"კარტოფილის მოყვანა საქართველოს ყველა კუთხეში შეიძლება“ - კვირის პალიტრა

"კარტოფილის მოყვანა საქართველოს ყველა კუთხეში შეიძლება“

„ჩემს ნაკვეთში საკმარისი კარტოფილი მომყავს და ბაზრიდან თურქული რატომ უნდა ვათრიო პარკებით?“

ჩვენს ქვეყანაში კუთხე არ არსებობს, სადაც კარტოფილის მოყვანა შეუძლებელია. ამის მიუხედავად, სოფლების უამრავი მცხოვრები ბაზარში ყიდულობს კარტოფილს, რომლის დიდი ნაწილი უცხოეთიდან არის შემოტანილი. აღარაფერს ვიტყვით იმის შესახებ, ეკოლოგიური შეიძლება იყოს თუ არა იმპორტირებული ბოსტნეული, თუმცა ნამდვილად დამაფიქრებელია, რომ იმ პროდუქციის შემოზიდვაც გვჭირდება, რომელიც თავადვე შეგვიძლია მოვიყვანოთ, თანაც - ჯანსაღი.

კარტოფილის მოყვანა შესაძლებელია თითქმის ყველა მაღალმთიან სოფელში, მათ შორის - მაღალმთიან იმერეთშიც, სადაც ერთმა ოჯახმა, სულ მცირე, თავისთვის საკმარისი მთელი წლის მარაგი შეიძლება მოიწიოს. საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთაში ამ კულტურის მოსავლის შესახებ ფერმერი რომან ბლიაძე გვესაუბრა.

- ბატონო რომან, ყველაფერი მოგყავთ: სიმინდი, პომიდორი, ნიორი, ლობიო და კარტოფილი... გასაკვირი ის არის, რომ აგრონომიულ წესებს თითქოს არც იცავთ, მოსავალი კი მაინც მოდის.

- აგრონომიულ წესებს რომ არ ვიცავ, მაინცდამაინც სანაქებო არ არის, მაგრამ საიდუმლოს გავამხელ და მოსავლის მოყვანაში პირადად ჩემს "აგრონომს" დაგისახელებთ: ეს არის ნაკელი, რომელიც ნებისმიერ მიწას კვებავს და მოსავლის მოყვანისთვის შეუდარებელია, მაშინაც კი, თუ წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას ერთი და იგივე კულტურა მოგყავს. სამი სული პირუტყვი გვყავს, რომელსაც მთელი ოჯახი ვუვლით. ნაკელიც საკუთარი ხელით გადამაქვს ნაკვეთში, რითაც ნიადაგს გამუდმებით ვანოყიერებ. თუმცა, ვისაც ნაკელი არ გააჩნია, მისთვის ნაკვეთმონაცვლეობა აუცილებელია. მე ნაკვეთმონაცვლეობაშიც სირთულეს ვერ ვხედავ, მით უფრო - მცირემიწიან რაიონებში. ნაკვეთების მონაცვლეობა სამ წელიწადში ერთხელ ძნელი არ არის. კარტოფილი მხოლოდ იმ ნაკვეთებზე არ უნდა დავთესოთ, სადაც პომიდორი, ბადრიჯანი ან წიწაკა გვქონდა. ეს კულტურები ნიადაგს კარტოფილისთვის გამოფიტულს ტოვებს, თუმცა მთავარი ნიადაგის შერჩევა კი არა, შრომის სურვილია. მოსავლის მოყვანა უნდა გინდოდეს და ქინძსაც კი ბაზარში არ დაეძებდე. არადა, ამ მონდომებას ბევრს ვერ ვატყობ...

- ბაზარში პროდუქტის შეძენა იოლია, მაგრამ ძნელია, როდესაც ადამიანს საარსებოდ არაფერი რჩება. თქვენ სათესლე კარტოფილს სად ყიდულობთ?

- ევროპული სათესლე კარტოფილი, რომელიც დიდ მოსავალს იძლევა, ისეთი ძვირია, მისი დათესვა მხოლოდ კარტოფილის ფერმერებისთვის არის გამართლებული. ჩვენისთანა მცირემიწიანი ხალხი ამ საკითხში გამოსავალს სხვაგვარად პოულობს: ვიცით, რომ მოსავლის აღება და იმავე ადგილას მისი ჩათესვა გამართლებული არ არის, ამიტომ სულ სხვა სათესლე კარტოფილს ვყიდულობთ ბაზარში ან სულაც მეზობლისგან. მთავარია, სათესლე კარტოფილს ცნობდე და ზომებიც არ შეგეშალოს. ზოგს ჰგონია, რაც უფრო დიდი ზომის კარტოფილს დათესავს, მოსავალიც მეტი მოვა, არადა, სათესლე კარტოფილი ზომით დაახლოებით ქათმის კვერცხისოდენა უნდა იყოს. თანაც უმჯობესია, თუ კარტოფილს ჯგუფურად კი არ ჩაყრი (2-3 ცალს ერთად), არამედ სათესლე ადგილებს არხისებურად დაკვალავ და მასში თესლს რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით, სათითაოდ ჩააწყობ. ბოლქვი ასე უფრო თავისუფლად გაიდგამს ფესვებს და მოსავლიანობაც უკეთესი იქნება.

- თესვის საინტერესო მეთოდია...

- უსათუოდ, თუმცა იმ ხალხისთვის, ვისაც კარტოფილი ჩემსავით ოჯახისთვის მოჰყავს და ხელით თესავს, თორემ იქ, სადაც ტექნიკა ამუშავებს კარტოფილის ჰექტარობით ნაკვეთებს, თესვაც ტექნიკის საქმეა.

- მაღალმთიან რაიონებში, მაგალითად ზემო იმერეთში კარტოფილის მეორე მოსავალი თუ შეიძლება დაითესოს?

- თუ მოინდომებ, რატომ არ შეიძლება?! ეს მეთოდი თავადაც მომისინჯავს. მაგალითად, შემოდგომაზე ღრმად ჩავთესე კარტოფილი, რათა ზამთარში ყინვას არ დაეზრო და უკვე აპრილის ბოლოს მოსავალი მქონდა, თუმცა მაღალმთიან რაიონებში ორჯერ მოსავლის მოღება მაინც ჭირს. აი, ბარის მცხოვრებლებს ამ მხრივ გაჭირვება არ აქვთ. იქ კარტოფილი შეიძლება ხორბლის თიბვის შემდეგაც დათესო და მოსავალი გვიან შემოდგომით მიიღო. ან შემოდგომით დათესო და ადრე გაზაფხულზე უკვე ახალი კარტოფილი გქონდეს. გარჯაა მაგ საქმეში ყველაზე მთავარი და არა - სეზონი. მით უფრო, რომ ყველა ვხედავთ, როგორი თბილი ზამთრები წამოვიდა, რაც თავისთავად კარტოფილის საადრეო მოსავლის მიღებას უწყობს ხელს. კარტოფილი დაბალი ტემპერატურის მიმართ გამძლეა. +5ოჩ-ზეც ღივდება. მხოლოდ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, ზაფხულში არ შეიძლება მისი დათესვა. თუ ამოვა და გაიხარებს, მზე ფოთოლს დაუწვავს.

- საინტერესოა, რამდენი კარტოფილი მოგყავთ არაბრენდირებული თესლით.

- ჰექტარებზე, სამწუხაროდ, ვერ დაგელაპარაკებით, რადგან არ მაქვს, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც კილოგრამი კარტოფილის დათესვისას მასზე 9-ჯერ და უფრო მეტი მოსავალიც მიმიღია და ჩვენთვის ეს ცოტა როდია!

- ყველა რომ ვახერხებდეთ და ჩვენს ქვეყანას თქვენნაირი შრომით ვეშველებოდეთ, ალბათ, უკეთ ვიქნებოდით.

- გეთანხმებით. მე პატარა შვილიშვილებიც გამომყავს ნაკვეთში, რათა როგორც შეუძლიათ, ისე დაეჩვიონ შრომას. დღეს თუ არ ვასწავლეთ ბავშვებს, რომ თავისი არსობის პური თავად მოიწიონ, ხვალ ამას როგორ გააკეთებენ?! მთავარი ის არის, რომ ბაზარში თითქმის არაფრის საყიდლად არ დავდივართ. მით უმეტეს - კარტოფილის. ჩემს ნაკვეთში კარტოფილი საკმაო რაოდენობით მომყავს და ბაზრიდან თურქული რატომ უნდა ვათრიო პარკებით?

- სათესლე კარტოფილს სად ინახავთ?

- სარდაფში, რომელიც ჩვენთან ბევრ სახლს, ტრადიციულად, ღრმად აქვს მიწაში ამოჭრილი. თუ არადა, თავად შეგვიძლია გავთხაროთ კარტოფილის შესანახი ორმო.

- კარტოფილის პარაზიტს როგორ ებრძვით.

- სხვებივით, იმ წამლებით, რომლებიც ჩვენს სასოფლო მაღაზიებში იყიდება, თუმცა გაგიმხელთ, რომ კარტოფილისთვის, მაგალითად, კოლორადოს ხოჭო ხელითაც ამიცლია. როდესაც პატარა ნაკვეთები გაქვს, ეს ძნელი არ არის. მოსავალს ქიმიურად შეწამვლას არიდებ და ჯანსაღ პროდუქტს იღებ.