ნიკოლოზ იოსებიძე: "მსიამოვნებს, როცა ვიღაცას უჭირს და ვეხმარები“
მის კომპეტენტურ რჩევებს "კვირის პალიტრის" მკითხველი ყოველ ნომერში ელოდება - ნიკოლოზ იოსებიძეს ენდობიან და დახმარებას სთხოვენ. სწავლული აგრონომი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიტოთერაპევტი ჩვენი მკითხველისთვის ენერგიას არასდროს იშურებს და მათ შეკითხვებს ყოველთვის გულდასმით პასუხობს. ბატონი ნიკოლოზი 21 ივლისს იუბილარია, 85 წლის ხდება, როგორც თვითონ ამბობს, წლები დაუღალავ შრომაში აქვს გატარებული. ვულოცავთ დაბადე+ბის დღეს და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, სადაც ის მკითხველის წინაშე ოდნავ განსხვავებული კუთხით წარდგება. "ცხოვრების განმავლობაში ხეებიც დამირგავს, ვენახიც გამიშენებია და ვისაც რა დასჭირვებია, ყველაფერში დავხმარებივარ. რჩევებსაც ვაძლევდი და დღემდე ასეა... სამეცნიერო სამუშაოს ვეწეოდი და ხელებზე კოჟრებიც მქონდა. ისე, კაცი ადრე მაგით ფასდებოდა", - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი, რომელიც არაერთი წიგნის ავტორიცაა. განსაკუთრებული პოპულარობით მისი "მეურნის ენციკლოპედია" სარგებლობს, რომელზეც ისეთი მოთხოვნაა, რომ უკვე რამდენჯერმე გამოიცა. ნიკოლოზ იოსებიძე 1963 წლიდან სამკურნალწამლო მცენარეებსაც სწავლობდა და ფეხით აქვს შემოვლილი მთელი იმიერ და ამიერკავკასია. როგორც ამბობს, ყველაფერი ბუნების საოცარმა სიყვარულმა და სამყაროს შესწავლის დიდმა სურვილმა შეაძლებინა.
- გაზეთის საშუალებით ყოველკვირა მკითხველთან აქტიური კონტაქტი გაქვთ - მათ შეკითხვებს პასუხობთ და გყავთ უამრავი მადლიერი ადამიანი. ისინი რედაქციაშიც გვეხმიანებიან და თქვენთან დაკავშირებას ითხოვენ. ეს ყველაფერი რას ნიშნავს თქვენთვის?
- ეს ჩემთვის შრომის ერთ-ერთი სახეა. მსიამოვნებს, როცა ვიღაცას უჭირს და ვეხმარები, ეს "ვიღაც" კი ათასობით ადამიანია. რედაქციაში შეკითხვებით ხომ რეკავენ და პირადადაც ბევრი მიკავშირდება. რჩევების მიცემის შემდეგ უკვე მადლობისთვის მირეკავენ, რომ რჩევამ გაამართლა. მოკლედ, ეს არის ჩემი სამსახური და მეტიც, ცხოვრების არსი...
- რადგან ადამიანები თქვენს რჩევებს ასე ელოდებიან, მათ წინაშე, ალბათ, პასუხისმგებლობაც გაქვთ.
- ცხადია. საერთოდ ადამიანმა სამი აუცილებელი პირობით უნდა იცხოვროს - ესაა ნამუსი, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ამ სამეულს ერთ-ერთი მაინც რომ გამოაკლო, ესე იგი, როგორც პიროვნება მოიკოჭლებ...
- ყოველთვის ხართ იმ განწყობაზე, რომ ადამიანებს ემსახუროთ?
- მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის კაცი ვარ და არც ისე ჯანმრთელი, ბევრი რამ მაწუხებს, სიარულიც კი მიჭირს, სულ ვმუშაობ და უყურადღებოდ არავის ვტოვებ.
- ანუ მუდმივად პოულობთ ძალას, აკეთოთ საყვარელი საქმე.
- ახალგაზრდობიდან ასე ვარ. უამრავი ოჯახისთვის ჩემი ხელით დამირგავს და გამიშენებია ბაღი, ვენახი, ჩემს სახსოვრად რომ ჰქონოდათ. ეს ყველაფერი ჩემი მშობლებისგან მაქვს მიღებული. მშობლები დიდად განათლებული არ მყავდა, დედას 6 კლასი ჰქონდა დამთავრებული, მამა საერთოდ გაუნათლებელი იყო, მაგრამ ნეტავ იმდენი კულტურა ზოგიერთ განათლებულს ჰქონდეს, თუნდაც მას, ვინც აუდიტორიაში ლექციას კითხულობს. ევროპა ჰქონდა ფეხით და ცხენით შემოვლილი. ობოლი ბიჭი და მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი პირველ მსოფლიო ომში იყო ნამყოფი... ასე რომ, ყველა ადამიანი არის ისეთი, როგორიც მას უნდა, რომ იყოს. როგორც გითხარით, მამაჩემმა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ მე დოქტორი გავხდი.

- აგრარული სფერო მრავალფეროვანი დარგია, ამიტომ მკითხველის კითხვებიც მრავალფეროვანია ხოლმე. ამხელა ცოდნას თავი როგორ მოუყარეთ, რომ ნებისმიერ შეკითხვას პასუხობთ?
- განათლებით... ამასთანავე, ეს ყველაფერი პრაქტიკითაც დაგროვდა, ბევრი რამ ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ცხოვრებას კიდევ დაკვირვება სჭირდება. ადამიანი დაკვირვებასაც თუ სწავლობ, ჩათვალე, რომ მოაზროვნე ხარ. მოკლედ, ბევრი რამის თავმოყრაა საჭირო. ნიადაგმცოდნეც ვარ - ამ მიმართულებით წელიწად-ნახევარი ვიმუშავე.
- დასამუშავებლად როგორი ნიადაგი ითვლება საუკეთესოდ? თიხნარზე რას იტყვით?
- თიხნარში ნებისმიერი მცენარე შეგიძლიათ მოიყვანოთ. გურიაში მოსავალი როგორ მოჰყავთ? იქ ხომ ძირითადად თიხნარია. ამიტომ მთავარია, ნიადაგი ორგანული სასუქებით გამდიდრდეს. ეს მხოლოდ განოყიერებას კი არ ნიშნავს, არა, ამ დროს ნიადაგის სტრუქტურა იქმნება. ნიადაგში აერაცია კარგად მიდის, მორწყვის დროს შიგ წყალი კარგად იწურება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, საუკეთესო ნიადაგია, ფერდობიდან რომ ჩამოირეცხება და გაჩერდება. არის ასევე წყლის მოტანილი ნიადაგიც, ანუ მდინარის სანაპირო ნაწილი. ესეც შესანიშნავი მოსავლიანი ადგილია, რადგანაც ჰუმუსიც ბევრია, წყალიც.

- ბაღებს ვუვლიდიო, ბრძანეთ. სად იყო ის ბაღები და რა მოგყავდათ?
- სამი ბაღი მქონდა, ერთი გლდანში იყო, ორსართულიანი სახლითა და 1200 კვადრატული მიწის ფართობით. საუკეთესო ხეხილი და ვენახი ხარობდა. ყველანაირი კაკლოვანი ხე - კაკალი, თხილი, ნუში, პეკანი (კაკალი) მქონდა დარგული, თითქმის ყველა ბუჩქოვანი მცენარე და ყველაფერს თვითონ ვუვლიდი. მერე შვილის ავადმყოფობის გამო, რომელსაც სასიკვდილო დაავადება ჰქონდა, გავყიდე... ბაღი მქონდა უჯარმაშიც. იქ სახლი 1200 მეტრი მიწის ნაკვეთით შევიძინე. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ სამეზობლომ არ გაამართლა, ბევრი რამ მომპარეს და იქაურობა გავყიდე. ერთ-ერთი პირველი ნაკვეთი კი ვერეს ხეობაში, ჩემს სახლთან მქონდა. კაკალი, თხილი, ლეღვი, ვაშლი, ატამი - ყველაფერი ხარობდა... იმას რა სჯობია, ბაღს შენი ხელით რომ გააშენებ!
- ფიტოთერაპევტიც ბრძანდებით და უამრავი მადლიერი პაციენტი გყავთ. ამასთანავე, ხართ ავტორი უამრავი წიგნის, მათ შორისაა "საქართველოში ველურად და კულტურაში მოზარდი სამკურნალწამლო მცენარეები"...
- კი, ასეა და ეს წიგნიც სერიოზული ნამუშევარია. თითოეულ მცენარეზე რაც უნდა ვიცოდეთ, ყველაფერია მასში თავმოყრილი, მათ შორის, აგროტექნიკა. სამკურნალწამლო მცენარეები სამივე ბაღში მქონდა გაშენებული. როცა პაციენტებს ვმკურნალობდი, წამლების დასამზადებლად მცენარეები იქვე მომყავდა. მოურჩენელი პაციენტი არ მყოლია, ვისაც ხელი მოვკიდე, ჯანმრთელობის პრობლემა ყველას მოუგვარდა.

- ბუნებაში უამრავი საინტერესო ტოტი, ქვა, კენჭი გაქვთ ნაპოვნი, რომელთაგან მშვენიერი კომპოზიციები გაქვთ შექმნილი.
- მათზე ძვირფასი არაფერი მაქვს, ყველას სათუთად ვინახავ. კარგი კოლექცია მაქვს. აქ არის ხის ტოტები, მცენარეთა ფესვები, ნატეხები, ნაფოტები, რკო, ძეძვი, რქები, ქვები და კიდევ ვინ მოთვლის... ისინი უბით და ჩანთით შინ მომქონდა. ბუნებაში საგანგებოდ არაფერი მიძებნია. თვალი მქონდა შეჩვეული, რომ ტყეში, მდინარესთან, ხევში, მთაზე რაღაც აღმომეჩინა. ზოგი ჩიტს ჰგავდა, ზოგი ცხოველს, ადამიანს... ავიღებდი და ჩანთაში ვდებდი, თან მცენარეებს ვსწავლობდი, რა და რამდენი იზრდებოდა იმ არეალში. ბუნება სასწაულია...
- ზოგიერთი ნიმუშისთვის თვალები, ცხვირი, თმა მიგიმატებიათ... ჩანს, ხატვაც გეხერხებათ...
- დიახ, ზოგი უცვლელად შევინახე, ზოგიერთს რაღაც ელემენტი შევმატე... ხატვა მიყვარს, თუმცა ფანქრის მოსმა ჩემთვის არავის უსწავლებია. როცა სამკურნალწამლო მცენარეების შესახებ წიგნზე ვმუშაობდი, ილუსტრაციები თვითონ დავხატე. ყველას ვურჩევ დაუახლოვდნენ ბუნებას, ამ საოცარ სამყაროს, რომელიც ცხოვრებას გასწავლის.