კახური არტიშოკის ტიბაანური ბიზნესი - კვირის პალიტრა

კახური არტიშოკის ტიბაანური ბიზნესი

"გადაწყვეტილი გვაქვს, გავაკეთოთ არტიშოკის მარინადის საწარმო და გავზარდოთ მეურნეობაც. ამისათვის უკვე ვამუშავებთ დამატებით 2 ჰექტარ ტერიტორიას. ჩვენი არტიშოკი ბიოპროდუქტი გახლავთ, ფესვებს ბუნებრივი სასუქით, ნაკელით ვკვებავთ"

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში 37 წლის მალხაზ ბიძინაშვილმა, კახეთში პირველმა, პოპულარული კულტურა არტიშოკი გააშენა. მალხაზი სპეციალობით ფინანსისტია და ერთი ხანობა საჯარო სამსახურში მუშაობდა, შემდეგ ბედი ბიზნესში სცადა. ყველაზე შედეგიანი მაინც მისი არტიშოკის მეურნეობა აღმოჩნდა. არტიშოკის კულტურა სოფლის სათავეში გამავალ ხევშია გაშენებული, რადგან მცენარეს მზესთან ერთად თურმე გაგრილებაც სჭირდება. იქ კი მას ხელოვნურად გაგრილების შესაძლებლობა აქვს.

მალხაზ ბიძინაშვილი:

- პანდემიის დროს მეგობრებმა შევქმენით ინტერნეტმაღაზია და მომხმარებელი სასურველ პროდუქციას სახლიდან გაუსვლელად ყიდულობდა. სწორედ ინტერნეტმარკეტებიდან შევიტყვე არტიშოკის კულტურის არსებობის შესახებ, რომლის 25 ჯიში არსებობს და აქედან მხოლოდ სამია საკვებად ვარგისი.

მამაპაპისეულ ნაკვეთში მიწის ანალიზი ჩავატარებინეთ და აღმოჩნდა, რომ ამ კულტურისთვის მისაღები იყო. მითხრეს, მცენარეს სჭირდებოდა ბევრი წყალი, სიცხე და გაგრილება. მოგეხსენებათ, ქიზიყში ზაფხულობით მაღალი სიცხეებია, ჩვენ მიერ შერჩეული გედიქის ხევი კი მცენარისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. მეცნიერებმა აგვიხსნეს, რომ ჩვენთან ყველაზე უკეთ არტიშოკის ერთ-ერთი ჯიში, გრინგლობი გაიხარებდა. დიდხანს აღარ გვიფიქრია და მე და ჩემმა ძმამ ლევან ბიძინაშვილმა საქმე დავიწყეთ.

- გასაგებია, რომ ქართული არტიშოკის კულტურის გამრავლება საქართველოში თქვენს სახელსაც უკავშირდება, მაგრამ უცხოეთიდან შემოტანილი არტიშოკი აქამდე არ იყიდებოდა ქართული დახლებიდან?

- ეს კითხვა ჩვენც გაგვიჩნდა, ამიტომ ბაზარი შევისწავლეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენს სუპერმარკეტებში არა, მხოლოდ რესტორნებში შეიძლებოდა მისგან მომზადებული მარინადის გასინჯვა.

ჩვენთვის სასურველი არტიშოკის თესლი გერმანიაში შევიძინეთ. წნორში გავაკეთეთ სასათბურე მეურნეობა და 500-მდე ნერგი გამოვიყვანეთ. არტიშოკი ზამთარში ითესება და ადრეულ გაზაფხულზე გრუნტში უნდა გადავიდეს. 5-წლიანი კულტურა უხვ მოსავალს იძლევა მეორე, მესამე და მეოთხე წლებში, ხოლო პირველ და მეხუთე წელს მცირემოსავლიანია. მოსავლის აღება მაისიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება.

წლეულს რამდენჯერმე ავიღეთ მოსავალი და რეალიზაციაც მოვახდინეთ. ახლა კიდევ ველოდებით ნაყოფის დამწიფებას, რეალიზატორთა სია კი შედგენილი გვაქვს. პირველი მოკრეფილი ნაყოფი გაცილებით მსხვილია, შემდგომ შედარებით მცირე მოცულობის ნაყოფს ისხამს. მცენარე დიდტანიანია და დიდ ფართობს იკავებს, ამიტომ ყველა ბუჩქს ხელით, სათითაოდ ვათავისუფლებთ სარეველებისგან. ჩემს მეურნეობაში მხოლოდ ადგილობრივები მყავს დასაქმებული და ისინი მეხმარებიან მოვლა-პატრონობაში.

- პირველი მოსავალი როდის მიიღეთ?

- შარშან მაისში საკმაოდ ცოტა ნაყოფი მოვკრიფეთ. ხევში, სადაც ჩვენ მიერ გაშენებული კულტურა ხარობს, არის ელდარის საძოვრებზე ცხვრის გადასარეკი გზა. ერთხელ მოხდა ისე, რომ ცხვრებმა ღობე გადათელეს და მეურნეობა გაგვიჩანაგეს... არტიშოკის ფოთლებს უცხოეთში ცხოველებს აჭმევენ და მათ წველადობას 10-15%-ით ზრდიან.

ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ პროდუქციის გასაღების პრობლემა არ შეგვქმნია. სოციალურ ქსელში გავაკეთეთ სპეციალური გვერდი, სადაც ვწერდით ჩვენს მეურნეობაზე, მომხმარებლები კი შეძენის სურვილს გამოთქვამდნენ.

არტიშოკი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, წმენდს ჩვენს სხეულს დაგროვებული ტოქსინებისა და წიდებისგან. თავიდან გვარიდებს შეშუპებას. არტიშოკის ფოთლები შეიცავს მაგნიუმს, კალციუმს, რკინას, კალიუმს, ფოსფორს, ვიტამინებს – С, В1, В2, В3, Р, А. ასევე სხვადასხვა სასარგებლო ორგანულ მჟავას. არტიშოკის ჩაი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს მეტაბოლიზმს. ის გვანიჭებს დანაყრების შეგრძნებას, ამიტომ აქტიურად გამოიყენება წონის დაკლებისას. ასევე ეს კულტურა გამოიყენება ნიკრისის ქარის ("პოდაგრა") და სიყვითლისგან გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად.

არტიშოკი განსაკუთრებით უყვართ საფრანგეთში, იტალიასა და საბერძნეთში. საჭმელად იყენებენ ყვავილს, ხორციან ე.წ. კალათს” (არტიშოკის თავი). ახალი და დამწნილებული არტიშოკი გამოიყენება სალათებში, ხოლო მოხარშულს მიირთმევენ სოუსთან ერთად. ევროპაში არტიშოკს აქტიურად იყენებენ, როგორც პიცის ერთ-ერთ ინგრედიენტს, მისგან მზადდება სხვადასხვა სახის სენდვიჩებიც.

არტიშოკის ფოთლებისა და ყუნწების ნახარში გამოიყენება, როგორც ქოლესტერინის დარეგულირების საშუალება. ალკოჰოლის ზედმეტი დოზით მოწამვლის შემთხვევაში, არტიშოკის წვენი მნიშვნელოვნად ანეიტრალებს ტოქსინს... დამტკიცებულია, რომ თუ ადამიანი იღებს სინთეტიკურ პრეპარატებს და პარალელურად საკვებად გამოიყენებს არტიშოკს, ხდება სინთეტიკური პრეპარატების უარყოფითი ზეგავლენის თითქმის სრული განეიტრალება.

არტიშოკს იყენებენ აგრეთვე პირუტყვის საკვებად (მწვანე საკვები, სილოსი) და დეკორატიულ მცენარედ.

- ქართული არტიშოკის საქართველოს სუპერმარკეტების დახლებზე შეტანა არ გიცდიათ?

- ჯერჯერობით მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით ვახდენთ რეალიზაციას. მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტებმა სურვილი გამოთქვეს, მათთან მოლაპარაკებები დავიწყეთ.

- მეურნეობის გაზრდას თუ აპირებთ?

- როდესაც მომხმარებელი უფრო მეტად დაინტერესდება ამ კულტურით, გადაწყვეტილი გვაქვს, გავაკეთოთ არტიშოკის მარინადის საწარმო და გავზარდოთ მეურნეობაც. ამისათვის უკვე ვამუშავებთ დამატებით 2 ჰექტარ ტერიტორიას.

ჩვენი არტიშოკი ბიოპროდუქტი გახლავთ, ფესვებს ბუნებრივი სასუქით, ნაკელით ვკვებავთ.

გარდა ამისა, გვაქვს სასათბურე მეურნეობა, სადაც USAID-ის ხელშეწყობით ჯანჯაფილისა და კურკუმას საცდელი ნერგები გამოვიყვანე. ქართულ ბაზარზე მხოლოდ და მხოლოდ უცხოეთიდან შემოტანილი ჯანჯაფილია და საქართველოში მისი მეურნეობა არ არსებობს. ასევეა კურკუმაც. ერთ კვირაში ორივე ბოსტნეულის ნერგებს სათბურში გადავიტანთ. აგრონომიულ სამუშაოებზე კონსულტაციას თურქი სპეციალისტები გვიწევენ, დონორი ორგანიზაციის ხელშეწყობით. ამ ეტაპისთვის ეს საქმეც წარმატებით მიმდინარეობს.

- საკმაოდ რისკიანი ქიზიყელი ყოფილხართ...

- კახეთის მიწების დიდი ნაწილი მოექცა ერთეული ადამიანების ხელში, სადაც მხოლოდ ტრადიციული, ერთი და იგივე კულტურა ითესება და დაბალმოსავლიანია. არადა ამ ნაკვეთებზე არტიშოკი ან სხვა ახალი კულტურა რომ გაშენდეს, გაცილებით მეტ მოსავალს მივიღებთ და უფრო შემოსავლიანიც იქნება. და თუ ეს ასეა, რატომ უნდა ვთქვათ წარმატებულ ნაბიჯებზე უარი.

ნელი ვარდიაშვილი