"ჩანდლერის ინტენსიური ბაღი კომერციულ მიზანს ამართლებს“ - კვირის პალიტრა

"ჩანდლერის ინტენსიური ბაღი კომერციულ მიზანს ამართლებს“

საქართველოს სოფლის მეურნეობა, სირთულეების მიუხედავად, თანდათან ვითარდება და ამ პროცესში აღნიშვნის ღირსია ინტენსიური ბაღების როლიც. რას ნიშნავს ინტენსიური ბაღი? ეს გახლავთ თანამედროვე სტანდარტებით (მათ შორის ნარგაობით) განვითარებული ბაღი, რომელსაც მეურნე რწყავს წვეთოვანი სისტემით და იმ ტექნოლოგიებით მართავს, რომლებიც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებშია დანერგილი. ტექნოლოგიებს შორის არის მცენარეთა ახალგამოყვანილი კლიმატგამძლე ჯიშები, მათი ინტენსიური გასხვლა, მავნებლების საწინააღმდეგოდ რეგულარული შეწამვლა და ა.შ. კარგად მოვლილი ინტენსიური ბაღის ნარგაობა გამოირჩევა გარანტირებული მაღალმოსავლიანობით. თუმცა ინტენსიური ბაღების გაშენებისას ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რაც ყოველთვის გადამწყვეტი იყო მეურნეობის ისტორიაში: ნიადაგი და კლიმატი. ამ თვალსაზრისით, ინტენსიურ ბაღებში სხვადასხვა ხეხილი კლიმატისა და ჰავის მიხედვით ირგვება, როგორც ტრადიციულად იყო. მაგალითად, ბლის თუ ატმის ბაღები, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში შენდება, დასავლეთ საქართველოში კი კვლავ ციტრუსია დაწინაურებული. ამასთანავე, ჩვენს ქვეყანაში არის ისეთი კუთხეებიც, სადაც ნიადაგის შემადგენლობის გამო არც ერთი კულტურის გაშენება არ არის რეკომენდებული. მათი ნიადაგი სულ სხვა კულტურისთვის არის ვარგისი. მაგალითად, ზემო იმერეთში ნიადაგი და კლიმატი კაკლის ბაღებისთვის არის შესაფერისი. ასე რომ, ზესტაფონში, პროექტ "დანერგე მომავალის" ეგიდით კაკლის ინტენსიური ბაღები უკვე 30 ჰექტარზეა გაშენებული. როგორც მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი დავით ჯინორიძე ამბობს, ზესტაფონში კაკლის ბაღების გაშენების ინიციატივა თავად ფერმერებისაგან წამოვიდა.

- ალბათ, ზესტაფონელმა ფერმერებმა კაკლის ინტენსიური ბაღების გაშენება სწორედ ტრადიციული გამოცდილების საფუძველზე მოინდომეს. რომელი ჯიშები აირჩიეს?

- როდესაც ფერმერი სახელმწიფოს "დანერგე მომავალის" პროგრამით სთხოვს დახმარებას, სახელმწიფო მას არჩევანის უფლებას უტოვებს. ჩვენმა ფერმერებმა ინტენსიურ ბაღებში ჩანდლერის კაკლის გაშენება გადაწყვიტეს. ჩანდლერი შეუდარებელია როგორც მსხმოიარობის დაწყების ვადებით, ისე მოსავლის რაოდენობით. ქართულ კაკალს მსხმოიარობის დაწყებისთვის ზოგჯერ 12 წელიწადზე მეტი სჭირდება, ჩანდლერმა კი შესაძლოა პირველი ნაყოფი მეორე წელიწადსაც მოგვცეს. მართალია, ფერმერები ნარგაობას ამ ნაადრევ ნაყოფს აცლიან, რათა ფესვთა სისტემა უკეთ განვითარდეს, მაგრამ ჩანდლერი დაახლოებით მე-7 წელიწადს უკვე უხვმსხმოიარეა, - თითო ძირზე დაახლოებით 30 კილოგრამი ნაყოფი იკრიფება. ამ ჯიშის კაკლის ინტენსიური ბაღი კომერციულ მიზანს სავსებით ამართლებს. ფერმერებს ხომ კულტურის გამოსავლიანობა უკვე ბაღის გაშენების წინ აქვთ გამოთვლილი. თავადვე გვეუბნებოდნენ: როდესაც კილოგრამი ნიგვზის მისაღებად 3 კილოგრამი ქართული კაკლის გატეხაა საჭირო, ჩანდლერის კაკლის 2 კილოგრამიც საკმარისიაო. თუმცა, რაც უნდა კომერციული იყოს კულტურა, არაფერი გამოვა, თუ გაშენებისას წინასწარ არ შემოწმდა, რამდენად ვარგისია ამ კულტურისთვის ადგილობრივი ნიადაგი. ზესტაფონში კაკლის ბაღები სოფელ სვირსა და როდინაულში გვაქვს გაშენებული. ამ სოფლებში ნიადაგი ძალიან კარგია კაკლის ბაღებისთვის. სხვათა შორის, ნიადაგი ოზურგეთში, ანასეულის ლაბორატორიაში შემოწმდა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ფერმერებს ძალიან ეხმარება.

- ნიადაგის შემოწმებისას ერთსა და იმავე ნაკვეთზე სხვადასხვა შემადგენლობის ნიადაგი ხომ არ გამოვლინდა? იმიტომ გეკითხებით, რომ ზემო იმერეთი მცირემიწიანია და ეს პრობლემებს შექმნის.

- ასეც ხდება. ამიტომაც კეთდება ნიადაგის ანალიზი ნაკვეთის სხვადასხვა წერტილიდან. გვქონია შემთხვევები, როდესაც ნაკვეთის თავში ნიადაგი სხვა შემადგენლობის იყო, ნაკვეთის ბოლოში კი სხვა შემადგენლობისა. ამიტომაცაა საჭირო ნიადაგის გულდასმით შემოწმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ნაკვეთის ერთ ადგილას ნარგაობამ გაიხაროს, მეორე ადგილას კი გაფუჭდეს. კაკლის პირველი ინტენსიური ბაღი ზესტაფონში 2015 წელს გაშენდა, იმხანად კი ჩვენი სანერგეები ჯერ კიდევ ნაკლები დატვირთვით მუშაობდნენ. თუმცა დღეს ჩვენს სერტიფიცირებულ სანერგეებში კარგი ნერგები გამოჰყავთ.

- სხვათა შორის, ჩანდლერზე ბოლო დროს საყვედური გაისმა, რადგან ადგილობრივი კულტურა არ არის, ალბათ, ამიტომ კაკლის ბაღები დასუსტდა, რეალიზება კი გაჭირდაო.

- არც კარტოფილი იყო ოდესღაც ადგილობრივი კულტურა, მაგრამ მის გარეშე დღეს ვეღარ წარმოგვიდგენია. ბაღი მაშინ სუსტდება, როდესაც მოვლაც სუსტდება. რეალიზაცია უხარისხო ნაყოფს უჭირს, თორემ როდის იყო, თუნდაც მხოლოდ ჩვენს ბაზარზე კაკლის რეალიზაცია ჭირდა. ამ მხრივ, ნამდვილად სამაგალითო ფერმერები გვყავს. ბაღებში ამხელა შრომა რომ ჩადეს. აგრონომებთან გამუდმებული კონტაქტები აქვთ. ამ მხარეში ნესტიანი კლიმატის გამო ბაღებს ხშირად სოკოვანი დაავადებები უჩნდება, რომ არ ვუვლიდეთ, ბაღები დაგვიხმებოდა. ასე რომ, მცირე მოსავალი უკვე შარშან მივიღეთ, უხვმოსავლიანობის დრო კი წლეულს დგება.

- სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას მაინც არ სჯერა, რომ სოფლის მეურნეობით ადეკვატურ შემოსავალს მიიღებს.

- ამ პრობლემაში, ალბათ, ცოტა სიზარმაცე თამაშობს როლს. თუმცა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სოფლის მეურნეობით დაინტერესებას უკვე ახალგაზრდებში ვხედავ. რა თქმა უნდა, ჯერ მცირე ნაწილში, მაგრამ ესეც დიდი საქმეა. მათაც განსაკუთრებით ინტენსიური ბაღების გაშენება აინტერესებთ. ჩვენი კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით მოცვისა და ქლიავის ბაღების გაშენებაც შეიძლება. რასაც გადაწყვეტენ, ჩვენ მხარში ამოვუდგებით.