ვინ მოკლა კომისარი რუდნევი? - კვირის პალიტრა

ვინ მოკლა კომისარი რუდნევი?

რა ბედი ეწია კოვპაკელთა ლეგენდარულ კომისარს

კიევი, 1990 წელი. გაზეთ “ლიტერატურნა უკრაინაში” გამოჩნდა სტატია, რომელიც ნამდვილ სენსაციად იქცა. მისი ავტორი იყო ცნობილი უკრაინელი მწერალი ოლეს გონჩარი (1918-1995). - ვინ აგებს პასუხს ჩერნობილის ან 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგედიების გამო? ვინ აგებს პასუხს პარტიზანთა ლეგენდარული კომისრის რუდნევის სიკვდილის გამო, რომელსაც მტრის ზურგშიც კი ბერიელთა ტყვია მიეწია? - ეწერა წერილში. სტატიას გამსკდარი ბომბის ეფექტი ჰქონდა.

საბჭოელ პარტიზანთა ცნობილ მეთა­ურზე, სიდორ არტემოვიჩ კოვპაკზე (1887-1967) უამრავი წიგნია დაწერილი და გადაღებულია არაერთი ფილმი. კოვპაკს მიეძღვნა არაერთი მონოგრაფია თუ პიესა. ამავე დროს, მისი ბიოგრაფია უმოწყალოდ მახინჯდებოდა.კოვპაკი სოფელ კოტელვაში, გლეხის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მისი განათლება სოფლის სკოლის სამი კლასით ამოიწურებოდა. რევოლუციამდე შავი მუშა იყო, მსახურობდა არმიაში, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ კი ერთხანს ბანდას მეთაურობდა. 1919 წელს ეს ბანდა შეუერთდა წითელ არმიას, თავად კოვპაკი კი კომპარტიაში მიიღეს. შემდეგ იყო ხანგრძლივი სისხლიანი სამოქალაქო ომი. ბედმა კოვპაკი ერთხანს ურალშიც გადაისროლა, სადაც ის ჩაპაევის დივიზიაში იბრძოდა. ომის შემდეგ კოვპაკი პეტლიუროველი პარტიზანების წინააღმდეგ იბრძოდა. წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა უკრაინულ სოფლებში. როგორც იმდროინდელი ნომენკლატურული მუშაკების უმრავლესობამ, კოვპაკმა სუკ-ის კურსებიც გაიარა, სადაც პარტიზანული ომის ხელოვნებას დაეუფლა. 1936 წელს კოვპაკი პატარა ქალაქ პუტივლის ქალაქკომის მდივანი გახდა.

1937 წელს შინსახკომი მის დაპატიმრებას ცდილობდა. კოვპაკმაც თავი ტყეს მისცა, სადაც ორი წელიწადი გაატარა. 1938 წელს უკრაინელმა ჩეკისტმა სტროკაჩმა მიმართა ლავრენტი ბერიას, რომელიც შინსახკომის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. სწორედ ბერიას პროტექციით, კოვპაკი ტყიდან გამოვიდა და პუტივლში დაბრუნდა. ერთხანს ამ ქალაქში ცხოვრობდა, შემდეგ კი მოსკოვში გადაიყვანეს. აქ კოვპაკს თავად ბერია შეხვდა. ერთსაათიანი საუბრის შემდეგ ლავრენტიმ მას განუცხადა:- შეგიძლიათ პუტივლში დაბრუნდეთ და თქვენი საქმიანობა განაგრძოთ.- მე ხომ ქალაქკომის პირველი მდივანი ვიყავი! - აღმოხდა კოვპაკს.- ჰოდა, თქვენი მოვალეობის შესრულება განაგრძეთ.- რომ მკითხავენ, წელიწად-ნახევარი სად იყავიო, რა ვუპასუხო?- მიუგეთ, რომ არსად არ ყოფილხართ.მალე კოვპაკი თავისი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდა. საინტერესოა სემიონ ვასილევიჩ რუდ­ნევის (1899-1943) ბიოგრაფიაც. ის პეტერბურგის მახლობლად, გლეხის ოჯახში დაიბადა. ბოლშევიკურ მოძრაობაში ჯერ კიდევ 1916 წელს ჩაება. ამის გამო დაპატიმრებულიც იყო. აქტიურად მონაწილეობდა ოქტომბრის გადატრიალებასა და სამოქალაქო ომში. 1917 წელს კი ოფიციალურად გახდა პარტიის წევრი. ომის შემდეგ დაამთავრა სამხედრო აკადემია. მსახურობდა წითელ არმიაში. 1838 წელს კი დააპატიმრეს და პარტიიდან გარიცხეს. ციხეში 1939, სხვა მონაცემებით კი 1940 წლამდე იჯდა. გათავისუფლების მერე პარტიაშიც აღადგინეს. მალე ცოლ-შვილთან ერთად უკრაინის პატარა ქალაქ პუტივლში დასახლდა, სადაც საბჭოთა გასამხედროებულ ორგანიზაცია „ოსოვიაxიმს“ ედგა სათავეში.ასეთია კოვპაკისა და რუდნევის რეალური ბიოგრაფიები.

rudnevi-1943-1658602323.jpg
სემიონ რუდნევი

პარტიზანული რაზმი თუ ბანდა?1941 წლის 22 ივნისს ნაცისტური გერმანია თავს დაესხა სსრ კავშირს. გერმანელები წინ სწრაფად მიიწევდნენ. პუტივლი, რომლის ქალაქკომის მდივანიც კოვპაკი იყო, დაეცა. მასზე ნაცისტური დროშა აღიმართა. კოვპაკი შინსახკომის დავალებით ტყეში გაიჭრა. პარტიამ მას პარტიზანული რაზმის მეთაურობა დააკისრა.- კოვპაკი არავითარი სახალხო გმირი არ ყოფილა! ის პარტიზანების მეთაურად დანიშნეს, - წერს პროფესორი ვლადიმირ სერგიიჩუკი, უკრაინელი ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი. როგორც ცნობილია, საბჭოთა პარტიზანული მოძრაობა სუკ-ის მიერ იყო ინსპირირებული. უკვე 1941 წელს სუკში შეიქმნა ე.წ. განსაკუთრებული ჯგუფი, რომლის ამოცანაც იყო პარტიზანული მოძრაობის ორგანიზება. მოგვიანებით ამ ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა მე-4 განყოფილება, რომელსაც სათავეში ედგა კადრის ჩეკისტი პაველ სუდოპლატოვი. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოამზადეს და მტრის ზურგში გადაისროლეს არაერთი პარტიზანული რაზმი თუ დივერსიული ჯგუფი.საბჭოთა პარტიზანებში ორი კატეგორია უნდა გამოვყოთ: საერთო დანიშნულების რაზმები და ჩეკისტური სპეცრაზმები. კოვპაკის რაზმი საერთო დანიშნულების რაზმს წარმოადგენდა. მას სათავეში ედგა პროვინციული რანგის პარტმუშაკი კოვპაკი. მის გარშემო შემოკრებილი იყვნენ ასევე პროვინციული რანგის ნომენკლატურის წარმომადგენლები, შინსახკომის პუტივლის განყოფილების ოფიცრები, პროკურორები და უბრალო “სეკსოტები” (საბჭოთა ჟარგონი, შემოკლებით მიღებული საიდუმლო თანამშრომლიდან, секретный сотрудник) - ინტელექტუალურად არცთუ განვითარებული, ფიზიკურად ძლიერი, ნახევრად განათლებული, დაუნდობელი ხალხი.- ეს იყო ჩეკისტების, პარტმუშაკებისა და სეკსოტების, მათ შორის კრიმინალების, კრებული. კოვპაკის რაზმი ადასტურებს შემდეგი სიტყვების სისწორეს: საბჭოთა ხელისუფლება არის შინსახკომი, პლუს კრიმინალები, - წერს სერგიიჩუკი.რაზმში არ იყო დისციპლინა. თავად კოვპაკი თავის მემუარებში აღიარებს, რომ პარტიზანები ერთმანეთს მიმართავდნენ მეტსახელებით. ლოთობა და ჩხუბი კი ჩვეულებრივი მოვლენა იყო.- ზოგჯერ ისეთ მეტსახელს მოიგონებდნენ, რომ მისი იქვე გაუქმება გვიხდებოდა, - ამბობს კოვპაკი.პეტრო ვერშიგორა თავის ცნობილ წიგნში “სუფთა სინდისის ადამიანები” წერს:- როცა მთვრალი პარტიზანები, განსაკუთრებით ხანში შესულები, ჩხუბობდნენ, უნებლიედ სიცილი ამივარდებოდა და ბუჩქებისკენ გავრბოდი.ამ რაზმის კომისარი იყო რუდნევი.

კომისარი “ხალხის მტრის” იარლიყითდღეს უკვე დადგენილა, რომ რუდნევს ევაკუაციით წასვლა და წითელი არმიის რიგებში ბრძოლა სურდა. მან ეს ვერ მოახერხა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. კოვპაკელთა რაზმის შტაბის უფროსმა გრიგორი ბაზიმამ, რომელიც ომამდე შინსახკომთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, განაცხადა:- ხალხის მტერს აქ რა უნდა?- ვინა გყავს მხედველობაში? - დაინტერესდა კოვპაკი.- რუდნევი!- ის ხალხის მტერი კი არა, საბჭოთა პატრიოტია!- სულერთია! - ჯიუტობდა ბაზიმა, - რუდნევი იჯდა, როგორც ხალხის მტერი!- გეთანხმები! - ფრთხილად მიუგო კოვპაკმა, - მაგრამ ეს იყო შეცდომა. რუდნევი გაათავისუფლეს.- ორგანოები ტყუილუბრალოდ არავის არ იჭერენ, - ჯიუტობდა ბაზიმა. - უშეცდომო არავინაა! - კოვპაკმა თავი გააქნია, - რუდნევთან დაკავშირებითაც შეცდომა მოხდა. ის არა მხოლოდ გაათავისუფლეს, არამედ პარტიაშიც აღადგინეს!რუდნევი რაზმში დატოვეს. მეტიც, კოვპაკმა მისი სამხედრო გამოცდილება გაითვალისწინა და კომისრის პოსტი შესთავაზა. რუდნევი დათანხმდა.ბაზიმას ბრძანებით, რუდნევი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს. მოგვიანებით კოვპაკელებმა მოსკოვთან რადიოკავშირი დაამყარეს. ცენტრის დირექტივა მოკლე და კონკრეტული იყო:- რუდნევს თვალი არ მოაშოროთ!ბაზიმას მსტოვრებიც კომისარს თვალს არ აშორებდნენ.

versigora-1658602323.jpg
პეტრო ვერშიგორა

მეექვსე როტა1942 წელს რაზმი ბრიანშჩინაში შევიდა. კოვპაკი თვითმფრინავით მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც პირადად სტალინს შეხვდა. დიქტატორს კოვპაკი მოეწონა. მისი ბრძანებით რაზმი შეავსეს. იქ შეიყვანეს როგორც კადრის ჩეკისტები (პეტრო ვერშიგორა, ივან სირომოლოტნი და სხვები), ასევე საპატიმროებიდან გათავისუფლებული მებრძოლებიც. ამ ხალხისგან დაკომპლექტდა ე.წ. მეექვსე როტა, რომელსაც სათავეში ედგა ვინმე ფიოდორ კარპენკო (კარპო). საერთოდ, კოვპაკის რაზმის წევრებს გვარებთან ერთად მეტსახელებიც ჰქონდათ. მეექვსე როტის მებრძოლებს კი მხოლოდ მეტსახელებით მიმართავდნენ: კარპო, შპინგალეტი, ნამალიოვანი, მუდრი და სხვა.- ეს იყო თავზეხელაღებული მებრძოლებისგან შედგენილი შენაერთი, - წერდა შემდგომში ვერშიგორა. კარპენკოს თაობაზე თვით საბჭოთა წყაროებშიც კი ფრიად მწირი ცნობებია. ნათქვამია მხოლოდ, რომ ომამდე კარპენკო სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა. ვერშიგორა ამასთან დაკავშირებით წერს:- კარპენკოს ძმაკაცს ჩხუბში კაცი შემოაკვდა. კარპენკომაც მისი დანაშაული თავის თავზე აიღო და ციხეში სხვის მაგივრად ჩაჯდა.სინამდვილეში ჩხუბში კაცი თავად კარპენკოს შემოაკვდა. ამის გამო ათი წელი მიუსაჯეს და გულაგში უკრეს თავი. ომის დაწყებასაც იქ შეხვდა. კარპენკო სხვა პატიმრებთან ერთად გაათავისუფლეს და საჯარიმო ასეულში ჩარიცხეს. 1942 წელს კი ბრიანშჩინაში გაგზავნეს და კოვპაკის პარტიზანულ რაზმს მიუერთეს. კარპო და რუდნევიჩეკისტური სპეცრაზმებისგან განსხვავებით, კოვპაკის რაზმი დისციპლინით არ გამოირჩეოდა. ის კაზაკური “ვოლნიცის” მნიშვნელოვან ატრიბუტებს ატარებდა.

მეექვსე როტა და თავად კარპენკო ელემენტარულ დისციპლინასაც კი უარყოფდა. ამ ნიადაგზე დაიწყო კიდეც რუდნევის კონფლიქტი კარპენკოსთან.- რუდნევი, როგორც შეეფერება პროფესიონალ სამხედრო პირს, დისციპლინას მოითხოვდა! ის ებრძოდა ლოთებს, მაროდიორებს, ცდილობდა შეეკავებინა პარტიზანები ზედმეტი სისასტიკისგან, - წერს ვერშიგორა.ამიტომაც დაიწყო რუდნევის კონფრონტაცია კარპენკოსთან. მეექვსე როტის მეთაურს რუდნევმა წესრიგისკენ მოუწოდა. კარპენკომ გაიცინა:- რა მითხარი, ბიჭო?- რაო? - ყურებს არ დაუჯერა რუდნევმა.- ჭკვიანად იყავი, თორემ, - კარპენკომ მრავალმნიშვნელოვნად მოისვა ხელი ყელზე, - შენნაირები გამისაღებია!აღნიშნულის შესახებ უშუალოდ კოვპაკს მოახსენეს. მეთაური წამოხტა:- როგორ, ჩემი კომისრის მოკვლა უნდა?

d2db0e149dcc876cfc6c599f05f9d210-1658602323.jpg
პარტიზანების ჯგუფი კრემლში საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავების გადაცემის შემდეგ. მარჯვნიდან მეორე სიდორ კოვპაკი

1918 წელი ხომ არ ჰგონია! ახლავე რაზმს გავამწკრივებ და ყველას თვალწინ, საკუთარი ხელით...- მოიცა, სიდორ! - შეაწყვეტინა რუდნევმა, - მე და კარპენკო ურთიერთობებს თავად გავარკვევთ!კარპენკომ იცოდა, რა თქვა მასზე კოვპაკმა - რაზმს გავამწკრივებ და დავხვრეტო. მეექვსე როტაში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა. თავდასხმას ელოდნენ და ამიტომ გაოცდნენ, როცა კომისარი რუდნევი მათთან მარტო და უიარაღოდ მოვიდა. - სემიონ ვასილიევიჩ! - აღმოხდა კარპენკოს, - ასე შორს უიარაღოდ რად წამოხვედით?- ახლა არც იარაღი მჭირდება და არც დაცვა, - მიუგო რუდნევმა. - მაპატიეთ, მაგრამ...- მოვედი იმისთვის, რომ მომკლათ, - რუდნევმა ჩაიმუხლა, - შენ ხომ ჩემი მოკვლა გინდოდა, ასეა არა?- არა! - შესძახა კარპენკომ, - უბრალოდ სისულელე წამოვაყრანტალე! აკი იცით, ციხეში ვიჯექი, ნერვებიც მღალატობს!- ციხეში მეც ვიჯექი.- რაო, - შესძახეს კარპენკომ და სხვა მებრძოლებმა. - ჰო, კარპო. ოცდაჩვიდმეტში მეც და­მი­ჭირეს. ტყუილუბრალოდ მთელ ორ წელიწადს საკანში მაყურყუტეს, შემდეგ გამომიძახეს და მეუბნებიან: შეცდომა იყო, თავისუფალი ხართო! აი, თქვენი პარტბილეთიცო. ბილეთი ავიღე, მაგრამ განაწყენებული კი დავრჩი. შემდეგ ომი დაიწყო. მეც პარტიზანული რაზმის კომისარმა მომიწვია. ეს მაშინ, როცა ჩემი თანაკურსელები უკვე დივიზიებს მეთაურობდნენ! გესმის, კარპო?!კარპენკო დუმდა.- აი, ასე, ძმაო, - წარმთქვა რუდნევმა, - ჩვენ შინაურები ვართ! შეიძლება ვიჩხუბოთ, ვცემოთ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ როცა გერმანელი გვიტევს, ყველა წყენა და ამბიციები უნდა დავივიწყოთ! გასაგებია?ამის შემდეგ კარპენკოსა და მეექვსე როტის მებრძოლებს დისციპლინა აღარ დაურღვევიათ.

შეთანხმებაპეტრო ვერშიგორა თავისი წიგნის პირ­ველ რედაქციაში აღიარებს, რომ ბანდერელთა მოძრაობა თავისი არსით ანტიგერმანული, ანტინაცისტური იყო. ის აღწერს კოვპაკისა და რუდნევის შეხვედრას უპა-ს (უკრაინის აჯანყებულთა არმია) ერთ-ერთ მეთაურ ლევ კოვალჩუკთან, რომლის მეტსახელიც იყო “მუხა” (Муха). შედეგად შეთანხმება დაიდო და კოვპაკელებმა კარპატებისკენ განაგრძეს გზა. წიგნის მომდევნო გამოცემებში ვერშიგორამ ეს ეპიზოდი ამოიღო. ბანდერელებთან კონტაქტზე კი კოვპაკი მას შემდეგ წავიდა, რაც მოსკოვიდან შესაბამისი დირექტივა მიიღო. შეხვედრისას კოვპაკს თავი ძალდაუტანებლად და მხიარულად ეჭირა; არ მალავდა, რომ უკრაინელია და თავს დამოუკიდებლობის მომხრესაც უწოდებდა.- მე სულაც არა ვარ უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგი! მე მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლება მინდა.- ჩვენ თანახმა ვართ საბჭოთა უკრაინაზეც, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს იქნება ნამდვილი დამოუკიდებელი უკრაინა, - მიუგო უპა-ს მეთაურმა მუხამ.შეთანხმება დაიდო. შემდეგ გაიშალა სუფრა. მხარეები ზეიმობდნენ.

მუხამ სასმისი ასწია და ფეხზე წამოდგა:- გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!კოვპაკი, ბაზიმა, ვერშიგორა და სხვა პარტიზანი მეთაურები ადგნენ. მხოლოდ რუდნევი იჯდა უძრავად. კოვპაკმა იდაყვი წაჰკრა:- სემიონ, შენ რა...რუდნევმა ამოიოხრა, ფეხზე წამოდგა და ჭიქა შეავსო.- უკრაინის დამოუკიდებლობას გაუმარჯოს! - და კოვპაკმა სასმისი ბოლომდე გამოცალა. ვერშიგორამ, ბაზიმამ თუ სხვებმა ჭიქა ბოლომდე გამოცალეს. რუდნევმა სასმისი მხოლოდ პირთან მიიტანა. მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს. კომისარი საავდრო ღრუბელივით მოღუშულიყო.ერთად გერმანელთა წინააღმდეგკარპატებში მოხვედრამდე კოვპაკელებს უამრავი ფათერაკი გადახდათ. მათზე იერიში მიიტანეს გერმანელებმა. კოვპაკელებმა ბანდერელებთან ერთად შეტევა მოიგერიეს. ამ ბრძოლაში რუდნევს გარდუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ მას ბანდერელი გადაეფარა და დაღუპვას გადაარჩინა. ასევე ბანდერელებმა იხსნეს მეექვსე როტის მეთაური კარპენკოც.ბრძოლის შემდეგ დაღუპული კოვპა­კელები და ბანდერელები ერთად დამარხეს. რუდნევმა თავად მოინახულა ბანდერელი, რომელიც გადაეფარა და სიკვდილისგან იხსნა. ბანდერელი უკვე სულს ღაფავდა. კომისარმა ჩაიჩოქა.- რა გქვია?- ბიილიხო.- ნამდვილი სახელი?- სერგეი ბოვდიი.- ცოლ-შვილი გყავს? - ცოლიც მყავს და ორი შვილიც.- ახლა სად არიან?- ყველანი უპა-ში იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისთვის.წამით სიჩუმე ჩამოვარდა.- ომის შემდეგ შენებს მოვძებნი, - ჩუმად წარმოქვა რუდნევმა, - ოფიცრის სიტყვას გაძლევ! ცივ ნიავსაც არ მივაკარებ! ნახევარი საათის შემდეგ ბოვდიი გარდაიცვალა.ზურგში სროლის ბრძანებაკოვპაკის რაზმმა კარპატებამდე მიაღ­წია. ბანდერელებმა კოვპაკელები არა მხოლოდ დაუბრკოლებლად გაატარეს, არამედ ნაცისტების წინააღმდეგ მათთან ერთად ერთობლივი ბრძოლებიც გადაიხადეს. კარპატებში კოვპაკელებმა მოაწყვეს დივერსიები, რომლებიც სტალინმა დაავალა. როცა უკან დაბრუნება დაიწყეს, მოულოდნელად მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება: დაარტყით უპა-ს ზურგშიო. რუდნევი გაფითრდა: - რას ჰგავს ეს?- აბა, რა გითხრა! - ამოიოხრა კოვპაკმა, - ეს თავად სტალინის ბრძანებაა!- ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ!..- ზურგში სროლა არც მე მიხარია, - კოვპაკმა ძლივს იცნო საკუთარი ჩახრინწული ხმა, - მაგრამ რა ვქნა, სტალინის ბრძანებაა!ამ საუბრის შესახებ მაშინვე შეიტყვეს ბაზიმამ, ვერშიგორამ, სირომოლოტნიმ. რადისტმა ანა ტურკინამ ყველაფერი რაციით მოსკოვში გადასცა. ცენტრის ბრძანება მოკლე და კონკრეტული იყო:- საჭიროებს ლიკვიდაციას!რუდნევიც განწირული იყო.

braiko-piotr-1980s-1658602323.jpg
პიოტრ ბრაიკო (1980 წ.)

* * *

კარპენკო სწრაფად მიდიოდა. ვერაფერს ხედავდა, არც არაფერი ესმოდა. მოულოდნელად ვიღაცის ხმა გასმა:- სდექ!კარპენკო შედგა. მის წინ კომისარი რუდნევი იდგა. კარპენკომ იარაღი მოამზადა. რუდნევი არ განძრეულა.- იმათთან მიდიხარ? - ჩუმად შეეკითხა რუდნევი.კარპენკო დუმდა.- რას იზამ, წადი, - ამოიოხრა რუდნევმა, - შენ ხომ უკრაინელი ხარ, ბანდერელები კი უკრაინისთვის იბრძვიან.გაოცებული კარპენკო შედგა. ერთხანს კომისარს გაოცებული შესცქეროდა, თითქოს სურდა გამოეცნო, რა იდო ამ სიტყვებს მიღმა. კომისარი არ განძრეულა. სახეზე უმწეო ღიმილი აუთამაშდა.- შენ, კომისარო, არ წამოხვალ? - ჩუმად შეეკითხა კარპენკო.- მე რუსი ოფიცერი ვარ! - ამაყად მიუგო რუდნევმა, - ომია და ჩემი ადგილიც რუსულ არმიაშია!- ჰო, მაგრამ შენ სტალინი გალანძღე! ამას კი არავის აპატიებენ. - რას იზამ! - ამოიოხრა რუდნევმა, - ჩემი სიცოცხლე სამშობლოსა და სტალინს ეკუთვნის. თუ უმაღლეს მთავარსარდალს ჩემი სიკვდილი სურს, დაე, ასე იყოს! მის ნებას უსიტყვოდ დავემორჩილები.კარპენკო ნელა დაიძრა. რამდენჯერმე შედგა, შემობრუნდა. რუდნევი უძრავად იდგა. სახეზე კვლავ დაღლილი ღიმილი დასთამაშებდა.

* * *

კოვპაკმა სტალინის ბრძანება შეასრულა და ბანდერელებს ზურგში დაარტყა. შედეგად, თვით კოვპაკელებმა ძლივს უშველეს თავს. კარპატებში კოვპაკმა მთელი თავისი არტილერია დაკარგა. 5 000 პარტიზანიდან რეიდიდან მხოლოდ 200 დაბრუნდა. თავად პირუტყვის ნეხვში ჩამალული კოვპაკი ურმით გამოიყვანეს და გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინეს. რუდნევი კარპატებში დაიღუპა. ოფიციალური პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ის ბანდერელებთან შეტაკებისას დაეცა. ამავე დროს თავად კოვპაკელთა შორის დაირხა ხმა, რომ რუდნევი ჩეკისტებმა მოკლეს. სათანადო ბრძანება კოვპაკელთა რიგებში მყოფმა ჩეკისტმა სირომოლოტნიმ გასცა. - რუდნევს პეტრო ვერშიგორას რადისტმა ანა ტურკინამ ესროლა. ქალი, რასაკვირველია, ასევე შინსახკომის აგენტი იყო, - წერს კოვპაკელი პიოტრ ბრაიკო.უამრავი პარტიზანი კარპატების რეიდიდან არ დაბრუნებულა. მათ შორის იყო ფიოდორ კარპენკოც. ჩეკისტი გიორგი სანიკოვი წერს, რომ კარპატების რეიდის შემდეგ ბანდერელთა რიგებში გამოჩნდა ერთი ყოფილი კოვპაკელი, ფსევდონიმით პარტიზანი.- ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს იყო კარპენკო? - წერს სანიკოვი.სუკ-ის არქივებში ჩანს, რომ ბანდერელი, მეტსახელად პარტიზანი, მართლაც არსებობდა. სუკ-ი მასზე გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ნადირობდა. ჩეკისტებმა მისი შეპყრობა ვერ შეძლეს. პარტიზანის ბედის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

ეპილოგისაბჭოთა ეპოქაში რუდნევის სიკვდილზე საჯაროდ არ ლაპარაკობდნენ. მხოლოდ ჩურჩულით ამბობდნენ, რომ კომისარი არა ბანდერელებმა, არამედ ჩეკისტებმა მოკლეს. საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ ამის შესახებ უკვე ოფიციალურად ითქვა.სამწუხაროდ, წყარო, რომელიც რუდნევის სიკვდილის მიზეზს დაადასტურებდა, დღემდე არ არსებობს. ამიტომ პრორუსული ბანაკის წარმომადგენლები კარგა ხანს ამტკიცებდნენ, რომ ყოველივე სიცრუეა და რუდნევიც ბანდერელებთან ბრძოლისას დაიღუპა. მსგავსი ძალები განსაკუთრებით პრეზიდენტ იანუკოვიჩის ჟამს გააქტიურდნენ. მაშინ ე.წ. ისტორიკოსმა ვედენეევმა სტატიების მთელი სერია გამოაქვეყნა. ის წერდა, რომ რუდნევი ბანდერელებთან ბრძოლაში დაეცა, თუმცა ვერც ერთი დამამტკიცებელი ფაქტი ვერ მოიყვანა. ვინ მოკლა კომისარი რუდნევი? ზუსტად ამის თქმა დღესაც შეუძლებელია. სათანადო დოკუმენტები, მათ შორის რადიოგრამა რუდნევის ლიკვიდაციის ბრძანებით, ინახება მოსკოვში, სპეცარქივებში. უდავოა ერთი რამ: კოვპაკის რაზმი ტიპური საბჭოთა დივერსიული შენაერთი იყო. ის არა მხოლოდ ჰიტლერელებს ებრძოდა, არამედ უკრაინელთა გენოციდსაც ახორციელებდა. რაზმის სათავეში იდგნენ ან პროვინციელი პარტმუშაკები (კოვპაკი), ან კადრის ჩეკისტები (ვერშიგორა, სირომოლოტნი). ყველა მათგანი შიკნსახკომის კრეატურას წარმოადგენდა და თავის დროზე უშიშროების კურსებიც ჰქონდათ გავლილი.რუდნევი კი, რასაკვირველია, არც ანტისაბჭოელი ყოფილა, არც უკრაინის დამოუკიდებლობის მომხრე. ის უდავოდ პატიოსანი, გულმართალი კაცი იყო, ნამდვილი მეომარი. ამიტომ სავსებით კანონზომიერი იყო კონფლიქტი კოვპაკსა და მის ჩეკისტურ-ნომენკლატურულ გარემოცვასთან. კონკრეტულად, ვინ ესროლა რუდნევს? რა გვარის ან წოდების იყო ჩეკისტი, რომელმაც კომისრის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა, არავინ იცის! მოვა დრო და ამ კითხვებსაც ზუსტი პასუხი გაეცემა.

ნიკა თევზაძე ისტორიის დოქტორი

"ისტორიანი" .#124