმალეთის იმპერიისა გახლავთ ბეზმიალემ ვალიდე სულთანი, მაჰმუდ II-ის (1808-1839 წწ.) ცოლი და აბდულ-მეჯიდ I-ის (1839-1861 წწ.) დედა. ვარაუდობენ, რომ მისი დაბადების თარიღია 1807 წელი. არსებობს მცდარი მოსაზრებაც, რომ ის რუსი ებრაელების ოჯახიდანაა. მისი სახელი ქართულად ითარგმნება, როგორც ხალისის, სიხარულის მომგვრელი. სასახლეში შესანიშნავი განათლება მიიღო და 1822 წელს მაჰმუდ II-ის ცოლი გახდა. 1823 წლის 25 აპრილს შეეძინა უფლისწული აბდულ-მეჯიდი, რის შემდეგაც მეორე სულთნის პოზიციამდე ამაღლდა, ხოლო აბდულ-მეჯიდის ტახტზე ასვლის შემდეგ ვალიდე სულთანიც გახდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 1839 წლის 20 ივნისს, სულთნის ტახტზე მისი ვაჟი ავიდა. აბდულ-მეჯიდი მცირეწლოვანი და სახელმწიფოს საქმეებში გამოუცდელი იყო, ამიტომ პოლიტიკასა და მთავრობის ხელმძღვანელობის საქმეში დედა გახდა მისი მრჩეველი. ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრება, რომ იგი უხეშად ერეოდა სახელმწიფოს მართვაში, სიმართლეს არ შეეფერება. დედა-დედოფალი უფრო ქველმოქმედებას ეწეოდა. აქტიურად მონაწილეობდა დოლმაბაჰჩეს სასახლის მშენებლობაში, რომელიც მისი ქმრისა და შვილის სახელს უკავშირდება. ბეზმიალემმა დიდი როლი შეასრულა შვილის პოლიტიკურ აღზრდაში. თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს ცხოვრებაში. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სულთნის მოგზაურობისას სასახლისა და სახელმწიფოს საქმეებს აკონტროლებდა, საჭიროების შემთხვევაში ჩინოვნიკებს ბრძანებებსაც აძლევდა, ზოგჯერ კი ოფიციალურ მიღებებსა და წვეულებებს მართავდა. იგი მოულოდნელი ავადმყოფობით გარდაიცვალა 1853 წლის 3 მაისს, 46 წლისა, ბეშიქთაშის სასახლეში. ზოგიერთი ცნობით, ეს ტუბერკულოზი იყო.

აბდულ-მეჯიდმა დედას პომპეზური დაკრძალვა მოუწყო და მამის გვერდით, სტამბოლის ბჯაღალ-ოღლუს უბანში მდებარე აკლდამაში დაასაფლავა. სულთანმა დედის სახელზე არაერთი ქველმოქმედება გასწია.სულთნის პირადმა ექიმმა შპიცერმა, რომელიც ერთხელ იყო ჰარემში ვალიდე სულთნის სამკურნალოდ, ბეზმიალემის შესახებ დატოვა ჩანაწერი, სადაც სნეულებით შეპყრობილი 46 წლის დედოფლის იშვიათ სილამაზეზე ლაპარაკობს. ბეზმიალემი ცნობილია განსაკუთრებული გულუხვობითა და ქველმოქმედებით. მან ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში უამრავი საქველმოქმედო დაწესებულება და ფონდი დააარსა, რომელთაც მიწები და სხვა ქონება შესწირა. მან ააშენა საავადმყოფო სტამბოლში, შეჰრემინის რაიონის იენიბაჰჩეს უბანში, სადაც ღარიბებს მკურნალობდნენ. საავადმყოფო დღემდე მოქმედია. ასეთივე სავადმყოფო ააშენა მექაში, რომელიც იმ პერიოდში ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. მისი თაოსნობითაა აგებული არაერთი სასწავლებელი დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ადგილებში. ბოსფორის სანაპიროზე, დოლმაბაჰჩეს სასახლის შესასვლელთან, ეზოში დგას გამორჩეული, გათლილი ქვის მაღალი ოსტატობით მოჩუქურთმებული მეჩეთი (1853), რომელიც ასევე ბეზმიალემ ვალიდე სულთნის სახელს უკავშირდება და მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა, აბდულ-მეჯიდმა დაასრულა. ბეზმიალემის სახელს უკავშირდება ხიდებისა და უამრავი შადრევნის მშენებლობა. თურქულ ისტორიოგრაფიაში არსებობს ტერმინი “ქალთა სულთანატი”. ის, პირობითად, იწყება XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან და დაახლოებით ერთ საუკუნეს გრძელდება. ტერმინი აღნიშნავს ქალთა გავლენის გაძლიერებას სულთნის კარზე და მათ ჩარევას ქვეყნის მართვაში. ქალები, ფაქტობრივად, მართავდნენ იმპერიას XVII საუკუნის პირველ ნახევარში, რაც ოსმალთა ტახტზე შექმნილი ვითარებით იყო გამოწვეული.

sandor-alexander-svoboda-the-harem-dancer-xix-1658601003.jpg
"ჰარემის მოცეკვავე" (სანდორ ალექსანდერ სვობოდა, 1896 წ.)

აშკარაა, რომ ამ პერიოდში ასპარეზზე გამოდიან სულთნის ოჯახის წევრები, ევროპული წარმომავლობის ქალბატონები. როგორც ზემოთ ვნახეთ, XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ოსმალთა სამეფო ოჯახში ქართველი ქალები დომინირებდნენ. მართალია, წინამორბედებისგან განსხვავებით, ქართველ დედა-დედოფლებს იმპერიის მართვის სადავეები არ ეპყრათ, მაგრამ ამ პერიოდს მაინც შეიძლება პირობითად ქართველ ქალთა ხანა ვუწოდოთ.ცნობილია ისიც, რომ ქართველ ქალებს ასევე განსაკუთრებით აფასებდნენ ირანში. ისინი მოსწონდათ არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ - ჭკუით, სიდარბაისლითა და სათნოებითაც. უნდა ითქვას, რომ ირანში დიდ პატივად ითვლებოდა ქართველი ქალის ცოლად შერთვა. შაჰის სამეფო კარს თუ გადავხედავთ, ამაში იოლად დავრწმუნდებით: შაჰ აბასის უფროსი ძმის, ჰამზა-მირზას ცოლთაგან ორი ქართველი გახლდათ. ირანის პოლიტიკურ სარბიელზე არასდროს იმდენი კავკასიელი არ მოღვაწეობდა, რამდენიც შაბ აბასის მმართველობისას. ცნობილია, რომ შაჰის სისუსტე სწორედ ქართველი ქალები ყოფილა. მის ჰარამხანაში ირანელი ქალები უმცირესობას წარმოადგენდნენ. ცოლებად მრისხანე შაჰს ქართველი, ჩერქეზი ან რუსი დიდგვაროვნები ჰყავდა.ცნობილია, რომ შაჰ-თამაზიც არ იყო გულგრილი ქართველი ქალების მიმართ. მისი ჰარამხანა 400-500 ქალს ითვლიდა და ისინი, უმთავრესად, კავკასიის ქვეყნებიდან იყვნენ. შაჰ-თამაზ პირველს თავის მრავალრიცხოვან ცოლთაგან 12 ვაჟი და რვა ასული ჰყავდა. მათ შორის ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ქართველი ცოლებისგან შეეძინა, ჩერქეზი ქალებისგან კი ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა.

ეკა სალაღაია

"ისტორიანი" .#124