თუკი "ჰაიმარსებმა" ამ ომში "მინიგადატრიალება" მოახდინეს, რატომ არ უგზავნით დამატებით უფრო მეტს? - კვირის პალიტრა

თუკი "ჰაიმარსებმა" ამ ომში "მინიგადატრიალება" მოახდინეს, რატომ არ უგზავნით დამატებით უფრო მეტს?

ერთი თვე შესრულდა, რაც უკრაინელმა არტილერისტებმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ამერიკელების მიერ გადაცემული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების "ჰაიმარსების" საბრძოლო გამოყენება დაიწყეს.

თავდაპირველად უკრაინელების განკარგულებაში "ჰაიმარსის" მხოლოდ ოთხი მობილური დანადგარი იყო, თვის განმავლობში მას კიდევ რვა დაემატა, ევროპელების მიერ გამოგზავნილი "ჰაიმარსის" უფროსი "ძმის", ექვსი "მ270" -ის მიმატებითაც...

საერთო ჯამში, ამ მომენტისთვის, უკრაინის არმიის არსენალში ოცამდე ასეთი დანადგარი უნდა ირიცხებოდეს, რაც 2 ათასს კმ-ზე მეტ მანძილზე გადაჭიმული ფრონტის ხაზისთვის, რა თქმა უნდა, მიზერია, მაგრამ მიუხედავადა ამისა, ბოლო ერთ თვეში "ჰაიმარსებიდან" გაშვებული მართვადი რაკეტებით უკრაინელებმა რუს დამპყრობლებს ასზე მეტი მნიშვნელოვანი სამიზნე აუფეთქეს - იარაღის საწყობები, მართვის პუნქტები, საწვავის რეზერვუარები და დაუზიანეს სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდები...

"ჰაიმარსების" საბრძოლო შედეგიანობა მართლაც, რომ ძალზე შთამბეჭდავია და შეიძლება ითქვას, რომ მათ რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაში ერთგვარი "მინი-გადატრიალებაც" კი მოახდინეს - საარტილერიო დუელებში უგებენ ბევრად უფრო მრავალრიცხოვან რუსულ არტილერიას და ამასთან, ამ უკანასკნელს "საკვების" - ჭურვებისა და რაკეტების გარეშე ტოვებენ, როდესაც რუსებს იარაღის საწყობებს უფეთქებენ.

უკრაინელი არტილერისტების მიერ "ჰაიმარსების" მიზერული რაოდენობის ასე ეფექტიანად გამოყენების ანალიზიდან გამომდინარე, ბუნებრვია, იბადება მოსაზრება, რომ "ჰაიმარსების" რაოდენობის გაათმაგებისა და მართვადი რაკეტების შესაბამისი მარაგის შემთხვევაში, უკრაინის არმიას ამ ომში უკვე არა "მინი-გადატრიალების", არამედ "დიდი გამარჯვების" მოპოვების შანსიც კი შეიძლება გაუჩნდეს...

2-1658649157.jpg
რუმინელებს არ ეჩქარებოდათ და 18 შესყიდული „ჰაიმარსი“ 2021 წლის თებერვალში ამერიკელებმა კონსტანცას პორტამდე ასე, სატვირთო გემით ჩაუტანეს...

თავად უკრაინელი გენერლები აცხადებენ, რომ მათ 50 "ჰაიმარსი" მაინც სჭირდებათ რუსი ოკუპანტების შეტევების შესაკავებლად, ხოლო 100 "ჰაიმარსის" შემთხვევაში უკვე წარმატებულ კონტრიერიშებზე გადასვლაზეც შეუძლიათ ფიქრის დაწყება...

თუკი "ჰაიმარსების" რიცხვის გაოთხმაგება უკრაინის არმიას მართლაც ასეთ საბრძოლო უპირატესობას მიანიჭებს, მაშინ რაშია პრობლემა, მარტო აშშ-ის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში ხომ არანაკლებ 400 "ჰაიმარსი" ირიცხება, რომ აღარაფერი ვთქვათ 225 ერთეულ მოდერნიზებულ "მ270ა1"-ზე (არამოდერნიზებული "მ270"-ის რიცხვი რამდენს აღწევს, ეგ კიდევ ვინ იცის, ისე კი, საერთო ჯამში 1 300-მდე "მ270" დამზადდა 1980-2003 წლების პერიოდში, რის შემდეგაც დღემდე 540 ცალი "ჰაიმარსი" იქნა გამოშვებული)?

მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ გაუჭირდებათ 50 და მითუმეტეს" 100 "ჰაიმარსის" შეგროვება და უკრაინას დამატებით, მაქსიმუმ, 25-30 "ჰაიმარსს" თუ მიაწვდიან...

თუკი რუსეთ-უკრაინის ომის ბედის გადაწყვეტა მართლაც დიდადაა დამოკიდებული უკრაინის არმიისთვის გადაცემული "ჰაიმარსების" რაოდენობაზე, მაშინ რატომ ძუნწობს თეთრი სახლი?

რჩება შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონმა ჯერ კიდევ ვერ გადალახა კრემლის მიმართ ათწლეულობით არსებული მორიდებისა თუ შიშის სინდრომი და ისევ "პუტინის ბოლომდე არ გაღიზიანების" პრინციპით, დოზა-დოზა აწვდის ასე საჭირო შეიარაღებას უკრაინელებს...

ვინ დაითვლის, უკრაინის რამდენი ასეული მშვიდობიანი მოქალაქე გადაურჩებოდა რუსული რაკეტებით მათ ქალაქების დაბომბვას, აშშ-სა და ევროპას შორსმოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები აქამდე რომ მიეწოდებინათ უკრაინელი მეზენიტეებისთვის?

გასაგებია თუ რასაც უფრთხის პრეზიდენტი ბაიდენი: რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის რუსეთ-ამერიკის გლობალურ ომში გადაზრდის საბედისწერო პერსპექტივას, მაგრამ დასავლეთის სწორედ ამ გაუბედავობით პუტინი ორ ათეულ წელზე მეტია სათავისოდ სარგებლობს და თუკი მისმა რეჟიმმა უკრაინასთან ომში მაინც არ წაიტეხა კისერი, საფრთხის წინაშე მართლაც მთელი მსოფლიო დადგება და პირველ რიგში ის "ბებერი" ევროპა, რომლის დანაშაულებრივმა "წაყრუებამ" პუტინის რუსეთს ამდენი გააბედინა...

3-1658649197.png
„ჰაიმარსების“ რაოდენობის გაზრდა უკრაინელებს არაფერში წაადგებათ, თუკი მართვადი რაკეტების, მათ შორის შორსმფრენების საკმარისი მარაგიც არ ექნებათ...

ამავე მიზეზითაა, რომ პირადად პრეზიდენტი ბაიდენი ბლოკავს უკრაინის არმიისთვის "ჰაიმარსების" 300 კმ-მდე მფრენი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას, რომლებითაც უკრაინელებს იმ რუსული აეროდრომების "გამოთოფვა" შეეძლებათ, საიდანაც აფრენილი რუსული ბომბდამშენები "ჰაერი-ხმელეთი" კლასის რაკეტებით უკრაინულ ქალაქებს ანადგურებენ...

თუმცა, ყოველი ასეთი დაუნდობელი დაბომბვა აახლოებს უკრაინისთვის შორსმსროლელი რაკეტების გადაცემის რეალობას - გუშინ, უკვე აშშ-ის კონგრესში მთელი სიმწვავით დადგა უკრაინისთვის შორსმფრენი ბალისტიკური რაკეტების სასწრაფოდ გადაცემის საკითხი და ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების დიდი ნაწილის დაჟინებულ მოთხოვნას შეიძლება პრეზიდენტი ბაიდენიც მალე დაყაბულდეს...