"მაინც დილეტანტი ვარ, ისე არ ვუკირკიტებ მათ, როგორც ჩემი მეუღლე"
"სახლში ყოფნის დიდ ნაწილს აქ, ორანჟერეაში ვატარებ. ვცდილობთ, ყველა ჩვენი აივანი გავამწვანოთ, რომ თუნდაც შენობის ნაცრისფერი ფასადი გამწვანდეს და გალამაზდეს"
თბილისის ცენტრში, საბურთალოზე, საცხოვრებელი კორპუსის აივანზე საოცარი ორანჟერეაა მოწყობილი. აქ თავმოყრილია წლების განმავლობაში ნაგროვები და ნაფერები უამრავი მცენარე. ამის შემხედვარე ხვდები, რომ მათ მეპატრონეებს გარემო ძალიან უყვართ და მასზე მუდმივად ზრუნავენ. ორანჟერეაზე მზრუნველი და ამჯერად ჩვენი მასპინძელი ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და ახლა უკვე ტელეწამყვანი ზაალ ჩიქობავაა და მასთან ახლა არა თეატრზე, არამედ მცენარეებზე მოგვიწევს საუბარი. ზალიკო გვიყვება, როდის გამოავლინა ბუნების სიყვარული, როგორ უვლის და ზრუნავს უამრავ მცენარეზე და რა ადგილი უჭირავს ამ ყველაფერს მის ცხოვრებაში.
ზაალ ჩიქობავა:
- ბუნება სამყაროს ნაწილია, ჩვენც მისი ნაწილები ვართ, თუმცა სამყაროში ბუნებას თავისი ადგილი ჩვენზე გაცილებით ადრე ეჭირა. ყველაფერს, რაც გარშემო იზრდება, ცოცხლობს და ხარობს, უნდა მოვუაროთ. ბუნება ბავშვობიდან მიყვარს. მქონდა ფუფუნება და ბედნიერება, ზაფხული სოფელში ბებია-ბაბუასთან გამეტარებინა.
ცნობილია, რომ გარემოზე ზრუნვის უფრო მაღალი კულტურა არსებობს დასავლეთ საქართველოში. ეზოს გამორჩეულად უვლიან. წინა ეზოს ეძახიან ადგილს, სადაც სტუმარი პირველად ხვდება და ცდილობენ, გარემო ლამაზი ჰქონდეთ - მცენარეებით სავსე და გამწვანებული, მოვლილი, დასუფთავებული.
- კი, ეს ყველაფერი იქ მართლაც თვალში საცემია...
- ბავშვობაში სწორედ ასეთ გარემოში მიწევდა ყოფნა და მიწასთან ურთიერთობაც, რომელსაც ბაბუა ამუშავებდა. უვლიდა ვენახს, ბაღს, ბოსტანში კი ბებია საქმიანობდა. ბავშვები, მათი ექვსი შვილიშვილი, სულ ბიჭები, იმ საქმიანობაში ვერთვებოდით. იქვე ვსწავლობდით, როგორ გაგვესხლა ვაზი, როგორ გაგვეთოხნა, მოგვერწყა, დაგვებარა, შეგვეწამლა... შაბიამანთან დაკავშირებით მთელი სისტემები იყო, რაშიც ჩვენც კარგად ვერკვეოდით.
- ზოგიერთი ბავშვი ასეთ შრომას ირიდებს და გაურბის...
- როგორც ჩანს, სწორად გვაწვდიდნენ ამ ცოდნას და იძულება არ ყოფილა - ყველაფერში აზარტულად ვმონაწილეობდით... თბილისშიც ასევე მოვლილ კერძო სახლსა და ეზოში ვიზრდებოდი. გვქონდა ვარდები, იასამნები და მშვენიერი მწვანე გარემო. შემდეგ მრავალსართულიან სახლში გადავედით, სადაც ქოთნის მცენარეებს დედა უვლიდა და ახარებდა.
მოკლედ, ბავშვობიდან მოდის ეს სიყვარული. ლამის თვალის ახელიდან, აღზრდისას შევითვისე, რომ მიწასა და ბუნებასთან ურთიერთობა აუცილებელია. ქალაქში გარშემო მიმოიხედავ და სიმწვანე არ ჩანს, არადა მწვანე სხვა ფერია თვალისთვის და, ზოგადად, ყოველდღიურობისთვის აუცილებელი... ოჯახის შექმნის შემდეგ უკვე მე და ჩემი მეუღლე ერთად ვუვლით მცენარეებს. დავიწყეთ მათი შეგროვება, მომრავლება... სასიამოვნო პროცესია, რადგანაც ქმნი გარემოს, სადაც ყოფნა გსიამოვნებს.
- საოცრად მოვლილი მცენარეები გაქვთ და აივანზე ორანჟერეაც მშვენიერია.
- თუ დრო მაქვს, მაქსიმალურად ვცდილობ, აივანზე ვიყო. სახლში ყოფნის დიდ ნაწილს აქ, ორანჟერეაში ვატარებ. ვცდილობთ, ყველა ჩვენი აივანი გავამწვანოთ, რომ თუნდაც შენობის ნაცრისფერი ფასადი გამწვანდეს და გალამაზდეს.
- ამდენი სხვადასხვა მცენარის, სხვადასხვა სტრუქტურის, ხასიათის, ბუნების ცოცხალი ორგანიზმის ერთ სივრცეში ყოფნა რისკიც არის, მაგრამ ალბათ თითოეულის ენა, მოვლის წესები უკვე კარგად იცით.
- მიმაჩნია, რომ მაინც დილეტანტი ვარ, ისე არ ვუკირკიტებ მათ, როგორც ჩემი მეუღლე. როცა ახალი მცენარე მოაქვს, ლიტერატურას ეცნობა, სწავლობს მის წარმომავლობას, სტრუქტურას. თითოეულ მცენარეს თუ კარგად დააკვირდები, ანუ თუ მთელ დღეს მათთან ერთად გაატარებ, მათ ხასიათს უკეთ სწავლობ.
როცა ვხედავ, რომ რომელიმემ მოიწყინა, ვხვდები, რა უნდა. ამა თუ იმ ქოთანს თუ გადავდგამ, ადგილს შევუცვლი, ზოგჯერ ახალ ადგილს ვერ ეგუებიან და ამას ასე ვხსნი: მსაყვედურობენ, რადგან ადგილი არ მოსწონთ.
- როცა მცენარეს ვერ უგებ, რა უნდა, ან ფუჭდება და კვდება, ძალიან მტკივნეულია... გამოცდილი მაქვს...
- კი, რადგან მცენარე ცოცხალი ორგანიზმია. ამას მაშინ ხვდები, როცა მათთან ხშირი კონტაქტი გაქვს, ამიტომ თუ რომელიმე გაფუჭდა, გული გწყდება. ცდილობ, დაეხმარო, გადაარჩინო, ხელი შეაშველო, თუმცა არის მომენტი, როცა ამას ვეღარ აკეთებ, შენს მცდელობებს ის აღარ ემორჩილება... თუმცა პირიქითაც ხდება - ადვილად მრავლდება. ზოგჯერ მიფიქრია, რომ მცენარე უკვე მოკვდა და უკანა რიგში გადამიდგამს, მაგრამ იმავე ქოთანში წამოსულა და თავი გადაურჩენია.
მცენარესთან ურთიერთობა ინტიმური პროცესია: მიდიხარ, უყურებ, აკვირდები, რამე ხომ არ უჭირს, რა მდგომარეობაშია, რით შეგიძლია, დაეხმარო, მდგომარეობა გაუუმჯობესო... როდესაც უყურებ, რომ ხარობს, იცვლის ხასიათს, მდგომარეობას, გიხარია. როგორც ადამიანების მიმართ გვაქვს დამოკიდებულება, ასევეა საჭირო მცენარის მიმართ. გარდა ამისა, ორანჟერეა, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც ვმუშაობ, ვფიქრობ, ვისვენებ. ყველა მცენარე მგრძნობიარეა და სიყვარულს გამოხატავს. ისინი შენთანაც ისევე ამყარებენ ურთიერთობას, როგორც ერთმანეთთან და ჰარმონიასაც თვითონვე აღწევენ.
- შვილებიც მონაწილეობენ მცენარეების მოვლაში?
- ვერ ვიტყვი, რომ დიდ ენერგიას ხარჯავენ, მაგრამ ეს სამყარო რომ მოსწონთ, ვხედავ. მათ ასაკში არც მე ვყოფილვარ ასეთი აქტიური - მაშინ ყვავილებს დედა უვლიდა, მე კი თანდათან დავინტერესდი. მთავარია, რომ ისინი ბუნების მიმართ მშობლების ამგვარ დამოკიდებულებას ხედავენ და მომავალში იქნებ გაუჩნდეთ კიდეც სურვილი, თავადაც მოუარონ.
- რადგან მსახიობი და რეჟისორი ხართ, ალბათ, ყვავილების ორანჟერეაში განლაგებასაც დიდ ყურადღებას აქცევთ.
- ჩვენს პროფესიას ეს სულ ახლავს. ეს თვალის ის მდგომარეობაა, რომელიც არასწორ მიზანსცენას ვერ ეგუება. კომპოზიციაშიც ყველას თანაბარი მდგომარეობა უნდა ჰქონდეს. დიახ, პროფესიული შტრიხები ორანჟერეაშიც ერთვება და ცოტა გაწვალებს კიდეც, რადგან ამას სულ აქცევ ყურადღებას...
- მეუღლე უფრო უკირკიტებს ორანჟერეასო...
- კი, თავისთავად... ეს მცენარეები, ძირითადად, მისი მოგროვებულია - სადაც უნდა წავიდეს, ყველა მხრიდან რაღაც მცენარე მოაქვს. 20 წელიწადზე მეტია, ერთად ვართ და ეს შეგროვების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ორანჟერეაში დაახლოებით 100 ქოთანია, სხვაგანაც გვაქვს და სულ 120-მდე იქნება.
- ამდენი მცენარის ერთდროულად მოვლა არ იქნება ადვილი...
- არ არის ადვილი და სწორად გამიგეთ, არც - იაფი: ქოთანი, მცენარე, მოვლის საშუალებები... ხარჯიც ახლავს ამ ყველაფერს, მაგრამ როცა სიყვარულია, ეს ღირს.
- ემოციურად რას გაძლევთ ეს ზრუნვა?
- ყველაზე ძვირფასი დილაა, როდესაც გაიღვიძებ, გამოდიხარ სამზარეულოში, გაიხედავ და გხვდება ბაღი, სადაც შეგიძლია, გახვიდე და დილის მშვენიერებით დატკბე. შენი ხელით შექმნილ ორანჟერეაში დილით ფინჯან ყავას რომ დალევ, შეუდარებელია. სახლიდან გასვლის წინ სტრესს გიხსნის, სხვანაირ განწყობას გიქმნის.
ამიტომ მოვამრავლოთ მცენარეები, ცხოველები - ეს ყველაფერი ყოფას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. ადამიანი რაც უფრო დაკავებულია, მით მეტს ასწრებს. გავამრავლოთ მცენარეები. თუ ამ საქმეს ხელს ბევრნი მოვკიდებთ, ჩვენი სიმწვანისგან დაცლილი ქალაქიც გაფერადდება და უკეთესი გახდება.