"რატომ არის კმაყოფილი რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინის მდგომარეობით: ომმა რუსეთის ლიდერის მტკიცე და შიშისმომგვრელი რეპუტაცია შეარყია" - კვირის პალიტრა

"რატომ არის კმაყოფილი რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინის მდგომარეობით: ომმა რუსეთის ლიდერის მტკიცე და შიშისმომგვრელი რეპუტაცია შეარყია"

ბრიტანულ ჟურნალში The Spectator-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "რატომ არის კმაყოფილი რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინის მდგომარეობით: ომმა რუსეთის ლიდერის მტკიცე და შიშისმომგვრელი რეპუტაცია შეარყია" (ავტორი - გაბრიელ გევინი, კორესპონდენტი მოსკოვში). მასში განხილულია თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების წინააღმდეგობრივი ურთიერთდამოკიდებულება და ორი ქვეყნის ლიდერთა "მეგობრობის" პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში ომის დაწყების დროიდან ვლადიმერ პუტინის პირველ საზღვაგარეთულ ვიზიტს ყოფილი საბჭოთა კავშირის - პოსტსაბჭოთა სივრცის - მიღმა, ირანში, სავარაუდოდ, მისი ხელისუფლების სიმტკიცე და ძლიერება უნდა დაედასტურებინა. ამის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, თეირანის სამიტზე პირიქით მოუვიდა - იგი [შეურაცხყოფისაგან] თითქმის გაწითლდა, როცა თავისმა თურქმა კოლეგამ ტელეკამერების წინ ალოდინა.

თითქმის ერთი წუთის განმავლობაში პიროვნებამ, რომელმაც ევროპაში ბოლო ათწლეულებში ყველაზე სისხლიანი კონფლიქტი დაიწყო, უხერხულობისაგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა - სანამ იგი კოლეგის მოსვლას ელოდა, დგომისას ხან აქეთ-იქით იხედებოდა, ხან ფეხს ინაცვლებდა, ხან პირში ენას შიგნიდან ლოყაზე და ტუჩებზე ისვამდა... მტანჯველ სიჩუმეს მხოლოდ ფოტოაპარატების კამერები არღვევდნენ.

ამ შეხვედრის ირონია თურქულ საზოგადოებაში და მასმედიაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა: კომენტატორები ღიად ამბობენ, რომ ეს რეჯეფ ერდოღანის "შურისძიებაა" - ორი წლის წინათ, კრემლში ყოფნის დროს, რეჯეფ ერდოღანი რუს კოლეგას თითქმის ორი წუთი ელოდა შეხვედრის წინ. რუსულმა მასმედიამ თეირანში მომხდარი "უხერხული მომენტი" უმნიშვნელოდ მიიჩნია და ამის ხაზგასასმელად ვიდეოკადრების მრავალჯერადი ტრანსლირება მოახდინა, ერთმა ტელეარხმა კი ტაიმერიც დაამატა.

მაგრამ ახლა, როგორც ჩან, კრემლში ორი წლის წინანდელი შეხვედრიდან, ძალთა ბალანსი შეიცვალა. აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლის თქმით, იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ჩავიდა ვლადიმერ პუტინი თეირანში, არის ის, რომ დადებულიყო კონტრაქტი "ასობით" ირანული დარტყმითი უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) რუსეთისათვის მიწოდების შესახებ. უკრაინა წარმატებით და ეფექტიანად იყენებს დრონებს რუსული ტანკებისა და საარტილერიო სისტემების გასანადგურებლად, რუსი მაღალჩინოსანი ოფიცრების თავზე კი "ციდან სიკვდილის წვიმას უშვებს".

კიევმა თავის ტექნოლოგიურ უპირატესობას თურქეთის დახმარებით მიაღწია - ანკარამ უკრაინას ათობით შედარებით იაფი, მაგრამ ეფექტიანად მოქმედი მაღალტექნოლოგიური დრონები Bayraktar TB2-ები მიაწოდა, რომელთა სახელი ომში მყოფ რუს ჯარისკაცებში შიშსა და ჟრჟოლვას იწვევს. თურქული დრონების მწარმოებელი კომპანიის მთავარი ინჟინერია სელჯუკ ბაირაქტარი, რომელიც, იმავდროულად, რეჯეფ ერდორანის სიძეა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის ჯარი შეიჭრა, თურქეთმა საკვანძო როლი შეასრულა ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსის შეცვლაში, თუმცა ანკარა იგივეს ცდილობს მოლაპარაკების მაგიდაზეც. თურქეთმა ივალდებულა შუამავლობა სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვაში, რომლის შედეგი მოსკოვის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა იქნებოდა. ანკარის დამაბალანსებელი პოლიტიკა გამოიხატა აგრეთვე უკრაინიდან ხორბლის გატანის საკითხშიც - კრემლი იძულებული გახდა დათანხმებულიყო თურქეთის მოწოდებას, რადგან ფასებმა ხორბალზე ძალიან მოიმატა როგორც ევროპის, ისე აფრიკის ბევრ ქვეყანაში.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, მისმა საკმაოდ მჭიდრო ტრადიციულმა კავშირებმა (განსაკუთრებით ბოლო წლებში) ბევრი შეაფიქრიანა და ეჭვებში ჩააგდო, თუ ვის მხარეზეა სინამდვილეში ანკარა. თუმცა, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთს უკრაინაში მილიარდობით ინვესტიცია აქვს ჩადებული და იმასაც, რომ ჩუმჩუმად რუსეთის მოპარულ უკრაინული ხორბალზე უარს არ ამბობს და იმასაც, რომ ხორბლის ექსპორტზე საშუამავლო მოლაპარაკების ინიციატივა მას ეკუთვნის, ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთი მხოლოდ საკუთარ თავზე და ინტერესებზე ზრუნავს. რეჯეფ ერდოღანი ისეა დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ მას უკვე ნაკლებად აინტერესებს - მოახდენს თუ არა მისი მოქმედება კარგ შთაბეჭდილებას პუტინზე.

თურქეთი, უკრაინის ომის გარდა, რუსეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების დასანახად, თავის ინტერესებს სხვა მიმართულებითაც ატარებს: მაგალითად, მხარი დაუჭირა და ახლაც ეხმარება თავის მოკავშირე აზერბაიჯანს სომხეთთან კონფლიქტში. ანკარა შეტევას ახორციელებს აგრეთვე სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - კრემლის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომელიც ბაშარ ასადს მხარს უჭერს.

ვლადიმერ პუტინის ირანში ვიზიტი იმის ერთ-ერთ მცდელობას წარმოადგენდა, რომ მსოფლიოს დაენახა - კრემლი საერთაშორისო არენაზე იზოლირებული არ არის და არადასავლურ ქვეყნებში ის ძველებურად ავტორიტეტით სარგებლობს. მაგრამ სინამდვილეში რუსეთმა იგრძნო, რომ რთულ სიტუაციაშია მოქცეული: ყოფილი პარტნიორებიდან სულ უფრო ნაკლებ სახელმწიფოს სურს მოსკოვთან გარიგებების დადება მას შემდეგ, რაც ჩინეთმა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა კრემლს უარი უთხრეს დახმარებაზე სანქციებთან დაკავშირებით.

გასულ თვეში სანქტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ოდესღაც, წლების წინათ, რუსული ეკონომიკის დემოკრატიულობისა და გახსნილობის სიმბოლოს წარმოადგენდა, მხოლოდ რამდენიმე უცხოური კომპანია მონაწილეობდა. ცნობილი დასავლური ფირმების ნაცვლად, ფორუმზე ავღანელ თალიბებს საპატიო სტუმრების სახით მიესალმნენ. უფრო უარესიც მოხდა - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმჟომართ თოყაევმა, რომელიც ვლადიმერ პუტინის გვერდით იჯდა სცენაზე, მოურიდებლად და აგდებულად მოიხსენია მოსკოვის პოლიტიკა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასს უკრაინის ტერიტორიად აღიარებს.

დღეს მათი სია, ვისაც ვლადიმერ პუტინი თავის მეგობრად თვლის, სწრაფად მცირდება. ამ წლის დასაწყისში გაეროს სხდომაზე კენჭისყრის დროს, მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი რუსეთის აგრესიის დამგმობ რეზოლუციას - ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ და სირიამ. გასაგებია, რომ ასეთ სიტუაციაში კრემლს არ სურს ურთიერთობის გაცივება თურქეთთან - როგორც ნატოს წევრთან და ალიანსში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე ქვეყანასთან, ამიტომ მოსკოვს სხვა არჩევანი არ აქვს, თუ არა ის, რომ მოითმინოს და ნება მისცეს ანკარას მიიღოს რაც სურს - როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე კავკასიაში.

რა თქმა უნდა, თურქეთის ამბიციების ზრდა არამარტო ვლადიმერ პუტინის თავის ტკივილს იწვევს, არამედ სხვებისაც - მაგალითად, დასავლეთი სერიოზულად შეაშფოთა ანკარის მუქარამ ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღების დაბლოკვის თაობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთის გავლენა ანგარიშგასაწევია როგორც რუსეთისათვის, ასევე დასავლეთისთვისაც. და დღეს, როცა თურქეთი დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის შუალედური გზის როლს ასრულებს, ისინი, ვინც ამ გზის ორივე მხარეს არიან, იძულებულნი არიან ხელი შეუწყონ რეჯეფ ერდოღანის "გაბედნიერებას". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ