ჰოდა, სოსო სწერამს მოსოს - კვირის პალიტრა

ჰოდა, სოსო სწერამს მოსოს

ჰოდა, 11 ღია ბარათი ევროპიდან ტფილისში და სხვა ჰამბები

ჰოდა, 1905 წელი ახლოვდება. ჰაერი დენთის სუნით არის გაჟღენთილი. შორეულ აღმოსავლეთში ომია. აკაკი წერეთელს უკვე დაწერილი აქვს ის თავისი ცნობილი “გურული ნანინა”, რომელშიც იაპონელი მარშალი ოიამა “შეფარვით უთქვამს, უქია”. სადაცაა, რუსეთის პირველი რევოლუციაც დაიწყება. სოსო ჯეირანოვი დაუდგენელი ჰასაკის ტფილისელი მოქალაქეა. საკმაოდ შეძლებული. დღეს არავინ იცის, ჰყავდა თუ არა ცოლ-შვილი. ძმა ჰყავს - მოსე. მოსოს ეძახის მოფერებით. მთელ ტფილისში კი არა, მთელ კავკასიაში განთქმული სოვდაგრის ავეტა ანუ ავეტისა ჯეირანოვის შვილები არიან. გოლოვინსკზე ცხოვრობენ ჯეირანოვები, ბობონოსოვის სახლში. როგორც ჩანს, წამლებსა და სანიტარიას ეზიდებიან უცხოეთებიდან.

ჰოდა, სოსო ჯეირანოვი სხვას სწამლობდა და, ერთბაშად თვითონ გახდა სამკურნალო. ტფილისში და კავკასიაში და რუსეთის იმპერიაში მისი საშველი რომ არ გამოჩნდა, მოაქუჩა ფული და ევროპას მიაშურა სააქიმოდ. მისი ევროპული ვოიაჟის შესახებ ჩემს ბიბლიოზეუმში დაცული თერთმეტი ღია ბარათი მოგვითხრობს. ამ ბარათებით სოსო თავის ჰამბებს უყვება მოსოს. ქონების დიდი გადანაწილება რომ მიდიოდა საქართველოში და არავინ იცოდა, ვინ რას ყიდდა და ვინ რას ყიდულობდა, მაშინ ვიყიდე სოსო ჯეირანოვის მოწერილი ბარათები მშრალ ხიდზე. თითქოს, არაფერი, ჩვეულებრივი პირადი წერილებია, მაგრამ დღეს იმაზე მეტს გვიამბობენ, ვიდრე თავის დროზე მათ ადრესატს, მოსე ჯეირანოვს უამბეს. ერთი ასოც არ უნდა შეცვალო, მხოლოდ ერთი-ორი სასვენი ნიშანიღა უნდა დასვა თავ-თავის ადგილას და ეგ არის.ჰოდა, სოსოს პირველი ბარათი 1904 წლის 22 ოქტომბრით არის დათარიღებული და ბერლინიდანაა გამოგზავნილი. სწორედ იმ დღეს შვედეთის სამეფო ინსტიტუტის რექტორმა კარლ მიორნერმა სტოკჰოლმიდან წერილი გაუგზავნა ივან პავლოვს, რომელშიც ნობელის პრემიით დაჯილდოებას ულოცავდა და სთხოვდა, 10 დეკემბრამდე, როცა ინსტიტუტის ასამბლეის გადაწყვეტილება საჯაროდ უნდა გამოეცხადებინათ, საიდუმლოდ შეენახა ეს ამბავი. პავლოვმა ნობელის პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში დაიმსახურა. ტფილისელი სოსო ჯეირანოვი კი იყო ჩართული სამედიცინო ამბებში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ევროპაში სამკურნალოდ წასულს ან პავლოვის სახელი გაეგო, ან ნობელისა.

ვერც მისი ბარათები მოვა, რა თქმა უნდა, კარლ მიორნერის წერილთან. და მაინც... ჰოდა, იმ დღეს ლუდის რესტორანში შესულა ჰაიდელბერგერზე. ბაღში დამჯდარა, ღია ცის ქვეშ. ჯერ კიდევ თბილა და შემოდგომის მზეს ეშურება. ლუდი ხომ დაულევია და დაულევია, გაზეთებიც გადაუთვალიერებია. რუსეთ-იაპონიის ომი მიდის და მიგრიალობს. რეზერვისტები პეტერბურგიდან შორეული აღმოსავლეთისკენ სულ “ძირს მეფე!”, “გაუმარჯოს იაპონიას!” ძახილით მიდიან. აკაკისთან ერთად ვაჟა-ფშაველაც იაპონიის მხარეზეა ამ ომში. ხოლო საფრანგეთში ყველა ისევ დრეიფუსის საქმეზე ალაპარაკდა. საკასაციო სასამართლომ დამატებით გამოძიების აუცილებლობა დაადგინა.

4 ოქტომბერს პარიზში გარდაიცვალა ფრედერიკ ბარტოლდი, რომლის მთავარი ქმნილება “თავისუფლების ქანდაკება” თითქმის უკვე 20 წელიწადია, დგას ნიუ-იორკის ყურეში. ეს კი წრუპავს ლუდს და არის თავისთვის. ეტყობა, ექიმებს ჯერ არ აუკრძალავთ.ჰოდა, უყიდია მერე ღია ბარათი და ძმასა სწერს: “მოსო, ვზივარ და ვსომ პილზნერის პივას შენს სადღეგრძელოს. სოსო”. როგორც ჩანს, ლუდით ძმის სადღეგრძელოს დალევა ჩვეულებრივი ამბავი იყო ჯეირანოვებისა და მათი წრისათვის. საქართველოში იმ დროს ეს, მგონი, მხოლოდ ფშავ-ხევსურეთსა და შიდა ქართლში მეჩხრად დასახლებულ ოსებში იყო მიღებული.ჰოდა, ეს პირველი ბარათი 22 ოქტომბერს კი არის გამოგზავნილი ბერლინიდან, მაგრამ როგორც საფოსტო შტემპელი გვეუბნება, ტფილისში მთელი კვირით ადრე, 15 ოქტომბერს მიუღიათ! თავიდან, ცოტა არ იყოს, დამაბნია ამ ამბავმა, მაგრამ მერე მივხვდი: ევროპა ახალი სტილით ანგარიშობს დროთა მდინარებას, რუსეთის იმპერია - ძველი სტილით. სხვაობა იმ დროისთვის 13 დღე-ღამეს შეადგენდა. ასე რომ, ევროპული კალენდრით, ის წერილი ტფილისში 28 ოქტომბერს მოსულა.ჰოდა, მეორე ბარათიც, რომელიც სოსოს 24 ოქტომბერს გამოუგზავნია, ტფილისში 18 ოქტომბერს, ანუ 31 ოქტომბერს არის მიღებული. ღია ბარათზე კაფე-რესტორნის ინტერიერია. კაფეს “შტერნი” რქმევია. ფრიდრიხშტრასეზე ყოფილა, ქალაქის ცენტრში. ორანიენბურგის ჭიშკართან, 118/119 ნომერში თუ ნომრებში. ეს მისამართი გვაფიქრებინებს, რომ “შტერნი” ქუჩის ორივე მხარეს იყო განლაგებული. ტელეფონიც ჰქონიათ: III, 525.ჰოდა, მისულა ეს ჩვენი სოსო ამ კაფე-რესტორანში ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად - საღამოს, თავის ექიმთან ერთად. სავარაუდოდ, მანამდე ექიმს დაეკითხა, დალევა თუ შეიძლებაო და იმანაც, როგორც ერთ წვერებიან ანეკდოტშია, შეიძლება, ოღონდ ექიმთან ერთადო და აჰა, სვამენ კიდეც ერთად. ძირითადად - ყავას. თანაც მშვენიერ ყავას და არა “შვენიერს”, როგორც მოსალოდნელი იყო. ექიმისა და მისი პაციენტის ეს ერთობლივი ყავის სმა კაფე-რესტორანში, - რა ვქნა! - ძალიან მამწონს. ჰოდა, მერე სოსოს ეს ღია ბარათი უყიდნია, “სალამი შტერნიდანო” რომ აწერია. თუმცა უყიდნია კი არა, როგორცა სჩანს, “შტერნი” ამგვარ ბარათებს მუქთად სთავაზობდა თავის კლიენტებს. ფულის გადახდისას მოართვა ოფიციანტმა სოსოს ეს ბარათი და ისიც მეორე დღეს მოსოსა სწერამს: “გწყალობდეს ამ რესტორნის მადლი. მშვენიერი ყავა არი. გუშინღამ ვიყავი აქა მე და დოხტური. სოსო”. ჰოდა, ამასობაში გენერალი ალექსეი კუროპატკინი იაპონიასთან მებრძოლი მთელი ქვეითი და საზღვაო ძალების მთავარსარდლად დაუნიშნავთ. ამას კი არაფერი ადარდებს თავისი ავადმყოფობისა და კაფე-კაფე სიარულის გარდა. ნოემბრის პირველი რიცხვებიდან კი თითქმის მთელი ორი თვე, როგორც ჩანს, საავადმყოფოში იწვა. ამ პერიოდში გამოგზავნილ ბარათებს ან ჩვენამდე არ მოუღწევია, ან არაფერი გამოუგზავნია. ანკი რა უნდა გამოეგზავნა. საავადმყოფოში იწვა და იწვა. ეგ იყო და ეგა.ჰოდა, ამასობაში რუსეთს, და კავკასიასაც, რასაკვირველია, დემონსტრაციების ტალღა მოედო.

02-moso-02-2-1658601700.jpg
მეორე ბარათი ისევ ბერლინიდან

26 დეკემბერს ბაქოში ის ცნობილი 18-დღიანი გაფიცვა დაიწყო, რომელიც რუსეთის იმპერიაში პირველი მოლაპარაკებითა და ხელშეკრულებით დასრულდა მუშებსა და ნავთობმრეწველებს შორის. ეს 26 დეკემბერი, რა თქმა უნდა, ძველი სტილით არის მითითებული.ჰოდა, იმავე 26 დეკემბერს, ოღონდ უკვე ახალი სტილით, სოსო ისევ გამოსულა ქალაქში და ტფილისში მორიგ ბარათს აგზავნის. Его Высокоблагородию ანუ მის მაღალკეთილშობილებას Моисею Аветовичу Джейранову - ასე აწერია ბარათს მისამართის მხარეს. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსე ჯეირანოვი ან სტატსკი სოვეტნიკი იყო ბორის აკუნინის ერასტ ფანდორინივით, ან კოლეჟსკი სოვეტნიკი, ან ნადვორნი სოვეტნიკი ან სულაც - კოლეჟსკი ასესორი. თუმცაღა, იმ წლების “კავკასიის კალენდარში” ეს ჯეირანოვები ნახსენები არ არიან. ხოლო ღია ბარათს ბისმარკის ძეგლი ახატია. სოსოს ბერლინში ჩასვლამდე სამი წლით ადრე დადგეს ეს ძეგლი რაიხსტაგის წინ, კიონიგპლაცზე. 1938 წელს გადაიტანეს სხვა ადგილას - დიდი ვარსკვლავის - გროსერ-შტერნის მოედანზე. თითქოს ძეგლის ეს გადაადგილება იწინასწარმეტყველესო, სოსოს გამოგზავნილ ბარათს გერმანულად აწერია - “სალამი კაფე შტერნიდან”. ჰოდა, მოსო ადგილობრივი კალენდრით 20 დეკემბერს კითხულობს სოსოს სალამს: “მოსოჯან, ვსომ. მარტო მე ვარ. შენ სადღეგრძელოს. ვზივარ გასტინიცაში და ჩემ პირდაპირ ზიან და იცინიან. მე აინუმში არ მამდის იმათი სიცილი. სხვა - ძრიელ სკუჩნათ ვარ. მინდა გნახო. ვერა ქხედამ. სოსო. გირგაც მამიკითხე სიყვარულითა”. ეს “გირგა” გიორგა უნდა იყოს, ტფილისელი ჯეირანოვების შესაძლო დოსტი და პირის ზიარება.ჰოდა, ზიან და იცინიანო. ზიან და ზიანს აყენებენო. მე აინუნში არ მამდის იმათი სიცილი, “სკუჩნათა” ვარო. ფეისბუკია, აბა რა არის! ჩავა რომელიმე დღევანდელი თბილისელი სოსო ბერლინში, დაჩეკინდება გასტინიცაში ანუ ჰოტელში, მერე ბისმარკიან ან რომელიმე სხვაძეგლიან სელფსაც დადებს და “სკუჩნად” ვარ, თქვენი ნახვა მენატრებაო, თავის მოსოებსა და სხვა ფრენდებს მოსწერს იქაურ ჰამბებს. ჰოდა, დღევანდელისა რა გითხრათ და, ის მაშინდელი სოსო, ჯეირანოვი, 1905 წლის იანვარში უკვე ნიცაშია. იქა გებულობს, რომ ნიკოლოზი ხალხს რეფორმებს ჰპირდება. 9 ანუ 22 იანვარს 75 ათასი კაცი გაიფიცა. მათ წინ მიუძღვის მღვდელი გიორგი გაპონი. ეს გაპონი მაშინ გვარი იყო. დღესაც გვარია, მაგრამ ზოგადი შინაარსი შეიძინა და პროვოკატორის მნიშვნელობით იხმარება. იმ დღეს მისი შემხედვარე იმდენი ხალხი დაიხოცა, რომ 1905 წლის 9 იანვარი “სისხლიანი კვირადღის” სახელით შევიდა ისტორიაში. სოსოს ეს ყველაფერი, როგორც დღევანდელი ფბ-იუზერები იტყოდნენ, ჰკიდია. ნამდვილ სამოთხეში მოხვდა და ნეტარებს თავისთვინ. ვაჰ, მგონი მეც თავის მეტყველებაზე გადამიყვანა, აი!

ჰოდა, 1 თებერვალს გამოგზავნილი მისი მორიგი ბარათი ტფილისში 28 იანვარს მოსულა: “მოსოჯან, ქვემოთი ზღვის პირის ქუშაში (ეს სიტყვა ვისაც უნდა, ქვიშად წაიკითხოს და ვისაც უნდა - ქუჩად! - პ.ნ.) ვდგევარ და ზღვას უცქერი მშვენიერ. დარდები არა მაქ, სული იმაში ჩავყარო. სამოთხე თუ გინდა, აქ ყოფილა მართლა. მოიკითხე ყველა. შენი სოსო”. კონსიერჟის ბეჭდით ვასკვნით, რომ ბარათი სოსოს ნიცის გრანდოტელიდან გამოუგზავნია. ბარათზე ნიცის პორტის საერთო ხედია. ფოტოზე კარგად ჩანს ნიცის ცნობილი ბულვარი, იგივე პრომენადა. ამ ფოტოს გადაღებიდან მრავალი წლის შემდეგ მეც მოვხვდები ამ ბულვარზე და მავანთა მტკიცების საპირისპიროდ, შემიძლია დავადასტურო, რომ ნიცის პრომენად-დეზ-ანგლე არც დღეს არის ბათუმის ბულვარზე ნაკლები და ჯეირანოვის დროს ხომ მით უმეტეს არ იქნებოდა.ჰოდა, ორი დღის შემდეგ მოსოს სოსოს მორიგი ბარათიც მიუღია, რომელზეც ქალაქის საერთო ხედია აღბეჭდილი უკვე მეორე მხრიდან: “ძმავო მოსოჯან. გიგზავნი პოსტკარტ. ნახე როგორი ალაგი არი ნიცა. ეს არი общий вид Ниццы. სულ როგორც ხედამ ისე მწვანე არის აქაურობა. ზღვა ჩამს თელი (ანუ მთელი ზღვა ჩანსო!!! - პ.ნ.) და თითონ ქალაქი. მე კარქათ ვარ. სინამ კოცნი შენ და ყველა მამიკითხე სიყვარულით -”ჰოდა, ამ “მწვანემ” გადამრია! და არა იმიტომ, რომ ბარათი ფერადია და ნიცა მართლა მწვანედ ხასხასებს. საქმე ის არის, რომ სოსოს მართლწერიდან გამომდინარე, თითქოს აქაც, “თელის” ან “შვენიერის” არ იყოს, “წვანე” უნდა ეწეროს, მაგრამ ნურას უკაცრავად! “თელი” არა და, დანარჩენი ორი სიტყვა სოსოს ყველგან გამართულად უწერია. ჰოდა, მე აქ ერთი ამბავი მახსენდება, მრავალი წლის წინათ რომ მიამბო “ლელოს” ლეგენდარულმა რედაქტორმა მიხეილ კაკაბაძემ: მის დროს “ლელოში” ქართული სპორტული ფოტოჟურნალისტიკის ერთი პიონერთაგანი მუშაობდა, თავისი საქმის ნამდვილი ასი, რომელსაც ყველანი პრაფესორას ეძახდნენ. ადრე ყველა პრემიის ლაურეატისა და თავისი სეხნიის, მიხეილ ჭიაურელის მძღოლად ემუშავა და ამით გათამამებული “ლელოში” ყველასთან შეთამაშებული იყო. მათ შორის - თავის სეხნია რედაქტორთანაც. ჰოდა, შესულა ერთ მ-შვენიერ დღეს ეს პრაფესორა რედაქტორთან და სიცილ-სიცილით ერქაგრეხილება, - მიშაჯან, მე რო სურათს ვიღებ, სამ მანეთს მიწერ, აგე იმას კიდე წარწერას რო უკეთებს, - ხუთ მანეთს, სადაური სამართალიაო! ადექი და შენ თვითონ გაუკეთე წარწერაო, - მიშა კაკაბაძეს უთქვამს, - წარწერის ჰონორარსაც შენ გამოგიწერო!ჰოდა, შეუტანია პრაფესორას მეორე დღეს საფეხბურთო ფოტო თავისი წარწერიანად: “კიდე ერთი ნორაკიძის შვენიერი დარტყმა”.

13-moso-08-1658601701.jpg
სოსოს ყველაზე ლაკონიური გზავნილი ნიცის ხედით

ეს კიდევ არაფერი, რამდენიმე დღის შემდეგ აჭარაში გაუგზავნიათ და იქიდან მართლა მ-შვენიერი პეიზაჟი ჩამოუტანია ასეთი წარწერით: “წვანე კონცხი”. აქ კი გაბრაზებულა რედაქტორი და რა არის, რით ვერ ისწავლე ქართული წერა-კითხვა, ტექსტში ხუთ მანეთს რომ ითხოვ, წინ “მ” ვინ უნდა დაუწეროსო! შენ ხო იცი, აიღე და დაუწერეო, - თავის მხრივაც ხმას აუწია თურმე პრაფესორამ, მერე აღშფოთებულმა დასტაცა რედაქტორის წითელ ფანქარს ხელი და ის “მ” მიაწერა: “წვანე მკონცხი”!ჰოდა, ამიტომაც მიკვირს, ეს სოსო ჯეირანოვი როგორ კოხტად წერს “მ”-ს თავის ალაგას, თითქოს საგანგებოდ დაუსწავლიაო, თუმცა სხვა მხრივ მისი ბარათები ქართული მართლწერის ნიმუშებად ნამდვილად ვერ გამოდგება. სოსოს ეს “მ” არც მომდევნო წერილში დავიწყნია, რომელიც მართლა ფეისბუკური სტატუსი ეგონება ადამიანს და რომელიც 7 თებერვალს არის გამოგზავნილი ნიციდან, ზღვის ალპების დეპარტამენტის საფოსტო განყოფილებიდან:

“Мосо, დღეს ძალიან მშვენიერი ზღვა არი. ასე გონია, წყალი ჩაგისხამ სტაქანში, ისე დგას. ეხლა ჩაის ვსომ და გავალ საგულაოთა. შენი სოსო”.ჰოდა, ორთოგრაფია არც აქ შევიმჩნიოთ და ყურადღება მივაქციოთ, როგორ მართლა კარგი პოეტივით აღწერს სოსო ჯეირანოვი წყნარ ზღვას - თითქოს ჭიქაში ჩაგისხამს წყალიო. 2 თებერვალს, როცა მოსო ამ სიტყვებს წაიკითხავდა, სრულიად არაპოეტური რამ მოხდა - პეტერბურგში გვარდიის კავალერიის გავლისას ჩაიქცა ეგვიპტის ცნობილი ხიდი მდინარე ფონტანკაზე. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, მოსო, მისი ძმის ხატოვანი აღწერით მონუსხული, აუცილებლად ინატრებდა იმ ჭიქაში ერთ გახვართქალებას. არც ნიცის ცნობილ პრომენად-დეზ-ანგლეს სანახებში გულაობაზე იტყოდა უარს და არც სოსოსთან ერთად ჩაის დალევაზე.ჰოდა, სოსო მომდევნო წერილშიც ჩაის მიირთმევს. ინგლისურ პრომენადაზე რომ ხარ, “ფაივ-ო-ქლოკ-ტის” ძალიან ინგლისურ ტრადიციას - ხუთს საათის ჩაის ვერ ასცდები ევროპებში ნავალი კაცი: “მოსო. 5 საათი არის. ჩაისა ვსომ აქ გვერდზე ბალკონში და უცქერი როგორ ბანაობენ. ძალიან ცხელა. საღამოზე ბევრი ბანაობს, ვინც ჯანზე მთელი (დიახ, მთელიო! - პ.ნ.) არის. მოიკითხე ყველანი სიყვარულითა და ყველას პროშტი უყავ. შენი სოსო”. ეტყობა, სოსოს ამ ბარათის წერა ფანქრით დაუწყია და მერე კალმით დაუმთავრებია. ნაფანქრალზეც კალამი გადაუტარებია. ტექსტი სოსოს, სხვა ბარათებისგან განსხვავებით, მის ორივე მხარეზე გაუნაწილებია. ბარათი 11 თებერვალს არის გამოგზავნილი და 7 თებერვალს ჩაბარდა მოსოს. მეორე დღეს ბაქოსა და ელიზავეტპოლში დიდი გაფიცვები დაიწყო.ჰოდა, სანამ ის გაფიცვები დამთავრდებოდა, სანამ მოსო სოსოს გამოგზავნილ “პროშტებს” ჩამოურიგებდა ყველას და სანამ ეს ყველა ჩაპროშტნილი მადლობას ეტყოდა, 1 მარტიც დადგა და მომდევნო ბარათიც მოვიდა ისევ ნიციდან, ისევ ზღვის ალპების დეპარტამენტის საფოსტო განყოფილებიდან გამოგზავნილი. თუმცა თითქმის მთელი თვე არ შეხმიანებია ძმას, სოსო ამ ბარათში სულ რამდენიმე სიტყვას იწერება: “მოსოჯან, უცქირე და გაიხარე. შენი სოსო”. ღია ბარათზე შმიტის ცნობილი შატო, ანუ ინგლისური სასახლეა აღბეჭდილი. ნიცაში თუ მოხვდები კაცი, ეს ღირსშესანიშნაობა აუცილებლად უნდა ნახო. ტურისტებისთვის ბილეთები დღეს წინასწარი შეკვეთით იყიდება. არ ვიცი, მოიხილა თუ არა სოსომ ეს სასახლე, მოსომ კი, დარწმუნებული ვარ, ყოველგვარი ბილეთის გარეშე კარგა ხანს უცქირა მას და გაიხარა კიდეც, როგორც ძმამ ურჩია. მისამართი ამ ბარათსაც, ისევე როგორც ყველა სხვას, რუსულად აწერია, გარდა ქვეყნის და ქალაქის სახელისა, რომლებიც იმდროინდელი საფოსტო რეგულაციების თანახმად, გერმანულადაა დაწერილი: ღუსსლანდ. თიფლის. ჰოდა, ამასობაში მორჩა ორთვიანი სა­მოთხე. თუმცა არც მონაკოა ნაკლები სამოთხე. მომდევნო ბარათს სწორედ მონაკოს ხედი ამშვენებს, იმის მიუხედავად, რომ სოსო შეიძლება ისევ ნიცაში იყოს. ბარათი 11 მარტს არის გამოგზავნილი, მოსო კი მას, აცდენილი კალენდრის წესისამებრ, სამი დღით “ადრე”, 8 მარტს იღებს. 8 მარტი მერე და მერე გახდება ქალთა საერთაშორისო დღე, თორემ მაშინ ერთი რიგითი დღე იყო. ქალთა დღედ ის 1914 წელს დადგინდა კლარა ცეტკინის თაოსნობითა და მეცადინეობით. კლარა ცეტკინი იქით იყოს თავის როზა ლუქსემბურგიანად და, ცოტა არ იყოს მიკვირს, ევროპაში მთელი ნახევარი წლით გაჯეჯილებული სოსო ჯეირანოვი რატომ არაფერს სწერს ძმას ამ თავის ბარათებში ქალებზე. დავიჯერო, ისე ავად იყო, რომ ქალებისკენ არ გაუხედავს? რა ვიცი, რესტორანი და კაფე არ დაუკლია და... ისე, არც თავის ავადმყოფობაზე ამბობს რამეს. ნეტა რა სჭირდა მართლა და მართლა?!ჰოდა, მორიგ ბარათზე მონაკოს ხედია-მეთქი, კერძოდ - ლეროშეს კლდე.

04-moso-03-2-1658601700.jpg
მესამე (ბისმარკიანი) ბარათი კვლავ ბერლინიდან

ამ კლდის გამო მიამსგავსა თავის დროზე სულხან-საბამ მონაკო თბილისის მეტეხს. ხოლო ტექსტი სოსოს პირდაპირ ლეროშეს კლდეზე წაუწერია. აქ მისი ტექსტი, წინა ბარათებისგან განსხვავებით, საქმიანი გახდა: “11 Марта. მოსოჯან, ერთი კვირის უკან გამოვალ ნიციდან ბერლინისკენ 7-სა მარტის ჩვენი თარიღითა. 20 ხთით (ესე იგი, ღვთით. - პ.ნ.) მანდ ვიქნები ჩვენ ქალაქშია და მამრე ვიტყვი წავიდე ბერლინშია. შენი სოსო. ეგნატეს მისწერე, ჩამოვიდეს”. საქმიანი-მეთქი, კი ვთქვი, მაგრამ, მოსოსი არ ვიცი და, მე მისი ამ ბარათიდან ვერაფერი გავიგე. როდის გამოვიდა თუ როდის გამოდის ნიციდან? იყო თუ არა მონაკოში? ჯერ ტფილისში ჩამოდის თუ ჯერ ბერლინში? ან რომელ ქალაქს უწოდებს “ჩვენ ქალაქს”?.. ან სად უნდა ჩავიდეს ეგნატე? ხოლო ეგნატე რომ ეგნატე ნინოშვილი არ არის, ეს, რა თქმა უნდა, ცხადია. ეგნატე ნინოშვილი 1894 წელს გარდაიცვალა და სწორედ მისი დასაფლავების დღეს შედგა მესამე დასის პროგრამის პრეზენტაცია. და გინდაც ცოცხალი ყოფილიყო, არა მგონია, ჯეირანოვები სცნობოდა. სოსოს კი ალბათ ერჩივნა, ოღონდ ეს საქმიანი ტექსტი შეედგინა სწორად და თუნდაც ის “მ” არც “მშვენიერში” დაეწერა და არც “მწვანეში”. რა უნდა გაიგოს მოსომ, რა მისწეროს ეგნატეს, საით მიამისამართოს - ნიცაში, მონაკოში, ბერლინსა თუ თბილისში?ჰოდა, ამასობაში სოსომ ჯანმრთელობა გაიუმჯობესა და თითქოს ამის აღსანიშნავად ევროპამ დიდი ფეიერვერკით გამოისტუმრა სამშობლოსკენ! აი, რას სწერს იგი 9 მარტს გამოგზავნილ მორიგ ღია ბარათში, რომელიც მოსოს 4 მარტს მიუღია: “Мосожанъ! წუხელ ასეთი შუშხუნები მინახამ, სათის 8 დაიწყო 10 გათავდა, რო ესეთე რამე ჩემ გაჩენაში არ მინახამ. სულ დამავიწყდა, შაშან წინ რო ქალაქში იყო, ის ფას ამასთან. ერთი ბონბი აერში 11ჯერ სკდებოდა და 11 ბუკეთს უშვებდა ერთხელ აშვებილი. გეგონებოდა ციდან რამე გამოდისა. სუყველაფერი ერთი სიტყვით კარქი აქთ. მე უკეთ ვარ. შენი სოსო”. როგორ დაუთვლია მაინც, რამდენსაფეხურიანი იყო თითოეული შუშხუნა. ვეცადე, მაგრამ ვერ დავადგინე, რომელ თბილისურ ფეიერვერკს იხსენებს სოსო, როცა წერს, ის ამასთან - პას, არაფერი იყოო! ხოლო ბარათზე ლერინის სააბატოა აღბეჭდილი - კათოლიკური მონასტერი კუნძულ სენტ-ონორაზე კანის სანაპიროსთან. თუმცა, არა მგონია, ამ მონასტერს რაიმე კავშირი ჰქონოდა ბარათში აღწერილ ჰამბავთან. აფსუს, რომ სოსომ სელფი ვერ დაურთო ფეიერვერკის მშვენიერ აღწერას.ჰოდა, აი, ჩემ ხელთ არსებული სოსოს ბოლო, მე-11 ბარათიც. 9 მარტს დაუწერია, მაგრამ 10-შია გამოგზავნილი და 5 მარტს მიუღიათ თბილისში. აქ სოსო ყველაზე სიტყვაუხვია: “9 Марта. Ница. მოსოჯან, ძმავო! ეხლა ვიჯექი და ვფიქრობდი. 20 მარტისა, ღმერთო შენის იმედიდ, მანდ იქნება ვიყო.

საღამო ხანი არი და ერთი ჩაი მიდგას და ვსომ. ნეტარ მანდ თბილა თუ ცივა. ძალიან მეშინიან, სიცივე არ იყოს. სხვა, მოსოჯან, რა მოკწერო. ბევრი რამე მინდა, ხოლოთ სულ რო დავწერო, რაღა გიამბო. მე გუნებაზე კარქა ვარ. როგორც პანტა, ისე არი. შენი სოსო. დამოჟნაში იკითხეთ. ველან (?) უთხარ, ბინტები და მარლე გამოვგზავნე დიდი ხანი არი და ნუთუ არ მიგიღიათ”. აკი გავიკვირვე ზემოთ, - ქალებზე რატომ არაფერს სწერამს-მეთქი და აჰა! რაღაც-რაღაც ჰამბები მოსაყოლადაც შემოუნახავს. თანაც გასკდა ამ ჩაის სმით. ეტყობა, ექიმებმა პივა აუკრძალეს.ჰოდა, ბოლოსკენ ისევ პირველ წერილს უნდა მივუბრუნდე. იგი, როგორც ითქვა, 1904 წლის 22 ოქტომბრით არის დათარიღებული. ზუსტად ერთი წლის შემდეგ თბილისში ისეთი ამბები დატრიალდა, რომ რუსეთის მეორე რევოლუციამდე და იმის შემდეგაც სალაპარაკოდ ჰქონდათ ქალაქში ილიას მკვლელობასთან ერთად. 1905 წლის 22 ოქტომბერს კაზაკებმა თბილისში, გოლოვინსკზე 50-მდე ადამიანი მოკლეს და კიდევ უფრო მეტი დაჭრეს. მოკლულთა და დაჭრილთა შორის გიმნაზიის მოსწავლეები და მასწავლებლებიც ყოფილან. ამ დროს სოსო ჯეირანოვი, გამოჯანმრთელებული და დასვენებული, რა თქმა უნდა, უკვე მშობლიურ ქალაქშია.ჰოდა, ჯეირანოვები ალბათ თავიანთი სახლიდან ადევნებდნენ ამ ყველაფერს თვალს. სისხლისღვრა თურმე 17 ოქტომბრის მანიფესტს მოჰყვა. ტფილისის რუს მოქალაქეთა ნაწილს, ძირითადად - სახელმწიფო მოხელეებს, გადაუწყვეტია, თავისი ძალა ეჩვენებინათ რევოლუციურად თუ ნაციონალისტურად განწყობილი ტფილისელებისთვის და პარალელურად იმპერატორისა და მეფისნაცვლისადმი ერთგულება დაედასტურებინათ.ჰოდა, მუშტაიდის ბაღიდან დაუწყიათ მსვლელობა. თან ცხენოსანი და ქვეითი ჯარისკაცები მოაცილებდნენ თურმე.

17-oskar-schmerling-1905-10-22-1658601701.jpg
ესეც ოსკარ შმერლინგის დახატული 1905 წლის 22 ოქტომბერი ტფილისში

გიმნაზიას რომ გაუსწორდნენ, გიმნაზიელებთან შელაპარაკება მოსვლიათ, რაც მუშტი-კრივში გადაზრდილა. ერთ-ერთ დემონსტრანტს რევოლვერი დაუძრია და ერთ-ერთი გიმნაზიელი მოუკლავს. ამის მერე იყო, რომ კაზაკები გიმნაზიაში შეცვივდნენ და ახლომახლო შენობებიც აიკლეს. “პოგრომი” თუ რამეს ჰქვია, ის ყოფილა პოგრომი. მეორე დღეს გაზეთებში დაიწერა, რომ თითქოს გიმნაზიიდან და მიმდებარე შენობებიდან მანიფესტანტებს ყუმბარები ესროლეს და კაზაკებს სხვა გზა არ დარჩენოდათ. თუმცა თვითმხილველები ამ ჰამბავს არ ადასტურებენ. თვითმხილველთა შორის ძმები ჯეირანოვებიც უნდა ვიგულისხმოთ. 26 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადებულა. 22 ოქტომბრის სისხლისღვრის ვიზუალურ დოკუმენტად კი ოსკარ შმერლინგის ნახატი შემორჩა, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, “ცნობის ფურცელში” ან მის სურათებიან დამატებაში დაიბეჭდა. ჰოდა, გასრულდა ესე ჰამბავი სოსოს ბარათებისა მოსოსთანა. მე ეს 11 ბარათი გასულ ათასწლეულში, 1990-იანებში ვიყიდე და კარგა ხანს არც მიფიქრია მათი ამა თუ იმ ფორმით გამოქვეყნება, თუმცა ვფიქრობ, რომ შეძენისთანავე დიახაც მქონდა ამის უფლება. მით უმეტეს, მაქვს ამის უფლება დღეს, როცა მათი ყიდვიდან მეოთხედ საუკუნეზე მეტი, ხოლო ბარათების გამოგზავნიდან მთელი 117 წელიწადია გასული. და თანაც, არაფერი საიდუმლო მათში, როგორც დავინახეთ, არ არის. ვფიქრობ, ეს ბარათები მრავალმხრივ არის საინტერესო - გააჩნია, ვინ რომელი კუთხით შეხედავს. მერე რა რომ, არც მათი ავტორისა და არც ადრესატის შესახებ ისტორიამ ამ ბარათების გარდა არაფერი შემოგვინახა. ან იქნებ ვცდები და უბრალოდ მე ვერ გამოვიკვლიე მათი ვინაობა ჯეროვნად. და თუ ვინმემ რამე იცის ტფილისელი მოქალაქეების - სოსო და მოსე ჯეირანოვების შესახებ, კარგს იზამს, ხმა მომაწვდინოს. არ არიან ჯეირანოვები დასაკარგი ხალხი! ჰო, მართლა: ბოლო ბარათზე ნიცის მეზობელი ვილფრანშ-სიურ-მერის ხედია აღბეჭდილი, სულხან-საბა ლაფრანგას რომ უწოდებს თავის დღიურში. მრავალი წლის შემდეგ სწორედ ნიცა-ვილფრანშის ერთ მოსახვევში, კლდოვან დაღმართზე დაიღუპება ავტოკატასტროფაში მონაკოს პრინცესა გრეის კელი. მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ჰამბავია და თუმცა ამ ჰამბავში ბევრი რამ ჯერ კიდევ საიდუმლოებით არის მოცული, მასთან სოსო ჯეირანოვს არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს.

პაატა ნაცვლიშვილი

"ისტორიანი" .#124