გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ თანასოფლელებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ თანასოფლელებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტში გასულ კვირას მომხდარი ჩხუბის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევა სოფელ კარბში მოხდა, 30 წლამდე ასაკის მამაკაცსა და თანასოფლელ ხანდაზმულ ქალს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოება ჩხუბში გადაიზარდა. მეზობლების თქმით, სარწყავ წყალთან დაკავშირებით ჩხუბის დროს, ასაკოვანმა ქალმა მამაკაცს თავში ქვა ჩაარტყა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქალა-ტვინის ტრავმის გამო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმების განცხადებით, მიღებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და ჩატარებული ყველა საჭირო მკურნალობის მიუხედავად, მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, ბრალდებული დაკავებულია.

IPN